საქმე #ბს-578(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 21 ივლისს მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე - გ. კ-ი მსახურობდა ...ის ...-ე ... ნაწილის ათეულის მეთაურად. 1992 წლის 22 ივლისს გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის თანამშრომლის მიერ გაქცეული პატიმრის მიმართ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლისას, იგი შემთხვევით მოხვედრილი ტყვიით მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. მ. გ-ის შვილმა - კ. კ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში.
მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5 აპრილის #15/12 გადაწყვეტილება, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 28 აპრილის #1052725 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რაც არ განხორციელებულა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე - გ. კ-ი გარდაიცვალა გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის თანამშრომლის მიერ გაქცეული პატიმრის მიმართ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლისას შემთხვევით მოხვედრილი ტყვიით მიღებული ჭრილობით, შესაბამისად, მის ოჯახს ეკუთვნის სახელმწიფო კომპენსაცია.
მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 26 თებერვლის განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არ მოჰყოლია რეაგირება, რის გამოც 2020 წლის 14 აპრილს მან დამატებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. თუმცა მას არც 2020 წლის 14 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით მიუღია რაიმე პასუხი, რის გამოც 2020 წლის 19 მაისს მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლითაც წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და 2020 წლის 26 თებერვლისა და 14 აპრილის განცხადებებზე პასუხის გაცემა მოითხოვა.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2020 წლის 7 ოქტომბრის #38/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - გ. კ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნორმა პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების შემთხვევას ითვალისწინებს, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების განსხვავებულ ვითარებას განსაზღვრავს. კერძოდ, 11 პუნქტი კონკრეტულად განსაზღვრავს იმ შემთხვევას, რომლის დროსაც პოლიციელის გარდაცვალება ამ პუნქტით დადგენილ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონი პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ნებისმიერ შემთხვევას ითვალისწინებს და ნებისმიერ შემთხვევაში ადგენს გარდაცვლილი პოლიციელისათვის პატივის მიგების პირობებს, თუმცა, გარდაცვალების ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებულად ადგენს კომპენსაციის ოდენობას და წესს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ვითარების დადგენას, რომლის დროსაც წარმოიშობა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალი გულისხმობს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას. ობიექტური საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს პოლიციის შესახებ კანონით დაცული სიკეთისთვის ზიანის მიყენებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ გ. კ-ი 1992 წლის 22 ივლისს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით საძილე არტერიის დაზიანების მიზეზით, კერძოდ, გორის სარაიონთაშორისო პროკურატურის გამომძიებლის 1992 წლის 7 ნოემბრის დადგენილებიდან ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოება შეწყდა გ. ა-ის მიმართ, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. დადგენილების თანახმად, გამოძიებისას დადგინდა, რომ ა-ი ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით მან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, რა დროსაც ანასხლეტი ტყვია მოხვდა შემთხვევით გამვლელ კ-ს, რომელიც გარდაიცვალა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ პოლიციის მუშაკ გ. ა-ს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ ჰაერში ნასროლი ტყვია მოხვდებოდა გამვლელ მგზავრს, ვინაიდან იგი დასაკავებლად მისდევდა გაქცეულ პატიმარს.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რამდენადაც მოსარჩელე მ. გ-ის მეუღლე - გ. კ-ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ...ის #... ... ნაწილის ათეულის მეთაურად, 1992 წლის 22 ივლისს მისი სამსახურში ყოფნა და შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება იმთავითვე არ წარმოქმნიდა (არ იყო სავარაუდო) პოლიციის მუშაკის - გ. ა-ის მხრიდან მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს, აღნიშნული ვითარება უკავშირდებოდა შემთხვევით ფაქტს, უბედურ შემთხვევას, რომელიც თვით პოლიციელის მიერაც არ იყო მოსალოდნელი. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ი თავისი უშუალო მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე, ობიექტურად არ ელოდა ასეთ საფრთხეს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მართალია, გ. კ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მხრიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად, მაგრამ სახეზე არ იყო ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების დროს გარდაცვალება, რაც არ წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა დაედგინა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ექცეოდა თუ არა გ. კ-ის გარდაცვალების ფაქტი, რადგან კასატორის მიერ სადავოდ იყო გამხდარი ის გარემოება, რომ, გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა, გ. კ-ი მოქმედებდა დანაშაულის აღკვეთის მიზნით, კერძოდ, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. კ-ი გარდაიცვალა უშუალოდ დანაშაულის აღკვეთისას, როდესაც იგი შეეცადა გაქცეული პატიმრის დაკავებას.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ნ. ა-ის, რ. ბ-ისა და ნ. გ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში საერთოდ არ იმსჯელა მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიმეორა საქალაქო სასამართლოს განმარტებები და დასაბუთებული მსჯელობით პასუხი არ გასცა სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ გამოთხოვილი სისხლის სამართლის მასალებით არ დგინდება, რომ გ. კ-ი შემთხვევით გარდაიცვალა. ამასთან, მოსარჩელე მხარის მხრიდან წარდგენილ იქნა წონადი არგუმენტები და მტკიცებულელებები, რომლებიც ვერ იქნა გაქარწყლებული ვერც მოპასუხის და ვერც სასამართლოს არგუმენტაციით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2020 წლის 7 ოქტომბრის #38/5 გადაწყვეტილების კანონიერება და „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის - გ. კ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლე - გ. კ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ სადავოა, მისი გარდაცვალება ექცევა თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, გ. კ-ი 1992 წლის 22 ივლისს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით საძილე არტერიის დაზიანების მიზეზით, კერძოდ, გორის სარაიონთაშორისო პროკურატურის გამომძიებლის 1992 წლის 7 ნოემბრის დადგენილებიდან ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოება შეწყდა გ. ა-ის მიმართ, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. დადგენილების თანახმად, გამოძიებისას დადგინდა, რომ ა-ი ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით მან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, რა დროსაც ანასხლეტი ტყვია მოხვდა შემთხვევით გამვლელ კ-ს, რომელიც გარდაიცვალა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ პოლიციის მუშაკ გ. ა-ს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ ჰაერში ნასროლი ტყვია მოხვდებოდა გამვლელ მგზავრს, ვინაიდან იგი დასაკავებლად მისდევდა გაქცეულ პატიმარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას. ამასთან, იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: პოლიციელის გარდაცვალება დაკავშირებული უნდა იყოს ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევასთან და იგი უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
მოცემულ საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 აპრილის #ბს-942-938(კ-17) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა გულისხმობს ობიექტური საფრთხის არსებობის პირობებში, უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების განხორციელების პროცესში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას. ობიექტური საფრთხე იმ შემთხვევაში არის სახეზე, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული სიკეთისათვის ზიანის მიყენებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პუნქტის სუბიექტად მიჩნევისათვის სავალდებულოა უშუალოდ მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის. გარდაცვალება სწორედ უშუალოდ პოლიციელის პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უნდა მოჰყვეს შედეგად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე, კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ იმსჯელა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ გ. კ-ი გარდაიცვალა უშუალოდ დანაშაულის აღკვეთისას, როდესაც იგი შეეცადა გაქცეული პატიმრის დაკავებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული გ. კ-ის არა უშუალოდ პოლიციური ღონისძიებების შესრულების შედეგად გარდაცვალების, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში მისი შემთხვევითი გასროლის შედეგად (პოლიციელის მიერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შედეგად ანასხლეტი ტყვიით) გარდაცვალების ფაქტი, ხოლო კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეულ ზემოხსენებულ გარემოებას გააქარწყლებდა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მოწმეთა ჩვენებებზე ყურადღების გამახვილებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები უტყუარად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. კ-ი უშუალოდ დანაშაულის აღკვეთისას გარდაიცვალა, რამდენადაც ჩვენებები არ შეიცავს ზუსტ, პირდაპირ და დამაჯერებელ მითითებას აღნიშნულის თაობაზე.
შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველი შემთხვევა არ ექცევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების სფეროში, რის გამოც კომისია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოკლებული იყო როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საშუალებას, კომპენსაციის მიღების მიზნით დაედასტურებინა სადავო ფაქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რამდენადაც გ. კ-ი გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, გარდაცვალების შემთხვევა თავსდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისპოზიციაში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის (500 ლარის) გაცემა. მეტიც, „საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტის 22-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლეოდა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს ფარავდა სახელმწიფო. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს #753 საპენსიო წიგნაკით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ უფროსი სერჟანტის - გ. კ-ის გარდაცვალების გამო მის ოჯახს (მეუღლესა და შვილს) დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, თავად მოსარჩელე მ. გ-მა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის ზეპირი განხილვისას დაადასტურა, რომ მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ყველა ის დახმარება, რასაც კანონმდებლობა მისი მეუღლის გარდაცვალების დროს ითვალისწინებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა