№ბს-213(კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 27 აგვისტოს ა. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1092/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის თანახმად, ა. ს-ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად (რომლებიც ასევე არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები) რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №3, ბინა №23. ოჯახი რეალურად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №4-ში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების ობიექტში. აღნიშნული ობიექტიდან, სხვა პირებთან ერთად, მოხდა მოსარჩელისა და მისი ოჯახის გამოსახლება და დღეის მდგომარეობოთ მოსარჩელის 5 წევრიან ოჯახს არ აქვს არავითარი საცხოვრებელი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხრიდან განცხადებებს არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1092/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1092/ო ბრძანება და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა. ს-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, კანონით დადგენილ ვადაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ს-ემ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - ე. ო-ა, არასრულწლოვანი შვილები - გ. ს-ე, რ. ს-ე და მ. ს-ე. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: თბილისი, ...ის ქ. №3. კრიტერიუმების შეფასების შედეგად, 2020 წლის 22 იანვარს ა. ს-ის ოჯახს მიენიჭა 3,5 ქულა, მათ შორის: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (3 არასრულწლოვანი) - 2 ქულა. კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი, მშობლები, და, ორი ძმა და ორი ძმისშვილი. განაცხადს აკეთებს სამ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ერთად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 საოქმო გადაწყვეტილებით, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ა. ს-ეს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1092/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N36) ა. ს-ეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ა. ს-ის შვილს რ. ს-ეს აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც მოსარჩელეს მიმართული აქვს სამედიცინო დაწესებულებებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე. ა. ს-ესთან სხვადასხვა პერიოდში მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტები, კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფი 2019 წლის ივლისში გამოცხადდა მისამართებზე თბილისი, ...ის ქუჩა №4 და №8, სადაც ა. ს-ე არ იმყოფებოდა, ხოლო, იქ მყოფმა პირებმა განაცხადეს, რომ არ იცნობენ არც ა. ს-ეს და არც მისი ოჯახის წევრების ვინაობა ეცნობათ. მოსარჩელის ტელეფონის ნომერზე მონიტორინგის ჯგუფს არავინ უპასუხა. 2019 წლის აგვისტოში მონიტორინგის განხორციელების მიზნით ჯგუფის წევრი დაუკავშირდა მოსარჩელეს აპლიკაციაში მითითებულ ნომერზე ..., ზარს უპასუხა მოსარჩელის ძმის მეუღლემ, რომლის განმარტებით, მოსარჩელე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფება რუსეთში. 2020 წლის მაისში მონიტორინგი განხორციელდა თბილისში, ...ის ქუჩა №3, ბინა №23-ში. მონიტორინგის ჯგუფის მიერ მითითება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე 1995 წლიდან ცხოვრობს ამავე მისამართზე, ოჯახი შედგება 5 წევრისგან, თუმცა მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე არც ა. ს-ე და არც მისი ოჯახის წევრები არ დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ დეიდა - ს. მ-ა და დეიდის მეუღლე - ა. ქ-ი, რომელთაც განმარტეს, რომ მოსარჩელის მეუღლე - ე. ო-ა არის კრასნოდარში ბავშვებთან ერთად, რ. ს-ე გადის რეაბილიტაციას, შვილი - გ. ს-ე კრასნოდარში დადის სკოლაში. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 09.11.2021 წლის წერილიდან, ირკვევა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ა. ს-ეს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება და შესაბამისად, მისთვის დევნილთა შემწეობის თანხის დარიცხვის შეწყვეტა აღნიშნული საფუძვლით არ მომხდარა.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, მე-4 მუხლის „დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ა. ს-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გაგრა, ს. ...ი, ხოლო რაც შეეხება დროებით საცხოვრებელ მისამართს იგი ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, თავდაპირველად თბილისში, ...ის ქუჩა №4-ში, ხოლო შემდგომ ასევე თბილისში, ...ის ქუჩა №3, ბინა №23-ში. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1092/ო ბრძანებით, სამოთახიანი ბინით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ა. ს-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. საყურადღებოა, რომ მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ამგვარი საჭიროების არარსებობის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს საქართველოში და იმყოფება რუსეთში.
პალატამ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემისა და ა. ს-ის ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათ არ ჰქონდათ გადაუდებელი განსახლების საჭიროება, რაც, როგორც მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა განპირობებული იყო მოსარჩელის ოჯახის რუსეთში ცხოვრებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ს-ის ოჯახს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე იგი საქართველოში ყოფნისას სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე თბილისი, ...ის ქუჩა №3, ბინა №23, რაც გახდა სწორედ შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველი. ასევე უდავოა, რომ უმეტესად მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, ხოლო გარკვეული პერიოდულობით ასევე თავად მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილსაც წარმოადგენს რუსეთი, სადაც ერთ-ერთი შვილი სწავლობს სკოლაში, ხოლო ერთ-ერთს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება სამედიცინო მომსახურებები, თუმცა აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, არ წარმოადგენდა ქულის დაკორექტირების საფუძველს. მოპასუხე მართებულად მიიჩნევს და სადავოდ არ ხდის მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებლის კრიტერიუმში 1,5 ქულის მინიჭების საკითხს. გარდა ამისა, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებს აპელანტის შვილის მიერ საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღების ფაქტებსაც და შესაბამისად იმ გარემოებას, რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ის საქართველოშიც მკურნალობდა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით (ჯანმრთელობის მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობების არარსებობა და სხვ.) ფაქტობრივად საზღვარგარეთ ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი საქართველოში და აქ ყოფნის პერიოდში ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით, მით უფრო, როდესაც საზღვარგარეთ ცხოვრების მიზეზით მოსარჩელის ოჯახისთვის არ მომხდარა სხვა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის (დევნილის სტატუსის ანდა დევნილის შემწეობის თანხის დარიცხვის) შეჩერება/შეწყვეტა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დასტურდება, რომ მოსარჩელის განსახლება მოხდა, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №101, ხოლო იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №3, ბინა №23. წინასწარი შეფასებით მიენიჭა 3.50 ქულა, მათ შორის: „საცხოვრებლის ფინანსური პირობების“ (ნაქირავები) ნაწილში - 1.50 ქულა, „18 წლამდე ასაკის წევრების“ (3 არასრულწლოვანი) ნაწილში - 2 ქულა. დამატებით გაკეთდა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს 3 შვილი, მშობლები, და, ორი ძმა და ორი ძმისშვილი, განაცხადს აკეთებს 3 შვილთან და არადევნილ მეუღლესთან - ე. ო-ასთან ერთად. განმცხადებლის მშობლები, ძმა და ძმიშვილი დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართით, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №72. განცხადების ვერიფიკაციაზე გაგზავნისა და დასრულების თარიღია - 1/22/2020 წელი. იგივე მონაცემებია ასახული განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში, რომლის ვერიფიკაციაზე გაგზავნისა და დასრულების თარიღია - 5/2/2019 წელი, მხოლოდ ფაქტობრივ მისამართთან დაკავშირებით არის ცვლილება - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №4. 2018 წლის (განაცხადის ვერიფიკაციაზე გაგზავნის თარიღი - 2/20/2018 წელი) მონაცემებით, ფაქტობრივი მისამართი კვლავ შეცვლილია - თბილისი, ...ის ქუჩა №8. წინასწარი შეფასებით განმცხადებელს მინიჭებული აქვს 2.50 ქულა, ნაქირავებში ცხოვრების ნაწილში - 1.50 ქულა და 18 წლამდე ასაკის წევრების ნაწილში - 1 ქულა (2 არასრულწლოვანი). დამატებით მითითებულია იმის თაობაზე, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს 2 შვილი, მშობლები, და და 2 ძმა. განაცხადს აკეთებს 2 შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ერთად. განმცხადებლის მშობლები, ძმა და ძმიშვილი დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართით მისამართზე თბილისი, ...ის ქუჩა №72.
კასატორის მითითებით, სარჩელზე თანდართულია მოსარჩელის შვილების დაბადების მოწმობების, ასევე, შვილის - რ. ს-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, საიდანაც დასტურდება, რომ ექიმთან ვიზიტი განხორციელდა რუსეთში 2007, 2008, 2013, 2014, 2016, 2017, 2018 წლებში და ყველა სამედიცინო დოკუმენტაციაში პაციენტის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. სოჭი, სოფელი ...ა, ...ის ქუჩა №39ა. შვილების - გ. და რ. დაბადების ადგილად მითითებულია რუსეთის ფედერაცია, 2019 წელს დაბადებული მ. ს-ის დაბადების ადგილიც რუსეთი, ქალაქი სოჭია. 2018 წლის განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №8, ხოლო 2019 წლის მონაცემებით - ...ის ქუჩა №4. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის 2019 წლის განცხადება მისამართის ცვლილების თაობაზე და მოსარჩელე მისამართად უთითებს ქ. თბილისს, ...ის №3-ს, ბინა №23-ს. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილი - გ. ს-ე სკოლაში რუსეთში დადის. მეორე შვილი - რ., მიუხედავად ასაკისა, არ დადის სკოლაში, ვინაიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ამასთან, იგი რეაბილიტაციას რუსეთში გადის. მონიტორინგის ჯგუფი 2019 წლის ივლისის თვეში გამოცხადდა მისამართებზე - თბილისი, ...ის ქუჩა №4 და №8, სადაც მოსარჩელე არ იმყოფებოდა, ხოლო იქ მყოფმა პირებმა განაცხადეს, რომ არ იცნობდნენ არც მოსარჩელეს და არც მისი ოჯახის წევრებს. 2019 წლის აგვისტოს თვეში მონიტორინგის განხორციელების მიზნით შესაბამისი სამსახური დაუკავშირდა მოსარჩელეს ტელეფონის საშუალებით, გასაუბრება შეადგა მოსარჩელის ძმის მეუღლესთან, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა რუსეთში. 2020 წლის მაისის თვეში მონიტორინგი განხორციელდა თბილისში, ...ის ქუჩა №3-ში, ბინა №23-ში. მონიტორინგის ჯგუფის მიერ მითითება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე 1995 წლიდან ცხოვრობს ამავე მისამართზე. ოჯახი შედგება 5 წევრისგან, მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე არც განმცხადებელი და არც მისი ოჯახის წევრები დახვდნენ, ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ დეიდა - ს. მ-ა და დეიდის მეუღლე - ა. ქ-ი, რომელთაც განმარტეს, რომ მოსარჩელის მეუღლე არის კრასნოდარში ბავშვებთან ერთად, რ. ს-ე გადიოდა რეაბილიტაციას, შვილი - გ. ს-ე კრასნოდარში დადიოდა სკოლაში. მოსარჩელის მშობლები და ძმები დაკმაყოფილებულნი იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან საცხვრებელი ფართებით. მოსარჩელის მეუღლის მშობლები და ძმა იყვნენ ყაზახეთის მოქალაქეები და ცხოვრობდნენ ყაზახეთში, შახტინსკში. შესაბამისად, მონიტორინგის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მის მიერ განცხადებებში მითითებულ არც ერთ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობს, ამავდროულად, მოსარჩელის მეუღლე, ბავშვებთან ერთად, ცხოვრობს კრასნოდარში, ერთ-ერთი ბავშვი დადის კრასნოდარში სკოლაში, შვილი გადის რეაბილიტაციის კურსს რუსეთში, თავად მოსარჩელე, როგორც ჩანს, ცხოვრობს რუსეთში, თუმცა პერიოდულობით ჩამოდის თბილისში და რჩება დეიდაშვილის კუთვნილ ბინაში დეიდასთან და ბიძასთან ერთად. ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მშობლებმა და ძმამ დამოუკიდებლად, ხოლო მეორე ძმამ - ოჯახთან ერთად ცალკე, სახელმწიფოსგან მიიღო საცხოვრებელი ბინა.
კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ახლო ნათესავის სახლში ცხოვრობს პერიოდულად ქირის გადახდის გარეშე, მის მშობლებს სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ბინა და ცხოვრობენ დამოუკიდებელ საცხოვრებელ ფართში, მოსარჩელის მეუღლე შვილებთან ერთად იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ მოსარჩელესთან ერთად, რომელიც საქართველოში პერიოდულად ჩამოდის და რჩება ნათესავის სახლში, ბავშვი სკოლაში დადის სხვა ქვეყანაში, ერთ-ერთი შვილი მკურნალობს სხვა ქვეყანაში, ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული არ არის. ამასთან, მოსარჩელის ოჯახის ყოველთვიური ხარჯი მინიმალურია, სამაგიეროდ, ყოველთვიური შემოსავალი უფიქსირდებათ უცხო ქვეყნიდან განხორციელებული გზავნილის სახით. ყოველივე მითითებული კი სწორედ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ოჯახი მოცემულ ეტაპზე გადაუდებელ აუცილებლობას არ საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. სავარაუდოდ, როგორც მოსარჩელე, ასევე მისი ოჯახი, დადასტურებულად ცხოვრობს საზღვარგარეთ, მოსარჩელე კი, როგორც ჩანს, მხოლოდ პერიოდულობით ჩამოდის საქართველოში და გადაუდებელი აუცილებლობა, რომ საცხოვრებელი ბინა ჰქონდეს, არ საჭიროებს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მშობლებს საკუთრებაში უკვე გადაცემული აქვთ ბინა და თუ გარკვეული პერიოდით დასჭირდება საქართველოში სტუმრად გაჩერება, აღნიშნული მშობლების ბინაშიც იქნება შესაძლებელი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. ს-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიერაც შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომლითაც ოჯახის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად - მოსარჩელე, 3 შვილი და არადევნილი მეუღლე - ე. ო-ა. განაცხადის დამუშავების შედეგად, ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 3.50 ქულა. ოჯახს „საცხოვრებლის ფინანსური პირობების“ (ნაქირავები) ნაწილში მიენიჭა 1.50 ქულა, „18 წლამდე ასაკის წევრების“ (3 არასრულწლოვანი) ნაწილში - 2 ქულა. დამატებით გაკეთდა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს 3 შვილი, მშობლები, და, ორი ძმა და ორი ძმისშვილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №36 ოქმით დგინდება, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, კომისიამ განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ა. ს-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (განსახლება არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს №03-1092/ო გასაჩივრებული ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), ა. ს-ეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის მოსარჩელის ოჯახის, როგორც დევნილი ოჯახის, კანონით დადგენილი წესით ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის თაობაზე მოსარჩელის ოჯახისათვის განსახლება წარმოადგენს თუ არა გადაუდებელ საჭიროებას. ა. ს-ის ოჯახს სადავო აქტით უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება კონკრეტულ ეტაპზე, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ამგვარი საჭიროების არარსებობის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს საქართველოში და იმყოფება რუსეთში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა. ს-ის ოჯახს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე მოსარჩელე საქართველოში ყოფნისას სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა №3, ბინა №23, რაც გახდა სწორედ შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველი. ასევე უდავოა, რომ უმეტესად მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, ხოლო გარკვეული პერიოდულობით, ასევე თავად მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილსაც წარმოადგენს რუსეთი, სადაც ერთ-ერთი შვილი სწავლობს სკოლაში, ხოლო ერთ-ერთს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ესაჭიროება სამედიცინო მომსახურებები. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის შვილის მიერ საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღების ფაქტებსაც და შესაბამისად, იმ გარემოებას, რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ის საქართველოშიც მკურნალობდა. ამასთან საყურადღებოა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებლის კრიტერიუმში 1,5 ქულის მინიჭების საკითხი, თუმცა ამავდროულად, მისივე განმარტებით, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს საქართველოში და იმყოფება რუსეთში. რაც შეეხება, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქართველოში არსებულ საცხოვრებელზე არის მცდარი, რადგან მონიტორინგის განხორციელების დროს არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ განცხადების შევსების დროისთვის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით (ჯანმრთელობის მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობების არარსებობა და სხვ.) ფაქტობრივად საზღვარგარეთ ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი საქართველოში და აქ ყოფნის პერიოდში ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საზღვარგარეთ ცხოვრების მიზეზით მოსარჩელის ოჯახისთვის არ მომხდარა სხვა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის (დევნილის სტატუსის ანდა დევნილის შემწეობის თანხის დარიცხვის) შეჩერება/შეწყვეტა.
ამასთან, საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 3.50 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რომელიც რეგლამენტირებულია „ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვების კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესებს პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი, შესაბამისად, უპირატესობა არ მიანიჭა მოსარჩელის შვილების - არასრულწლოვანი დევნილების საუკეთესო ინტერესებს მათ კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივ, ზნეობრივ და სხვა ინტერესებს, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ პერიოდულად არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განპირობებული იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესებით - იმკურნალოს, მიიღოს განათლება, იცხოვროს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე