საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-266(კს-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - თ. თ-ა
მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი
მესამე პირები - თბილისის სააღსრულებო ბიურო; სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 თებერვალს თ. თ-ამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, თ. თ-ამ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქუთაისში, ...ის გამზ. N44-ში, (ბინა ..., ს/კ ...) შეფასების განხორციელების დავალება, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული Nა18179513 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით თ. თ-ას სარჩელი, ასევე შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით თ. თ-ას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე თარიღის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. თ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ; სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული NA18179513 სააღსრულებო წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ...ი“. ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებებით, სარჩელზე სათანადო მოპასუხედ მითითებულ იქნა კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი, ხოლო თბილისის სააღსრულებო ბიურო საქმეში ჩაერთო მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით თ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 369-ე, 373-374-ე მუხლებზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ჩაბარებული აქვს თ. თ-ას წარმომადგენელს - ხ. კ-ეს, 2019 წლის 25 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე თ. თ-ამ წარადგინა 2019 წლის 11 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თ. თ-ას წარმომადგენელს საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2019 წლის 25 ოქტომბერს, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2019 წლის 8 ნოემბრის (პარასკევი, სამუშაო დღე) ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 11 ნოემბერს, ფოსტის საშუალებით. საფოსტო კონვერტის მიხედვით, გზავნილის ფოსტაში ჩაბარების თარიღად დაფიქსირებულია 9 ნოემბერი. ამდენად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით. მხარემ არ მოახდინა საპროცესო უფლების რეალიზება კანონისმიერ ვადაში, რის გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ. თ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2019 წლის 25 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო 2019 წლის 8 ნოემბრამდე. სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში -2019 წლის 8 ნოემბერს, რასაც ადასტურებს მის მიერ შპს „...ის“ ქუთაისის ფილიალში ჩაბარებული წერილი. კერძოდ, ფოსტამ წერილი ჩაიბარა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, დაარეგისტრირა 2019 წლის 9 ნოემბერს. ფოსტასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მომსახურების საფასური და გაგზავნილი წერილების რეესტრი ეგზავნება მომსახურების მომდევნო თვის დასაწყისში და ამ შემთხვევაშიც, ნოემბრის თვის მომსახურების შესახებ N... მიღება-ჩაბარების აქტით ეცნობა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს მიტანილი წერილი დარეგისტრირდა 2019 წლის 9 ნოემბერს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ დაურღვევია გასაჩივრების ვადა - სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა ფოსტაში (2019 წლის 8 ნოემბერს და არა 2019 წლის 9 ნოემბერს). აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით თ. თ-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე თ. თ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-61-ე, 63-ე, 70-71-ე, 369-ე მუხლებზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება 2019 წლის 25 ოქტომბერს ჩაიბარა თ. თ-ას წარმომადგენელმა ხ. კ-ემ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა 2019 წლის 8 ნოემბერს ოცდაოთხ საათზე იწურებოდა. ფოსტაში დაფიქსირებული თარიღის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე, თ. თ-ას წარმომადგენელმა ხ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 9 ნოემბერს წარადგინა.
საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს „...ის“ ქუთაისის N... განყოფილებაში გზავნილის ჩაბარების დასტური, ამავე ფოსტის N... გზავნილის რეესტრი და 2019 წლის 2 დეკემბრის N... მიღება-ჩაბარების აქტი, N1 დანართით. შპს „...ის“ ქუთაისის N... განყოფილებაში გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, ხ. კ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი საფოსტო გზავნილის თარიღად მითითებულია 8 ნოემბერი, ხოლო N... გზავნილის რეესტრის და ...ის 2019 წლის 2 დეკემბრის N... მიღება-ჩაბარების აქტის N1 დანართის თანახმად - 9 ნოემბერი.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაფასებელ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა არსებობის პირობებში, თ. თ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციის ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს ინფორმაცია, სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების რეალურ თარიღთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ შპს „...იდან“ უნდა გამოითხოვოს წერილობითი ინფორმაცია, თ. თ-ას წარმომადგენლის -ხ. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღის შესახებ და კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ...იდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხელახლა იმსჯელოს თ. თ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით თ. თ-ას სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - აპელანტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 8 ნოემბრის 24 საათამდე. მხარეს ასევე დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით თ. თ-ას გაუგრძელდა საპროცესო ვადა, 2021 წლის 12 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით კვლავ გაგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა - თ. თ-ას დაევალა 2021 წლის პირველ ივლისს შპს „...ისაგან“ მიღებული წერილის დედანის წარდგენა, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილი იყო 2019 წლის 8 ნოემბრის 24 საათამდე. მხარეს ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, გაგრძელდა 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა, 10 დღით.
2021 წლის 29 ოქტომბერს წარდგენილი განცხადებით თ. თ-ამ ნაწილობრივ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი - წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, ხარვეზის სრულად შევსების მიზნით, აპელანტმა მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. თ-ას შუამდგომლობა და კვლავ გაგრძელდა 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა, 10 დღით. ამავე საფუძვლით გაგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა თ. თ-ას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-61-ე, 63-ე, 368-ე, 372-374-ე, 73-74-ე მუხლებზე.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება თ. თ-ას წარმომადგენელს - ხ. კ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადვოკატს - ო. გ-ეს, 2021 წლის 15 დეკემბერს, ფოსტის საშუალებით. აპელანტმა არ მოახდინა საპროცესო უფლების რეალიზება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძოდ, აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა 2021 წლის 15 დეკემბერს. მხარისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 16 დეკემბერს და ამოიწურა 2021 წლის 27 დეკემბერს. აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით ან ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, მხარეს არ შეუვსია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2019 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 8 ნოემბერს. მის მიერ შპს „...ის“ ქუთაისის ფილიალში ჩაბარებული წერილით დასტურდება, რომ წერილი ჩაბარებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ფოსტამ წერილი დაარეგისტრირა 2019 წლის 9 ნოემბერს. ფოსტასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მომსახურების საფასური და გაგზავნილი წერილების რეესტრი ეგზავნება მომსახურების მომდევნო თვის დასაწყისში და ამ შემთხვევაშიც, ნოემბრის თვის მომსახურების შესახებ N... მიღება-ჩაბარების აქტით ეცნობა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს მიტანილი წერილი დარეგისტრირდა 2019 წლის 9 ნოემბერს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ დაურღვევია გასაჩივრების ვადა - სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა ფოსტაში (2019 წლის 8 ნოემბერს და არა 2019 წლის 9 ნოემბერს).
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით დაუდგინა ხარვეზი და დაავალა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის 2019 წლის 8 ნოემბრის 24 საათამდე წარდგენას. ხარვეზის შევსების მიზნით, წარდგენილ იქნა ფოსტის მიერ გაცემული ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების თაობაზე, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დოკუმენტით დასტურდება, რომ რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი გზავნილი რომელიც თარიღდება 2019 წლის 9 ნოემბერს (გამგზავნი - ხ. კ-ე, გზავნილის ..., ადრესატი - თბილისის საქალაქო სასამართლო). ამასთანავე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ წარდგენილ დოკუმენტის მიხედვით, სასამართლოში გაგზავნილი საფოსტო გზავნილის თარიღად მითითებულია 2019 წლის 8 ნოემბერი, ხოლო გზავნილი დარეგისტრირებულია 2019 წლის 9 ნოემბერს. ამდენად, იგულისხმება რომ 2019 წლის 8 ნოემბერს ჩაბარებული და 2019 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული გზავნილი ერთიდაიგივეა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2021 წლის 5 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „...ას“ და მოითხოვა ... გზავნილის შპს „...ისათვის“ 2019 წლის 8 ნოემბერს გადაცემის ფაქტის დადასტურება. კომპანიის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2021 წლის 18 ნოემბერს აცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამოწურულია ... გზავნილის გაგზავნისას შედგენილი დოკუმენტების (გასაგზავნი შეკვეთილი წერილების სია) შენახვის ვადა. შესაბამისად, ვერ დადასტურდება შპს „...ისათვის“ გზავნილის 2019 წლის 8 ნოემბერს გადაცემის ფაქტი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაგზავნი შეკვეთილი წერილების სია (ფორმა N3) წარდგენილი ჰქონდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2019 წლის 28 დეკემბრის კერძო საჩივართან ერთად, რასაც ყურადღება არ მიაქცია თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმებას და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნებას თბილისის სააპელაციო სასმართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თ. თ-ას კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ თ. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLV თავით გათვალისწინებული ნორმები. კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საპროცესო მოქმედებების შესრულება დადგენილ ვადაში. შესაბამისი მოქმედებების შეუსრულებლობა კი, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით იმსჯელა თ. თ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე და ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას. შესაბამისად, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის, 2021 წლის 16 ივლისის, 2021 წლის 6 ოქტომბრის, 2021 წლის 3 ნოემბრის და 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებებით, ხარვეზის სრულად აღმოფხვრის მიზნით, თ. თ-ას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარისათვის სასამართლო დოკუმენტის გაგზავნა-ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხების დეტალურ მოწესრიგებას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტს უკანასკნელად, 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული წესის დაცვით - 2021 წლის 15 დეკემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 16 დეკემბერს და ამოიწურა 2021 წლის 27 დეკემბერს. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი სრულად არ შეუვსია (წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მტკიცებულება, რომელიც სააპელაციო საჩივრის ვადაში წარდგენას დაადასტურებდა, საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა საპროცესო საფუძველი, სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი, სს „...ის“ ქუთაისის N... განყოფილებაში გზავნილის ჩაბარების დასტურის მიხედვით, თ. თ-ას წარმომადგენლის - ხ. კ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი საფოსტო გზავნილის თარიღად მითითებულია 8 ნოემბერი, ხოლო სს „...ის“ N... გზავნილის რეესტრის და ...ის 2019 წლის 2 დეკემბრის N... მიღება-ჩაბარების აქტის N1 დანართის მიხედვით - 9 ნოემბერი, საკასაციო პალატამ, 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით, შპს „...იდან“ გამოითხოვა ინფორმაცია, თ. თ-ას წარმომადგენლის - ხ. კ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის შპს „...აში“ ჩაბარების ზუსტი თარიღის შესახებ. შპს „...ის“ 2022 წლის 22 ივლისის წერილით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეცნობა, რომ გამოთხოვილი ინფორმაციის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, კომპანიაში აღარ ინახება გზავნილის გაგზავნისას შედგენილი დოკუმენტები (გასაგზავნი შეკვეთილი წერილების სია (ფორმა N3)), რაც არ იძლევა საშუალებას, მოწოდებულ იქნას რაიმე დამატებითი ინფორმაცია ... გზავნილის შპს „...ისათვის“ გადაცემის ზუსტი თარიღის შესახებ. ამავე წერილის მიხედვით, სასამართლოს მიმართვაზე თანდართული დოკუმენტის მიხედვით, ... გზავნილის მიღება-ჩაბარების აქტი გამგზავნს შედგენილი აქვს 2019 წლის 8 ნოემბერს. აღნიშნულის მიღება შპს „...ას“ დადასტურებული აქვს ბეჭდით, სადაც თარიღად ფიქსირდება 2019 წლის 9 ნოემბერი. ამდენად, ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ თ. თ-ამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თ. თ-ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება, თ. თ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-61-ე, 63-ე 70-74-ე, 284-285-ე, 368-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე