№ბს-474(კ-20) 3 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ო. მ. ბ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 27 ივნისს ო. მ. ბ. ბ-მა (დაბ. ...წ. პასპორტის №...) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ო. მ. ბ. ბ-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000395711/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ო. მ. ბ. ბ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. მ. ბ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით ო. მ. ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-15, მე-18 და 21-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ პირველ, მე-10, მე-13, მე-15 მუხლებზე, „კონტრადაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რაც არცერთი მხარის მიერ არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო სამართალდაცვითი მიზნებისათვის. სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა საიდუმლო ინფორმაცია, რაც საფუძვლად დაედო ო. მ. ბ. ბ-ისათვის მინიჭებული მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული ჰქონდა იგი. ამდენად, პალატის მოსაზრებით, სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეესაბამებოდა კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000395711/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ. ბ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, მხოლოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე მითითებით მიიღო გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არის კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი ადამიანი და არ არსებობდა მის მიმართ ზემოხსენებული ნორმის გამოყენების სინაპირობები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი იყო ერაყის მოქალაქე, არ ქმნის მისი დისკრიმინაციის საფუძველს.
კასატორის მითითებით, მის მიმართ გაცემული იყო მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ აქტი და იგი წლების განმავლობაში ქართველ მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, მუშაობდა კეთილსინდისიერად და შემჩნეული არ ყოფილა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. კასატორის მოსაზრებით, მისთვის ცნობილი უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი, კონკრეტულ შემთხვევაში - კონტრდაზვევის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაცია, რათა სრულყოფილად შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა. ო. მ. ბ. ბ-ი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2014 წლის 25 აგვისტოს წერილით დასტურდება, რომ მისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იყო მიჩნეული. ამის მიუხედავად, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წლის 20 მაისს მოსარჩელის სახელზე გასცა მუდმივი ცხოვრების ნებართვა. კასატორისათვის გაუგებარია რა ფაქტობრივი გარემოებები შეიცვალა, რამაც მისთვის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი შექმნა.
კასატორი მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხის სადავო გადაწყვეტილება იწვევს მისი ცოლ-შვილთან დაშორებას და ბავშვთა კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ო. მ. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაევალა წერილობითი ინფორმაცია/მასალების (მათ შორის საიდუმლო) წარმოდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000395711/5 გადაწყვეტილებას ო. მ. ბ. ბ-ის (დაბ. ...წ. პასპორტის №...) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ო. მ. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირის მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. მ. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ო. მ. ბ. ბ-ი (დაბ. ...წ. პასპორტის №...) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე.
ო. მ. ბ. ბ-ი 2014 წლის 6 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქე ნინო დ-თან.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №1000395711/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2015 წლის 20 მაისს გამოცემული №1000395711 ადმინისტრაციული აქტი ო. მ. ბ. ბ-ისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე მითითებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ო. მ. ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №1000395711/5 გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - ო. მ. ბ. ბ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემა.
ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000395711/5 გადაწყვეტილებით 2019 წლის 31 მაისიდან კვლავ ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2015 წლის 20 მაისს გამოცემული №1000395711 ადმინისტრაციული აქტი ო. მ. ბ. ბ-ისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე მითითებით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 5 აპრილის №SSG 4 19 00062676 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ბინადრობის ერთ-ერთი სახეა მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელშიც მოცემულია საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციულ უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - ო. მ. ბ. ბ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა (ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება) წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული ქმედება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000395711/5 გადაწყვეტილებას, საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 5 აპრილის №SSG 4 19 00062676 წერილში ასახული დასკვნა, რომელიც ეყრდნობა გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 31 მაისის №1000395711/5 გადაწყვეტილებას ო. მ. ბ. ბ-ის (დაბ. ...წ. პასპორტის №...) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მირ წარმოდგენილი ინფორმაცია, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო აქტი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, სრულად ვერ აქარწყლებს და პასუხობს კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, მისი ოჯახის ერთიანობის და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესაძლო დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარს ერთვის დამატებითი მტკიცებულებები შვილების დაბადების მოწმობები, რომლითაც დასტურდება, რომ ო. მ. ბ. ბ-ს და მის მეუღლეს, ნ. ბ-ს (ქორწინებამდე გვარი: დ-ი) ქორწინების შემდგომ შეეძინათ ორი შვილი: ... წლის ... ...ს - ლ. ბ-ი და ... წლის ... ...ს - დ. ბ-ი (იხ. ს.ფ. 251-251).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები (კანონით დადგენილი წესით), ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს ან შეაფასოს ახალი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედოს ფაქტობრივი გარემოება/მტკიცებულება, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მხარეთა აქტიური მონაწილეობით სათანადო წესით არ ყოფილა გამოკვლეული და რომელთან დაკავშირებითაც მხარეებს არ მისცემიათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად ცნობის კანონიერების შესახებ (სადავო აქტის ძალაში დატოვების შესახებ), რომ მხედველობაში არ მიუღია და საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის არასრულწლოვან შვილებზე (რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში და რომელთა დედაც საქართველოს მოქალაქეა), მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე სააპელაციო საჩივარში აპელანტი პირდაპირ მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლოს ერთთმანეთთან არ შეუპირისპირებია ერთის მხრივ, მოსარჩელის ოჯახურის ცხოვრების პატივისცემის უფლება და მისი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესები და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნებისათვის მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაუქმების აუცილებლობა.
ბავშვის ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დეპორტაციის საქმესთან მიმართებით იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ნუნეზი ნორვეგიის წინააღმდეგ (Nunez v. Norway, № 55597/09, § …, 28 ივნისი, 2011 წ, პარაგრაფი 176). აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ მშობლის დეპორტაცია გავლენას მოახდენდა ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე და შესაბამისად, დაირღვეოდა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ერთამენთს დაუპირისპირდეს ერთის მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, ხოლო მეორეს მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყველა მსგავს შემთხვევაში გადაწყვეტილება სწორედ ამ ორი საკითხის ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიიღოს, რაც ერთ შემთხვევაში გულისხმობს, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში თანაზომიერი და აუცილებელი ჩარევის კანონიერად მიჩნევას, ხოლო მეორე შემთხვევაში - მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის არათანაზომიერად/არააუცილებელ ღონისძიებად მიჩნევას (Jeunesse v. The Netherlands, დიდი პალატა, №12738/10, 3 ოქტომბერი, 2014წ. ; Liu v. Russia №42086/05, 6 დეკემბერი, 2007წ. ; Nunez v. Norway, №55597/09, 28 ივნისი, 2011წ.).
ამასთან, კასატორის არგუმენტზე, ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნების პირობებში საკუთარი უფლებების დაცვის შეუძლებლობასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Dalea v. France - 964/07; 02.02.2010), რომელშიც განიმარტა, რომ „განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაციის პირადად გაცნობის შეუძლებლობა, თავისთავად არ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ იყო გამართლებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა იყო მიზნის პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა და მხარის მიერ გაცნობის შეუძლებლობა ავტომატურად არ გულისხმობს პირის უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებისა და ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის პრინციპის ურთიერთშეპირისპირების შედეგად უნდა იქნეს მიღებული. აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით კი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რა მიმართებითაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. მ. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი