Facebook Twitter

№ბს-1125(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 15 მარტს მ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვლის №03/2614 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, მ. გ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი) და ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ...ის შენობაში, რომელიც არის ნგრევადი ობიექტი. მოსარჩელის ერთ-ერთი შვილი - თ. გ-ა ოჯახთან ერთად დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით, ხოლო მ. გ-ა, მისი მეუღლე - გ. გ-ა და მეორე შვილი - თ. გ-ა დარჩნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე. კომისიამ არც კი იმსჯელა მ. გ-ას განცხადებაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების მოტივით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვლის №03/2614 გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. გ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. გ-ა და მისი მეუღლე გ. გ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ზუგდიდში, ...ა, ...ის შენობაში, ნგრევადი ობიექტიდან დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 2020 წლის 18 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის დროს მ. გ-ა ადგილზე არ იმყოფებოდა. მოსარჩელეს 2018 წლიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ექიმთან ვიზიტის მიზნით უწევს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ მ. გ-ას აქვს კანის ავთვისებიანი სიმსივნე, სტადია 2, კლინიკური ჯგუფი 2, C44, ბრონქიალური ასთმა, ინფექციურ-ალერგიული ფორმა, არტერიული ჰიპერტენზია. მ. გ-ას და მისი ოჯახის სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება და მას ფართი ...ის ნგრევად შენობაში დაკავებული აქვს 1993 წლიდან.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, მე-4 მუხლის „დ“, ,,ე’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა” ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კონკრეტული შემოწმების დღეს, მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებით, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მ. გ-ა და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ნგრევად, სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტში, მდებარე ზუგდიდი, ...ა, ...ის შენობა.

პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის უკან დაბრუნების გარეშეც არსებობს საკმარისი მტკიცებულება სასამართლოში არსებითად გადაწყდეს მ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მისამართი არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ საშუალებად. ხშირია შემთხვევები, როცა მხარის რეალური საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისგან. სწორედ ამიტომ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამმართველო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს და სწავლობს კონკრეტული დევნილი ოჯახის საკითხს, საცხოვრებელ პირობებს, რეალურ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს. საქმეში წარმოდგენილი იყო მსგავსი სახის მტკიცებულება - მონიტორინგის ოქმები და თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა. მოსარჩელის რძლის მიერ მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებისთვის მიცემული განმარტების თანახმად, მ. გ-ა ცხოვრობს გალში. აღნიშნული მტკიცებულება არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამასთან, გადაწყვეტილებაში სასამართლო თავადვე უთითებს, რომ მ. გ-ა ნგრევადი ობიექტიდან დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით განხორციელებული მონიტორინგის დროს ობიექტში არ იმყოფებოდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზუგდიდში, სოფ. ...აში მდებარე ავარიული ობიექტიდან მოსარჩელის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის განხილვაზე უარის თქმის კანონიერება, უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე მ. გ-ა, მისი მეუღლე - გ. გ-ია და შვილი - თ. გ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, მათი რეგისტრირებული მისამართია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ა, ...ი. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია ... -... (ს.ფ. 112-114); ბ) მოსარჩელის მეორე შვილი თ. გ-ა ოჯახთან (ნ. ნ-ა, მ. გ-ა და დ. გ-ა) ერთად ცხოვრობდა ზუგდიდში, ...ა, ...ის ნგრევად შენობაში, ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით და გადაეცა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ას ქუჩა, კორპუსი №6 (ს.ფ. 111, 126-135, 117-120); გ) 2020 წლის 28 ივნისს განხორციელდა მ. გ-ას საცხოვრებელი ადგილის მონიტორინგი მისამართზე: ზუგდიდი, ...ა, ...ის შენობა. მონიტორინგის დროს ადგილზე არ დახვდათ მ. გ-ა. თ. გ-ამ და ნ. ნ-ამ მონიტორინგის ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 1993 წლიდან. მ. გ-ა აღწერის დროს იმყოფებოდა შვილთან აბაშაში, მუდმივად ცხოვრობს გალში, ხოლო როცა გადმოდის გალიდან იმყოფება ამავე მისამართზე. დედა - გ. გ-ა იმყოფებოდა გალში. (ს.ფ. 72, მხარეთა ახსნა-განმარტება); დ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვლის №03/2614 წერილით მ. გ-ას მისი 2021 წლის 10 თებერვლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (№77 ოქმი) არ განხილულა მისი ავარიული ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი უძრავ ქონებაში (ზუგდიდი, სოფელ ...ა) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო (ს.ფ. 13); ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მ. გ-ას აქვს კანის ავთვისებიანი სიმსივნე, სტადია 2, კლინიკური ჯგუფი 2, C44, ბრონქული ასთმა, ინფექციურ-ალერგიული ფორმა, არტერიული ჰიპერტენზია (ს.ფ. 27); ვ) ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მიერ 2021 წლის 17 მარტს გაცემული №13 ცნობის მიხედვით, მ. გ-ა 1993 წლიდან 2021 წლის 17 მარტამდე ნამდვილად ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში (ს.ფ. 93).

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებულმა ღონისძიებამ უშუალო სამართლებრივი შედეგი უნდა წარმოშვას. „..აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას..“ (სუს 23.07.2020წ. Nბს-38(კ-20) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. გ-ას განაცხადზე სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უპასუხა 2021 წლის 18 თებერვლის №03/2614 წერილით, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (№77 ოქმი) არ განხილულა მისი ზუგდიდში, სოფელ ...აში მდებარე ავარიული ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. ამდენად, წერილმა წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, 2021 წლის 18 თებერვლის №03/2614 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზუგდიდში, სოფ. ...აში მდებარე ...ის შენობა წარმოადგენს ნგრევად ობიექტს და დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე წარედგინა რეესტრი აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ დევნილ ოჯახთა შესახებ მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა მითითებულ სხდომაზე მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი არ იქნა განხილული უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა), თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღწერის ფორმის შედგენისას სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახი მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა სახლში, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებით, მათ შორის, ...ას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მ. გ-ა და მისი ოჯახი ცხოვრობენ ნგრევად, სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტში, მდებარე ზუგდიდი, ...ა, ...ის შენობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

თ. ოქროპირიძე