საქმე №ბს-692(კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 9 მარტს ზ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ზ. გ-ა მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ...ს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს კოდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველად და მინიჭებული ჰქონდა უმცროსი ლეიტენანტის წოდება. იგი დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
2020 წლის 30 ნოემბერს ზ. გ-ას ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიერ ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126.1 და 151.1 მუხლებით, რის თაობაზეც ზ. გ-ას მიერ დაუყოვნებლივ ინფორმირებულ იქნა ხელმძღვანელობა, ასევე ინფორმაცია გაეგზავნა შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს.
მოსარჩელის მითითებით, იგი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ აგრძელებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. 2021 წლის 16 თებერვალს მოსარჩელეს ჩააბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №MIA 4 21 00360836 ბრძანება მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ, რასაც მოსარჩელე უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
ამდენად, მოსარჩელემ „თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 თებერვლის №MIA 4 21 00360836 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ზ. გ-ას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი „თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 თებერვლის №MIA 4 21 00360836 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელე ზ. გ-ასთან მიმართებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ უპირველესად აღნიშნა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და დასაბუთებულობას სასამართლო ამოწმებდა და იხილავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. ზ. გ-ას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, შესული იყო კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით ზ. გ-ა ცნობილი იქნა ბრალდებულად. ამ დადგენილების თანახმად, 2020 წლის 6 ნოემბერს საღამოს საათებში ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე არსებულ ლიანდაგების გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ნისანის მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ..., შელაპარაკებისას ზ. გ-ამ ლ. ჟ-ას დანის ტარი ჩაარტყა კისრის არეში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ზ. გ-ას მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. 2021 წლის 9 თებერვალს კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი ზ. გ-ა 2020 წლის 30 ნოემბრიდან დროებით გადაყენებული ყოფილიყო თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 თებერვლის №MIA 4 21 00360836 ბრძანებით მოსარჩელე ზ. გ-ა გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეზე მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 30 ნოემბრიდან, მაშინ, როცა ის 2021 წლის 15 თებერვლამდე ფაქტობრივად ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, იღებდა კიდეც შესაბამის ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსთვის. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ძველი თარიღით შეჩერებით, ანულირებული იქნა უკვე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სამართლებრივი საფუძველი, რაც წინააღმდეგობაში მოდის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობის სტაბილურობასთან და დასაქმებულის გარანტირებულ უფლებასთან - მიიღოს შრომითი გასამრჯელო შესრულებული სამუშაოსათვის.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც სადავო აქტით და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის დასაბუთებული მოსარჩელის ძველი თარიღით გათავისუფლების აუცილებლობა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოხელის თანამდებობიდან გადაყენება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავისი შინაარსით უთანაბრდება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია თუ რატომ მოხდა მოსარჩელის ძველი თარიღით გათავისუფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მან ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესწავლილი უნდა იქნეს, მოსარჩელის ძველი თარიღით გათავისუფლების შესახებ საკითხი და უნდა დაასაბუთოს ახალი აქტით, მოსარჩელის ძველი თარიღით გათავისუფლების აუცილებლობა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ ცალსახად არ დგინდება გათავისუფლების თარიღი. კასატორის მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონმდებლობის ნორმები, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით ზ. გ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებული იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ. გ-ა მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ...ს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს კოდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის თანამდებობაზე.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 თებერვლის №MIA 4 21 00360836 სადავო ბრძანებით მოსარჩელე ზ. გ-ა გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეზე მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 30 ნოემბრიდან, მაშინ, როდესაც იგი 2021 წლის 15 თებერვლამდე ფაქტობრივად ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, შესაბამისად, იღებდა შესაბამის ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსთვის. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ძველი თარიღით შეჩერებით, ანულირებული იქნა უკვე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სამართლებრივი საფუძველი, რაც წინააღმდეგობაში მოდის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობის სტაბილურობასთან და დასაქმებულის გარანტირებულ უფლებასთან - მიიღოს შრომითი გასამრჯელო შესრულებული სამუშაოსათვის. ამასთან, არც სადავო აქტით და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის დასაბუთებული მოსარჩელის ძველი თარიღით გადაყენების აუცილებლობა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის ძველი თარიღით გადაყენება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესწავლილ უნდა იქნეს მოსარჩელის ძველი თარიღით დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხი და უნდა დასაბუთდეს ახალი აქტით მოსარჩელის ძველი თარიღით დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელის ძველი თარიღით დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესი (რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომის გასწორება არ უნდა შეეხოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსს, მის არსებით მხარეს; ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტში მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების თარიღი მის არსებით ინტერესს წარმოადგენს, რამეთუ უფლებამოსილების ძველი თარიღით შეჩერებით ანულირებულ იქნა უკვე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კასატორის აღნიშნული მოსაზრების გაზიარების პირობებშიც, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდა გაესწორებინა სადავო აქტში მითითებული მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების თარიღი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში არ წარმოდგენილა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა