Facebook Twitter

№ბს-1034(2კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. მ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 81 550 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით.

სარჩელის თანახმად, გ. მ-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ. სასჯელის სახით განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ ინტერპოლის საშუალებით გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა და 2014 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელე დააკავეს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. ვინაიდან, საქართველომ ვერ მოახერხა მოსარჩელის სამშობლოში ექსტრადირება, ის თავად ჩავიდა ბელორუსიაში და ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელე გამართლდა წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღნიშნული განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაბმულ იქნა მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. მ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით გ. მ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და არ გაიზიარა აპელანტის - საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებები სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების უსწორობასთან დაკავშირებით. აპელანტის მითითებაზე იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი და არა პროკურატურა, პალატამ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს, სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოადგენდა პროკურატურა.

პალატამ აღნიშნა, რომ 2014 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელე დააკავეს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა 2015 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, რაც დასტურდებოდა პირის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით (ს.ფ. 47-50). ამდენად, გ. მ-ი 2014 წლის 16 აგვისტოდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. რაც შეეხება გ. მ-ის დაკავებას ბელორუსიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად დადგინდებოდა, რომ დაკავება მოხდა იძულებით.

პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით (საქმე 1/ბ-512-2016 წ.) გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი, ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება და გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24, 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით (საქმე №370აპ-18) ოზურგეთის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. სახეზეა გ. მ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებითა და მსჯავრდებით, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების - საქართველოს გენერალური პროკურატურის და გ. მ-ის პოზიცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის არაგონივრულობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, გ. მ-ისთვის წაყენებული ბრალდებისა და მსჯავრის მოხდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-მა და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

5.1. კასატორის - გ. მ-ის განმარტებით, 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 25 იანვრამდე მუშაობდა ... სამართველოს უფროსის პოზიციაზე. მასზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ ამ პერიოდში მის მიმართ რაიმე დისციპლინური სახდელი, თუ სხვა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა არ დამდგარა. გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და გამოძიების პროცესში დაიკითხნენ ... სამმართველოში შემავალი სტრუქტურების თანამშრომლები. ამ პროცესში გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილი იყო მოსარჩელის დაკავება, რის გამოც, იმ პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გ. მ-ი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო საზღვარგარეთ მიმალვაში. საქართველოში მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება, გამოცხადდა ძებნა. შედეგად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის საფუძველზე ინტერპოლის საშუალებით გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. 2014 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელე დააკავეს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. მოათავსეს საპატიმრო დაწესებულებაში, შემდგომ გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს და გაათავისუფლეს. ვინაიდან საქართველოს მხარემ ვერ მოახერხა მისი სამშობლოში ექსტრადირება, იგი თვითონ ჩავიდა ბელორუსიაში, სადაც ჩაბარდა სამართალდამცავებს და საბოლოოდ ბელორუსიიდან განხორციელდა მისი ექსტრადირება. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოსარჩელე მოათავსეს პენიტენციურ დაწესებულებაში. განაჩენის გასაჩივრების შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით კასატორი გამართლდა ყველა წარდგენილ ბრალდებაში, რაც ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მოწინააღმდეგე მხარის სრულიად დაუსაბუთებელი ქმედების გამო, რასაც ასევე არასამართლიანმა სასამართლომ შეუწყო ხელი, გახდა იძულებული მიეტოვებინა ოჯახი, ნათესავები, ახლობლები, მაღალანაზღაურებადი სამსახური, სამშობლო და წასულიყო უცხო ქვეყანაში მიმალვაში. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იგი იძულებული იყო თავის გადარჩენის მიზნით მცირე ანაზღაურების პირობებში ემუშავა ფიზიკურად, შემდეგ კი უცხო ქვეყანაში მოწყვეტილი ოჯახსა და ახლობლებს, უმძიმეს პირობებში გახდა პატიმარი. მოწინააღმდეგე მხარემ ვერც კი შეძლო მისი ექსტრადირება სამშობლოში, ამიტომ იგი ჯერ გაათავისუფლეს, ხოლო შემდგომ იმავე, ძებნილის საფუძვლით კვლავ დააპატიმრეს. ჯამში 13 თვისა 9 დღე პატიმრობის შემდგომ იგი გაათავისუფლეს. საქართველოში გამომგზავრების მიზნით გ. მ-ი თვითონ გადავიდა ბელორუსიის რესპუბლიკაში, ჩაბარდა სამართალდამცავებს და მხოლოდ 75 დღიანი პატიმრობის შემდგომ მოახერხდა მისი სამშობლოში ექსტრადირება. საქართველოში მას მოუწია 1 წელი, 3 თვე და 9 დღე პატიმრობა, ხოლო შემდგომ გათავისუფლდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მორალური ზიანის 30 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა არ შეესაბამება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას უკანონო პატიმრობაში გატარებული თითო დღე შეფასდა დაახლოებით 24.50 ლარის ოდენობით (პატიმრობის პერიოდი 1224 დღე), რაც ვერ უზრუნველყოფს კასატორის რეაბილიტაციას და სამართლიან ანაზღაურებას, ვინაიდან მის მიმართ უკანონოდ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია სამშობლოს დატოვება, წლები უცხო ქვეყანაში ყოველგვარი სოციალური სტატუსის გარეშე მიმალვაში ყოფნა, შემდგომ უკანონო პატიმრობა, საქართველოში ექსტრადირება და კვლავ უკანონო პატიმრობა.

5.2. კასატორის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ მოსარჩელეს მის მიმართ განხორცილებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მოუწია იძულებით საქართველოს საზღვრების დატოვება, რაც ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს. საქმის მასალებსა და სარჩელში (დავის საგნის მოკლე მიმოხილვა და პირველი ფაქტობრივი გარემოება), გასაჩივრებული გადაწყვეტილების უდავო ფაქტობრივი გარემოებებში მითითებულია, რომ გ. მ-მა საქართველო დატოვა პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენამდე (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე). შესაბამისად, მის მიმართ ბრალის წარდგენა მოხდა დაუსწრებლად.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ, საქმეზე დართული 2015 წლის 18 სექტემბრის დადგენილების თანახმად, გ. მ-ი საქართველოში გამოცხადებული ძებნის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა 12 თვე და არა 13 თვე. რაც შეეხება ბელორუსიაში გადასვლას და სამართალდამცავი ორგანოებისათვის ჩაბარებას, არც ეს გარემოება არ არის სწორი, რადგან საქმეზე დართულია 2016 წლის 31 მარტის დადგენილება, რომლის თანახმად გ. მ-ი ბელორუსიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა 2016 წლის 6 თებერვალს.

კასატორი განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენება ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის, სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიკურ ფუნქციას წარმოადგენს და მისი შედეგის განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია წინასწარ უცნობ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას. ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები, კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს, პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 2 თვის და 7 დღის ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით ზემოაღნიშნულ გამამტყუნებელ განაჩენში შევიდა ცვლილება და გ. მ-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან. კონკრეტული საპროცესო მოქმედებები ხორციელდებოდა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებისა და განაჩენების საფუძველზე. ძებნის გამოცხადება და საქართველოს ფარგლებს გარეთ გ. მ-ის პატიმრობა და ექსტრადიციის განხორციელება ხდებოდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერი და ფაქტობრივი საფუძვლები.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მორალური ზიანის საკითხის განხილვისას მხედველობაში უნდა მიეღო როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. მორალური ზიანის ბუნების მიხედვით, ამგვარი ზიანის არსებობის დადგენის შემთხვევაში თუ სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ფულადი ანაზღაურების მიკუთვნებას, იგი უნდა შეფასდეს თანასწორ საფუძვლებზე, იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა სასამართლო პრაქტიკა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლო და არაპროპორციულია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვარის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მსჯავრდებულ - გ. მ-ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 9 000 ლარის ოდენობით. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება (ს.ფ 13-42); ბ) გ. მ-ი 2014 წლის 16 აგვისტოს დააკავეს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მისი გათავისუფლება მოხდა რაიონთაშორის პროკურორის იუსტიციის უფროსი მრჩეველის 2015 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით (ს.ფ 44-51); გ) საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 29 დეკემბრის №13/81161 წერილით დგინდება, რომ გ. მ-ის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა 2014 წლის 16 სექტემბერს (ს.ფ 43); დ) გ. მ-ი 2016 წლის 6 თებერვალს დაკავებული იქნა ბელორუსიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ. ...ის ოლქის პროკურორის დადგენილებით (08.02.2016) მის მიმართ გამოყენებული იყო ღონისძიება დაკავების სახით (ს.ფ 52-54); ე) საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 22 აპრილის №13/26082 წერილით დგინდება, რომ გ. მ-ი ბელორუსიის რესპუბლიკაში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა 2016 წლის 6 თებერვლიდან მის საქართველოში ეტაპირებამდე (ს.ფ. 129); ვ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით (საქმე 1/ბ-512-2016 წ.) გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება გ. მ-ის მიმართ; გ. მ-ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; გამართლებულ გ. მ-ს განემარტა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ს.ფ 13-42); ვ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით (საქმე №370აპ-18), ოზურგეთის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად (ს.ფ 55-59); ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2021 წლის 1 ივნისის მომართვით დგინდება, რომ გ. მ-ი დაპატიმრებული იქნა 2016 წლის 22 აპრილს და 2017 წლის 5 აგვისტოდან სასჯელს იხდიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №16 პენიტენციურ დაწესებულებაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით გამართლდა წარდგენილ ბრალში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან (ს.ფ 110).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან კავშირშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს“.. (სუს 2019 წლის 7 თებერვლის Nბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ამდენად, სახეზეა გ. მ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით. რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, იმ გარემოებას, რომ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამ, შესაბამისი საპროცესო ღონისძიებების გამოყენებამ, შესაძლოა წარმოშვას ნეგატიური განცდები, სტრესული მდგომარეობა, რეპუტაციის შელახვის საფრთხე. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ამგვარი განცდებით გამოწვეული მორალური ზიანის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ასანაზღაურებელი მორალური ზიანის მოცულობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს გონივრულად და სამართლიანად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, წარმოიშობა შესაბამისი პირის მიმართ გამოყენებული სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების შინაარსის, მისი ხასიათის და სიმძიმის კვლევის ვალდებულება, იმ მიზნით, რომ არაქონებრივი ზიანის მოცულობასთან დაკავშირებული დასკვნა არ გასცდეს გონივრულობის ფარგლებს. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს კანონით მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (413-ე მუხლი). თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებული შემთხვევები შეიძლება უკავშირდებოდეს პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და სხვა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების შედავებას მორალური ზიანის ოდენობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ გ. მ-თან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებების, მის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 30 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

თ. ოქროპირიძე