№ბს-521(კ-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 26 მარტს ც. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №03-456/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კრიტერიუმების გარეშე, მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის თანახმად, ც. ტ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი და წარმოადგენს ერთსულიან დევნილ ოჯახს. ც. ტ-ე რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. გორი, ...ს ქ. ..., შპს „...“, ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2019 წლის გაზაფხულამდე. მოსარჩელემ მიმართა სამინისტროს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, რათა მომხდარიყო მისი, როგორც დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერაც. 2020 წლის 12 მარტის №03/4075 მიმართვით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მოსარჩელეს აცნობა, რომ სააგენტომ იმსჯელა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად და მისი მოთხოვნა, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, არ დაკმაყოფილდა 2020 წლის 12 მარტის №03-456/ო ბრძანებით.
მოსარჩელის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №8 სხდომის ოქმით, სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კომისიამ უარი თქვა ც. ტ-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესაბამისად, არ მომხდარა გარემოებათა კვლევა. 2019 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც განხორციელდა ...ო „...ის“ შენობიდან დევნილების გაყვანა, მას აღარ აქვს შესაძლებლობა, შევიდეს და ისარგებლოს იქ არსებული მისივე საცხოვრებელი ადგილით. შესაბამისად, მოსარჩელე იძულებული გახდა გადასულიყო საცხოვრებლად გორის რაიონის სოფელ ...ში, ბიძაშვილთან - თ. მ-ესთან. 2019 წლის დეკემბრის თვიდან კი, იძულებული გახდა გადასულიყო სოფელ ...ში, დედის საცხოვრებელ მისამართზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №03-456/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ც. ტ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ და მე-10 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის შესწავლილ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ახალი გარემოება, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც ადასტურებს, რომ 2019 წლიდან ცხოვრობს დედასთან, სოფელ ...ში. აღნიშნული განმარტება, წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს მიერ 2018 წელს გამოცემულ აქტთან, სადაც ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებდა, რომ მოსარჩელე მხარე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში და ცხოვრობდა დედის საკუთრებაში. პალატამ მიუთითა ც. ტ-ის მეზობლების - ცოლ-ქმრის განმარტებაზე, რომელიც დაფიქსირებულია 2017 წლის 13 სექტემბრის მონიტორინგის ჯგუფის მიერ ქ. გორში, ...ს ქ. შპს „...“-ში გამოცხადების დროისთვის. ცოლ-ქმრის განმარტებით, ც. ტ-ეს დედა ჰყავს ჩავარდნილი, რომელიც ცხოვრობს გორის რაიონის სოფ. ...ში და პერიოდულად იმყოფება დედის მოსავლელად სოფ. ...ში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, 2017 წლის 9 იანვარს მოსარჩელე ც. ტ-ემ გააკეთა განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 1 ქულა. განმცხადებლის ინფორმაციით, 1992-2013 წლებში იგი ცხოვრობდა ქ. გორში, ...ს ქ. .../...-ში მდებარე ...ო „...“-ში, რომელიც არის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), ხოლო 2014 წლიდან დღემდე - სოფელ ...ის ...აში, დედის მიერ დაკანონებულ ფართში. ც. ტ-ე არის პენსიონერი, მას საკუთრებაში არც უძრავი ქონება და არც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს. მოსარჩელის დედა - ე. მ-ე ცხოვრობს ცალკე, ...ის ...აში. გამოკითხვის დროს ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. 2017 წლის 13 სექტემბერს ქ. გორში, ...ს ქუჩაზე მდებარე შპს „...“-ის შენობის მე-4 სართულის №... ოთახში გამოცხადდა მონიტორინგის ჯგუფი. მათ ადგილზე არავინ დახვდა, გვერდით №... ოთახში მცხოვრებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ ც. ტ-ეს დედა ჰყავს ლოგინად ჩავარდნილი, რომელიც ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ...ში და პერიოდულად იქ იმყოფება დედის მოსავლელად. მონიტორინგის ჯგუფმა 2017 წლის 13 ოქტომბერს გადამოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ განმცხადებელი ცხოვრობს ქ. გორში, ...ის ...აში, ქირის გარეშე, დედის საკუთრებაში.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2017 წლის 20 დეკემბერს №99 ოქმის მიხედვით განიხილა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. გორში მდებარე ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნგრევადი, კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლება ქ. გორში ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში. კომისიის წევრებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტებისა და აღნიშნულ ობიექტებში დამისამართებული და/ან ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების შესახებ, მათ შორის, ც. ტ-ის განაცხადიც, თუმცა მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დედის დაკანონებულ ბინაში ცხოვრების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა გადამოწმების მიზნით მონიტორინგის სამსახურის მიერ კომისიისთვის წარდგენილი ოქმები. აღნიშნული ოქმებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე შპს „...“-ის შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა და იმყოფებოდა დედის საკუთრებაში არსებულ ბინაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 31 მაისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ც. ტ-ის საკითხი სააგენტოს მიერ განმეორებით იქნა განხილული. დამატებითი მოკვლევის მიზნით განმცხადებლის მისამართზე: ქ. გორი, სოფელი ...ი (...ის ...ა), 2020 წლის 22 იანვარს ჩატარდა მონიტორინგი. მოსარჩელის განმარტებით, იგი 2019 წლის 20 დეკემბრიდან დღემდე ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მანამდე ცხოვრობდა სოფელ ...ში, ბიძაშვილთან - თ. მ-ესთან, მანამდე - 1991 წლიდან 2013 წლამდე კი, ქ. გორში, ...ს ქუჩა ...-ში მდებარე შპს „...“-ის შენობაში. 2020 წლის 20 თებერვალს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე (ოქმი №8) განხილულ იქნა მოსარჩელის საკითხი და მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მოსარჩელის დედის მიერ ...ის ...აში დაკანონებულ ბინაში ცხოვრების გამო. საყურადღებოა, რომ კომისია დაეყრდნო თავად მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ...ის ...აში ცხოვრობს 2014 წლიდან, 1991-2013 წლებში კი ცხოვრობდა ...ო „...“-ის შენობაში. შემდეგ რამდენიმე ხანი ცხოვრობდა ბიძაშვილის სახლში, 2019 წლის დეკემბრის თვიდან კი კვლავ - დედის საკუთრებაში არსებულ ბინაში.
კასატორის განმარტებით, საქმეზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ც. ტ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს 2014 წლიდან დღემდე წარმოადგენს გორი, სოფელი ...ის ...ა, რომელიც არის ც. ტ-ის დედის - ე. მ-ის საკუთრება. 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ იქნა მოკვლეული მონიტორინგის სამსახურის მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი მისამართი, პირველი მოკვლევა განხორციელდა 2017 წელს, მისამართზე: გორი, ...ის ...ა. აღნიშნულ მისამართზე შედგენილ მონიტორინგის ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელე 2014 წლიდან დღემდე ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. დამატებით, 2017 წლის 13 სექტემბერს მოკვლევა განხორციელდა ქ. გორში, ...ს ქუჩაზე მდებარე შპს „...ი“-ს შენობაში, სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს იქ მაცხოვრებელმა პირებმა განუმარტეს, რომ ც. ტ-ეს დედა ჰყავს ლოგინად ჩავარდნილი და ცხოვრობს მასთან ერთად ...ის ...აში.
სააგენტომ 2020 წელს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეისწავლა მოსარჩელის საცხოვრებელი მისამართი. 2020 წლის 22 იანვარს მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა ქ. გორში, ...ის ...აში, სადაც დედასთან ერთად იმყოფებოდა მოსარჩელე. ც. ტ-ემ 2017 წლის მონიტორინგში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს თანამშრომელს ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრების წლებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ 2019 წლის დეკემბრის თვიდან ცხოვრობს ...ის ...აში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ აღნიშნულ მონიტორინგის ოქმში მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული ცრუ ინფორმაცია გახდა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სააგენტომ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, მოიკვლია კიდევ ერთხელ ც. ტ-ის საცხოვრებელი მისამართი და დაადგინა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს 2014 წლიდან წარმოადგენს გორი, ...ის ...ა და არა - გორი, ...ს ქუჩა, შპს „...ი“.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ც. ტ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ც. ტ-ემ 2017 წლის 9 იანვარს გააკეთა განაცხადი, რომლის მიხედვით, იგი ფაქტობრივად ცხოვრობს გორში, ...ო „...ში“, ...ს ქ. .../...-ში,. განცხადებაში მიუთითა, რომ მისი დედა ცხოვრობს ...ის ...აში (ს.ფ. 60-79); გ) 2017 წლის 13 სექტემბერს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე: ქ. გორი, ...ს ქუჩა, შპს „...“, მე-4 სართ. №..., ახალი №... . მათ ადგილზე არავინ დახვდათ, გვერდით №... ოთახში მცხოვრებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ ც. ტ-ეს დედა ჰყავს ლოგინად ჩავარდნილი, რომელიც ცხოვრობს გორის რაიონის სოფ. ...ში და პერიოდულად იმყოფება დედის მოსავლელად სოფ. ...ში. მათ უარი განაცხადეს ოქმზე ხელის მოწერაზე (ს.ფ. 80); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №99 ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. გორში მდებარე ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნგრევადი, კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის განსახლება ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში. კომისიის წევრებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტებისა და აღნიშნულ ობიექტებში დამისამართებული და/ან ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების შესახებ, მათ შორის, იყო ქ. გორში, ...ს ქ. ...-ში, შპს „...-ში“ მცხოვრები ოჯახებიდან ც. ტ-ის განაცხადიც. ც. ტ-ეს უარი ეთქვა იმ ეტაპზე, ვინაიდან განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დედის დაკანონებულ ბინაში ცხოვრების გამო (დაემატა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება - 1.5 ქულა). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 7 თებერვლის №256 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №99) ქალაქ გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, ც. ტ-ის ოჯახს, გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო იმ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე; ე) კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ც. ტ-ის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №256 ბრძანება და ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №99 ოქმი ც. ტ-ის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ც. ტ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით (ს.ფ. 16-57); ვ) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2020 წლის 22 იანვარს ჩატარდა მონიტორინგი, მისამართზე: ქ. გორი, სოფელი ...ი,. ც. ტ-ემ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, რომ იგი 2019 წლის 20 დეკემბრიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მანამდე 9 თვე ცხოვრობდა სოფელ ...ში, ბიძაშვილთან - თ. მ-ესთან, ხოლო 1991 წლიდან - ქალაქ გორში, ...ს ქ. ...-ში, შპს „...“-ის შენობაში (ს.ფ. 150-155); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 20 თებერვლის სხდომაზე იმსჯელა იძულებით გადაადგილებული პირებისათვის - დევნილებისათვის, მათ შორის, მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართის განაწილების თაობაზე და იმის გამო, რომ მოცემულ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, დედის მიერ ...ის ...აში დაკანონებულ ბინაში ცხოვრების გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 87-91); თ) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 12 მარტს გამოსცა №03-456/ო ბრძანება, რომლითაც ც. ტ-ეს მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა ქ. გორში და ქ. ხაშურში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (ს.ფ. 59).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, რის შედეგადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ახალი გარემოება, კერძოდ, მონიტორინგი განახორციელა მისამართზე: ქ. გორი, სოფელი ...ი, და მონიტორინგის ჯგუფმა მოსარჩელისგან მიიღო ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ც. ტ-ე 2019 წლის 20 დეკემბრიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მანამდე 9 თვე ცხოვრობდა სოფელ ...ში, ბიძაშვილთან - თ. მ-ესთან, ხოლო 1991 წლიდან - ქალაქ გორში, ...ს ქ. ...-ში, შპს „...“-ის შენობაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წლის №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების მინიჭების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. გორში, ...ს ქ. ...-ში მდებარე შპს „...“ არის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნგრევადი ობიექტი; კომისიამ განიხილა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. გორში მდებარე ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნგრევადი, კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლება ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, რა დროსაც ც. ტ-ის ოჯახს, გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო, იმ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და, შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ განსახლების გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე