Facebook Twitter

№64აგ-12 9 ნოემბერი, 2012 წელი

ი-ე ნ.-64აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ნ. ი-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლითა და 6 თვით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. ი-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ი-ეს სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3.000 ლარი

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 8 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 სექტემბრის განაჩენი ნ. ი-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ნ. ი-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე გაუნახევრდა ამ განაჩენზე დამატებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ი-ეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 3 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 28 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ნ. ი-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 273-ე მუხლებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით განახევრებული სასჯელების მოუხდელი ნაწილი, ერთობლიობაში – 9 თვე და საბოლოოდ ნ. ი-ეს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 28 ნოემბრიდან.

მსჯავრდებულმა ნ. ი-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მან აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენის თანახმად, სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შთანთქა სსკ-ის 375-ე მუხლით დანიშნულმა, უფრო მკაცრმა სასჯელმა. ამიტომ ,,ამნისტიების შესახებ“ საქართველოს კანონების გამოყენება, სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელთან მიმართებით, საბოლოო სასჯელის ზომაზე გავლენას ვერ მოახდენს და ითხოვა მოსახდელი სასჯელის სწორად განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილება ნ. ი-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

ნ. ი-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 6 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 10 მაისიდან.

2012 წლის 16 აგვისტოს მსჯავრდებულმა ნ. ი-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტმა მიუთითა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის – „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მის მიერ უკანონოდ შეძენილ-შენახული 0,0188 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა, მის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ნ. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ნ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ი-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მისი ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და საბოლოოდ მისი ქმედება დააკვალიფიცირა სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მაგრამ განაჩენი სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებლად დატოვა უცვლელად.

ამდენად, ნ. ი-ემ ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედების გადაკვალიფიცირება იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა, ალტერნატივად კი –სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს გასაჩივრებული განაჩენით შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, მაშინ, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა 2012 წლის 10 მაისის განჩინებით, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილება ნ. ი-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. ი-ეს გაუნახევრდა სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ცვლილება შევიდა იმ საპროცესო გადაწყვეტილებაში, რომელიც იმ დროს უკვე შეცვლილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენი, რათა სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ი-ის მიმართ.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი