Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1285(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე.

2022 წლის 15 ივლისს მ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის I ოცეულის პატრულ-ინსპექტორ მ. გ-ის მიერ 2022 წლის 13 ივლისს გამოცემული №... შემაკავებელი ორდერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის I ოცეულის 2022 წლის 13 ივლისის №... შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. კ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე მ. კ-ის მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრულია შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც ნამსჯელი აქვს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლი შეეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესს, კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 2114.12 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.12 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.

მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2.1 მუხლი), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-12 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ბ. სტურუა

თ. ოქროპირიძე