Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1167(კ-22) 01 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „თ...ი“

მესამე პირები - ა. ბ-ი, ი. ს-ე, ს. ხ-ე, გ. ხ-ე, შპს „ბ...ი“, შპს „ს...ი“, შპს „ჯ...ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „თ...ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 15 თებერვლის №10576 შეტყობინების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის არაუზრუნველყოფილი წესით სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალეობის მიმართ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ...ის“ 2016 წლის 30 ივნისის №693 და №150 დადგენილებების შესაბამისად №A12036017 და №A13084353 სააღსრულებო წარმოებების ფარგლებში სააღსრულებო წარმოების განხორციელების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სს „თ...ის“ წარმომადგენელმა 2021 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და იშუამდგომლა მხარეთა შორის მიმდინარე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე სააღსრულებო საქმეებზე №A12036017 და №A13084353 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სს „თ...ის“ შუამდგომლობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო საქმეებზე №A12036017 და №A13084353 დაწყებული წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ა. ბ-ი, ი. ს-ე, ს. ხ-ე, გ. ხ-ე, შპს „ბ...ი“, შპს „ს...ი“ და შპს „ჯ...ი“.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინება 2022 წლის 24 სექტემბერს კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს „თ...ის“ წარმომადგენლის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით სს „თ...ის“ წარმომადგენლის საცივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სს „თ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის №10576 შეტყობინება და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა №A12036017 და №A13084353 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო წარმოების განხორციელება არაუზრუნველყოფილი წესით სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალეების მიმართ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ...ის“ 2016 წლის 30 ივნისის №693 და №150 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისი განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა 2022 წლის 22 ივლისს. საფოსტო შეტყობინების მიხედვით, გზავნილი 2022 წლის 22 ივლისს ჩაბარდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს (ტ.3, ს.ფ. 140-141), ხოლო 2022 წლის 25 ივლისს 11 საათსა და 10 წუთზე ჩაჰბარდა კანცელარიის თანამშრომელს - თ. ნ-ეს, რაც დასტურდება გზავნილზე აღნიშნული ხელმოწერით (ტ. 3, ს.ფ. 151).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გზავნილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩაბარდა 2022 წლის 22 ივლისს (ტ. 3, ს.ფ. 140-141), ხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის თანამშრომელს - თ. ნ-ეს ჩაჰბარდა 2022 წლის 25 ივლისს (ტ. 3., ს.ფ. 151), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსთათვის დაიწყო 2022 წლის 23 ივლისს და ამოიწურა 2022 წლის 12 აგვისტოს (პარასკევი) 24:00 საათზე, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დაიწყო 2022 წლის 25 ივლისს და ამოიწურა 2022 წლის 15 აგვისტოს (ორშაბათი) 24:00 საათზე. სსიპ აღსრულების ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 22 აგვისტოს (ტ. 3, ს.ფ. 172).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა იმპერატიული სახისაა, რომლის გაგრძელების ან აღდგენის უფლებამოსილება სასამართლოს არც საკუთარი ინიციატივით და არც მხარეთა მოთხოვნით არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 22.08.2022წ. №37590 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 100% - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა