Facebook Twitter
ბს-1163 (2კს-22) 07 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ...

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, დროებითი განჩინება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. და 15.09.2022წ. განჩინებები


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


ნ. კ-ემ 30.04.2019წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ ...ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ ...ს მრჩეველთა საბჭოს 19.04.2019წ. №01-01/02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ...ს დირექტორს, ნ. კ-ეს გამოეცხადა უნდობლობა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, გათავისუფლებამდე არსებული პირობებით; სსიპ ...სთვის ნ. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 3300 ლარის ანაზღაურების დაკისრება, 2019 წლის 19 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 25.04.2019წ. №01-01/03 გადაწყვეტილების მიღების დღიდან ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. კ-ის მიერ.
05.09.2022წ. ნ. კ-ის წარმომადგენელმა ი. დ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმი N12) მოქმედების შეჩერება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. განჩინებით ნ. კ-ის წარმომადგენლის ი. დ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სასკ-ის 29-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე შესაბამისი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას დასაბუთებული ეჭვის სახით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, გადაუდებელი აღსრულების შემთხვევაში მხარეზე არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვის შეუძლებლობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე მოთხოვნის შემთხვევაში შუამდგომლობაში ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი ის საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება მოსარჩელის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება, მოსარჩელემ ნათლად უნდა წარმოაჩინოს, რომ ეს მოწესრიგება აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის ან არსებული რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტი, რომლის შეჩერებასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი, წარმოადგენს სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილებას (ოქმი N12), პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნას მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი გააჩნია, ხოლო პალატის წარმოებაში არსებული განსახილველი დავა შეეხება მოსარჩელე ნ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებას და არა სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ აქტის კანონშესაბამისობას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასკ-ის 29.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა. სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების თაობაზე უნდა ამოქმედდეს საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერისთანავე, რაც მის დაუყონებლივ აღსრულებას გულისხმობს. „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 3510 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში-უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მრჩეველთა საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათისაა, იმავეზე მიუთითებს სსიპ ,,...ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) წესის“ 2.1. მუხლიც. პალატის განმარტებით, კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმი N12) დაუყოვნებლივ აღსრულების მიზანს წარმოადგენს „მაუწყებლის შესახებ“ კანონისა და ,,...ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) წესის“ საფუძველზე, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების მიღებისა და სხვა პროცედურების დროულად განხორციელებას. „მაუწყებლის შესახებ“ კანონის 3510 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, სავალდებულოდ შესასრულებელი წესი კონკურსის გამოცხადების თაობაზე, ერთგვარად წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ შეზღუდვას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასკ-ის 29.3 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საგამონაკლისო წესს, რომლის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. ამასთანავე, პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმის N12) შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სსიპ ...ს საჯარო ინტერესებს, რამდენადაც დავის განხილვამდე (საბოლოოდ დასრულებამდე) ვერ ჩატარდება კონკურსი და შესაბამისად ვერ დაინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე მაუწყებლის დირექტორი, რაც იმპერატიულად არის რეგლამენტირებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონით. ამასთან, ეს მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისათვის, მისი საქმიანობის სპეციფიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე. პალატის მითითებით ნ. კ-ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვისთვის არაპროპორციული საშუალება იქნება სადავოდ გამხდარი აქტის (სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების) მოქმედების შეჩერება, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სადავო აქტის შეჩერების სასკ-ის 29.3 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. კ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ნ. კ-ის კანონიერ ინტერესს მისი დარღვეული უფლებების აღდგენა წარმოადგენს, რაც გამოიხატება სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დაკავებაში. სასამართლო წარმოებისას მრჩეველთა საბჭომ 22.08.2022წ. მიიღო N01-01/08 გადაწყვეტილება, რამაც დამატებითი დამაბრკოლებელი და ხელშემშლელი გარემოება შექმნა, კერძოდ თუ კონკურსის შედეგად 3 წლის ვადით აირჩევა ახალი დირექტორი, სასამართლოს მიერ ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება. მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილება კავშირშია სადავო აქტის კანონიერებასთან, ვინაიდან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სადავო აქტის უკანონობის შემთხვევაში გამოიწვევს მის აღუსრულებლობას. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ გადალახა დასაბუთებული ეჭვის მტკიცების სტანდარტი. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ნ. კ-ემ უზრუნველყო ყველა იმ გარემოების დასაბუთება და ამავდროულად დადასტურება, რაც სასკ-ის 29.3 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენების წინაპირობებია. ნ. კ-ე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დავის განხილვამდე კონკურსის ჩაუტარებლობა და ვაკანტურ თანამდეობობაზე მაუწყებლის დირექტორის არ დანიშვნა მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, კერძოდ შეეძლო მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, რაც აპრობირებული და გავრცელებული პრაქტიკაა. სასამართლო პრაქტიკისათვის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი არ არის უცხო და იგი ზედმიწევნით ესადაგება კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსს, კერძოდ, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღსრულდება, ხოლო მაუწყებლობას ეყოლება დროებითი ხელმძღვანელი და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/18 გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ წარმოადგენს არაპროპორციულ საშუალებას.
13.09.2022წ. ნ. კ-ის წარმომადგენელმა ი. დ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა დავის დასრულებამდე მოპასუხისათვის სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემრულებლის გარდა სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022წ. განჩინებით ნ. კ-ის წარმომადგენლის ი. დ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული დროებითი განჩინების მიღება უნდა ემსახურებოდეს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის დროებით მოწესრიგებას და არა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა დროებითი განჩინებით ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების, როგორც უკიდურესი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობისას მაღალი ალბათობით უნდა დასტურდებოდეს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება და ამასთან, დროებითი განჩინების მიღების გარეშე სასამართლოს მეშვეობით დაცული უფლების რეალიზაცია შეუძლებელი იქნება ან მნიშვნელოვნად გართულდება იგი. შესაბამისად, ამგვარი საკითხის გადაწყვეტისას, პირველ რიგში შეფასება უნდა მიეცეს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს, დავის საგანს და სხვა არსებით კომპონენტებს (უზრუნველყოფის ღონისძიების ადექვატურობა, კავშირი დავის საგანთან და ა.შ.), რომლის ფარგლებშიც სასამართლომ უნდა მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. დროებითი განჩინება (სასკ-ის 31-ე მუხლი) წარმოადგენს უფლების წინასწარი დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს. როდესაც საქმე ეხება მოსალოდნელ მმართველობით ღონისძიებას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან მოქმედების განხორციელებას ან განხორციელებისაგან თავის შეკავებას და აქედან გამომდინარე პირის უფლებების მოსალოდნელ შეზღუდვას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირის უფლების პრევენციული დაცვის მექანიზმი, რომელიც განისაზღვრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, რაც იმპერატიულად არის რეგლამენტირებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისათვის, მისი საქმიანობის სპეციფიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული პალატამ დასახელებულ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ნ. კ-ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვისთვის, განსახილველ შემთხვევაში არაპროპორციული საშუალება იქნება სსიპ ...ს დირექტორის დანიშვნის აკრძალვა (გარდა მოვალეობის შემსრულებლისა), შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ ვერ იქნა საკმარისად დასაბუთებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სადავო ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების აუცილებლობა, განმცხადებლების მოთხოვნა - დროებითი განჩინების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და ვერ ამართლებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების მართებულობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. კ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსიპ ...ს მრჩეველთა საბჭომ 22.08.2022წ. მიიღო N01-01/08 გადაწყვეტილება (ოქმი N12) სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ნ. კ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის 25.04.2019წ. N01-01/03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ. ახალი კონკურსის გამოცხადებით იქმნება ახალი დაბრკოლება სამომავლოდ სასამართლოს მხრიდან საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, თუ ჩატარდება 22.08.2022წ. N01-01/08 (ოქმი N12) გადაწყვეტილებით განსაზღვრული კონკურსი და დირექტორი დაინიშნება სამი წლის ვადით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეუძლებელი გახდება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთანავე, სხვა შრომითი დავებისგან განსხვავებით დირექტორის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ განუხილავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი. სასამართლო პრაქტიკისათვის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი არ არის უცხო და იგი ზედმიწევნით ესადაგება კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის დაცვას, კერძოდ, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღსრულდება, ხოლო მაუწყებლობას ეყოლება დროებითი ხელმძღვანელი და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ნ. კ-ის სასარჩელო წარმოების მიზანი სამსახურში აღდგენაა. იმისათვის, რომ ნ. კ-ის, როგორც უსაფუძვლოდ სამსახურიდან გათავისუფლებული პირის უფლებები იყოს დაცული, აუცილებელია არსებობდეს სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა, ხოლო ახალი დირექტორის დანიშვნის შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებლობა არ იარსებებს.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ. კ-ის კერძო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ითვალისწინებს უფლების სასამართლო წესით დაცვას. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არამხოლოდ რეპრესიულ დაცვას, არამედ პრევენციული დაცვის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც, მათ შორის, დროებით დაცვას. ადმინისტრაციული სამართლისათვის დამახასიათებელია დაინტერესებული პირის უფლების პრევენციული დაცვის დუალისტური საშუალებები. ადმინისტრაციული საპროცესო კანანმდებლობა ითვალისწინებს უფლების დროებითი დაცვის დუალისტურ სისტემას - სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, ხოლო სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება სხვა სახის სარჩელთან მიმართებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება და მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმი N12) მოქმედების შეჩერება, ასევე დავის დასრულებამდე მოპასუხისათვის სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლის გარდა სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა. ნ. კ-ე ორივე სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში ნ. კ-ე აღდგენილი იქნება მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმი N12) საფუძველზე უკვე გამოცხადებული კონკურსის ჩატარება და ახალი დირექტორის დანიშვნა, შეუძლებელს გახდის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. კ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას სსიპ ...ს მრჩეველთა საბჭოს 19.04.2019წ. N01-01/02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლითაც ...ს დირექტორს ნ. კ-ეს გამოეცხადა უნდობლობა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ნ. კ-ე ასევე ითხოვს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას გათავისუფლებამდე არსებული პირობებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის საგანს არ შეადგენს სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა, აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი გააჩნია. ამასთანავე, სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლო წარმოებაში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება სასკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე იმ აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, რომელიც არ არის მიმდინარე დავაში გასაჩივრებული, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. სასკ-ის 29-ე მუხლის სათაური უთითებს, რომ ნორმის რეგულაცია ეხება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, თუმცა სასკ-ის 29-ე მუხლის განსახილველ გარემოებებზე გავრცელების შემთხვევაშიც, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აქტის შეჩერების საფუძვლები. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანამდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სასკ-ის 29.1 მუხლის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრა სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების ავტომატურ შეჩერებას ვერ გამოიწვევს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმი N12) შეჩერებაზე მსჯელობის დროს გასათვალისწინებელია სასკ-ის 29.2 მუხლის დანაწესი, რომლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა. აღნიშნული გარემოების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სადავო აქტის შინაარსს, აქტის დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე მასში მითითების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების თაობაზე უნდა ამოქმედდეს საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერისთანავე, რაც მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიუთითებს. ამასთანავე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ადგენს საკითხის სპეციალურ მოწესრიგებას, კერძოდ, მითითებული კანონის 3510.2 მუხლის თანახმად, დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მრჩეველთა საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სავალდებულოდ შესასრულებელი პროცედურა კონკურსის გამოცხადების თაობაზე ერთგვარად წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ შეზღუდვას, რაც განსახილველი სამართალურთიერთობის სპეციფიკის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამართული და სათანადო ფუნქციონირების მიმართ მომეტებული საჯარო ინტერესის არსებობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების შესაჩერებლად სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასკ-ის 29.3 მუხლის გამოყენების ფარგლები. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ერთმანეთს უპირისპირდება მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჯარო ინტერესი და მხარის ინტერესი, ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე მხარის კანონიერი ინტერესი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის შეზღუდვით იმ გონივრულ ფარგლებში, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებას. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ ...ს მრჩეველთა საბჭოს 24.10.2016წ. N01-01/22 გადაწყვეტილებით ნ. კ-ე მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა სამი წლის ვადით. მაუწყებლის დირექტორის უფლებამოსილების ვადის დაწყების თარიღად განისაზღვრა 21.12.2016წ.. აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 3510.1 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ...ს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს მრჩეველთა საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით მრჩეველთა საბჭო დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. ამდენად, დირექტორი ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს გარკვეული ვადით დანიშნულ პირს. მოცემულ შემთხვევაში ნ. კ-ის, როგორც დირექტორის, უფლებამოსილება განსაზღვრული 3 წლიანი ვადით იყო შეზღუდული. სსიპ ...ს მრჩეველთა საბჭოს 19.04.2019წ. N01-01/02 გადაწყვეტილებით ნ. კ-ეს გამოეცხადა უნდობლობა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ის პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე (მე-3 პუნქტი), ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე (მე-5 პუნქტი). ამდენად, ხელმძღვანელი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს სუბიექტს, რომელიც თავისი უფლება-მოვალეობებით განსხვავდება სსიპ-ში დასაქმებული ნებისმიერი სხვა თანამშრომლისგან და რომლის უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელება მნიშვნელოვანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, ნ. კ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. კ-ის უფლებამოსილება ვადით იყო შეზღუდული, მისი სამსახურში აღდგენის მოთხოვნა მიემართება გათავისუფლებამდე დარჩენილ პერიოდს (რამდენიმე თვე), რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად შემდგომში ისევ წარმოშობს კონკურსის გამოცხადების ვალდებულებას ახალი დირექტორის ასარჩევად. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მხარის მოთხოვნა აქტის შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მას ან შეუძლებელს გახდის მისი უფლების ან ინტერესის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება. სასკ-ის 29-ე მუხლის დანაწესის თანახმად, კანონმდებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაინტერესებული პირის შუამდგომლობის განხილვისას ადგენს ,,დასაბუთებული ეჭვის’’ სტანდარტს, შესაბამისად პრევენციული ღონისძიების გამოყენების საფუძველი დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მრჩეველთა საბჭოს 25.04.2019წ. N01-01/03 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე მაუწყებლობის დირექტორი ერთხეულ უკვე იყო დანიშნული სამი წლის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნ. კ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ ნ. კ-ეს არ ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის სპეციფიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნ. კ-ის დროებით დანიშვის, ვადის სრულად გასვლის შემდეგ კონკურსის გამოცხადების საჭიროების გათვალისწინებით, ნ. კ-ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვისათვის განსახილველ შემთხვევაში არაპროპორციული საშუალება იქნება მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმი N12) მოქმედების შეჩერება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვისას, სსიპ ...ს ოფიციალურ ვებგვერდზე (...) არსებული ინფორმაციის თანახმად მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა, დირექტორი ვერ აირჩიეს, ვინაიდან ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, შესაბამისად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი, რომლის შეჩერებასაც ითხოვს კერძო საჩივრის ავტორი, უკვე გაუქმებულია, რაც გამორიცხავს მისი შეჩერების შესაძლებლობას.
რაც შეეხება ნ. კ-ის მოთხოვნას დავის დასრულებამდე მოპასუხისათვის სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლის გარდა სხვა პირის დანიშვნის აკრძალვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას. სასკ-ის 31-ე მუხლის შინაარსი სწორედ მის პრევენციულ ბუნებაზე მიუთითებს და ითვალისწინებს ასევე იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელის ინტერესს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება წარმოადგენს, რათა ხელი არ შეეშალოს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სასკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელი ხდება არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე (სუსგ 09.01.2019წ. Nბს-1562(უს-18)). დროებითი განჩინება, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. მართალია აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს თუმცა პრინციპულია, რამდენადაც ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. კ-ის მიერ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 02.11.2022წ. განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის, უფლების დროებითი დაცვის ღონისძიებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის მხარეთა უფლებებსა და ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის გზით. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის, უფლების დროებითი დაცვის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც იგი გამართლებულია და განმცხადებელი დასაბუთებულად შეძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის შედეგად, მტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში ნ. კ-ის მოთხოვნა დროებითი განჩინების გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და მოცემული დავის ფარგლებში ვერ ამართლებს სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობას. ამდენად, აქტის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ განვითარებული დასაბუთების გათვალისწინებით ნ. კ-ის მოთხოვნა დროებითი განჩინების გამოყენების შესახებ ასევე საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 22.08.2022წ. N01-01/08 გადაწყვეტილების (ოქმი N12) შეჩერებისა და დავის დასრულებამდე მოპასუხისათვის სსიპ ...ს დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემრულებლის გარდა სხვა პირის დანიშვნის აკრძალვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. და 15.09.2022წ. განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 29-ე, 31-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე , 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. და 15.09.2022წ. განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი