Facebook Twitter

ბს-1027(კ-21) 07 ნოემბერი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მა 07.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 23.04.2018წ. შეტყობინების ბათილად ცნობის და 2015 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 01 მაისამდე პერიოდისთვის მიუღებელი დახმარების, ჯამში 5550 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. 24.10.2018წ. წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 05.02.2018წ. წერილის ბათილად ცნობა, 08.11.2018წ. წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხედ დამატებით დასახელდა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2018წ. განჩინებით მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს. 17.04.2019წ. წარდგენილი სარჩელით არსებულ მოთხოვნებთან ერთად მ. მ-მა დამატებით მოითხოვა „ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 28.12.2017წ. ოქმის ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 31.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.04.2018წ. აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის 05.02.2018წ. აქტი, „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 28.12.2017წ. ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა სოციალური დახმარების შემწეობის ანაზღაურება 2015 წლის 01 მარტიდან - 2018 წლის 01 მაისამდე პერიოდისათვის, მიუღებელი დახმარების სახით 5550 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ ყურადღება გაამახვილა თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ 20.10.2016წ. გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ დაუვალებია ახალი აქტის გამოცემა, რაც გულისხმობდა, რომ შემწეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ბათილად ცნობა გამოიწვევდა ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს მიერ ახალი ოქმის შედგენის საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარი არ შეიძლებოდა გამხდარიყო შეფასების შეწყვეტის და შემწეობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან თავად ორგანო მოქმედებდა კანონშეუსაბამოდ, ოჯახის ხელახალი შეფასების საფუძველი არ არსებობდა. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემოქმედა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის ფარგლებში უკანონოდ იქნა მიჩნეული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 28.12.2017წ. ოქმი და ამასთანავე, თელავის რაიონული სასამართლოს 20.10.2016წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 19.08.2015 წ. ოქმი, არსებობდა მიუღებელი დახმარების ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოთხოვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით არამართებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ოჯახში ვიზიტისას დგება წერილობით აქტი, რომელზეც სავალდებულოა ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის ხელმოწერა. განსახილველ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა შეგნებულად არ მოაწერეს ხელი წერილობით აქტს, რაც მიჩნეულ იქნა ოჯახის შეფასების შეწყვეტის ოქმის შედგენის საფუძვლად. მ. მ-ის ოჯახს არაერთხელ განემარტა აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. სააგენტო მოქმედებდა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რის გამო იგი ვალდებული იყო შეედგინა შეწყვეტის ოქმი. კასატორების მოსაზრებით შეწყვეტის აქტი თავდაპირველადვე არ უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი. ამასთანავე, განსახილველი დავისას სასამართლო მხოლოდ კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებას დაეყრდნო და არ გაითვალისწინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. გასაჩივრებული ახალი დეკლარაცია ეფუძნება არა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს, არამედ სოციალური დახმარების ადმინისტრირების პროცესში წამოშობილი შერჩევითი შემოწმების საჭიროებებს. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ოჯახის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ბათილად ცნობის შემდეგ აღდგა ის მდგომარეობა, რომელიც ითვალისწინებდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმებას, რადგან ოჯახის დეკლარაციაში იმ პერიოდისთვის მიწოდებული მონაცემებით არ იყო დაფიქსირებული მ. მ-ის სახელზე არსებული ფულადი შემოსავალი. ამდენად, საჭირო იყო ოჯახის ხელახალი გადამოწმება, 25.07.2015წ. დეკლარაციაში ასახული მონაცემების 28.12.2017წ. მდგომარეობით არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა და შემწეობის დანიშვნის მიზნებისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრა. კასატორების მოსაზრებით დაუშვებელია საარსებო შემწეობის განაცდურის ანაზღაურება ერთ წელზე მეტი პერიოდისათვის („სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. N145 დადგენილების 12.4 მუხ.).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ მ. მ-ის ოჯახი იყო საარსებო შემწეობის მიმღები. 20.01.2015წ. სასამართლო დავაში მოსარჩელე მ. მ-სა და მოპასუხე შპს „ქ...ას“ შორის შედგა მორიგება, რომლის თანახმად მოპასუხემ აიღო მოსარჩელისთვის 3200 ლარის გადახდის ვალდებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურეობის ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია მ. მ-ის სახელზე ფულადი შემოსავლის დაფიქსირების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე 2015 წლის მარტსა და აპრილში, რაიმე აქტის გამოცემის გარეშე, მ. მ-ის ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა. ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მ. მ-ი, ი. მ-ი და ნ. ქ-ა, 16.05.2015წ. გამოიცა გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ. 25.07.2015წ. შედგა ოჯახის დეკლარაცია, სადაც არ მითითებულა მორიგების საფუძველზე კომპენსაციის სახით მიღებული თანხა. 19.08.2015წ. შედგა ოქმი მ. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, ოქმის შედგენის საფუძვლად მიეთითა ოჯახის დეკლარაციაში შემოსავლების დაფიქსირებაზე უარის თქმა. აღნიშნული ოქმი სასამართლოში გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა 19.08.2015წ. ოქმის ბათილად ცნობა და შემწეობის აღდგენა. თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 20.10.2016წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 19.08.2015წ. ოქმი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის მარტში მ. მ-ის ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა, რის შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა ორიდან ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, - მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება შემწეობის გაცემის შეწყვეტის ან მისი აღდგენის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ 16.05.2015წ. ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა ვინაიდან შეჩერების შემდეგ მისაღები იყო გადაწყვეტილება მ. მ-ის დამატებითი შემოსავლის მხედველობაში მიღებით, შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება შემწეობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლოს მოსაზრებით 16.05.2015წ. გადაწყვეტილება წარმოადგენდა სწორედ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების საკთხზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას, რითაც პასუხი გაეცა ისეთ სადავო საკითხს, როგორიც იყო ოჯახის დეკლარაციაში მ. მ-ის ქონებრივი შემოსავლის მიუთითებლობის გამო საარსებო შემწეობის შეჩერება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის აგვისტოში შემწეობის შეწყვეტა მოხდა შემწეობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იმავე საკითხზე, რომელზეც უკვე არსებობდა შემწეობის დანიშვნის შესახებ ძალაში მყოფი აქტი, ამდენად, შეწყვეტის შესახებ 19.08.2015წ. გადაწყვეტილება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. სასამართლო აქტის აღსრულებას სავალდებულო, სახელისუფლებო-იმპერატიული ძალის ბუნება აქვს. სასამართლო გადაწყვეტილების იმპერატიულობა გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (სუსგ 24.12.2020წ. Nბს-523-523(2კ-18)). განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 19.08.2015წ. ოქმი ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე აქტის გამოცემა, საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარება არ დავალებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის ბათილად ცნობა ზოგადად, თავის მხრივ იწვევს თანამდევი სამართლებრივი შედეგების გაუქმებასაც. მართალია სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობამდე იგი ძალაშია და არარა აქტისაგან განსხვავებით, შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა უფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის არამართლზომიერად ცნობა ადასტურებს აქტის გამოცემის მომენტიდანვე მის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების და წარმოშობილი შედეგების არამართლზომიერებას (სუსგ 15.02.2018წ. Nბს-818-810(2კ-16)). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ შეწყვეტის შესახებ 19.08.2015წ. ოქმის ბათილად ცნობით გაუქმდა დამდგარი შედეგი - საარსებო შემწეობის შეწყვეტა და აღდგა შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობა, რომელიც განპირობებული იყო შემწეობის დანიშვნის (აღდგენის) შესახებ 16.05.2015წ. გადაწყვეტილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ოჯახში განმეორებითი ვიზიტის საჭიროება კასატორების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული. არ არის მართებული კასატორთა მოსაზრება, რომ შეწყვეტის შესახებ 19.08.2015წ. ოქმის ბათილად ცნობით აღდგა 25.07.2015წ. მდგომარეობა, ანუ ოჯახის დეკლარაციის შევსების ეტაპი, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, 25.07.2015წ. დეკლარაცია შედგა შემწეობის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ხოლო კანონიერ ძალაში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ შეჩერების საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 16.05.2015წ. გადაწყვეტილებით და შემდგომში იმავე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება აღარ იყო მართლზომიერი. 25.07.2015წ. დეკლარაცია სწორედ ბათილად ცნობილი, კანონშეუსაბამოდ მიჩნეული 19.08.2015წ. ოქმის გამოცემის საფუძველი იყო.

კასატორთა მითითება, რომ გასაჩივრებული ახალი დეკლარაცია ეფუძნება არა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს, არამედ სოციალური დახმარების ადმინისტრირების პროცესში წამოშობილი შემოწმების საჭიროებებს, არ არის დასაბუთებული, რადგან ორგანო თავადვე აღნიშნავს, რომ 19.08.2015წ. ოქმის ბათილად ცნობით აღდგა შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ დეკლარაციის შევსების ეტაპი, რის გამო საჭირო იყო ოჯახში ხელახალი ვიზიტი და 2015წ. შევსებული დეკლარაციის მონაცემების გადამოწმება. ამდენად, ორგანო თავადვე ადასტურებს თავისი მოსაზრების საწინააღმდეგო დებულებას, რომ ოჯახში ვიზიტის საჭიროება წარმოშვა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დამდგარმა შედეგმა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსახილველ საქმეში სადავო არ არის რაიმე ახალი დეკლარაცია, მისი შევსება არ მომხდარა, შესაბამისად ახალი დეკლარაციის შევსების საფუძვლებზე მითითება არარელევანტურია. ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმეში დაცული წერილობითი განმარტებები და სადავო 28.12.2017წ. აქტი შეიცავს ცალსახა მითითებას იმის შესახებ, რომ ოჯახში ვიზიტისას ახალი დეკლარაციის შევსება არ იგეგმებოდა. ამასთანავე, უკეთუ მ. მ-ის ოჯახში კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განხორციელებული ვიზიტი არ ეფუძნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს, მაშინ გაურკვეველია რა ქმედებები განხორციელდა გააწყვეტილების აღსრულების, შეწყვეტის შესახებ 19.08.2015წ. ოქმის ბათილად ცნობამდე არსებული ვითარების აღსადგენად. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გაგებულ უნდა იქნეს სამოტივაციო ნაწილთან ერთობლიობაში. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, ხოლო კონკრეტული, სამართლებრივი შედეგი აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები თავის მხრივ გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით (სუსგ 24.05.2018წ. Nბს-743-735(კ-16)). კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ერთმნიშვნელოვნად მიეთითა, რომ 2015 წლის მარტში შემწეობის შეჩერების შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის შესახებ, რაც შემწეობის აღდგენად, - საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების საკითხზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული, შეწყვეტის შესახებ 19.08.2015წ. ოქმი კი ჩაითვალა იგივე, უკვე დადებითად გადაწყვეტილ საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებად, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი. საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ 2015 წლის აგვისტოში შემწეობის შეწყვეტა მოხდა შემწეობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შემწეობის აღდგენისას უკვე იყო ცნობილი. სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ 2015 წლის მარტში შემწეობის გაცემა შეჩერდა შემოსავლების სამსახურის მიერ მ. მ-ის დამატებითი შემოსავლის შესახებ სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით. შესაბამისად, იმის მიუხედავად აღნიშნული შემოსავალი მითითებული იყო თუ არა მ. მ-ის ოჯახის დეკლარაციაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგადასახადო ორგანოსაგან მიღებული ჰქონდა ინფორმაცია მ. მ-ის დამატებითი შემოსავლის შესახებ იმ დროს, როდესაც შემწეობის შეჩერების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება - შემწეობის დანიშვნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაიმე შედავება სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღების ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხეებს არ წარუდგენიათ. ამდენად, დგინდება, რომ 2015 წლის მარტში შემწეობის გაცემის შეჩერების შემდგომ, - 2015 წლის მაისში დამატებითი შემოსავლის შესახებ ინფორმაციის ქონის პირობებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის - განსახილველ შემთხვევაში აღდგენის შესახებ, ხოლო ამავე წლის დეკემბერში შეწყდა შემწეობის გაცემა შემოსავლის არასრულად ასახვის საფუძვლით. შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად, აღდგენილად უნდა ჩაითვალოს შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობა, რა დროსაც მიღებული იყო 16.05.2015წ. გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის შესახებ. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ 16.05.2015წ. გადაწყვეტილების ძალაში ყოფნის პირობებში შემწეობის დანიშვნის მიზნით რაიმე დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საჭიროება აღარ არსებობდა.

რაც შეეხება შემწეობის მიუღებელი ოდენობის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2015 წლის მარტიდან მ.მ-ის ოჯახისათვის შემწეობის გაცემის შეჩერება არ ყოფილა სადავოდ გამხდარი, ძალაშია 16.05.2015წ. გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის (განსახილველ შემთხვევაში იგივე აღდგენის) შესახებ, შემწეობის გაცემის შეწყვეტის საფუძვლად არსებული გადაწყვეტილებები არამართლზომიერების გამო ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 05.02.2018წ. წერილის მიხედვით შემწეობის დანიშვნიდან შეწყვეტამდე მ. მ-ის ოჯახისთვის შემწეობის გაცემა არ მომხდარა. კასატორთა მითითება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. N145 დადგენილების 12.4 მუხლზე არ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას, რადგან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანიშნული შემწეობის უკანონოდ შეწყვეტის და არა მთავრობის 28.07.2006წ. N145 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საარსებო შემწეობის მიღების უფლების მქონე პირისთვის შემწეობის დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევა. სარჩელის მიზანია დანიშნული შემწეობის გაცემის აღდგენა და არა ხელახლა დანიშვნა. იმის გათვალისწინებით, რომ შემწეობის გაცემის შეწყვეტა არამართლზომიერად განხორციელდა, მოსარჩელე უნდა აღდგეს იმ უფლებებში, რაც მას უკვე მოპოვებული ჰქონდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.გოგიაშვილი