Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-874(კ-22) 01 ნოემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ჯ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ჯ-ამ 2021 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილის ბათილად ცნობა და მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, ლ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სურს საკითხის შესწავლის შემდგომ მოხდეს მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, თუმცა მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მას ამ დრომდე არ მოუმართავს და არ შეუვსია შესაბამისი განაცხადი, რათა დაკმაყოფილებულიყო. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია, არ შეესაბამება სიმართლეს. სააგენტომ წარმოდგენილ განცხადებაზე იმსჯელა და შესაბამისი პასუხიც გასცა განმცხადებელს. სააგენტოს უარი არ უთქვამს მოსარჩელის საკითხის განხილვაზე, იგი იმსჯელებდა სააგენტოში შესაბამისი განცხადებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შემდგომ შესაბამის ეტაპზე.

კასატორის მოსაზრებით, ლ. ჯ-ას განსახლების საჭიროების არ არსებობას სწორედ ის ფაქტი ადასტურებს, რომ მას და მის ოჯახს არასდროს მოუმართავთ სააგენტოსათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. მხარე ითხოვს, რომ სააგენტოს მხრიდან შესწავლილ იქნეს სადავო ობიექტის საკითხი და გამოცხადდეს ნგრევად ობიექტად. აღნიშნული მითითება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან საქმეში დაცული არ არის ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა ობიექტის ნგრევადობა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა №05005074116 გაცემულია 2016 წელს, ხოლო სადავო ობიექტში მაცხოვრებელ ოჯახებს განცხადებით მომართული აქვთ 2018 წელს, ამის შემდგომ კი 2021 წელს. თუ ობიექტი დაზიანებულია და იქ ცხოვრებით მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, მაშინ რატომ არ წარმოადგინეს შესაბამისი განაცხადები და მითითებული დასკვნაც 2016 წელს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ხელი შეუწყოს შესაბამის ეტაპზე იმ ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ განსახლებას და საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. მოსარჩელე ლ. ჯ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი არ აქვს შევსებული. სადავო ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა მოხდება მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის №101-30/ნ ბრძანების (დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის) შესაბამისად, რომელიც პროცედურულად ითვალისწინებს განაცხადის შევსებას, შეფასებასა და შემდგომში აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას კომისიის სხდომისათვის, აგრეთვე, ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის გათვალისწინებით.

ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურის თანახმად, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე ბრძანების მე-12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. ზემოაღნიშნული წერილით კი სააგენტომ განმცხადებელს უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდა, რომ მის მიერ მითითებული სადავო ობიექტიდან, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება განხორციელდებოდა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარის მიმართ არანაირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არსებობს საკითხის დაკმაყოფილებაზე თანხმობის ან უარის თქმის თაობაზე, შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 52-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აქედან გამომდინარე, მხარის მოთხოვნა წერილის ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია სადავო აქტის არარსებობის გამო. რაც შეეხება მხარეთა მოთხოვნას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს მისთვის, როგორც დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ასევე დაუსაბუთებელია იმ საფუძვლით, რომ ზემოხსენებული ობიექტი არც ნგრევადია და არც სახელმწიფო მნიშვნელობის, შესაბამისად ობიექტში მცხოვრები დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, შეფასების კრიტერიუმებისა და მინიჭებული ქულების, შესაბამის ეტაპზე საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ლ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ლ. ჯ-ას მიერ გასაჩივრებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილი, რაც კასატორის მოსაზრებით არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, სადავო საკითხი უნდა შემოწმდეს საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 21 აპრილს, ლ. ჯ-ამ, დ. ა-მა, ზ. გ-ემ, ბ. ი-მა და სხვებმა განცხადებით (რეგისტრაციის №...) მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომელშიც მიუთითეს, რომ აფხაზეთში 1992-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, 1992 წლიდან ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის გამზ. №37ა-ში (ე.წ. ...ში). აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა განმცხადებლების როგორც რეგისტრაციის, ისე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული კორპუსი იყო ავარიულ მდგომარეობაში და იქ ცხოვრება იყო სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის საშიში, რაც დასტურდებოდა მათ მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნით. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ ოთხ წელზე მეტი დროის განმავლობაში, ადმინისტრაციულ ორგანოში ინახებოდა 2016 წლის 29 სექტემბრის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა №5005074116, რომლის თანახმადაც, შენობის ტექნიკური მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მწვავე ავარიული, საფრთხის შემცველი. შენობა აღდგენას არ ექვემდებარებოდა და საჭიროებდა დროულ დემონტაჟს. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ მიუხედავად ამ უმძიმესი დასკვნისა და იმ ფაქტისა, რომ არაერთხელ მიმართეს განცხადებით ამ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არანაირი რეალური ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იმ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ანდა საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, შეფასების კრიტერიუმების გარეშე ხდება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაუყონებლივ დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილით ერთ-ერთ განმცხადებელს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ი. ...ის გამზ. №37/ა-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა განხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის მეათე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი დადგენილია, რომ იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში,) კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცდა „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ (დანართი №2), „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ (დანართი №4), „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ (დანართი №5), „აღწერის ფორმა“ (დანართი№6) და სხვა, ანუ კანონისმიერად გაწერილი იქნა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისთვის აუცილებელი პროცედურები. მათ შორის, დანართი №2-ის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი სავალდებულო წესით ითვალისწინებს დევნილის სტატუსის მქონე პირის მონაცემების (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დევნილის რეგისტრაციის ნომერი, ოჯახის წევრთა შემადგენლობა, საკონტაქტო ინფორმაცია, განაცხადზე ხელმოწერა) მითითებას.

მოცემულ შემთხვევაში მართალია ლ. ჯ-ას და სხვათა მიერ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ განაცხადის ფორმას, თუმცა მისი შინაარსის და თანდართული ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით ცალსახად დგინდებოდა განმცხადებელთა მოთხოვნა და განცხადების წარდგენის მიზანი - როგორც დევნილი პირები, მიჩნეულიყვნენ მომეტებული საფრთხის შემცველ საცხოვრებელ ფართში მცხოვრებ პირებად და დაკმაყოფილებულიყვნენ საცხოვრებლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესზე, რომლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

ამავე კანონის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამასთან, ამავე კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნები და მხოლოდ ფორმალური მიდგომით შემოიფარგლა - ისე უთხრა უარი განცხადებაში დასმული საკითხის არსებით განხილვაზე, რომ არ გაუწევია სამართლებრივი კონსულტაცია და არ დახმარებია მხარეს მოთხოვნის შესაბამის საკანონმდებლო ფორმით ჩამოყალიბებაში, არ განუსაზღვრავს ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენასთა ნდაკავშირებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კომისია ვალდებული იყო წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეესწავლა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოეკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და გადაწყვეტილება მიეღო მხოლოდ სათანადოდ დასაბუთებული წესით. აღსანიშნავია ისიც, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

ამდენად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2021 წლის 20 მაისის №03-8016 აქტი (წერილი) მისი შინაარსის გათვალისწინებით, უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დოკუმენტს. სადავო აქტის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასრულა ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის 2021 წლის 21 აპრილის №... განცხადებაზე, რომლითაც სააგენტომ განმცხადებლებს უპასუხა, რომ მათი საკითხის განხილვა ამ ეტაპზე არ გადაწყდებოდა და საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოხდებოდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2021 წლის 20 მაისის №03-8016 წერილი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალურ დეფინიციას.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები: კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაეხმაროს განმცხადებელს მოთხოვნის სამართლებრივად გამართვაში, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა