საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-995(კ-22) 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ა. მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ა. მ. ა-მა 2021 წლის 15 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, „ხ. ა. მ. ა-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 7 ივნისის №1000749403 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ხ. ა. მ. ა-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. ა. მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხ. ა. მ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით ხ. ა. მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ა. მ. ა-ი 2020 წლის 9 სექტემბრიდან ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე მ. ჯ-თან, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის ერთ-ერთი საფუძველია, თუმცა, პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ საკითხთან ერთობლიობაში უნდა გამოირიცხოს უცხოელის მიმართ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა.
პალატამ აღნიშნა, რომ სააგენტომ მართებულად მიმართა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 1 ივნისის №SSG 2 21 00069610 წერილით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ხ. ა. მ. ა-ისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელად იქნა მიჩნეული. სააგენტოს სადავო აქტი დაეფუძნა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას. პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი დისკრეციის ფარგლებში, გამოსცემს დასკვნას სახელმწიფოს ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ საქართველოში ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო გაეცნო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ, დასკვნის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას და მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ დაცული იქნა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლები, გასაჩივრებული აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხ. ა. მ. ა-ის მიერ.
კასატორი თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის გაზიარება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ნეგატიური შინაარსის დასკვნა არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამასთანავე, არ დგინდება მოსარჩელის მიმართ გაცემული ნებართვით გამოწვეული ზიანის სახე ან საშიშროების რეალურობა. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმით მას ეზღუდება ოჯახის დაგეგმვის უფლება, რამეთუ დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან და ჰყავთ საერთო შვილი. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც უნდა დაკმაყოფილებულიყო და ტექნიკურ/ფაქტობრივი შეცდომების გამოსარიცხად, საქმე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელახლა უნდა განეხილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ა. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესაძლებლობას და აღნიშნულ ნებართვას ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახედ ასახელებს. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
სადავო პერიოდში მოქმედი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 7 ივნისის №1000749403 გადაწყვეტილება) სწორედ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 1 ივნისის №SSG 2 21 00069610 წერილის საფუძველზე გამოიცა. ხსენებული წერილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის არსებობის პირობებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებისა და საერთო შვილის ყოლის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის და არა მხოლოდ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობის შედეგად. საქარველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების მიუხედავად, არსებობდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სადავო აქტის დასაბუთება მოიაზრებს გამოთხოვილ საიდუმლო დოკუმენტაციაში არსებულ გარემოებებსა და მოტივაციას. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ. ა. მ. ა-ს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 18 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხ. ა. მ. ა-ს (..., დაბ. ... წლის ... ...ს, ეგვიპტეში, პასპორტის №...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ა. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება;
3. ხ. ა. მ. ა-ს (..., დაბ. ... წლის ... ...ს, ეგვიპტეში, პასპორტის №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 18 აგვისტოს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე