Facebook Twitter

საქმე №ბს-846(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 31 ივლისს გ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გ. ლ-ა ცხოვრობს თავის კუთვნილ მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმში, ...ის მესამე შესახვევის ...-ში (ს/კ ...). მას სხვაგან არასდროს უცხოვრია. მისი ოჯახი აქ განსახლების პერიოდიდანვე ფლობდა და სარგებლობდა მათი სახლის მიმდებარე მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მომიჯნავედ. მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობითა და განფენილობით ყველაზე მეტად არის დაკავშირებული გ. ლ-ას მიწის ნაკვეთთან, მდებარეობს უშუალოდ მისი სახლის უკან. ფაქტს, რომ გ. ლ-ას ოჯახი ათწლეულების მანძილზე ფლობდა და იყენებდა ამ ნაკვეთს, ადასტურებენ მეზობლებიც, რომლებიც თანახმა არიან, რომ ეს ნაკვეთი გადავიდეს გ. ლ-ას საკუთრებაში და არ გამოთქვამენ არავითარ პრეტენზიას. მოსარჩელის განმარტებით, უახლოეს წარსულში აღნიშნული მიწის ნაკვეთის გავლით ...ის ...ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოხდა რამოდენიმე ხის გადატანა. ამ პროცესის გამო აღნიშნულ ნაკვეთზე მოიშალა ყოველგვარი მიჯნა და სარგებლობის კვალი, რაც ბუნებრივია, ვინაიდან აღნიშნული პროცესი მოითხოვს უზარმაზარი მძიმე ტექნიკის გადაადგილებას და შესაბამის ფართს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად, 2019 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელე გ. ლ-ამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც თავის მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო თვითნებურად დაკავებული, შუამდგომლობით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. გამომდინარე იქიდან, რომ მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, კომისიამ არ ჩათვალა დადგენილად ნაკვეთის ფლობის ფაქტი და საკუთრების აღიარებაზე გ. ლ-ას უარი უთხრა.

ამდენად, მოსარჩელემ გ. ლ-ას ნაწილში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 22 ივნისის №6 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2020 წლის 1 ივლისის №196 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც გ. ლ-ას უღიარდება საკუთრების უფლება თავის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ქ. ბათუმში, ...ის მესამე შესახვევში ...-ში მდებარე 209 კვ.მ ფართის მქონე ნაკვეთზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით გ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 22 ივნისის №6 საოქმო გადაწყვეტილება გ. ლ-ას ნაწილში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და 2020 წლის 1 ივლისის №196 განკარგულება გ. ლ-ას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. ბათუმში, ...ის მესამე შესახვევში ...-ში მდებარე 209 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 30 დეკემბერს გ. ლ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია, მისამართზე ბათუმი, ...ის მე-3 შესახვევი .... განცხადებასთან ერთად გ. ლ-ას წარმომადგენელმა წარადგინა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავე განცხადებით გ. ლ-ას წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის შესახებ. 2020 წლის 13 იანვარს (№...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ლ-ას წარმომადგენლის მიერ წარდგენილი და დამატებით რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენნტაცია განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი გ. ლ-ას კუთვნილი (საკუთრებად რეგისტრირებული) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 11 მარტის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტით ირკვევა, რომ ნაკვეთი არ არის შემოღობილი, განლაგებულია ქარსაფარის მომიჯნავედ, რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის გ. ლ-ას წარმომადგენლის განმარტებით, გ. ლ-ას ოჯახი დასახლების პერიოდიდანვე ფლობდა, იყენებდა და სარგებლობდა მათ საკუთერებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 209 კვ.მ მიწის ნაკვეთით. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გავლით ...ში ...ის მშებებლობის გამო მოხდა რამდენიმე ხის გადატანა და რომ ამ პროცესის გამო აღნიშნულ ნაკვეთზე მოიშალა ყოველგვარი მიჯნა და სარგებლობის კვალი, ,,კომისიის“ მიერ კი არ მომხდარა საქმის ძირეულად გამოკვლევა, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩაურთავთ დაინტერესებული პირი, არ გამოუკითხავთ მეზობლები და არც სხვა მტკიცებულებები შეუგროვებათ. კომისიის ადგილის დათვალიერებაზე გასვლა და მითითება, რომ ნაკვეთი არ იყო შემოღობილი, არაფერს ცვლიდა, პირიქით, ადასტურებდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ კომისიას სათანადოდ არ გამოუკვლევია საკითხი. ამასთან, სიტუაციურ ნახაზზე აღნიშნულია მოსარჩელე - გ. ლ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ასევე აღნიშნულია ის მიწის ნაკვეთიც, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებასაც მოსარჩელე ითხოვს, რომელიც მდებარეობს მისი კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავედ (მოსაზღვრედ), ხოლო რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ ვერ დგინდებოდა მატერიალური სახის მიჯნის არსებობა ამ ორ ნაკვეთს შორის, რაც კანონმდებლობას არ შეესაბამება, რასაკვირველია შეიძლება არსებობდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთები ისე, რომ მათ შორის არ იყოს აღმართული რაიმე სახის მიჯნა.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასება და დასაბუთება იმის შესახებ, რომ კომისიის მიერ დასადგენია გ. ლ-ას მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იყო თუ მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში), ასევე მოსაძიებელია ორთოფოტო მასალა (აეროფოტოგადაღება), რითაც დადასტურდება 2007 წლის კანონის ძალაში შესვლის პერიოდამდე სადავო მიწის ნაკვეთის (209 კვ.მ) თვითნებურად დაუფლების ფაქტი, რაც ასახავდა კანონის ძალაში შესვლამდე არსებულ მდგომარეობას, ერთიანი ღობით მოთხოვნილი ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთთან ერთიან სივრცეში ყოფნას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზისა და კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ განსახილველი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში და არ დგინდებოდა განმცხადებლის აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობისა და თვითნებურად დაკავების ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებდა მიწის აღიარების კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისიამ განმცხადებელს უარი უთხრა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, კანონმდებლობის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი გამოცემულია ფორმალური და მატერიალური კანონიერების მოთხოვნების დაცვით.

ამასთან, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას დამატებითი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი გარემოების სახით კომისიის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო ახალი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემდე (2019 წ.) იმავე მიწის აღაირებაზე პრეტენზიას აცხადებდა ი. ჯ-ი, რომელსაც მოსარჩელის მსგავსად უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე 2019 წლის 13 აგვისტოს №513 განკარგულებით, იმავე საფუძვლითა და მიზეზით, როგორც მოსარჩელს. აღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად ეჭვქვეშ აყენებდა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობისა და სარგებლობის ფაქტს და უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზედაც მოსარჩელე მხარე აპელირებდა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების შეფასება და გამოკვლევა მოგვცემდა სწორ სამართლებრივ შეფასებას და დაადასტურებდა, რომ აღიარების კომისიის უარი მოსარჩელის მიმართ იყო კანონიერი და გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან.

კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა ვერც მიჯნის არსებობა, ასევე ვერც სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული და მთლიანი მტკიცების ტვირთი დაეკისრა აღიარების კომისიას.

კასატორის მითითებით, მოსარჩელეს არც პირველი ინტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთიდან გატანილი იყო ...ისათვის ხეები, არ მოუწოდებია რა ჯიშის ხეები იყო ისინი და არც მოწმეთა ჩვენებები წარმოუდგენია (კომპანია ვინც აწარმოებდა ხეების გადატანას), რომლებიც დაადასტურებდნენ ამ გარემოებას. ასევე მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი თუნდაც მცირედი ინფორმაცია რა სახის მიჯნით ჰქონდა შემოკავებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და რაში გამოიხატებოდა ამ მიწის ფლობა და სარგებლობა. სწორედ ამ მტკიცებუილებების არ არსებობის გამო კომისიის მიერ დადგენილი იქნა გარემოება, რომ მოსარჩელე არ ფლობდა და სარგებლობდა ასაღიარებლად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი არის მოსარჩელეზე და არა მოპასუხეზე, როგორც ამას სასამართლო თვლის თავის გადაწყვეტილებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო განკარგულებით გ. ლ-ას უარი ეთქვა ქ.ბათუმში, ...ის შეს. ...-ში მდებარე 209.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით და მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დგინდებოდა, რომ გ. ლ-ას განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული 860.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ, თუმცა, განსახილველი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთით სარგებლობა და მისი თვითნებურად დაკავება გ. ლ-ას მიერ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში დაცული 29.10.2019 წელს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, ქ.ბათუმში, ...ის მე-3 შესახვევის ...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 860.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ... (წინა N..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, საერთო ფართით 154.61 კვ.მ.), 16.05.1999 წლის №327 ბრძანებულების საფუძველზე, რეგისტრირებულია გ. ლ-ას (პ/ნ ...) საკუთრებად. ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი გ. ლ-ას კუთვნილი (საკუთრებად რეგისტრირებული) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა, რომელსაც, მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი წლებია ფლობს და სარგებლობს, მაგრამ სადავო მიწის ნაკვეთის გავლით ...ის ...ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოხდა რამოდენიმე ხის გადატანა და ამ პროცესის გამო აღნიშნულ ნაკვეთზე მოიშალა ყოველგვარი მიჯნა და სარგებლობის კვალი.

ამასთან, მოწმეების - ა. შ-ის (პ/ნ ..., მცხ: ბათუმი, ...ის III შეს. ...-ში) და მ. ყ-ის (პ/ნ ..., მცხ: ბათუმი, ...ის III შეს. ...-ში) სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ გ. ლ-ა (პ/ნ ...) 1980 წლიდან ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 209.0 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ბათუმში, ...ის მესამე შესახვევში ..., ს/კ-ით ...) მიმდებარედ, რომელიც იდენტურია ნახაზისა (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...). აგრეთვე ადასტურებენ, რომ უახლოეს წარსულში ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გავლით ...ის ...ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოხდა რამოდენიმე ხის გადატანა, რის შედეგადაც მოხდა მიწის ნაკვეთის იერსახის შეცვლა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ შეუფასებია საკითხი სრულყოფილად და არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები მოსარჩელე გ. ლ-ას მიერ სადავო მიწის ნაკვეთის (209 კვ.მ) თვითნებურად დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზედ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემდე (2019 წ.) პრეტენზიას აცხადებდა ი. ჯ-ი, აღნიშნული გარემოება იმთავითვე არ ქმნის გ. ლ-ას მოთხოვნის უარყოფის საფუძველს, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც კასატორი თავადვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მსგავსად, მასაც უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე 2019 წლის 13 აგვისტოს №513 განკარგულებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში დავა არსებითად სასამართლოს მიერ არ გადაწყვეტილა, რამეთუ სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა