Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-847(კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჭ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჭ-მა 2020 წლის 9 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-981/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, ნ. ჭ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-981/ო ბრძანება; მოპასუხეს ნ. ჭ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა გამოიკვლია მოსარჩელის ოჯახის რეალური საცხოვრებელი მისამართი. ამ მიზნით, სააგენტოს მონიტორინგის სამმართველომ არაერთი მონიტორინგი განახორციელა, როგორც მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, ასევე ნ. ჭ-ის მეუღლის - ა. ჭ-ის საცხოვრებელ მისამართზეც, სადაც სააგენტოს თანამშრომლებს დახვდათ მოსარჩელის მეუღლე, რომელთანაც შედგა გასაუბრება. არც საქმეში არსებული მასალებით და არც ა. ჭ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ სოფელ ...ში მდებარე სახლში არ იცხოვრება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის სამსახური 2020 წლის 17 ივნისს კვლავ გამოცხადდა სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ნ. ჭ-ის მეუღლის - ა. ჭ-ის საკუთრებაში არსებულ ფართში. მონიტორინგის ოქმიდან დგინდება, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს ერთი პატარა სახლი, რომელსაც ა. ჭ-ი იყენებს ცხოველთა და ფრინველთა სადგომად და მეორე ორსართულიანი სახლი, რომელიც ანატოლის განმარტებით, ააშენა 1990 წელს და რეგისტირებულია მის სახელზე. მხარემ ოქმში მითითებული ფაქტების სისწორე ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე ადასტურებდა, რომ მართალია, მის მეუღლეზე სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში ფიქსირდება საკუთრების ფლობა, თუმცა აღნიშნული ქონება ა. დას - ვ. ლ-ას ეკუთვნის, რომელსაც ჰქონდა ბანკის ვალი, რის გამოც სახლი დროებით გადაუფორმა ძმას. მოგვინებით, ა. ჭ-მა კვლავ უკან დაუბრუნა დას სახლი, სადაც ვ. ლ-ა ცხოვრობს პერიოდულად.

აქედან გამომდინარე, ნ. ჭ-ის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა, რადგან მოსარჩელის მეუღლეს სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოკვლეული მასალიდან დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლე - ა. ჭ-ი სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში ფლობდა სამ უძრავ ქონებას. აქედან ორი (ს/კ ... და ...) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 28 თებერვალს გასხვისა თავის დაზე ვ. ლ-აზე, ხოლო მესამე უძრავი ქონება კი 2019 წელს გასხვისებულია ვინმე დავით ძნელაძეზე (ს/კ ...). აღნიშნული გარემოებება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახლის გასხვისება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ოჯახის განსახლების საკითხი პრიორიტეტულად არ ჩაითვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე ნ. ჭ-ის დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. ჭ-ს შევსებული განაცხადის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელ პირობებში, რომლიც არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე- 1.5 ქულა; არის მარტოხელა პენსიონერი და ჰყავს ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში, 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის შესაბამისად, ოჯახის წევრებს წარმოადგენენ ა. ჭ-ი და ნ. ჭ-ი, ხოლო მათი სარეიტინგო ქულა არის 25030. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი მისამართია ქალაქი თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ...ის ქუჩა №1.

საქმეზე უდავოდ დადასტურებულია აგრეთვე, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე - ა. ჭ-ი. ისინი არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა მაშინ, როდესაც მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 7.5 ქულა, თუმცა მათი დაკმაყოფილება გრძელვადიანი საცხოვრებლით სააგენტოს მიერ პრიორიტეტულად არ ჩაითვალა ალტერნატიული საცხვრებლის ქონის გამო.

მოსარჩელის ოჯახის მიერ ალტერნატიული საცხოვრებლის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ 2020 წლის 3 ივნისის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ნ. ჭ-ის ფაქტობრივ მისამართზე, კერძოდ, ქალაქ თბილისში, თემქაზე, ...ის ქ. №5-ში (ეზოში მდებარე ჯიხური). მონიტორინგის ფორმის თანახმად დასტურდება, რომ ოჯახი 7 წელია აღნიშნულ ჯიხურში ცხოვრობს, მესაკუთრემ შეიფარა კეთილი ნებით. ...ის ქუჩაზე კი 10 წლის მანძილზე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ქირით. ნ. ჭ-მა მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მისი მეუღლის სახელზე, მართალია, ფიქსირდებოდა კერძო საკუთრება, რომელიც რეალურად მისი მეუღლის დის საკუთრებას წარმოადგენდა. იქედან გამომდინარე, რომ ანატოლის დას ჰქონდა ბანკის ვალი და იყო საშიშროება, რომ სახლს დაკარგავდა, აღნიშნული სახლის რეგისტრაცია განხორციელდა ა. ჭ-ის სახელზე. მოგვიანებით კი მისმა მეუღლემ კვლავ დაუბრუნა სახლი თავის დას. ამასთან, საქმეში დაცული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლის - ა. ჭ-ის სახელზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში რეგისტრირებულია უძრავი ქონება. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საგულისხმოა მონიტორინგის ოქმში დაფიქსირებული უძრავი ქონების აღწერა, კერძოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე ორი სახლიდან ერთი დაუმთავრებელია, ხოლო მეორე სახლი გამოყენებულია ცხოველთა და ფრინველთა სადგომად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების საპირისპირო არგუმენტში ოქმში არ არის მითთებული მისი შემდგენის მიერ და არც საქმის მასალებში მოიპოვება.

ზემოთმითითებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ნ. ჭ-ი და მისი მეუღლე ა. ჭ-ი ფაქტობრივად ცხოვრობენ ქალაქ თბილისში თემქაზე, ...ის ქუჩა №5-ის ეზოში მდებარე ჯიხურში. აქვე პალატა მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №5-ში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - ნ. ჭ-ის ორსულიანი ოჯახი განთავსებულია დროებით ნაგებობაში (ფართით 6,5 კვ.მ), რომელში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები რადიკალურად შეუსაბამოა საცხოვრებელი სახლების ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამდენად, დასახელებული დასკვნის მიხედვით, შემოწმებული ბინა შეფასებულია საცხოვრებლად უვარგისად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში, ნ. ჭ-ის ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. აბუსერიძე