Facebook Twitter

საქმე #ბს-710(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარის - ა. ა-ას მიმართ.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის #316 განკარგულების (შესულია ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის #53 განკარგულებით) საფუძველზე, ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის (სიგრძით - 15 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „ქ...ს“ (ს/ნ ...) შორის, 2020 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. #... ხელშეკრულების ფარგლებში (...). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით.

განმცხადებლის მითითებით, ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზა დაახლოებით 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა) - მარნეული - გუგუთი (სომხეთის საზღვარი) და თბილისი - წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზებს, წარმოადგენს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელ საავტომობილო გზას. იგი, ასევე, უმოკლესი მანძილით აკავშირებს რეგიონულ ცენტრს - ქალაქ რუსთავს ქალაქ მარნეულთან. აღნიშნული გზით ძირითადად სარგებლობს გზის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებული სოფლების მოსახლეობა და სხვადასხვა დანიშნულების საწარმოები (ფერმები, წისქვილკომბინატი, მარნეულის სასურსათო ქარხანა და სხვა). საპროექტო საავტომობილო გზის 15 კმ უბანი ძირითადად მიუყვება მარნეულის მთათაშორის დადაბლებას, რომელიც წარმოადგენს მდინარეების - ხრამისა და ალგეთის ქვედა დინებების სუსტად დეპრესირებულ ალოვიურ ვაკეს. რიგ შემთხვევებში, არსებულ გზას ებჯინება იაღლუჯის სამხრეთ დამრეც ფერდობზე განვითარებული მშრალი ხევები და ხევაკები. არსებული მდგომარეობით, გზის ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის სრულად დაზიანებულია.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოქალაქე ა. ა-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქალაქი მარნეული, ...ის ქუჩა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მთლიანი ფართობის - ... კვ.მ-ის ნაწილის - ... კვ.მ-ის) გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ დეპარტამენტმა არაერთი მოლაპარაკება აწარმოა მოქალაქესთან საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. მიუხედავად დეპარტამენტის წარმომადგენლების არაერთი მცდელობისა, საექსპრორიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე ა. ა-ასთან (პ/ნ ...) ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება. შეთანხმება ძირითადად ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო. აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მოქალაქე ა. ა-ას წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კონპენსაციის მიღება, განუმარტა განსახლების გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები. მიუხედავად ამისა, თანხმობა ვერ იქნა მიღებული.

განმცხადებლის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტის მხრიდან ამოწურულია მედიაციის ყველა რესურსი, დეპარტამენტმა დაიწყო ზემოხსენებული, კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები. განმცხადებელი მიუთითებს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 26 ოქტომბრის #1-1/467 ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე, განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. დეპარტამენტის მიერ მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა გაზეთ „...ში“, ასევე, მესაკუთრეს წერილობით ეცნობა ექსპროპრიაციის პროცედურების დადგენილი წესით დაწყების თაობაზე.

ამდენად, განმცხადებელმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში, ...ის ქუჩაზე მდებარე, მოქალაქე ა. ა-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მთლიანი ფართობის - ... კვ.მ-ის ნაწილზე - ... კვ.მ-ზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „თ...ი“ და სსიპ შემოსავლების სამსახური. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებისათვის, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის (15 კმ სიგრძით) სარეაბილიტაციო საუშაოების პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, ა. ა-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მთლიანი ფართობის ... კვ.მ-ის ნაწილზე - ... კვ.მ-ზე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა, უზრუნველეყო იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია, რომელზეც მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ექსპროპრიებული ქონების საკომპენსაციო თანხის ოდენობის ასახვა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით ა. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ აპელანტის პრეტენზია შეეხებოდა მხოლოდ კონპენსაციის თანხას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - მესაკუთრისათვის ექსპროპრიებული ქონების საკომპენსაციო თანხის გადახდის ოდენობის საფუძვლით, რამდენადაც მიიჩნია, რომ ამგვარი საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან დამოუკიდებლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, ... კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ... კვ.მ ფართის რომელიმე ნაწილის გადაჯრის შემთხვევაში, საავტომობილო გზის პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, ნაკვეთი ისედაც კარგავს ხარისხსს, ღირებულებასა და ვარგისიანობას კომერციული დანიშნულებისათვის. რაც შეეხება მხარის მიერ დადგენილ და შემოთავაზებულ ფასს, კასატორი მას თავიდანვე არ ეთანხმებოდა, ვინაიდან ფასი აცდენილია რეალურ და სტანდარტულ საბაზრო ღირებულებას. უძრავი ქონების ზუსტი და რეალური ფასის დადგენისათვის მიზანშეწონილი იქნებოდა ორმხრივი აუდიტის ან/და შესაბამისი შემფასებლის დასაბუთებული დასკვნის მოპოვება, რათა არ დარღვეულიყო მესაკუთრის უფლებები. მიუხედავად ჩვენი წერილობითი შეთავაზებისა, მხარემ თავი შეიკავა აღნიშნულისაგან. თუმცა კასატორი მიუთითებს, რომ მან ცალმხრივად მოიპოვა სერტიფიცირებული და კვალიფიციური ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული უძრავი ქონება შეფასებულია 153 000 აშშ დოლარად, მაშინდელი ეროვნული კურსით 469 000 ლარად. კასატორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში არ დაირღვევა მისი უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ა-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში, ...ის ქუჩაზე მდებარე, მოქალაქე ა. ა-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მთლიანი ფართობის - ... კვ.მ-ის ნაწილზე - ... კვ.მ-ზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ა. ა-ა მოითხოვდა ექსპროპრიებული მიწის ნაკვეთისათვის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო საჩივრის შინაარსზე, რომელიც ზუსტად იმეორებს სააპელაციო საჩივრის მოტივებს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს მხოლოდ კასატორის საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის. ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენისა და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი და არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით სხვა ქონების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. ექსპროპრიატორი მესაკუთრეს შეფასებას წარუდგენს წერილობითი ფორმით, სადაც აღინიშნება კომპენსაციის განსაზღვრის საფუძველი. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას, ხოლო საკომპენსაციო თანხის შეუსაბამობა უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებასთან, ვერ შეაფერხებს ექსპროპრიაციის პროცესს. რაც შეეხება დავას საკომპენსაციო თანხის ოდენობის თაობაზე, იგი უნდა გადაწყდეს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან დამოუკიდებლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის #ბს-158-156(კ-17) განჩინება, სადაც „კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც საექსპროპრიაციო ქონების შეფასებას და საკომპენსაციო თანხის ოდენობას ეხება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა