საქმე #ბს-596(გ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)
მოპასუხეები - ზ. ა-ე, ა. ა-ე, ე. ა-ე, თ. ა-ე, მ. ჟ-ი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 29 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ისა და მ. ჟ-ის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის #09005 საგადახდო დავალების შესაბამისად, კერძო მესაკუთრე თ. ჯ-ასადმი სამინისტროს მიერ გადახდილი თანხის - 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ, ...ში, სოფელ ...ში (ს.კ. ...) მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხეების - ა. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ისა და მ. ჟ-ის მიმართ, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აპრილის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოსარჩელეების - ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ისა და მ. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ...ი, სოფელი ...ი (ს.კ. ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა #3/2418-17 ადმინისტრაციული საქმის წარმოება (მოსარჩელე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მოპასუხეები - ზ. ა-ე, ა. ა-ე, ე. ა-ე, თ. ა-ე და მ. ჟ-ი; დავის საგანი - თანხის დაკისრება), #3/8613-16 ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელეები - თ. ა-ე, ნ. ს-ი, ზ. ა-ე, ა. ა-ე, ე. ა-ე, თ. ა-ე, ზ. ა-ე, ნ. ა-ე, მ. ა-ე, გ. ა-ე; მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დაკისრება) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით განახლდა #3/2418-17 ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ერთ-ერთი მხარე იყოს ადმინისტრაციული ორგანო და მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლებ(ებ)ის დარღვევა, თავისი არსითა და შინაარსით, განპირობებული უნდა იყოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენდა მოპასუხეებისათვის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრების გამო 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება, რამდენადაც მათ ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, რაც მათთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველი გახდა.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ განსჯადობის სუბიექტთა თეორია, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად გამოიყენება გამიჯვნის კრიტერიუმად, ფორმალურია და მოკლებულია სამართალურთიერთობის გაანალიზების, მისი არსის წვდომის უნარს. განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს, ვინაიდან თავად საქართველოს სამოქალაქო კოდექსითვე განისაზღვრა, რომ კერძო სამართლის სუბიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანოც. კერძოდ, მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დამატებით განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებული იყო სამოქალაქო სამართლის ნორმებზე, კერძოდ, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლები (უსაფუძვლო გამდიდრება).
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სარჩელი, მოპასუხეების - ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ისა და მ. ჟ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა გადასცემოდა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიკუთვნებითი სარჩელის მოთხოვნა ფორმულირებული იყო 25 000 ლარის დაკისრებით, ხოლო სარჩელის ფაბულა დაკავშირებული იყო დევნილის სტატუსის დაკარგვასთან.
სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის ხაზგასმა, რომ სამართლებრივი ურთიერთობა უნდა იყოს მოქცეული ადმინისტრაციული კანონმდებლობის სივრცეში, ერთმნიშნელოვნად არ გულისხმობს მხოლოდ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მისადაგებას ადმინისტრაციულ რეგულაციებთან. სხვა შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციული წესით, რადგან, როგორც წესი, მსგავსი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ქმნის დელიქტური რეგულაციები. ამგვარად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მოწესრიგების საგნად განიხილება არა მხოლოდ მოთხოვნის საფუძველი, არამედ, მათ შორის, დამხმარე და სპეციალური სამართლებრივი თავისებურებები, რომელიც განსაზღვრავს მხარის ან საგნის სტატუსს, სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ან შეწყვეტის წინაპირობებს და ა.შ., რომლის გარეშე შეუძლებელია დამაფუძნებელი ნორმის გამოყენება.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ აღნიშნული სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა განპირობებული იყო სასარჩელო მოთხოვნის შინაარსით, რომელიც ერთი შეხედვით, დაფუძნებული იყო უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძვლებზე. სამართალში დამკვიდრებული პრინციპის თანახმად, არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე. უსაფუძვლო გამდიდრების იურიდიული ფუნქციაა, უზრუნველყოს სამართლებრივი მექანიზმების არსებობა, რომელიც განსაზღვრავს დაზარალებულის შესაძლებლობას, ამოიღოს გამდიდრებული პირისაგან (ვითომ-კრედიტორი) ვალდებულების გარეშე გადაცემული ქონებრივი აქტივები. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს შეფასების ამოსავალი საკითხია შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც, განსახილველი დავის ფარგლებში, ადმინისტრაციულ კანონმდებლობას ეფუძნება.
თუმცა, სამოქალაქო პალატამ განმარტა, რომ იმისათვის, რათა შეფასდეს გადახდილი თანხა ქმნის თუ არა უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს, პირველ რიგში, შესამოწმებელია, არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი თანხის განხორციელებისთვის, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც დევნილის სტატუსს, ისე სახელმწიფოს საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით. ამდენად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობისათვის და მისი რეალიზაციისათვის გადამწყვეტია იმ სამართლებრივი თავისებურებების განსაზღვრა და შეფასება, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის რეგლამენტირებული. სასამართლომ უნდა შეაფასოს, გადახდა განხორციელდა თუ არა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის #127 დადგენილების და 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების ფარგლებში, ხომ არ არსებობს ამავე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნები გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გარემოებებისა და ვითარების გათვალისწინებით; ამავდროულად, მინიჭებული აქვს თუ არა მოპასუხეს დევნილის სტატუსი კანონმდებლობის შესაბამისად და ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც დევნილის სტატუსთან არის დაკავშირებული. სასამართლოს შეფასებით, საგულისხმო იყო ისიც, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სარჩელი, ამ ძირითად საკითხებზე მითითებისას, ადმინისტრაციულ კანონმდებლობას ეფუძნება და თანხის უკან დაბრუნების ცენტრალურ წინაპირობად დევნილის სტატუსის დაკარგვაა მითითებული.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ასევე, განმარტა, რომ მსგავსი შინაარსის დავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა და 2016 წლის 22 მარტის განჩინებით (საქმე #ბს-852-844(გ-15)) იგი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაუქვემდებარა. აღნიშნული სარჩელის ფაბულა ასევე მოიცავდა გადახდილი პენსიის უკან დაბრუნებას იმ მოტივით, რომ პენსიის მიმღები პირი იყო გარდაცვლილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ იურისდიქციას, რადგან მისი შეფასება პირდაპირ დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან, კერძოდ, „საქართველოს პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც არეგულირებდა პენსიის გაცემისა და შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობებს.
ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სარჩელი, მიუხედავად უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი კომპონენტების არსებობისა, თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წინაპირობებში და ექვემდებარება ადმინისტრაციულ იუსტიციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლის) სარჩელი მოპასუხეების - ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ისა და მ. ჟ-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა კოლეგიას შორის დავა საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, რადგან განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ დავის ბუნებას და არა სუბიექტურ შემადგენლობას ენიჭება. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობით წესრიგდება.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს მოპასუხეებისათვის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრების გამო 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება, რამდენადაც მათ ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, რაც მათთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველი გახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებითია შეფასდეს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის პროცესში. ამ კუთხით საგულისხმოა, რომ დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნებისთვის არ კმარა საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმეში მონაწილეობა არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი კრიტერიუმი იმისათვის, რათა დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნოს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის არსებითია, თავად სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში კი, მართალია, მოსარჩელეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა სადავო სამართალურთიერთობა არ მიეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალს, ასევე, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე, კერძოდ, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლები (უსაფუძვლო გამდიდრება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლის) სარჩელი მოპასუხეების - ზ. ა-ის, ა. ა-ის, ე. ა-ის, თ. ა-ისა და მ. ჟ-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა