№99აგ-12 9 ნოემბერი, 2012 წელი
მ-ი გ.-99აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განაჩენით გ. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით გ. მ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 4.000 ლარი.
იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 8 დეკემბრიდან.
გ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2012 წლის 13 სექტემბერს მსჯავრდებულმა გ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ღ-ემ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტებმა მიუთითეს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის – „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ უკანონოდ შეძენილ-შენახული 0,05 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რის გამოც ითხოვეს ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა, მსჯავრდებულის ქმედების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირება იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-მა და მისმა ადვოკატმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორებმა ითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემცირება ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენების საფუძველზე. ასევე ითხოვეს განმარტების მიღება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განუხილველობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, 2010 წლის 7 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“.
რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონს, მისი გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული კანონის გამოყენების შესახებ.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი გ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
გ. შავლიაშვილი