საქმე #ბს-867(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 15 დეკემბერს ქ. ე-ემ, ბ. ე-ემ და მ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან 2000 წლის 27 აგვისტოს გარდაცვლილი ლ. ფ-ის დის შვილის ანდერძისმიერი მემკვიდრის, 2006 წლის 28 ივლისს გარდაცვლილი ო. ე-ის მემკვიდრეები. ლ. ფ-ის სრული ქონების მემკვიდრეს წარმოადგენდა გარდაცვლილი ო. ე-ე. ო. ე-ის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ...ას მე-4 შესახვ. #7-ში მდებარე ს.კ. ... უძრავ ქონებაზე ქ., ბ. და მ. ე-ეებმა დაირეგისტრირეს საკუთრების უფლება. ზემოხსენებულ ქონებაზე განშლის განხორციელების შემდეგ, მათ რეგისტრირებულ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი .... .
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ხარვეზით, კერძოდ, რეგისტრირებული ფართი არ მოიცავს საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით ლ. ფ-ის საკუთრებაში არსებულ სრულ ფართს (გამორჩენილია 31.29 კვ.მ). არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით, 2020 წლის 10 ოქტომბერს მათ მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. 2020 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს ასევე უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას და დაუსაბუთებლად აცხადებს უარს კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პასუხი ეფუძნება საქმის გარემოებების ბუნდოვან შეფასებას, რაც ზღუდავს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების სრულად დარეგისტრირების შესაძლებლობას.
ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ოქტომბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ამონაწერში, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული და მოსარჩელისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ლ. ფ-ის სრული სამკვიდრო ფართის - 126.84 კვ.მ და 13.06 კვ.მ დარეგისტრირების დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის სარჩელი მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2021 წლის 22 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ა-ემ და საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ა-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ე-ემ, ბ. ე-ემ და მ. ე-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. ჭ-ე და თ. ა-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით ქ. ე-ის, ბ. ე-ის და მ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 ივლისის წერილით, რომელსაც ასევე უკავშირებენ საკუთარ უფლებებს მოსარჩელეები, ქ. ე-ეს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) სხვა მფლობელებთან ერთად მითითებულია ლ. ფ-ე (საფუძველი: 11.10.1989წ. #... კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, ნოტარიუსი: გ-ი (ხელშეკრულებაში მითითებულია: გამოყოფილი ნაწილის 1/2 ნაწილი, სასარგებლო ფართია 95.55 კვ.მ საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა ერთი, საცხოვრებელი ფართია 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართია 66.02 კვ.მ), 28.04.1963წ. #6-... ჩუქების ხელშეკრულება, ნოტარიუსი: გ-ე (ხელშეკრულებაში მითითებულია: მთელი სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილი რეალური ფართი არ ფიქსირდება) და სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1940 წელს). ამავე წერილით ქ. ე-ეს ეცნობა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით, სართულებრივ გეგმაზე აღრიცხული ოთახების იდენტიფიკაცია ვერ ხერხდებოდა, ხოლო მასალაში ინახებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მომზადებული წერილი, რომლის თანახმად (გვერდი 81), ლ. ფ-ეს ეკუთვნის ერთი საცხოვრებელი ოთახი ფართით 29.53 კვ.მ და 5 დამხმარე ოთახი ფართით: 97.31 კვ.მ (21.23 კვ.მ, 31.29 კვ.მ, 14.56 კვ.მ, 10.09 კვ.მ, 20.14 კვ.მ, სულ - 97.31 კვ.მ), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აივანი ზომით 2.35X4.20). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.07.2020წ. წერილი წარმოადგენდა ინფორმაციული ხასიათის შეტყობინებას და იგი არ წარმოშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, ტექ. აღრიცხვის ბიუროს არქივიდან გაცემული სხვადასხვა სააღრიცხვო დოკუმენტით ლ. ფ-ის სახელზე აღრიცხული იყო საცხოვრებელი - 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართი - 97.31 კვ.მ და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული 9.87 კვ.მ ფართი, ხოლო, მეორე მხრივ, ტექ. ბიუროდან 1989 წლის შემდეგ გაკეთებული ამონაწერითვე, ლ. ფ-ის სახელზე უკვე ირიცხებოდა მხოლოდ საცხოვრებელი ფართი - 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართი - 66.02 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საზაფხულო ფართი - 13.16 კვ.მ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ტექ. ბიუროს მასალებით უტყუარად ვერ დგინდებოდა, რომელ წლამდე ფლობდა ლ. ფ-ე 31.29 კვ.მ სადავო დამხმარე ფართს, თუმცა საქმის მასალებში დაცული იყო 1971-1972 წლებით დათარიღებული მასალები ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივიდან, რომელთა მიხედვითაც, დასტურდებოდა, რომ აღნიშულ წლებში დამხმარე სათავსო, ფართით 31.29 კვ.მ, უკვე ეკუთვნოდა ბ. ა-ეს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი იყო ტექ. აღრიცხვის ბიუროს გამგის 17.05.72წ.. დათარიღებული წერილი კომუნალური მეურნეობის განყოფილების ა/წ 11.05-#ა-108 დავალებაზე, სადაც ტექ. აღრიცხვის ბიურო აღნიშნავდა, რომ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. მე-4 შესახ. #7-ში მდებარე სახლის ნაწილი (რომელიც შედგება მე-2 სართულზე ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 15 კვ.მ, დამხმარესაგან 1/12.87 კვ.მ 2/20.14 კვ.მ, დამხმარე სათავსოებით ფართი - 31.29 კვ.მ, ღია აივანი გარე ზომით 2.0X3.20 კვ.მ) ეკუთვნოდა ბ. ა-ეს. ამავე წერილში მითითებული იყო, რომ კვარტალური შემოვლის დროს 1969 წელს აღმოჩნდა, რომ მოქ. ა-ეს უნებართვოდ მიუშენებია მე-2 სართულზე ერთი საცხოვრებელი ფართი 30.80 კვ.მ, ღია აივანი, რომლის ზომა იყო 3.20X2.0 მეტრი, მოუწყვია დამხმარე სათავსოდ, რომლის ფართია 15.0 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახს, რომლის ფართი იყო 15.0 კვ.მ, და დამხმარე სათავსოს შორის, რომლის ფართი იყო 8.38 კვ.მ, აუღია შიდა კედელი და გაუერთიანებია, გამოყენებული იყო საცხოვრებლად, რომლის ფართია 24.86 კვ.მ, მოწყობილი იყო ღია ბეტონის ბაქანი გარე ზომით 4.50X2.0 მეტრზე. I სართულზე მოწყობილი იყო 4 დამხმარე სათავსო ფართით: 1) 13.02 კვ.მ; 2) 7.81 კვ.მ; 3) 7.36 კვ.მ; 4) 14.32 კვ.მ, აგრეთვე, ეზოში აგებული იყო დამხმარე სათავსო გარე ზომით 2.50X4.0 მეტრზე. მოქალაქე ა-ე მოითხოვდა აღნიშნული რეკონსტრუქციის გაფორმებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იდენტური შინაარსის იყო საქმეში წარმოდგენილი 1971 წლის 17 აგვისტოს ტექ. აღრიცხვის ბიუროს წერილიც (წერილი მომზადებული იყო კომუნალური მეურნეობის განყოფილების #13/07-#ა/77 დავალებაზე) კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგისადმი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. ქუთაისში, ...ას ქ. მე-4 შესახვ. #7-ში მდებარე გ. ა-ის (მესამე პირის - თ. ა-ის დედა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ინვენტარის #..., გაცემული 21.03.1989წ.), რომლის მიხედვითაც, ბინის პირველ სართულზე განთავსებული 31.29 კვ.მ დატანილი იყო გ. ა-ის სახლის ტექნიკურ პასპორტზე დართულ გეგმაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ დროისთვის სადავო ფართი უკვე აღრიცხული იყო გ. ა-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ ლ. ფ-ის (მოსარჩელეების ბებიის და) გარდაცვალების დროისათვის (27.08.2000წ.) ცოცხალი იყო მისი მემკვიდრე - ო. ე-ე, რომელმაც ანდერძის საფუძველზე მიიღო დეიდის - ლ. ფ-ის ქონება, თუმცა იურიდიულად ვერ მოასწრო გადაფორმება, ვინაიდან ო. ე-ე გარდაიცვალა 28.07.2006წ. შესაბამისად, ლ. ფ-ის სამკვიდრო ქონება, რომელიც ფაქტობრივად ჰქონდა მიღებული ო. ე-ეს, მიიღეს და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს ო. ე-ის მეუღლემ და შვილებმა. თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ო. ე-ისაგან მოსარჩელეებს არც ფაქტობრივი ფლობით და არც სამკვიდრო მოწმობით არ მიუღიათ სადავო ქონება. ამასთან, მოსარჩელეების მიერ არ იყო წარმოდგენილი არც იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ო. ე-ის სახელზე გაცემულ ანდერძში მოხსენებული იყო სადავო 31.29 კვ.მ ფართი. ყოველივე ზემოაღნიშნილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ფ-ის სამკვიდროს გახსნისას მის სახელზე არ ყოფილა რეგისტრირებული სადავო ფართი, რის გამოც აღნიშნული ქონება არ შესულა სამკვიდრო მასაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ე-ემ, ბ. ე-ემ და მ. ე-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ცნობა-დახასიათება და მასთან ერთად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული წერილი ასახავს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს საბოლოო მონაცემებს, რომლის მიმართ პირს კანონიერი ნდობა გააჩნია და რომელიც, შემდგომში, უფლების რეგისტრაციის საფუძველია. გაუგებარია, სასამართლომ რის საფუძველზე მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება და წერილი არ ასახავდა საბოლოო მონაცემებს, მაშინ, როდესაც მონაცემების სისწორის დადგენისათვის აუცილებელია შედარდეს ტექნიკური აღირცხვის ბიუროში დაცული სრული ინფორმაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებასთან, განსახილველ შეთხვევაში, არ განხორციელებულა, რადგან სასამართლოში ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში არსებული სრული ინფორმაცია წარდგენილი არ ყოფილა.
კასატორები მიუთითებენ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. კასატორთა მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ცნობა-დახასიათება, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცულ საბოლოო მონაცემებს ასახავს, წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს და იგი სრულ თანხვედრაში მოდის არქივში დაცულ დოკუმენტებთან.
„საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ საინფორმაციო ცნობაში, საინვენტარიზაციო გეგმაში ან/და ცნობა-დახასიათებაში არასწორი შეჯამების ან ნამრავლის შედეგად დატანილია მცდარი ფართობი, უფლებამოსილი პირი ვალდებულია თავად დაიანგარიშოს ფართობები და რეგისტრაცია მოახდინოს ახლად დაანგარიშებული ფართობების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები - ცნობა-დახასიათება და საჯარო რეესტრის წერილი. იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო რეესტრი მიიჩნევდა, რომ ცნობა-დახასიათება ასახავდა არასწორ ინფორმაციას, მას წერილობით უნდა წარედგინა ახალი ცნობა-დახასიათება სწორი ინფორმაციით ან/და საჯარო რეესტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობის თაობაზე. ასეთი სახის მტკიცებულება სასამართლოში არც ერთ ეტაპზე არ წარმოდგენილა.
კასატორთა შეფასებით, სასამართლო, ასევე, არასწორად განმარტავს სამკვიდრო მოწმობასაც, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სამკვიდრო მოწმობა, რომელშიც მითითებულია უძრავი ქონების მახასიათებლები, შეიძლება წარმოადგენდეს უძრავი ქონების დაუზუსტებელ მონაცემებს. ხშირ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობა მოიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას მამკვიდრებლის აქტივებისა და პასივების შესახებ ან/და უძრავი ქონების მისამართსა და საკადასტრო კოდს, რაც ვერ გახდება იმის დასტური, რომ მამკვიდრებელს მხოლოდ ნოტარიუსის მიერ აღწერილი უძრავი ქონება ეკუთვნის და იგი უძრავი ნივთის ფართობის უტყუარი მტკიცებულებაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო ოთახი წარმოადგენდა ლ. ფ-ის საკუთრებას და არსებობდა მისი მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრაციის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ოქტომბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ამონაწერში, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული და მოსარჩელისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ლ. ფ-ის სრული სამკვიდრო ფართის - 126.84 კვ.მ-ისა და 13.06 კვ.მ-ის დარეგისტრირების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს იმ 31.29 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც, მათივე განმარტებით, იყო მათი მამკვიდრებლის – ლ. ფ-ის საკუთრება, რასაც მოწმობს 2017 წლის ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.07.2020წ. წერილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტექ. აღრიცხვის ბიუროს 2017 წლის 6 ნოემბრის #... ცნობა-დახასიათებით, რომელზეც მოსარჩელე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას, ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ...ას ქ., მე-4 შესახვევი #7-ში, ლ. ფ-ის სახელზე აღრიცხულია საცხოვრებელი - 29.53 კვ.მ და დამხმარე - 97.31 კვ.მ (საფუძველი: კანონისმიერი მემკვიდრეობა #..., 18.10.1989, ჩუქების ხელშეკრულება, #..., 28.04.1963).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 ივლისის წერილით, რომელსაც ასევე უკავშირებენ საკუთარ უფლებებს მოსარჩელეები, ქ. ე-ეს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) სხვა მფლობელებთან ერთად მითითებულია ლ. ფ-ე (საფუძველი: 11.10.1989წ. #... კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, ნოტარიუსი: გ-ი (ხელშეკრულებაში მითითებულია: გამოყოფილი ნაწილის 1/2 ნაწილი, სასარგებლო ფართია 95.55 კვ.მ საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა ერთი, საცხოვრებელი ფართია 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართია 66.02 კვ.მ), 28.04.1963წ. #6-... ჩუქების ხელშეკრულება, ნოტარიუსი: გ-ე (ხელშეკრულებაში მითითებულია: მთელი სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილი რეალური ფართი არ ფიქსირდება) და სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1940 წელს). ამავე წერილით ქ. ე-ეს ეცნობა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით, სართულებრივ გეგმაზე აღრიცხული ოთახების იდენტიფიკაცია ვერ ხერხდებოდა, ხოლო მასალაში ინახებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მომზადებული წერილი, რომლის თანახმად (გვერდი 81), ლ. ფ-ეს ეკუთვნის ერთი საცხოვრებელი ოთახი ფართით 29.53 კვ.მ და 5 დამხმარე ოთახი ფართით: 97.31 კვ.მ (21.23 კვ.მ, 31.29 კვ.მ, 14.56 კვ.მ, 10.09 კვ.მ, 20.14 კვ.მ, სულ - 97.31 კვ.მ), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აივანი ზომით 2.35X4.20). საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას და ხაზგასმით აღნიშნავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.07.2020წ. წერილი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის შეტყობინებას და იგი არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ ზემოხსენებულ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით მიიჩნევენ მოსარჩელეები, რომ გარდა საკუთრებად უკვე აღრიცხული ქონებისა, ლ. ფ-ის კუთვნილებას წარმოადგენდა და შესაბამისად, მათ სამკვიდრო მასაში შედიოდა, ასევე, დამატებით 31.29 კვ.მ ფართის მქონე დამხმარე ოთახიც. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 06.08.2020წ. მომზადებული ამონაწერის მიხედვით კი, დადგენილია, რომ მ. ე-ეს, ბ. ე-ესა და ქ. ე-ეს საკუთრებაში აღრიცხული და რეგისტრირებული აქვთ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. IV შესახვ. #7-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: #...., ფართი - 95.55 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 13.06 კვ.მ. აღნიშნული სარეგისტრაციო ჩანაწერის მიხედვით, უძრავ ნივთზე მ., ბ. და ქ. ე-ეების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1) სამკვიდრო მოწმობა #..., დამოწმების თარიღი: 11.05.2007წ., ნოტარიუსი: ე. გ-ი; 2) ჩუქების ხელშეკრულება #6-..., დამოწმების თარიღი: 28.04.1963, ნოტარიუსი: ვ. გ-ე; 3) სამკვიდრო მოწმობა #..., დამოწმების თარიღი: 27.07.2020, ნოტარიუსი: ე. გ-ი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ტექ. აღრიცხვის ბიუროს 31.07.2020წ. #... ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ას მე-4 შესახვ. #7-ში (ყოფილი #5) მდებარე ლიტერი: „ა“ (II გამოყოფილი ნაწილი I და II სართულზე) (დასახელება: საცხოვრებელი/დამხმარე; საცხოვრებელი ფართი: 29.53 კვ.მ; დამხმარე ფართი: 97.31 კვ.მ; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 9.87 კვ.მ) აღრიცხულია ლ. ფ-ის სახელზე. ამავე ცნობა-დახასიათებაზე გაკეთებულია შენიშვნა და მითითებულია, რომ 11.10.1989წ. კანონისმიერ მემკვიდრეობაში ლ. ფ-ეს უფიქსირდება საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი, ხოლო 28.04.1963წ. ჩუქების ხელშეკრულებაში - 1/3 ნაწილი. აღნიშნული წილები სააღრიცხვო ბარათის თავფურცელზე გაუქმებულია, ცნობაში ფართები დაფიქსირდა სართულებრივი გეგმის მიხედვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული სააღრიცხვო მასალების თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ას მე-4 შესახვ. #7-ში (ყოფილი #5) უძრავი ნივთის - სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი ეკუთვნის ე. ფ-ეს. აღნიშნული შედგება ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით - 29.53 კვ.მ, 4 (ოთხი) დამხმარე ოთახისაგან ფართით - 66.02 კვ.მ და უნებართვო აივნისაგან ზომით (2.35X4.20), ასასვლელი კიბით. შემდგომ გაკეთებულია ჩასწორება და მითითებულია ხუთი დამხმარე ოთახი: 1) 21.20 კვ.მ; 2) 31.29 კვ.მ (აღნიშნულ ოთახზე სართულებრივ გეგმაზე გაკეთებულია რუსულენოვანი ჩანაწერი „ფ-ე“); 3) 14.56 კვ.მ; 4) 10.09 კვ.მ; 5) 20.14 კვ.მ, სულ - 97.31 კვ.მ. (საფუძველი: 1940 წლის 24 ოქტომბრის აღმასრულებელი ფურცელი #212. 1958 წლის 13 დეკემბრის აღმასრულებელი ფურცელი #2/2284).
ასევე, ტექ. აღრიცხვის ბიუროს #I... ამონაწერით ირკვევა, რომ ლ. ფ-ის სახელზე ირიცხება ქ. ქუთაისში, ...ას ქ. მე-4 შესახვ. #7-ში მდებარე საერთო ფართი 95.55 კვ.მ (საცხოვრებელი ფართი - 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართი - 66.02 კვ.მ), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საზაფხულო ფართი - 13.16 კვ.მ. ამავე ამონაწერით აღნიშნულ 95.55 კვ.მ ფართზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა 11.10.1989წ. #....
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს 1989 წლის 11 ოქტომბერს შედენილი #... კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაზე, რომლის თანახმად, 1969 წლის 3 იანვარს გარდაცვლილი ს. ფ-ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია შვილი - ლ. ფ-ე. სამკვიდრო ქონებაა - მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ას ქ. მე-4 შესახვ. #7 (ყოფილი #5) გამოყოფილი ნაწილის ½ ნაწილი, რომლის საინვენტარიზაციო #1-42-2, სასარგებლო ფართია 95.55 კვ.მ; საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა - ერთი, საცხოვრებელი ფართია - 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართია - 66.02 კვ.მ, განლაგებული მიწის ნაკვეთზე ფართით 1474 კვ.მ, საერთო სარგებლობის, საინვენტარიზაციო შეფასებაა 6244 მან.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ, ერთი მხრივ, ტექ. აღრიცხვის ბიუროს არქივიდან გაცემული სხვადასხვა სააღრიცხვო დოკუმენტით ლ. ფ-ის სახელზე აღრიცხულია საცხოვრებელი - 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართი - 97.31 კვ.მ და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული 9.87 კვ.მ ფართი, ხოლო, მეორე მხრივ, ტექ. ბიუროდან 1989 წლის შემდეგ გაკეთებული ამონაწერითვე, ლ. ფ-ის სახელზე უკვე ირიცხება მხოლოდ საცხოვრებელი ფართი - 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართი - 66.02 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საზაფხულო ფართი - 13.16 კვ.მ. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი ტექ. ბიუროს მასალებით უტყუარად ვერ დგინდება, რომელ წლამდე ფლობდა ლ. ფ-ე 31.29 კვ.მ სადავო დამხმარე ფართს, თუმცა საქმის მასალებში დაცულია 1971-1972 წლებით დათარიღებული მასალები ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივიდან, რომელთა მიხედვითაც, დასტურდება, რომ აღნიშულ წლებში დამხმარე სათავსო, ფართით 31.29 კვ.მ, უკვე ეკუთვნის ბ. ა-ეს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ტექ. აღრიცხვის ბიუროს გამგის 17.05.72წ.. დათარიღებული წერილი კომუნალური მეურნეობის განყოფილების ა/წ 11.05-#ა-108 დავალებაზე, სადაც ტექ. აღრიცხვის ბიურო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. მე-4 შესახ. #7-ში მდებარე სახლის ნაწილი (რომელიც შედგება მე-2 სართულზე ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 15 კვ.მ, დამხმარესაგან 1/12.87 კვ.მ 2/20.14 კვ.მ, დამხმარე სათავსოებით ფართი - 31.29 კვ.მ, ღია აივანი გარე ზომით 2.0X3.20 კვ.მ) ეკუთვნის ბ. ა-ეს. ამავე წერილში მითითებულია, რომ კვარტალური შემოვლის დროს 1969 წელს აღმოჩნდა, რომ მოქ. ა-ეს უნებართვოდ მიუშენებია მე-2 სართულზე ერთი საცხოვრებელი ფართი 30.80 კვ.მ, ღია აივანი, რომლის ზომა იყო 3.20X2.0 მეტრი, მოუწყვია დამხმარე სათავსოდ, რომლის ფართია 15.0 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახს, რომლის ფართი იყო 15.0 კვ.მ, და დამხმარე სათავსოს შორის, რომლის ფართი იყო 8.38 კვ.მ, აუღია შიდა კედელი და გაუერთიანებია, გამოყენებულია საცხოვრებლად, რომლის ფართია 24.86 კვ.მ, მოწყობილია ღია ბეტონის ბაქანი გარე ზომით 4.50X2.0 მეტრზე. I სართულზე მოწყობილია 4 დამხმარე სათავსო ფართით: 1) 13.02 კვ.მ; 2) 7.81 კვ.მ; 3) 7.36 კვ.მ; 4) 14.32 კვ.მ, აგრეთვე, ეზოში აგებულია დამხმარე სათავსო გარე ზომით 2.50X4.0 მეტრზე. მოქალაქე ა-ე მოითხოვს აღნიშნული რეკონსტრუქციის გაფორმებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იდენტური შინაარსისაა, ასევე, საქმეში წარმოდგენილი 1971 წლის 17 აგვისტოს ტექ. აღრიცხვის ბიუროს წერილიც (წერილი მომზადებულია კომუნალური მეურნეობის განყოფილების #13/07-#ა/77 დავალებაზე) კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგისადმი.
ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ. ქუთაისში, ...ას ქ. მე-4 შესახვ. #7-ში მდებარე გ. ა-ის (მესამე პირის - თ. ა-ის დედა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ინვენტარის #..., გაცემული 21.03.1989წ.), რომლის მიხედვითაც, ბინის პირველ სართულზე განთავსებული 31.29 კვ.მ დატანილია გ. ა-ის სახლის ტექნიკურ პასპორტზე დართულ გეგმაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ამ დროისთვის სადავო ფართი უკვე აღრიცხული იყო გ. ა-ის სახელზე.
საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ 2007 წლის 12 აპრილის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ...ას ქ. მე-4 შესახვ. #7-ში მდებარე უძრავი ნივთი (დაუზუსტებელი ფართობი: 1474 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრება, სახლის გამოყოფილი ნაწილი, რომელიც შედგება 1 საცხოვრებელი ოთახისგან) საერთო ფართით - 95.55 კვ.მ: საცხოვრებელი ფართით: 29.53 კვ.მ, დამხმარე ფართით: 66.02 კვ.მ-ის ½ ნაწილი - აწ. გარდაცვლილი ლ. ფ-ის საკუთრებაა (სარეგისტრაციო ნომერი: ...).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლ. ფ-ის (მოსარჩელეების ბებიის და) გარდაცვალების დროისთვის (27.08.2000წ.) ცოცხალი იყო მისი მემკვიდრე - ო. ე-ე, რომელმაც ანდერძის საფუძველზე მიიღო დეიდის - ლ. ფ-ის ქონება, თუმცა იურიდიულად ვერ მოასწრო გადაფორმება, ვინაიდან ო. ე-ე გარდაიცვალა 28.07.2006წ. შესაბამისად, ლ. ფ-ის სამკვიდრო ქონება, რომელიც ფაქტობრივად ჰქონდა მიღებული ო. ე-ეს, მიიღეს და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს ო. ე-ის მეუღლემ და შვილებმა. თუმცა ო. ე-ისაგან მოსარჩელეებს არც ფაქტობრივი ფლობით და არც სამკვიდრო მოწმობით არ მიუღიათ სადავო ქონება. ამასთან, მოსარჩელეების მიერ არ წარმოდგენილა არც იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ო. ე-ის სახელზე გაცემულ ანდერძში მოხსენებულია სადავო 31.29 კვ.მ ფართი. ყოველივე ზემოაღნიშნილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ლ. ფ-ის სამკვიდროს გახსნისას მის სახელზე არ ყოფილა რეგისტრირებული სადავო ფართი, რის გამოც აღნიშნული ქონება არ შესულა სამკვიდრო მასაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ. ჭ-ეს (პ/ნ ...) ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარზე 11.07.2022წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება;
3. ჯ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ქ. ე-ის, ბ. ე-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარზე 11.07.2022წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა