Facebook Twitter

№ბს-1070(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 2 მარტს გ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-97/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის თანახმად, გ. ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც 1998 წლიდან ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩა ...-ში მდებარე ...ის შენობაში. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ განხორციელებული შემოწმების დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე, ვინაიდან იგი პერიოდულად დადის სეზონურ სამუშაოებზე კახეთში და შემოწმების დროსაც კახეთში იმყოფებოდა. იმ ფაქტს, რომ გ. ქ-ა ნამდვილად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩა ...-ში მდებარე ...ის შენობაში ადასტურებენ ამავე მისამართზე მცხოვრები მოსარჩელის მეზობლები: ვ. წ-ა, გ. ჭ-ა, ი. ა-ა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2021 წლის 22 თებერვალს გასცა ცნობა, რომ 1998 წლიდან დღემდე მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ას ქ. ...-ში (... შენობაში). ამასთანავე, ზუგდიდში, ...ას ქუჩა ...-ში რ. გ-ა (მოსარჩელის დედა) აღრიცხულია ე...ას აბონენტად, რასაც ადასტურებს აბონენტის ბარათი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული არ არის რაიმე უძრავი ქონება, დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 თებერვლის №... წერილით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დასახელდა მხოლოდ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-97/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. ქ-ას ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.08.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესსა“ (დანართი №1) და „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულებაზე“ (დანართი №12), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) 1.1, მე-2, მე-6 მუხლებზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ (დანართი №10) 1.1, 3.1, 4.5, 5.4 მუხლებზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და მე-15 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე გ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ უფლებას კრიტერიუმების გარეშე (ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო) დაკმაყოფილდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ გ. ქ-ას დევნილი ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) მისამართზე - ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. ...-ში მდებარე ...ის შენობაში, ეფუძნება მხოლოდ მონიტორინგის სამმართველოს შეფასებებს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობს კახეთში, სოფელ ...ში, რის გამოც მას უხდება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის სამუშაო პერიოდში დატოვება, უტყუარად არ ადასტურებს, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ნგრევად ობიექტში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, წარმოდგენილი არ არის.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, 2020 წლის 3 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (სხდომის ოქმი №77) ზუგდიდში, ...ას ქ. ...-ში მდებარე ...ის შენობა განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი, ხოლო იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი - კრიტერიუმების გარეშე. 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის 26 ივნისს განხორციელდა აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს მისამართზე არ დახვდათ ოჯახის არც ერთი წევრი. სააგენტოს თანამშრომლებს ინფორმაცია მიაწოდა გ. ქ-ას მამიდამ - ნ. ქ-ამ, რომლის განმარტებით, ოჯახს ... ფართი დაკავებული აქვს 1998 წლიდან, თუმცა გ. ქ-ა ზუგდიდში ჩასვლისას ცხოვრობს მამიდის მიერ დაკავებულ ფართში, ...-ში. გოგიტას დები - ნა. და ნ. ქ-ები დაოჯახებულები არიან და ცხოვრობენ ხობში და კახეთში, ...ში. გ. ქ-ას მამა - ზ. ქ-ა გარდაიცვალა 2011 წელს. მონიტორინგის დროს გ. ქ-ას დედა - რ. გ-ა იმყოფებოდა გალში, სადაც იგი ცხოვრობს. დამატებითი მოკვლევის მიზნით 2020 წლის 16 სექტემბერს მონიტორინგის თანამშრომლები კვლავ გამოცხადდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც ოჯახის წევრებიდან კვლავ არავინ დახვდათ. გასაუბრება შედგა კვლავ ნ. ქ-ასთან (გ. ქ-ას მამიდა). მისი განმარტებით, გ. ქ-ა იმყოფებოდა სოფ. ...ში, რთველში სამუშაოდ, დედა - რ. გ-ა კი - გალის რაიონში და ვერ ახერხებდა ჩამოსვლას (მისი თქმით, არ იცოდა, როდის იქნებოდნენ ისინი ზუგდიდში).

კასატორის განმარტებით, გ. ქ-ამ 2020 წლის 13 ოქტომბერს №44724 განცხადებით მიმართა სააგენტოს და განმარტა, რომ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ნგრევად ობიექტში. მონიტორინგის თანამშრომლებს გადამოწმების დროს ვერ დახვდა მითითებულ მისამართზე, ვინაიდან სამუშაოდ იმყოფებოდა კახეთში. მხარის განცხადებაზე რეაგირების მიზნით კიდევ ერთი დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 12 ნოემბერს ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. ...-ში, რა დროსაც გ. ქ-ა კვლავ არ იმყოფებოდა მისამართზე, რის გამოც თანამშრომლები გაესაუბრნენ მოსარჩელის მამიდაშვილს - ლ. გ-ას, რომელმაც განაცხადა, რომ მოსარჩელე წინა დღით გადავიდა აფხაზეთში და მისთვის უცნობი იყო, როდის დაბრუნდებოდა.

ამდენად, მოკვლევის შედეგად არ დადგინდა, რომ გ. ქ-ას ოჯახი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს, შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბერს (№77 სხდომის ოქმი) კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - გ. ქ-ას უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე - გ. ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, გალში, სოფელ ზემო ბარღებში. დროებითი საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის) მითითებულია - სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ას ქუჩა ..., ...ი (ს.ფ. 49); ბ) 2020 წლის 26 ივნისს მომზადებულ აღწერის ფორმაში, რომელიც განხორციელდა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩა ...-ში მდებარე ...ის შენობაში, მითითებულია, რომ გ. ქ-ა წარმოადგენს ოჯახის უფროსს და იმყოფებოდა სამუშაოდ ...ში, ხოლო მოსარჩელის დედა - რ. გ-ა - გალში (ცხოვრობს გალში). დამატებითი ინფორმაციის თანახმად, გ. ქ-ას 1998 წლიდან დაკავებული აქვს ფართი ..., თუმცა ზუგდიდში ჩამოსვლისას ცხოვრობს დეიდის მიერ დაკავებულ ფართში - ...-ში. მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია მიაწოდა გ. ქ-ას დეიდამ (ს.ფ. 127); გ) ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების’’ ოქმით (თარიღი: 16.09.2020წ.; ადგილმდებარეობა - ზუგდიდი, ...ას ქ. ..., სართ. ..., ოთახი ...) დგინდება, რომ მონიტორინგის ჯგუფი კვლავ გამოცხადდა მითითებულ მისამართზე დამატებითი მოკვლევის მიზნით. გ. ქ-ა და რ. გ-ა (მოსარჩელის დედა) სახლში არ იმყოფებოდნენ. გ. ქ-ას მამიდის განმარტებით, გ. ქ-ა იმყოფებოდა სოფ. ...ში რთველზე, სამუშაოდ, ხოლო რ. გ-ა იმყოფებოდა გალში და ვერ ახერხებს ჩამოსვლას (ს.ფ. 128); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. ...-ში მდებარე ობიექტი „...ი“ განიხილა, როგორც ნგრევადი, ხოლო იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი - კრიტერიუმების გარეშე. ამავე კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმის თანახმად, გ. ქ-ას და რ. გ-ას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო (ს.ფ. 116-126); ე) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-97/ო ბრძანებით გ. ქ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 115).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წლის №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების მინიჭების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. ...-ში მდებარე ...ის შენობა არის ნგრევადი ობიექტი. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.11.2019 წლის №5007196819 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. ზუგდიდში, ...ას ...-ში მდებარე შენობის (...ის შენობა) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედით (ს.ფ. 17-34).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში პირი მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და, შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი შემდეგ გარემოებებზე: ა) ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 22 თებერვლის ცნობის თანახმად, გ. ქ-ა ნამდვილად ცხოვრობს 1998 წლიდან დღემდე (11.02.2021 წლამდე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ას ქუჩა ...-ში (ს.ფ. 46); ბ) სს „ე...ას“ მიერ 24.02.2021 წელს მომზადებული სააბონენტო ბარათიდან ამონაწერით დასტურდება, რომ რ. გ-ას (მოსარჩელის განაცხადით გათვალისწინებული პირი, მოსარჩელის დედა) სახელზე რეგისტრირებულ აბონენტის ნომერზე 2014 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე ფიქსირდება ენერგიის მოხმარება (ს.ფ. 38-44).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, რაც ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს აცლის გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

თ. ოქროპირიძე