საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-882(კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. თ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
მესამე პირები - მ. თ-ე, ა. თ-ე, მა. თ-ე, ე. ჩ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ს. თ-ემ 2021 წლის 26 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03-496/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, ს. თ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03-496/ო ბრძანება; მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ს. თ-ის საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ცალსახად დასტურდება ქალაქ ზუგდიდში, წყნეთელის ქუჩაზე მდებარე სახლის 2020 წლამდე მოსარჩელის მეუღლის - ე. ჩ-ას მიერ საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი. 2020 წელს კი აღნიშნული ფართი გაფორმდა მოსარჩელის ძმის - შ. ძ-ას სახელზე. 2020 წელს სახლი ისევ გასხვისდა ვინმე ნ. ხ-ას სახელზე. ამავდროულად, პროცესზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული სახლი თავიდანვე ეკუთვნოდა შ. ძ-ას და მისი მეუღლის სახელზე ფორმალურად აღირიცხა, რადგან შ. ძ-ა საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ამდენად, სახლი დღემდე შ. ძ-ას საკუთრებაა მიუხედავად იმისა, რომ ნ. ხ-ას სხელზე ირიცხება. მისივე თქმით, შ. ძ-ა უგზავნის მას თანხს და ეხმარება სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში. ამ პირობებში, შეუძლებელია საააგენტომ დაადგინოს სახლის რეალური მესაკუთრე.
კასატორი მიუთითებს, რომ მონიტორინგის თანამშრომლების მიერ არა ერთი შემოწმებისას გაირკვა, რომ ს. თ-ის მეუღლე - ე. ჩ-ა ფლობს ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებას, რომელიც 2020 წლის 2 მარტს გაასხვისა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ვინმე შ. ძ-აზე. გასხვისებულ მისამართზე მცხოვრებ მეზობელთან გასაუბრებისას დადასტურდა, რომ სახლი არ იყო გასხვისებული, ხოლო ს. თ-ის ოჯახი ცხოვრობდა ქალაქ ზუგდიდში, ...ის გზაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად და გამოყენებულია ყველა ის საშუალება, რაც გააჩნია სააგენტოს, კერძოდ მონიტორინგი, რომელსაც იყენებს აგრეთვე მსგავსი საკითხების გამოკვლევისას. სწორედ მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალის საფუძველზე, ს. თ-ეს ამ ეტაპზე, კრიტერიუმების გარეშე, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე ს. თ-ის დევნილი ოჯახისთვის კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო, რადგან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა უნდა შემოწმდეს სხვა ასპექტებიც, მათ შორის - წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დაინტერესებული მხარეების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა კი უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს და დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს ნგრევადსაშიშს, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება და დროებით ადგილზე არ ყოფნა არ შეიძლება გახდეს განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა ბუნებრივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ს. თ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქ. №8-ში, №7 ...ში (ნგრევადი ობიექტი). მისი ოჯახი შედგება 5 წევრისაგან, თავად მოსარჩელე, მისი მეუღლე - ე. ჩ-ა და შვილები - ა., მ. და მა. თ-ეები.
მოსარჩელის ოჯახის მიერ ალტერნატიული საცხოვრებლის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2010 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვით, ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქ. №10-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეა ე. ჩ-ა, 2020 წლის 9 მარტის მდგომარეობით - შ. ძ-ა, ხოლო იმავე წლის 1 ივლისის მდგომარეობით - ნ. ხ-ა. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის №5261 ინფორმაციით, ე. ჩ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამდენად, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქ. №10-ში მდებარე უძრავი ქონება არ წარმოადგენდა ს. თ-ის ოჯახის წევრის საკუთრებას. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ს. თ-ის განმარტებით, ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებას მხოლოდ ფაქტობრივად ფლობდა მისი მეუღლე. რეალური მესაკუთრე კი იყო მისი მეუღლის საზღვარგარეთ მცხოვრები ძმა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ, 2020 წლის 10 თებერვლის №5 ცნობის მიხედვით, ს. თ-ე 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ის ქუჩა №8-ში. 2020 წლის 27 ივნისს ამავე მისამართზე განხორციელებული მონიტორინგისას ოჯახი სრული შემადგენლობით (5 წევრი) იყო ადგილზე. მოსარჩელის დედა - ძ. ჭ-ა, მამინაცვალი - შ. კ-ა, ნახევარდა - მ. კ-ა ცხოვრობენ ს. თ-ის გვერდით მდებარე ოთახში. ძმა - გ. ა-ი, დასაოჯახებელი, ცხოვრობს ევროპაში, ე. ჩ-ას მშობლები -ნ. ჩ-ა და თ. ჩ-ა ცხოვრობენ ...ი კომპაქტურ ჩასახლებაში - „...ში“. ს. თ-ის მეზობლები: ბ. ც-ა, გ. ხ-ა და ი. ჯ-ა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, ადასტურებენ რომ ს. თ-ე 1993 წლიდან არის დევნილი აფხაზეთიდან, ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქ. №8-ში, ... №7-ში, მეუღლესთან - ე. ჩ-ასთან და შვილებთან - მ., მა. და ა. თ-ეებთან ერთად. ამასთან, ...ას აბონენტის ბარათის მიხედვით დასტურდება, რომ ამავე მისამართზე აბონენტ - ს. თ-ეს 2020 წლის მანძილზე მოხმარებული აქვს ელექტრო ენერგია.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების (მოსარჩელის მეზობლების) საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმ პირობებში, როცა განხორციელებული მონიტორინგისას მოსარჩელის ოჯახი იმყოფებოდა რეგისტრაციის მისამართზე, ამასთან, ცალსახად არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის ფაქტი, საფუძველს მოკლებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. იგი არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა მაშინ, როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე, ამ ეტაპზე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ნგრევადი/რეგისტრაციის ობიექტი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ნამდვილად არსებობდა თუ არა მოსარჩელის ოჯახისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული ფართი და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირატესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. აბუსერიძე