საქმე №ბს-686(კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 29 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ლ. ფ-ის მიმართ.
სარჩელის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 18 სექტემბრის №4496 ბრძანებით ლ. ფ-ე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ხოლო 2019 წლის 16 სექტემბერს ლ. ფ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა №3106/19 კონტრაქტი (რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით) 16.06.2019 წლიდან - 16.06.2023 წლამდე ვადით.
მოსარჩელე მიუთითებს ლ. ფ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტის 3.1, 3.2, 7.3 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ლ. ფ-ემ 2021 წლის 25 მაისს პირადი პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და მოითხოვა სამხედრო სამსახურის ვადამდე შეწყვეტა. პატაკი დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 7 ივნისის №829 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) პუნქტის (პირადი პატაკი) საფუძველზე 2021 წლის 7 ივნისიდან ლ. ფ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. ამდენად, ლ. ფ-ემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა 2 წელზე ნაკლები ვადით, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 7 ივნისის №829 ბრძანების სამართლებრივი დასაბუთება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც მოპასუხე ვალდებული იყო კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში გადაეხადა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული თანხა ლ. ფ-ეს არ გადაუხდია, რაც დასტურდებოდა ფინანსების მართვის დეპარტამენტის 20.09.2021 წლის №960619 წერილით.
ამდენად, მოსარჩელემ ლ. ფ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ლ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სატრანსპორტო საშუალებაზე - „SUBARU FORESTER“ შასი: ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით - ..., სასარჩელო მოთხოვნის - 3000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასარჩელო მოთხოვნის - 3000 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო ლ. ფ-ის (პ/ნ ...) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას „SUBARU FORESTER“ შასი: ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით - ....
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ლ. ფ-ეს (პ/ნ ...) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ლ. ფ-ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში - სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველს, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სასამართლომ აშკარად შეუსაბამოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სამხედრო სამსახურის დებულების“ საფუძველზე ფინანსური პასუხისმგებლობის (ჯარიმის/პირგასამტეხლოს) შემცირების მიზანშეწონილობის საკითხის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გადაწყვეტის შესაძლებლობის დაშვება ვერ გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას - საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, აპელანტის პრეტენზია, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, რამდენადაც ის განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულებით“, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი ჯარიმა, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაწესებული პირგასამტეხლო, მხარეთა შორის არის შეთანხმებული, თუმცა სასამართლოს შეფასებით მისი ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს სამხედრო მოსამსახურეს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის კონტრაქტი შეწყდა ლ. ფ-ის პირადი პატაკის გამო და ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან კონტრაქტით გათვალიწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით არსებობდა დაკისრებული ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში - 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ლ. ფ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაფორმებული იყო კონტრაქტი. კასატორი მიუთითებს აღნიშნული კანონის 2.15 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-6 თავის მე-3 პუნქტსა და მე-18 თავზე და აღნიშნავს, რომ მოცემული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებულია კონტრაქტის ფორმა „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის დარღვევის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული აანაზღაუროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული ბრძანება იურიდიული ძალის მქონე მრავალჯერადად შესასრულებელი აქტია და მითითებული ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი ფორმდება ათასობით სამხედრო მოსამსახურესთან.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხია სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება. განსახილევლ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან ის წარმოადგენს არა მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულს, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტში თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 ნოემბრის №1633 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 3000 ლარით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ლ. ფ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ლ. ფ-ეს არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანს სამხედრო მოსამსახურისათვის დაკისრებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) შემცირების კანონიერება წარმოადგენს, რამდენადაც, კასატორი სადავოდ ხდის კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) ოდენობის შემცირებას იმ მოტივით, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხის ოდენობა განისაზღვრება თავად მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს ხსენებული უფლებამოსილების განხორციელებაზე კი, გავლენას არ ახდენს კასატორის მიერ დასახელებული ცვლილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) განსაზღვრა - 500 ლარით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანი და გონივრულია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს კასატორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა