№62აგ-12 30 ნოემბერი, 2012 წელი
მ-ი რ, 62აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით რ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონით განახევრებული სასჯელი – 6 თვე, 2 დღე და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 2 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 17 იანვრიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
2012 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულმა რ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონის საფუძველზე მოითხოვა მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. მ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რ. მ-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – სასჯელის ნაწილშიც, დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. მ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენის შეცვლას და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ ახალი კანონით არ გაუქმებულა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეცვალა გადასასინჯი გადაწყვეტილება, ხოლო სხვა სამართლებრივ საფუძველს, რაც გასაჩივრებული განაჩენის კვლავ შეცვლას გამოიწვევდა, მსჯავრდებული არ მიუთითებს და ამგვარი საფუძველი არც საქმის მასალებში მოიპოვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენი რ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე დ. სულაქველიძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე