Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-897(კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ნ-ა

მესამე პირები - თ. ი-ი, თ. ი-ე, ა. ჰ-ა, შპს „ტ...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ნ-ამ 2018 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების, „რეგისტრაციის შესახებ“ ამავე დეპარტამენტის 2017 წლის 5 ივლისის №... და 2018 წლის 12 იანვრის №... გადაწყვეტილებების, ასევე „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ჰ-ა და შპს „ტ...ი“, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - თ. ი-ი და თ. ი-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სადავო აქტის ბათილობის წინაპირობად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ შპს „ტ...ის“ წარმომადგენელს მოპასუხისთვის არ მიუმართავს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მყიდველის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით დადგენილი ნასყიდობის ფასის გადახდა-გრაფიკი, ხოლო მყიდველის - ა. ნ-ას წარმომადგერნელს, წარმოდგენილი მინდობილობის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება. კასატორი მოცემულ მსჯელობას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ შპს „ტ...ის“ წარმომადგენელმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შპს „ტ...ის“ წარმომადგენელ თ. ტ-სა და ა. ნ-ას წარმომადგენელ ა. ჰ-ას შორის გაფორმებული შეთანხმება 2016 წლის 28 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამ შეთანხმების თანახმად, მხარეებმა ნება გამოხატეს მათ შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ხელშეკრულებას ხელს აწერს თ. ტ-ი, როგორც შპს „ტ...ის“ წარმომადგენელი და ა. ჰ-ა, როგორც ა. ნ-ას წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო განაცხადს თან ერთვოდა 2016 წლის 28 ნოემბერს გაცემული ა. ჰ-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, რომლითაც, კასატორის მოსაზრებით, ა. ჰ-ას მიენიჭა უფლებამოსილება, წარედგინა მარწმუნებელი ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც იგი ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ მოპასუხის მიერ. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 8 სექტემბერს ა. ნ-ასა და შპს „ტ...ს“ შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №7-ში (ნაკვეთი №...) მდებარე მშენებარე ბინა №7. ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასსა და გადახდის პირობებზე, ასევე ამავე ხელშეკრულების დანართი №1-ით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკზე. ამავე დანართით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება გაუქმდებოდა შპს „ტ...ის“ მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №7-ში (ნაკვეთი №...) მდებარე მშენებარე №7 ბინაზე წარმოიშვა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება.

ასევე დასტურდება, რომ 2017 წლის 5 ივლისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს მიმართა შპს „ტ...ის“ წარმომადგენელმა - თ. ტ-მა და ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო განცხადებას ერთვოდა შპს „ტ...ის“ წარმომადგენელ თ. ტ-სა და ა. ნ-ას წარმომადგენელ ა. ჰ-ას შეთანხმება, 2016 წლის 8 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. სადავო აქტით კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და განახორციელა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციაზე, რომელთა საშუალებითაც ხდება საჯარო რეესტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის საჭიროა განხილულ იქნეს მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის უფლება-მოვალეობები, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისა და უშუალოდ ასეთი რეგისტრაციის განხორციელების დროს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების წესი, გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მითითებული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე ინსტრუქციის 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 28 ნოემბერს ა. ნ-ას მიერ გაცემული მინდობილობით ა. ჰ-ას მიენიჭა უფლებამოსილება - წარმოედგინა მარწმუნებელი ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, საგადასახადო ინსპექციაში, შემოსავლების სამსახურში, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, რათა ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში შეეტანა ნებისმიერი სახის განცხადება და მიეღო ყველა სახის დოკუმენტი, ინფორმაცია, ცნობა, მათ შორის, მიეღო შედარების აქტი, გამოეთხოვა საარქივო მასალა/დოკუმენტი, წარედგინა ელექტრონული დეკლარაცია, განახორციელებინა/შეესრულებინა ნებისმიერი საგადასახადო-საშემოსავლო პროცედურა/დავალება. აგრეთვე, წარმოედგინა საქართველოში არსებული სს „ს...ის“ და სს „პ...ის“ ნებისმიერ ფილიალსა და სათავო ოფისში, რათა ემართა და განეკარგა ი/მ ა. ნ-ას კუთვნილი ანგარიშები. განეხორციელებინა ნებისმიერი სახის საბანკო ტრანზაქცია (შეეტანა ან გამოეტანა თანხა ანგარიშებიდან, მოახდინა გადარიცხვა, კონვერტაცია, ასევე აეღო ბანკომატის მიერ მითვისებული პლასტიკური ბარათი და გაეაქტიურებინა, პლასტიკური ბარათის დაკარგვის შემთხვევაში აეღო ახალი და გაეაქტიურებინა იგი და აშ) ესარგებლა ბანკში არსებული ყველანაირი დისტანციური პროდუქციით, ინტერნეტბანკით, მობილ ბანკით და სხვა, მიეღო ცნობები და საბანკო ამონაწერი, მიეღო საბანკო დიჯი-პასი, გაეფორმებინა შიდა ხელშეკრულებები, ხელი მოეწერა ყველა საჭირო დოკუმენტაციისათვის და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო გახდება ზემოაღნიშნული დავალებების შესასრულებლად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დასახელებული მინდობილობით კონკრეტული სახის დავალების - მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება არ იკვეთება ჩამონათვალ უფლებამოსილებებში, უფრო მეტიც, აღნიშნული უფლებამოსილებით აღჭურვა არ ვლინდება 2016 წლის 28 ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ წარმოდგენილი მინდობილობა მყიდველის სახელით ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას არ ადგენს და შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე ნება გამოვლენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, შპს „ტ...ის“ წარმომადგენელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი ხარვეზიანი იყო და არ ქმნიდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების საფუძველს. მარეგისტრირებელი ორგანო, თავის მხრივ, ვალდებული იყო გამოევლინა აღნიშნული ხარვეზი, რაც მას არ განუხორციელებია. სადავო შემთხვევაში მას უნდა ემოქმედა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად და ა. ჰ-ასთვის მოეთხოვა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების ხელმოწერისათვის მხარის წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი (მინდობილობა), ხოლო ასეთის წარუდგენლობის პირობებში, მოპასუხეს უარი უნდა განეცხადებინა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციაზე, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესაძლებლობა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო, დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ სამართლებრივ შეფასებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით და არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 2021 წლის 21 ოქტომბერს №23662 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე