ბს-682(კ-20) 07 ნოემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ხ. ს-ის, გ. ჭ-ის, თ. ნ-ის და ი. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ს-მა, გ. ჭ-ემ, თ. ნ-მა და ი. ქ-მა 17.08.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების მიმართ არქიტექტურის სამსახურის N10251155, N1042263, N1190708, N1745197, N1787735, N1878118, N1349277, N1349277, N1277151, N1623032 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, უკანონო მშენებლობის დემონტაჟის და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მოთხოვნით. 04.09.2015წ. წარდგენილი განცხადებით მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვეს: არქიტექტურის სამსახურის 27.03.2014წ. N1190708, 02.07.2014წ. N13653391, 17.03.2015წ. N1787735, 05.05.2015წ. N1878118, 19.05.2015წ. N1277151, 24.06.2014წ. N1349277, 02.12.2014წ. N1623032 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ზედამხედველობის სამსახურისათვის უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების, უკვე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. დ-ე და გ. გ-ე. სასამართლოს 27.09.2016წ. სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და მოსარჩელეებმა მოითხოვეს: არქიტექტურის სამსახურის 27.03.2014წ. N1190708, 17.03.2015წ. N1787735, 24.04.2014წ. N1349277, 19.05.2014წ. N1277151, 02.12.2014წ. N1623032, 05.05.2015წ. N1878118 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. კ-ე.
21.11.2017წ. სასამართლოს წარედგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა არქიტექტურის სამსახურის 27.03.2014წ. N1190708, 17.03.2015წ. N1787735, 24.06.2014წ. N1349277, 19.05.2015წ. N1277151, 02.12.2014წ. N1623032 და 29.04.2014წ. N1243065 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და შენობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა. 24.01.2018წ. განცხადებით არქიტექტურის სამსახურის 29.04.2014წ. N1243065 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა მოსარჩელეებმა გაიხმეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2018წ. განჩინებით სარჩელზე ზედამხედველობის სამსახურისათვის უკანონო მშენებლობის დემონტაჟისა და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინებით ხ. ს-ის, გ. ჭ-ის, თ. ნ-ის და ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: 27.03.2014წ. N1190708 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა თბილისში, ...ის მე-2 ჩიხი N11-ში ფასადის რეკონსტრუქცია, მასზე I კლასის ღია აივნისა და საჩრდილობელის მოწყობა; 19.05.2014წ. N1277151 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა შენობის სახურავზე სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობა; 24.06.2014წ. N1349277 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა შენობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულის მოწყობის შესაძლებლობა; 02.12.2014წ. N1623032 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა ფანჯრის ღიობისა და მასზე ლითონის მილკვადრატზე დამონტაჟებული ბეტოპანის მოწყობის შესაძლებლობა; 17.03.2015წ. N1787735 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა სხვენში ასასვლელი კიბის მოწყობის შესაძლებლობა. პალატამ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქციის 65.1 მუხლის „მ“, „ო“, „პ“, „ყ“ ქვეპუნქტებზე, 66-ე მუხლის 1-ელ, მე-2, მე-7 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ საჩრდილობლის მოწყობა, შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება, ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი, სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობა განიხილებოდა პირველი კლასის ნაგებობად, რომლის მოწყობასაც არ ჭირდებოდა ნებართვას, საკმარისი იყო მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების შესაძლებლობის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საქმის მასალების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტი. ამდენად, გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებს, სადავო აქტები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინება ხ. ს-ის, გ. ჭ-ის, თ. ნ-ის და ი. ქ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ობიექტის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის მიუხედავად, ნებისმიერ სარემონტო და სხვა სახის ქმედებებზე საჭირო იყო ამხანაგობის თანხმობა, არც ერთი სადავო აქტის გამოცემამდე ამხანაგობის თანხმობა მოთხოვნილი არ ყოფილა. ადგილი აქვს მზიდი კონსტრუქციების და გაბარიტების, ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების და საინჟინრო სისტემების არსებით ცვლილებას, რაც იწვევს შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შექმნას. სამშენებლო სამუშაოები აზიანებს შენობის კედლებსა და საძირკველს. შენობის მდგრადობისთვის საფრთხის შექმნა დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითაც. სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელეთა მიერ წადგენილი მტკიცებულებები და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ნ. დ-ემ წარდგენილი განცხადებებით შეცდომაში შეიყვანა არქიტექტურის სამსახური, რადგან იგი სამუშაოებს ახორციელებს სანებართვო პირობების დარღვევით, ღია აივნის და საჩრდილობლის მოწყობის ნაცვლად ნ. დ-ემ მოახდინა აივნის იმ ფორმით მიშენება, რაზეც არქიტექტურის სამსახურის მიერ თავდაპირველად უარი ეთქვა. ამასთანავე, სამერცხლულების მოწყობისას მოხდა კეხის სიმაღლის შეცვლა, ორგანოში წარდგენილ ფოტომონტაჟში მითითებული ზომები რეალური ვითარებისგან განსხვავებულია. არქიტექტურის სამსახურის მიერ არ გამოკვლეულა დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების საკთხები, არ წარდგენილა უსაფრთხოების დასკვნა ან კონსტრუქციული სქემა. ამასთანავე, მოსარჩელეთა არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ორგანომ არ განახორცილება რაიმე ქმედება უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად, ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო გამოევლინა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები, შეეჩერებინა სამუშაოები და გამოეყენებინა სანქცია, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ს-ის, გ. ჭ-ის, თ. ნ-ის და ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების თანახმად, სადავოა არქიტექტურის სამსახურის ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებითაც დადასტურდა ქ. თბილისში, ...ის მე-2 ჩიხი N11-ში მდებარე ნაგებობაზე გარკვეული სამუშაოების წარმოება, კერძოდ: სამერცხლულების მოწყობა, ღიობის მოწყობა, შიდა კიბის მოწყობა, შენობის სხვადასხვა ფასადზე აივანთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება. კასატორები სადავო აქტების უკანონობას ასაბუთებენ ძირითადად იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნ. დ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარგდენილი ფოტომონტაჟი და მონაცემები არ ემთხვევა რეალურად განხორციელებულ სამუშაოებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის კანონიერების შეფასებისას სასამართლო ამოწმებს მისი გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობას, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას, რა დროსაც მოწმდება ისეთი ასპექტები, როგორებიცაა: აქტის გამომცემი ორგანოს ნორმატიული უფლებამოსილება, ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვ.. აქტის კანონიერების შემოწმება არ გულისხმობს უფლებით აღჭურვილი პირის მიერ ამ უფლების განხორციელების მართლზომიერების შემოწმებას. უკეთუ აღმჭურველი აქტით პირისათვის მინიჭებული უფლებების რეალიზება კანონშესაბამისი მეთოდებით არის შესაძლებელი, თუმცა აქტის ადრესატი არღვევს კანონით და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ფარგლებს, ეს შესაძლოა გახდეს პირისათვის ნეგატიური შედეგების დადგომის (მაგ.: სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების) და არა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან უკანონოა არა აღმჭურველი აქტი თუ მისი აღსრულების მექანიზმი, არამედ აქტის ადრესატის ქმედება, რომელმაც მინიჭებული უფლების ფარგლებს გადააჭარბა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც თუ დადასტურდება არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტებით მათი ადრესატებისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლების გაცდენა (მაგ.: ფოტომონტაჟზე ასახული დაგეგმილი შედეგისაგან განსხვავებული შედეგის დადგომა, გაბარიტების ცვლილება და სხვ.), აღნიშნული არ დაასაბუთებს არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტების უკანონობას. რაც შეეხება მითითებას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების, უკანონო მშენებლობაზე კონტროლის განუხორციელებლობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2018წ. განჩინებით სარჩელზე ზედამხედველობის სამსახურისათვის უკანონო მშენებლობის დემონტაჟისა და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რის გამო განსახილველ დავაში ზედამხედველობის საქალაქო სამსახური აღარ არის მოპასუხე, მის მიმართ რაიმე მოთხოვნების საფუძვლიანობა აღარ იხილება, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის მიმართ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები, არ არის განსახილველი დავისათვის რელევანტური.
კასატორების მითითება, რომ ღია აივნის და საჩრდილობლის მოწყობის ნაცვლად ნ. დ-ემ მოახდინა აივნის იმ ფორმით მიშენება, რაზეც არქიტექტურის სამსახურის მიერ თავდაპირველად უარი ეთქვა, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არ ადასტურებს სადავო 24.03.2014წ. N1190708 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას. არქიტექტურის სამსახურის 24.03.2014წ. N1190708 გადაწყვეტილებით ნ. დ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი აღიჭურვა I კლასის ღია აივნისა და საჩრდილობლის მოწყობის შესაძლებლობით. ნ. დ-ის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მისი ფართის ქვეშ არსებულ ნაგებობაზე არის მცირე ზომის მიშენება, რომლის სახურავი იმავდროულად არის ნ. დ-ის ბინის იატაკის გაგრძელება, რის გამო სურს არსებულ სახურავზე მოაჯირის მონტაჟი და მსუბუქი გადახურვის მოწყობა, ასევე არსებული ხის ფანჯრების მეტალოპლასტმასით ჩანაცვლება. გაცხადებაზე თანდართული ფოტომონტაჟის მიხედვით, აივანი უნდა ყოფილიყო ღია, უნდა მოწყობილიყო ხის მოაჯირი და გოფრირებული თუნუქის გადახურვა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ. დ-ის განცხადებაზე თანდართული იყო აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის მე-2 ჩიხის N11-ის“ 10.01.2014წ. N1 კრების ოქმი, რომლის თანახმად, ჩატარდა ამხანაგობის კრება (თავმჯდომარე: თ. ნ-ი), რომელსაც დაესწრო ბინის მესაკუთრეთა 100 % - 9 პირი და ხმათა 100%-ით თანხმობა მიეცა ნ. დ-ეს ...ის მე-2 ჩიხის N11-ში მდებარე კორპუსის უკანა მხრიდან ღია აივნის მოწყობის თაობაზე. ოქმი ხელმოწერილია თავმჯდომარის მიერ, დამოწმებულია ნოტარიულად და საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება სათანადო წესით მისი სადავოდ გახდომა. ამდენად, სადავო 24.03.2014წ. გადაწყვეტილებით, ბმა-ს თანხმობის მხედველობაში მიღებით, ნ. დ-ეს მიეცა ღია აივნის მოწყობის და არა დამატებითი ფართის მიშენების უფლება. ასეთი მიშენების მოწყობის მოთხოვნით ნ. დ-ის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადებები ერთ შემთხვევაში განუხილველი დარჩა (03.12.2013წ. გადაწყვეტილება), ხოლო მეორე შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა (09.01.2014წ. გადაწყვეტილება). ამდენად, დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურს თანხმობა არ გაუცია იმავე სამუშაოების წარმოებაზე, რომელზეც თავდაპირველად უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ის გარემოება, რომ შესაძლოა აღმჭურველი 24.03.2014წ. აქტის ადრესატმა დაარღვია აქტის პირობები და მშენებლობა ფოტომონტაჟთან შეუსაბამოდ აწარმოა, არ აქცევს 24.03.2014წ. გადაწყვეტილებას არამართლზომიერად, აქტის აღსრულების კანონიერება ცდება მოცემული საქმის დავის საგანს.
კასატორთა მოსაზრება, რომ ობიექტის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის მიუხედავად, ნებისმიერ სარემონტო და სხვა სახის ქმედებებზე საჭირო იყო ამხანაგობის თანხმობა, რაც წარდგენილი არ ყოფილა აგრეთვე მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მრავალბინიან სახლში ქონების ყველა სახის განვითარება არ საჭიროებს ამხანაგობის თანხმობას, ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებას. ქონების განვითარებისას ამხანაგობის თანხმობის წარდგენის საჭიროების საფუძვლები განსაზღვრულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონით. კანონის მე-10 და 101 მუხლები განსაზღვრავს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების და ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ქონების განვითარების პირობებს. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ სხვენი, რომელშიც სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობა დადასტურდა, ინდივიდუალურ საკუთრებაშია. მართალია მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი კონსტრუქციები, ასევე სახურავი ამხანაგობის საერთო საკუთრებას შეადგენს (კანონის 5.4 მუხ. „ბ“, „დ“ ქვ.პ.), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აღმჭურველი აქტებით სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობა დადასტურდა სახურავზე კეხის სიმაღლის და ქანობის შეუცვლელად, ამდენად, დაგეგმილი სამუშაოები არ ითვალისწინებდა საერთო საკუთრებაში მყოფ სახურავზე რაიმე არსებითი მნიშვნელობის სამუშაოების შესრულებას, სადავო აქტებში ცალსახა დათქმა გაკეთდა სამუშაოების სახურავის კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად განხორციელების საჭიროებაზე. თანასაკუთრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ დასტურდება აგრეთვე ქუჩის მხრიდან არსებული აივნის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, რადგან ნაგებობაზე უკვე არსებობდა აივნის ბაქანი შესაბამისი გადახურვითა და მოაჯირით. არქიტექტურის სამსახურის მიერ დადასტურდა უკვე არსებული ამორტიზებული აივნის რეკონსტრუქციის და მისი ნაწილის ამოშენება-შემინვის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება აუცილებელი წინაპირობაა საერთო ქონების ისეთი განვითარებისას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე (კანონის 10.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურის მიერ საერთო საკუთრებაში მყოფ სახურავზე ასეთი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების გაცემა არ დგინდება, ხოლო სახურავის ქვეშ მოქცეული სხვენის ფართი ინდივიდუალურ საკუთრებაშია, ისევე როგორც ქუჩის მხარეს არსებული აივნის ფართი. კანონის 101.1 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება - სამერცხლულების მოწყობა და ქუჩის მხარეს არსებული აივნის რეკონსტრუქცია, არ იწვევს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. სამერცხლე ქანობიან სახურავზე (ზედაპირზე) მოწყობილი სარკმელია („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქციის 2.67 მუხ.). ამდენად, სადავო აქტებით დადასტურდა მხოლოდ ქანობიანი სახურავის ზედაპირზე სარკმლის მოწყობის და ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი აივნის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ აღნიშნული სარკმელების (სამერცხლულების) მოწყობის და ქუჩის მხარეს არსებული აივნის რეკონსტრუქციის შედეგად შენობის მდგრადობისათვის ზიანის მიყენებას ან საფრთხის შექმნას.
რაც შეეხება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015წ. დასკვნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასკვნის გამოკვლევის ნაწილის მიხედვით ექსერტს არ შეუფასებია შენობის მდგრადობაზე სამერცხლულების მოწყობის გავლენა, ექსპერტი უთითებს მეორე სართულზე ინდივიდუალური საკუთრებაში არსებულ ფართში და სხვენის ნაწილში მანსარდის მოწყობის სამუშაოებზე. შესაბამისად, საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება სამერცხლულების მოწყობის ნეგატიური გავლენა შენობის მდგრადობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნიდან არ იკვეთება სადავო აქტებით ნებადართული კონკრეტული სამუშაოების სადავო აქტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შექმნა. დასკვნის მიხედვით ექსპერტის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვა: „შეესაბამება თუ არა მიმდინარე მშენებლობა შენობის ტექნიკურ მდგომარეობას“. ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის თანახმად, სავარაუდოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი დამატებითი დატვირთვა მოქმედებს პირველი სართულის კედლებზე. ამასთანავე, გაურკვეველია კონკრეტულად რა სამუშაოები იგულისხმება „მიმდინარე მშენებლობასა“ და „სარეკონსტრუქციო სამუშაოებში“, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ როგორც კასატორები (მოსარჩელეები) სამივე ინსტანციის სასამართლოში უთითებენ, სადავო აღმჭურველი აქტების ადრესატები გასცდნენ აქტების ფარგლებს და შეასრულეს ფოტომონტაჟის შეუსაბამო, აქტებით გაუთვალისწინებელი სარეკონტრუქციო სამუშაოები. დასკვნის მიხედვით, შეფასების საგანს შეადგენდა „ზედა სართულზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები“, რომელთა დათვარიელება ვერ ხდება სართულის მფლობელის წინააღმდეგობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ექსპერტის შეფასების საგანს შეადგენდა ინდივიდუალური საკუთრების შიგნით და არა ფასადზე მიმდინარე სამუშაოები: ღია აივნისა და საჩრდილობლის მოწყობა, ქუჩის მხარეს არსებული აივნის რეკონსტრუქცია, ფანჯრის ღიობის მოწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტი შეძლებდა სულ მცირე სამშენებლო სამუშაოების ნაწილის იდენტიფიცირებასა და მათზე უფრო კონკრეტულად მითითებას, მათ დასახელებას, რადგან საქმეში დაცული ფოტომასალის მიხედვით, ჩამოთვლილი სამუშაოები ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართში შესვლის გარეშეც ვიზუალურად აღქმადი იყო. ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის დათვარიელება არ ესაჭიროებოდა იმ სამუშაოების დასახელებას და მათზე ზოგად მითითებას მაინც, რომელიც მეორე სართულის ფასადზე ერთმნიშვნელოვნად ჩანდა. ამის მიუხედავად ექსპერტის დასკვნაში მითითება ხდება მხოლოდ „ზედა სართულზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე.“ ამდენად, ერთი მხრივ არ იკვეთება დასკვნაში მითითებულ სამშენებლო სამუშაოებში ღია აივნისა და საჩრდილობლის მოწყობის, ქუჩის მხარეს არსებული აივნის რეკონსტრუქციისა და ფანჯრის ღიობის მოწყობის სამუშაოების მოაზრების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ არ დგინდება, რომ დასკვნის ფარგლებში შეფასდა აღმჭურველი აქტებით შესაძლებლად მიჩნეული დაგეგმილი სამუშაოების და არა რეალურად განხორციელებული (კასატორთა მითითებით, აღმჭურველი აქტების ფარგლების დარღვევით განხორციელებული) სამუშაოების შენობის მდგრადობაზე გავლენის საკითხი. არ დგინდება, რომ სადავო აქტებით გათვალისწინებული სამუშაოების, აღნიშნული აქტებისა და კანონის ფარგლებში განხორციელების შემთხვევაში, შეიქმნებოდა შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შემცველი ვითარება.
მართებულია კასატორთა მოსაზრება, რომ სამუშაოების დაწყება საჭიროებდა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის მოპოვებას. სამუშაოების დაწყებამდე ასეთი დასკვნის საჭიროებაზე მითითებას შეიცავენ აგრეთვე სადავო აქტები. ამდენად, მოსარჩელეები ეთანხმებიან სადავო აქტებში ასახულ ამ დანაწესს, რის გამო გაურკვეველია აქტების ადრესატების მიერ მათზე სადავო აქტებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმ აქტების უკანონოდ მიიჩნევა, რომლებითაც აღნიშნული დასკვნის ქონის საჭიროება დადგინდა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აქტის ადრესატების მიერ აქტის ფარგლების გაცდენა თუ აქტით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, ამ აქტის უკანონობას არ ადასტურებს, აქტის ადრესატის არამართლზომიერი ქმედება აქტის არამართლზომიერებას არ უტოლდება. განსახილველი დავის საგანია არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მართლზომიერების შეფასება და არა მათ საფუძველზე განხორციელებული ქმედებების კანონთან თუ სადავო აქტებთან შესაბამისობის საკითხი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შპს „ბ...-ის“ საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, ნ. დ-ის სხვენში მოწყობილი მანსარდის სართულის და სამერცხლულების მზიდი კონსტრუქციები კარგ ტექნიკურ მდგომარეობაშია, ისინი ვარგისია ნაგებობის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. რაც შეეხება მანსარდში ასასვლელი კიბის მოწყობის გავლენას შენობის მდგრადობაზე, საკასაციო პალატა უთითებს ი/მ „ი. გ-ის“ 2015წ. საექსპერტო კონსტრუქციულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზა ჩაუტარდა ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული ბინიდან მის საკუთრებაში არსებულ მანსარდში ასასვლელი კიბის და მანსარდში სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობას და დადგინდა, რომ კიბისა და სამერცხლულების მოწყობა შესაძლებელია ბინიდან მანსარდში ასასვლელი კიბის მოსაწყობად სართულშუა გადახურვაში ამოჭრილი ღიობის კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით გამაგრების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხ. ს-ის, გ. ჭ-ის, თ. ნ-ის და ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ს-ის, გ. ჭ-ის, თ. ნ-ის და ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინება;
3. ა. ტ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2020წ. N9695678583 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი