Facebook Twitter

ბს-1134(2კ-21) 07 ნოემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-მა 05.08.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 02.05.2017წ., 05.06.2017წ., 12.07.2017წ., 26.09.2017წ., 10.10.2017წ., 08.01.2018წ., 30.01.2018წ., 02.03.2018წ., 27.08.2018წ., 05.11.2018წ., 29.11.2018წ., 12.02.2019წ., 13.05.2019წ., 23.09.2019წ., 12.06.2020წ., 13.07.2020წ., 24.09.2020წ., 02.12.2020წ. და 24.12.2020წ. გადაწყვეტილებების, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის თაობაზე 12.06.2019წ. გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოებაზე შეწყვეტის შესახებ 12.07.2019წ. გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 18.07.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...), მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო საზღვრების კორექტირების მიზანშეუწონლად მიჩნევის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.06.2019წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრების კორექტირების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დავალდებულება, ძალაში შესვლის დღიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 17.10.2019წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ ქონების მართვის სააგენტო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 02.05.2017წ., 05.06.2017წ., 12.07.2017წ., 26.09.2017წ., 10.10.2017წ., 08.01.2018წ., 30.01.2018წ., 02.03.2018წ., 27.08.2018წ., 05.11.2018წ., 29.11.2018წ., 12.02.2019წ., 13.05.2019წ., 23.09.2019წ., 12.06.2020წ., 13.07.2020წ., 02.12.2020წ., 24.09.2020წ. და 24.12.2020წ. გადაწყვეტილებები ც. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.06.2019წ. გადაწყვეტილება და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2019წ. გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 18.07.2019წ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2021წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) ც. გ-ის საკუთრების უფლება უკვე იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის/ცვლილების განხორციელებამდე ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის ან/და ზედდების (გადაფარვის) არსებობა, რის გამო გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები ც. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის ნაწილში უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. საჯარო რეესტრის 12.06.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. ქ-ს უარი ეთქვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტირებულ უძრავ ქონებასთან ზედდების გამო. ვინაიდან სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები ბათილად იქნა ცნობილი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.06.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 12.07.2019წ. გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 18.07.2019წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

კასატორებმა მიუთითეს, რომ ქ. თბილისში, ...ში არსებული 11 947 042 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. კანონმდებლობა იცავს არა მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის უფლებას.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ნ. ქ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზი არსებითად განსხვავდება იმ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისაგან, რომელზეც საკუთრების უფლება გადაეცა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ქ-ის მამკვიდრებელს. მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ დადგინდა ც. გ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობითი იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან, რაც კონფიგურაციის იგივეობას არ ნიშნავს. ამასთან, გამგეობის აქტზე დართული ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო და იდენტურობა დაადასტურა პირმა, რომელიც არ არის სადავო ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რაც გამგეობის აქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი საზღვრების კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, შესაბამისად, დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლებითაც განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საზღვრების ცვლილება/კორექტირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციის მიზნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას მუნიციპალიტეტის სახელზე დაარეგისტრიროს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისში, ...ში მდებარე 9600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) ნ. ქ-მა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ შეძლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებთან დადგენილი ზედდების გამო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.12.2020წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ც. გ-ის (მამკვიდრებლის) საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს და თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს, ასევე საჯარო რეესტრის 02.05.2017წ., 05.06.2017წ., 12.07.2017წ., 26.09.2017წ., 10.10.2017წ. 08.01.2018წ., 30.01.2018წ., 02.03.2018წ., 29.11.2018წ., 12.02.2019წ. და 13.05.2019წ. გადაწყვეტილებებზე თანდართულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს შორის ფიქსირდება ურთიერთგადაფარვა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თვითმმართველობის სახელზე რეგისტრაციების განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის/მისი ნაწილის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა (სუსგ 25.03.2021წ. საქმე №ბს-459(კ-19)). საქმეში არ მოიპოვება ც. გ-ის საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციებით კონკრეტულ, გადაფარულ ნაწილზე ც. გ-ის საკუთრების უფლება არ გაუქმებულა. ერთი და იგივე ტერიტორიაზე ორი ჩანაწერის კონკურენციის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს უფლების რეგისტრაციის ქრონოლოგიას. დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების (სადავო ნაწილში) მიღების დროისათვის უძრავ ნივთზე ც. გ-ის საკუთრების უფლება უკვე იყო რეგისტრირებული 2009 წლის 23 მარტიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107.1 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. ამდენად, სხვის საკუთრებაში მყოფი ქონების თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, კასატორების მითითება სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაზე, არ არის დასაბუთებელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404.1 მუხლზე, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ქ-ს უარი ეთქვა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საზღვრების კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტების მართლზომიერება, თუმცა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობა იმთავითვე არ ადასტურებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული აქტების სისწორეს და სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების შეუძლებლობას. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. გასაჩივრების საფუძვლები უნდა იყოს გასაჩივრებული განჩინების კონკრეტული მოტივების გამაქარწყლებელი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილებები მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის 20.03.2018წ. №214/38 აქტის თანახმად, ც. გ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - 23.03.2009წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით არის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური. საქმის მასალებით არ დგინდება მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ან გაუქმების ფაქტი, ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება მთაწმინდის რაიონის გამგეობის 20.03.2018წ. №214/38 აქტის უსწორობაზე. რაც შეეხება ც. გ-ის (მამკვიდრებლის) მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებულ უძრავ ნივთსა და ნ. ქ-ის (მემკვიდრის) მიერ მოთხოვნილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთს შორის კონფიგურაციის სხვაობას, აღნიშნული არ აქარწყლებს გარემოებას იმის შესახებ, რომ ნ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებთან ზედდების გამო ვერ განხორციელდა, ამასთანავე, კასატორები არ მიუთითებენ ც. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სხვა ადგილმდებარეობაზე, შესაბამისად, მხოლოდ აზომვით ნახაზებს შორის კონფიგურაციის სხვაობაზე მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას არ ადასტურებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი