Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-363(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „კ...ი“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „კ...მა“ 2018 წლის 5 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მარტის №04/18889 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბრის №04/53803 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კონკრეტული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს „კ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სს „კ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „კ...მა“ მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან არ მოხდა საქმეზე დადგენილი გარემოებების შინაარსობრივი გაანალიზება და სათანადო შეფასება არ მიეცა სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს წარმოშობილ ურთიერთობებს; კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო ცენტრმა ვერ დაადასტურა პაციენტებისათვის განსხვავებული მომსახურების გაწევის ფაქტი, თუმცა გაუგებარია, რომელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მივიდა სასამართლო ხსენებულ დასკვნამდე და რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ გარემოებას სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისთვის.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს სპეციალური ცოდნის გარეშე არ შეეძლო ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების განმარტება.

კასატორის მოსაზრებით, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ პაციენტების: გ. ღ-ა, ნ. მ-ი, ქ. ი-ი, ე. თ-ის, ნ. ო-ის, ვ. ს-ის, პ. ს-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, დ. ფ-ის, თ. თ-ის სამედიცინო შემთხვევები ექცეოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის რეგულირების სფეროში, ხოლო გ. ფ-ას სამედიცინო შემთხვევა - ამავე დადგენილების 15-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში.

ე. ბ-ის, რ. კ-ასა და ლ. ე-ის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც არ არსებობდა მითითებული შემთხვევების 36-ე დადგენილების 15-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით რეგულირების სფეროში მოქცევის საფუძველი, ისევე როგორც არ არსებობდა ს. მ-ის სამედიცინო შემთხვევის ამავე დადგენილების 15-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის და ამავე დადგენილების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის რეგულირების სფეროში მოქცევის საფუძველი.

კასატორის განმარტებით, სასამართლო არ უთითებს კონკრეტულად რა ნაწილში არის შეუსაბამობა გაწეული მომსახურების შესახებ არსებულ ინფორმაციასა და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას შორის ან გაწეული მომსახურების დადგენილებით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს შორის. სასამართლო ასევე არ ახდენს განმარტებას თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ადგენს ასეთი გარემოებების არსებობას და უთითებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ზოგად ნორმებზე, შესაბამისად, არ აკონკრეტებს თუ რა რატომ მივიდა ასეთ დასკვნამდე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პაციენტების ჩვენებებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო მინიმალური აპარატურული მხარდაჭერა და მუდმივი მეთვალყურეობა, ამის საწინააღმდეგოდ, აქცენტი გააკეთა მოსარჩელის მიერ მტკიცებულებათა წარუდგენლობაზე, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა მოპასუხე მხარის ზეპირი არგუმენტები, რომლებიც თავის მხრივ არანაირ ლოგიკურ საფუძველს არ შეიცავდნენ. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების: 1. გ. ღ-ასთვის, 2. ნ. მ-ისთვის, 3. ქ. ი-ისთვის, 4. ე. თ-ისთვის, 5. ნ. ო-ისთვის, 6. ვ. ს-ისთვის, 7. პ. ს-ისთვის, 8. ნ. ჯ-ისთვის, 9. ნ. ჯ-ისთვის, 10. დ. ფ-ისთვის, 11. თ. ფ-ესთვის, 12. დ. ჯ-ისთვის, 13. ც. მ-ისთვის, 14. გ. ფ-ასთვის, 15. ე. ბ-ისთვის, 16. რ. კ-ასთვის, 17. ლ. ე-ისთვის და 18. ს. მ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.

ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტები, რომელთა მიმართ გაწეული მომსახურების ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის №1.3 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს.

პაციენტებისათვის (1. გ. ღ-ა, 2. ნ. მ-ი, 3. ქ. ი-ი, 4. ე. თ-ი, 5. ნ. ო-ე, 6.ვ. ს-ი, 7. პ. ს-ი, 8. ნ. ჯ-ი, 9. ნ. ჯ-ი, 10. დ. ფ-ი, 11. თ. ფ-ე, 12. დ. ჯ-ე, 13. ც. მ-ი) გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა ზემოაღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ხოლო პაციენტებისათვის (14.გ. ფ-ა, 15. ე. ბ-ი, 16. რ. კ-ა, 17. ლ. ე-ის, 18. ს. მ-ე) გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამდენად, დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო რიგ შემთხვევებში მიუთითებს მიწოდებული და შეტყობინებაში არსებული ინფორმაციების ურთიერთშეუსაბამობაზე, ხოლო რიგ შემთხვევაში - სამედიცინო მომსახურების არასათანადოდ გაწევაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენისთვის გასათვალისწინებელია გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის ღონისძიებები. შესაბამისად, კლინიკას ეკისრება ვალდებულება მიწოდებულ ინფორმაციაში ზედმიწევნით ზუსტად ასახოს ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების შესაბამისი კოდი და მიაწოდოს ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან შესაბამისი კოდ(ებ)ის სწორად დაფიქსირებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სათანადო მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა მიწოდებული ინფორმაციისა და შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის ურთიერთშესაბამისობა და პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობების სათანადოობა, თუმცა დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლო წესით საქმის განხილვისას არ ყოფილა წარდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას როგორც წარდგენილი დოკუმენტაციისა და შეტყობინებაში ასახული ინფორმაციის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, ასევე მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის უარყოფას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ სადავო შემთხვევების სპეციფიკის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია, სრულყოფილად შეისწავლა და სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია რის შედეგადაც დადგინდა, რომ პაციენტების: 1. გ. ღ-ას, 2. ნ. მ-ის, 3. ქ. ი-ის, 4. ე. თ-ის, 5. ნ. ო-ის, 6.ვ. ს-ის, 7. პ. ს-ის, 8. ნ. ჯ-ის, 9. ნ. ჯ-ის, 10. დ. ფ-ის, 11. თ. ფ-ის, 12. დ. ჯ-ისა და 13. ც. მ-ის შემთხვევაში არ დადასტურდა ასანაზღაურებელი შემთხვევა, ხოლო პაციენტების:14.გ. ფ-ას, 15. ე. ბ-ის, 16. რ. კ-ას, 17. ლ. ე-ისა და 18. ს. მ-ის შემთხვევაში არ დადასტურდა დიაგნოზისა და ჩარევის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამედიცინო შემთხვევებზე კონკრეტული კოდის მინიჭება თუ სათანადო მკურნალობისა და ჩარევის სათანადოობის შეფასება, მართალია, ხორციელდება სპეციალური ცოდნის მქონე პირების მიერ და ასეთს სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები წარმოადგენენ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს კომპეტენციას შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და განმარტოს საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. ამდენად, საკითხის სპეციფიკის მიუხედავად, მოსარჩელის მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებები, მით უფრო მაშინ, როდესაც სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით, ვერ გახდება სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებივად სწორად შეაფასა ისინი, რაც ადასტურებს, რომ სადავო აქტების გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „კ...ს“ მის საკასაციო საჩივარზე 16.04.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2307.71 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს. ამასთან საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის შემცირების/კორექტირების შესახებ, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ქონებრივი დავაა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის შემცირების/კორექტირების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - სს „კ...სს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 16 აპრილს N0 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2307.71 ლარის 70% - 1615.39 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა