Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-839(კ-22) 1 ნოემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - მ. ხ-ა, ნ. ხ-ა, თ. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ხ-ამ, ნ. ხ-ამ და თ. ხ-ამ 2021 წლის 24 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2021 წლის 09 თებერვლის №03-510/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მ. ხ-ას, ნ. ხ-ასა და თ. ხ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ხ-ას, ნ. ხ-ას, თ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო 14 წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 09 თებერვლის №03-510/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების მ. ხ-ას, ნ. ხ-ას, თ. ხ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა“ და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამგვარი მდგომარეობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. სადავო პერიოდში მოქმედი 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი N1) უმთავრესი დანიშნულებაა, დევნილებში, ყველაზე უფრო მეტად შეჭირვებული კატეგორიის გამოვლენა და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება. ამ მიზნით, 2020 წლის 10 აგვისტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი N41) შესაბამისად, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 68 ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა ქ. ზუგდიდში (რაც დასტურდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნებით), მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსაზღვრა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს განეკუთვნება ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ნგრევადი ობიექტი - ...ის ბინები, სადაც მოსარჩელეს დაკავებული აქვს ორი ოთახი. 2020 წლის 27 ივნისს აღნიშნულ მისამართზე განხორციელდა იქ მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების აღწერა. მონიტორინგისას მოსარჩელემ - მ. ხ-ამ განმარტა, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე ცხოვრობდა მეუღლის სახლში სოფელ ...აში, დაოჯახებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ასევე სოფელ ...აში. 2016 წელს, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ს. ხ-ამ დაუთმო აღნიშნული ფართი და მას შემდეგ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში. 2020 წლის 18 სექტემბერს დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა სოფელ ...აში მოსარჩელის მეუღლის - რ. გ-ას მამაპაპისეულ სახლში. აღნიშნულ მისამართზე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს დახვდათ რ. ძმა - თ. გ-ა. მისი განმარტებითი რ. ოჯახით ცხოვრობს ...ის ბინებში. იმავე დღეს მონიტორინგი განხორციელდა სოფელ ...აში მოსარჩელის - მ. ხ-ას მშობლების სახლში, სადაც თავად მ. ხ-აც იმყოფებოდა შვილებთან ერთად. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბერს (ოქმი N77) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მ. ხ-ას განაცხადი კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე, არა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩლეები ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრობენ, არამედ იმის გამო, რომ მ. ხ-ას გააჩნია მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი, შესაბამისად, მისი განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

კასატორის განმარტებით, მართალია, ობიექტის აღწერის დროს მ. ხ-ამ განაცხადა, რომ განქორწინებულია და მეუღლესთან ერთად არ ცხოვრობს, თუმცა მონიტორინგის თანამშრომლებთან გასაუბრების დროს აღნიშნულის საპირისპირო დაადასტურა მ. ხ-ას მაზლმა, როდესაც აღნიშნა, რომ მისი ძმა რ. გ-ა ცხოვრობს მეუღლესთან ერთად ...ის ბინებში. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ასევე დადასტურებულია, რომ ის ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომელსაც აქვს საკუთრება, შესაბამისად, სააგენტომ მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და 2021 წლის 09 თებერვლის №03-510/ო ბრძანებით უარი ეთქვათ მოსარჩელეებს - მ. ხ-ას, ნ. ხ-ასა და თ. ხ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა სადავო აქტის ბათილად ცნობას, თუმცა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააკეთა არასწორი სამართლებრივი შეფასება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სრულად უგულებელყო სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებითა და დღეს მოქმედი 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესი, ასევე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა. ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 09 თებერვლის №03-510/ო ბრძანება, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს და დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს ნგრევადსაშიშს, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება და დროებით ადგილზე არ ყოფნა, ან/და ალტერნატიული ფართისა და ნათესავთან თუ სხვა პირთან დროებით ცხოვრების შესაძლებლობა, არ შეიძლება გახდეს განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა ბუნებრივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. ხ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რეგისტრირებულია მისამართზე: ზუგდიდი, სოფელი ...ი, ...ის ბინები. მისი ოჯახი შედგება სამი წევრისაგან: თავად მოსარჩელე და შვილები: 2017 წლის 11 დეკემბერს დაბადებული თ. ხ-ა, 2015 წლის 27 თებერვალს დაბადებული ნ. ხ-ა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის №77 ოქმით დადასტურებულია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე ...ის ბინები წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის მონიტორინგის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ხ-ას გააჩნია მეუღლის - რ. გ-ას ალტერნატიული საცხოვრებელი, რის გამოც უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის მასალებით, კერძოდ, 2020 წლის 27 ივნისის აღწერის ფორმისა და 2020 წლის 18 სექტემბერს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...აში მ. ხ-ას მშობლების სახლში განხორციელებული ვიზიტისას, მ. ხ-ას დედის განმარტებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ზუგდიდში, სოფელი ...ში, ...ის ბინებში მდებარე ნგრევად ობიექტში, მე-... კორპუსი, მე-... სართული, N... ოთახში. მ. ხ-ას საცხოვრებელი მისამართის დამატებითი მოკვლევის მიზნით 2020 წლის 18 სექტემბერს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...აში მ. ხ-ას მეუღლის - რ. გ-ას მამა-პაპისეულ სახლში განხორციელებული ვიზიტისას რ. ძმის მიერ გაკეთებული განმარტებით კი, დადგენილია, რომ რ. გ-ა ცხოვრობს ძმასთან და დედასთან ერთად, ხოლო მამა ზ. გ-ა ოჯახური ძალადობის გამო იმყოფება პატიმრობაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის N84 ოქმით დადასტურებულია მოსარჩელეთა ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი, კერძოდ, აღნიშნული ოქმით ირკვევა, რომ მოსარჩელეებს უძრავი ქონების შესასყიდად დაუმტკიცდათ 23 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მხარის მიერ ვერ იქნა მოძიებული შესასყიდი საცხოვრისი დათქმულ სამ თვიან ვადაში, შესაბამისად, ოჯახი ექვემდებარებოდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც ცალსახად დადასტურებულია მოსარჩელეთა ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მოსარჩელეებს შესაძლებლობა ისარგებლონ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით, სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას შეზღუდულია და წარმოეშობა ვალდებულება უზრუნველყოს ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახის დაუყოვნებლივი განსახლება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიმართ არ განხორციელდა. საყურადღებოა, რომ მტკიცებულებათა არარსებობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანო მის მიერ გადაწყვეტილების კანონიერებას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ფაქტის დადასტურებაც კი, არ ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიჩნეულ იქნეს შესრულებულად. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი თითქოსდა გახდა არა ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობა, არამედ მ. ხ-ას მეუღლის ალტერნატიული ფართი. პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული პოზიცია ადასტურებს საკითხისადმი ფორმალურ მიდგომას, რაც წინააღმდეგობაშია საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან. პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ალტერნატიული ფართით სარგებლობის შესაძლებლობაზე მითითება ცალსახად მიანიშნებს მოსარჩელეთა მიერ ასეთ ობიექტში მუდმივად არ ცხოვრებაზე, ხოლო მეორე მხრივ თუმცა ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, როგორც უკვე აღინიშნა, ნგრევად ობიექტში მცხოვრები პირების მიერ საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება საცხოვრებელი პირობების გამო, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ნათესავისა თუ სხვა პირის სახლში დროებით ცხოვრება, სხვისი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაზეც კასატორი აპელირებს, არ გულისხმობს, რომ მოსარჩელეები მუდმივად არ ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, სოფ. ...ში მდებარე ნგრევად ობიექტში. შესაბამისად, მოსარჩელეებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 09 თებერვლის №03-510/ო ბრძანება არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალების ფორმალურ შეფასებას, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც ადასტურებს მოპასუხის მიერ შესაბამისი გარემოებების სათანადო შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა მ. ხ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მ. ხ-ას ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა 2021 წლის 09 თებერვლის №03-510/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა