საქმე №ბს-1174(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 თებერვალს განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, თ. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სრულად; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, ი. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ ...) და 5000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სრულად; გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, თ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სრულად; დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, ა. თ-ის, გ. თ-ის, თ. თ-ის (პ/ნ ...), ს. გ-ს თანასაკუთრებაში არსებულ 2159.15 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილზე - 80 კვ.მ-ზე; ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე, ც. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 9974.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სრულად.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ორგანიზება/ჩატარების მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა/მშენებლობის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, თ. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) სრულად; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, ი. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ №...) და 5000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (№...) სრულად; გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, თ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...); დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „...ში“ მდებარე, ა. თ-ის, გ. თ-ის, თ. თ-ის (პ/ნ ...), ს. გ-ს თანასაკუთრებაში არსებულ 2159.15 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) ნაწილზე - 80 კვ.მ-ზე; ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე, ც. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 9974.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) სრულად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში იგეგმება 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატი. 2018 წლის 17 მაისის №1092 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მოწონებული იქნა შპს „მ...ას,“ (ამჟამად შპს „ე...ი“) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება „2023 წელს საქართველოში, კურორტ ბაკურიანში სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ,“ რომელიც გაფორმდა 17.05.2018 წელს.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში (FIS), 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარებაზე განაცხადი 2017 წლის აპრილში გაკეთდა. საბოლოოდ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან შეთანხმებით, მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად შეირჩა 2 ლოკაცია - დიდველი და კოხტა-მიტარბი, სადაც 2023 წელს დაგეგმილია 30 შეჯიბრის ჩატარება სპორტის 11 სახეობაში.
პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე საქართველოს ეკისრება ვალდებულება მოაწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის უნდა შეიქმნას ზამთრის სპორტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე ბაკურიანის შემდგომ ფუნქციონირებას დასჭირდება. უნდა გაიხსნას 3 ახალი საბაგირო და თითოეულის გამტარუნარიანობა 1 საათში იქნება 1800 ვიზიტორი, შესაძლებელია რაოდენობის 2500-მდე გაზრდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის მარშუტების მოწყობა-მოწესრიგება, საპარკინგე, საფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, მედპუნქტების აშენება.
2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ორგანიზება/ჩატარების მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა/მშენებლობის არეალში მოექცა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე: თ. მ-ის საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №...) სრულად; ი. მ-ის საკუთრებაში არსებულ 3000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №...) და 5000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად; თ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №...) სრულად; ა. თ-ის, გ. თ-ის, თ. თ-ის, ს. გ-ს თანასაკუთრებაში არსებული 2159.15 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) ნაწილი - 80 კვ.მ; ც. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ 9974.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №...) სრულად.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ც. ჯ-ს, თ. მ-ს, ი. მ-ს, თ. ქ-ს, ა. თ-ს, გ. თ-ს, თ. თ-ს, ს. გ-ს 2021 წლის 29 ოქტომბრის №7/67790, №7/67784, №7/67788, №7/67786, №7/52337, №7/73202 წერილებით შესთავაზა განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №1-1/591 ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/მოწყობის ფარგლებში, ც. ჯ-ის, თ. მ-ის, ი. მ-ის, თ. ქ-ის, ა. თ-ის, გ. თ-ის, თ. თ-ის, ს. გ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება. დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №1-1/591 ბრძანება გამოქვეყნებული იქნა 10.01.2022წ. სსიპ „ს...ეს“ საშუალებით, ასევე 2022 წლის 31 იანვარი - 06 თებერვლის გაზეთ ,,კ...აში’’ №5(1436) და 2022 წლის 27 იანვრის გაზეთი „ბ...ში“ №4 (9214).
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპროპრიაციის განხორციელების მიზანი იყო შესაბამისი ინფრასტუქტურის მოწყობა დაბა ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად, რაც წარმოადგენდა აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო, ვინაიდან იგი წარმოადგენდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ორგანიზება/ჩატარების მიზნით საჭირო გახდა თ. მ-ის, ი. მ-ის, თ. ქ-ის, ა. თ-ის, გ. თ-ის, თ. თ-ის, ს. გ-ს, ც. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, თუმცა შეთანხმება საკომპენსაციო თანხაზე ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს და უარი განაცხადეს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე.
მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაზე, რომ ვერ ხერხდება საკომპენსაციო თანხაზე შეთანხმება, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი ცალკე დავის საგანს წარმოადგენდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრდა ც. ჯ-ის, თ. მ-ის და ი. მ-ის მიერ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ც. ჯ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით ც. ჯ-ის, თ. მ-ის და ი. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით ც. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა აპელანტის ქონების ექსპროპრიაციის საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან. დავის ფარგლებში უნდა დადგენილიყო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა და შეფასებულიყო, წინააღმდეგობაში ხომ არ მოდიოდა კონსტიტუციით დაცულ უფლებასთან. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ აპელანტის პრეტენზია შეეხებოდა მხოლოდ კომპენსაციის თანხას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე და განმარტა, რომ საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი საჯარო ხელისუფლების მიერ შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ, აღნიშნული უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, კერძოდ, შეზღუდვა მართლზომიერად, რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი. ამავდროულად, უნდა შეფასდეს, უფლებაში ჩარევით ხომ არ მოხდა საკუთრების უფლების არსის დარღვევა. უფლებაში ჩარევის დადგენის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, მიღწეულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი უფლებაში ჩარევასა და ამავე უფლების დაცვას შორის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №1-1/591 ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/მოწყობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მითითებული პროექტის არეალში მოქცეულ უძრავ ქონებაზე, მათ შორის, ც. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ 9974.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) სრულად.
კომპენსაციის თანხის ირგვლივ აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, ამავე კანონის მე-8 მუხლზე და განმარტა, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენდა არა ექსპროპრიაციის უფლებების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. თუკი საკომპენსაციო თანხა არ ასახავდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების რეალურ ოდენობას, ეს ვერ გახდებოდა ექსპროპრიაციის პროცესის შემაფერხებელი გარემოება, რამდენადაც ამგვარი საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან დამოუკიდებლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - მესაკუთრისათვის ექსპროპრირებული ქონების საკომპენსაციო თანხის გადახდის ოდენობის საფუძვლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 31 ლარის ნაცვლად ექსპროპრიაციის უფლების დადგენა კვადრატულ მეტრზე 60 ლარის გაანგარიშებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ შეთავაზებული თანხა არ არის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ბაკურიანში მიწები ბევრად ძვირი ღირს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ექსპერტიზის მიერ სადავო მიწა შეფასებული იყო როგორც სათიბი კატეგორიის, თუმცა რეალურად ეს მიწა წარმოადგენს პერსპექტიული განვითარების მიწას და არა უბრალოდ სათიბს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 მაისის №1092 განკარგულებით, მოწონებული იქნა შპს „მ...ას“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასა და ა(ა)იპ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება „2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ“, რომელიც გაფორმდა 2018 წლის 17 მაისს (ტ.1, ს.ფ 7-75); ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებულ იქნა №1-1/591 ბრძანება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. აღნიშნული ბრძანებით დგინდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება და 2023 წელს საქართველოში ჩატარდება. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარებაზე განაცხადი 2017 წლის აპრილში გაკეთდა. საბოლოოდ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან შეთანხმებით, მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად შეირჩა 2 ლოკაცია - დიდველი და კოხტა-მიტარბი, სადაც 2023 წელს დაგეგმილია 30 შეჯიბრის ჩატარება სპორტის 11 სახეობაში. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე საქართველოს ეკისრება ვალდებულება მოაწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის უნდა შეიქმნას ზამთრის სპორტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე ბაკურიანის შემდგომ ფუნქციონირებას დასჭირდება. დაგეგმილია მოეწყოს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, უნდა გაიხსნას 3 ახალი საბაგირო და თითოეულის გამტარუნარიანობა 1 საათში იქნება 1800 ვიზიტორი, შესაძლებელია რაოდენობის 2500-მდე გაზრდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის მარშუტების მოწყობა-მოწესრიგება, საპარკინგე, საფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, მედპუნქტების აშენება (ტ.1, ს.ფ 105-108); გ) 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ორგანიზება/ჩატარების მიზნით პროექტის განხორციელების არეალში მოექცა რამდენიმე მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ც. ჯ-ის საკუთრებაში არსებული 9974 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) სრულად (ტ.1, ს.ფ 105-125, 177-180); დ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს, მათ შორის, ც. ჯ-ს შესთავაზა განსაზღვრული ანაზღაურების მიღება ან მის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა სახელმწიფოს მიერ ტოლფასი ქონების გადაცემის სანაცვლოდ, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა (ტ.1. ს.ფ 159-175); ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №1-1/591 ბრძანებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/მოწყობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მათ შორის, ც. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ტ.1. ს.ფ 105-108); ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №1-1/591 ბრძანება გამოქვეყნებული იქნა 10.01.2022წ. სსიპ „ს...ეს“ საშუალებით, ასევე გაზეთ ,,კ...აში’’ №5 (1436) და გაზეთ „ბ...ში“ №4 (9214) (ტ.1, ს.ფ 181-198).
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის №1-1/591 ბრძანებით სათანადოდ არის დასაბუთებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. აგრეთვე, განსაზღვრულია ექსპროპრიაციის სუბიექტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ვინაობა, რომელთა შორის არის კასატორიც.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის განმცხადებლისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას (საკასაციო მოთხოვნა (განაცხადი) ფორმულირებულია შემდეგი სახით: „ახალი გადაწყვეტილებით ექსპროპრიაციის უფლება დადგინდეს კვადრატულ მეტრზე 60 ლარის გაანგარიშებით“) და სადავოა მხოლოდ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება წარმოადგენს. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასა და საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე შესაძლოა სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს არა მოცემული, არამედ მხარეთა მიერ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ც. ჯ-ის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
თ. ოქროპირიძე