საქმე #ბს-763(2კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კ.ნ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 28 ივნისს კ.ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის #MIA 7 21 01328203 ბრძანებით, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ბრძანების საფუძველს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე.
მოსარჩელის მითითებით, იგი იყო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2001 წლიდან. გათავისუფლებამდე მას ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაშია მითითებული, 2020-2021 წლებში ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოსათვის სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების მიზნით, ყოველთვიურად გამოიყოფოდა 2700 ლიტრი ბენზინის და 2300 ლიტრი დიზელის საწვავი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ბენზინის საწვავი მეტად იხარჯებოდა და დიზელი რჩებოდა ნაშთად, პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ხელი რომ არ შეშლოდათ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაში, დიზელის საწვავის ტალონი იცვლებოდა ბენზინის საწვავში. გენერალურ ინსპექციაში დაბარებულ თანამშრომლებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას აიძულებდნენ ეთქვათ, რომ პოლიციის უფროსი - კ.ნ-ა ყიდდა საწვავს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც გენერალურმა ინსპექციამ სასურველი შინაარსის ჩვენება თანამშრომლებისაგან ვერ მიიღო, უშუალოდ მას ეთხოვა ეღიარებინა, რომ ყიდდა საწვავს, რის სანაცვლოდაც სხვა თანამდებობაზე გადაიყვანდნენ, თუმცა რამდენადაც კ.ნ-ას არ ჩაუდენია უკანონო ქმედება, მან უარი განაცხადა აღიარებაზე. საწვავის გადაცვლის ფაქტი ცნობილი იყო ყველა ხელმძღვანელი თანამდებობის პირისათვის, თუმცა არა წერილობით, არამედ - სიტყვიერად.
მოსარჩელის მითითებით, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ხელმძღვანელ პირად მუშაობდა წლების განმავლობაში, კერძოდ, 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით იყო ...ში სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2015 წელს დაინიშნა სამმართველოს უფროსად. ამასთან, იგი არასდროს ყოფილა ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოსარჩელის მოსაზრებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ თითქოს კ.ნ-ა არ ახორციელებდა და არც სხვა მოსამსახურისათვის ჰქონდა დავალებული ვალად აღებული ბენზინის საწვავის რაოდენობის აღრიცხვა-კონტროლი. გენერალურ ინსპექციაში წარდგენილ იქნა ჟურნალი, რომელშიც დეტალურად აღირიცხებოდა საწვავი, თუმცა ჟურნალში აღწერილი გარემოებები გენერალური ინსპექციის დასკვნაში განსხვავებულად იქნა განმარტებული. მართალია, კ.ნ-ას არ მიუმართავს ხელმძღვანელისათვის არც სიტყვიერად და არც პატაკით, მაგრამ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ იყო იმ მნიშვნელობისა და ხარისხის, რომელსაც შეეძლო მისი სამსახურიდან გათავისუფლება და მეტიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა გამოეწვია.
ამდენად, მოსარჩელემ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის #MIA 7 21 01328203 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე კ.ნ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის კ.ნ-ას დათხოვნის დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ.ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის #MIA 7 21 01328203 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე კ.ნ-ასთან მიმართებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.ნ-ამ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კ.ნ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2021 წლის 24 მაისს დამტკიცებული ამავე სამინისტროს მოსამსახურე კ.ნ-ასა და სხვათა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნაში მიეთითა შემდეგი: მოპოვებული მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ პოლიციის ვიცე პოლკოვნიკმა - კ.ნ-ამ ჩაიდინა ქმედება, რაც გამოიხატა შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლაში, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის არასამსახურებრივად გამოყენების რისკი და გახარჯული საწვავის კონტროლის მექანიზმების მოშლა, რითაც წარმოიქმნა ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი. უფრო კონკრეტულად კი, 2020-2021 წლებში შსს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოსათვის, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების მიზნით, ყოველთვიურად გამოიყოფოდა 2700 ლიტრი ბენზინისა და 2300 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც ირიცხებოდა როგორც სამსახურებრივ, ასევე, კერძო ავტომანქანებისათვის შპს „ს...ას“ (...) მიერ დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე. იმ მოტივით, რომ თითქოს ხსენებულ სამმართველოს არ ყოფნიდა ბენზინი, ხოლო დიზელი მთელი თვის ბოლოს რჩებოდა ნაშთად, 2020 წლის მარტის თვეში ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის - კ.ნ-ას მითითებით, ყოველთვიურად, საჭიროებიდან გამომდინარე, ...ის რაიონულ სამმართველოს მოსამსახურეები ...ის რაიონში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „...დან“ ვალად ჩაისხამდნენ ბენზინს, რის სანაცვლოდაც მიუტანდნენ შესაბამისი რაოდენობის დიზელის საწვავს. სადავო არ არის, რომ, თავის მხრივ, კ.ნ-ას თანხმობის შემდეგ, ...ის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ს...ას“ (...) კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე ...ის რაიონული სამმართველოს საწვავის ბარათებიდან 20 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში ჩასხმის გზით, ანაღდებდნენ დიზელის საწვავს. გარდა ამისა, კ.ნ-ას დავალებით საწვავის ბარათების გამოყენება ხდებოდა დადგენილი წესის გვერდის ავლით. კერძოდ, საწვავი ბარათებიდან, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ბარათზე მითითებულ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანისათვის, საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა სხვადასხვა (სამსახურებრივ და შს სამინისტროს მოსამსახურეთა კუთვნილ) ავტომანქანებში. სამინისტროს პრეტენზია, ასევე, გამოიხატა იმაში, რომ სამსახურებრივი შესყიდვისას გათვალისწინებული იყო ხარისხი, რათა არ მომხდარიყო სამსახურებრივი მანქანების დაზიანება. თავისი ქმედებით კ.ნ-ამ რისკის ქვეშ დააყენა ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობა, ვინაიდან მის მიერ ვერ განხორციელდებოდა „ნასესხები“ ბენზინის საწვავის ხარისხის კონტროლი. ასევე, დასკვნაში აღინიშნა, რომ კ.ნ-ას გადაწყვეტილებით ...ის რაიონულ სამმართველოში ფორმალურად იწარმოებოდა საწვავის ჟურნალები, რომლებშიც არასრულყოფილად იყო შეყვანილი ინფორმაცია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული საწვავის ოდენობების შესახებ, არ იყო მითითებული, რომელი ბარათის გამოყენებით მოხდა საწვავის განაღდება, რის გამოც ხსენებული ჟურნალების გამოყენებით საწვავის სამსახურებრივი მიზნით გამოყენების დადგენა ფიქცია იყო. აგრეთვე, ჟურნალებში არ იყო გამიჯნული ვალად აღებული საწვავი, რის გამოც ჟურნალები ვერ იქნებოდა მიჩნეული ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევამდე მოსარჩელეს არ ჩაუდენია რაიმე სახის ადმინისტრაციული გადაცდომა, ამასთან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე უარყოფითად ხასიათდებოდა. დასახელებული გარემოებების, ასევე, საქმეზე არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და კ.ნ-ას ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხარისხის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის სახდელის სახედ სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება არ იყო მის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური. სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, საყურადღებოდ მიიჩნია გენერალური ინსპექციის დასკვნის შინაარსიც, კერძოდ, მასში აღინიშნა, რომ საბოლოოდ კ.ნ-ას ქმედებას არ მოჰყოლია კონკრეტულად რაიმე მძიმე შედეგი სამსახურისათვის, არამედ მისმა ქმედებებმა შექმნა საწვავის არასამსახურებრივად გამოყენებისა და ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მოსარჩელის ქმედებას სამსახურისათვის მძიმე შედეგები არ გამოუწვევია, მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ შექმნა გარკვეული სახის რისკი, რაც ვერ ჩაითვლებოდა იმ სახის და ხარისხის გადაცდომად, რომელიც გაამართლებდა და დაასაბუთებდა კ.ნ-ას სამსახურიდან გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაპროპორციულად იქნა გამოყენებული სანქცია - სამუშაოდან დათხოვნა.
ამდენად, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე მსჯელობის გვერდის ავლით გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი ღონისძიება და მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.ნ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - კ.ნ-ა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ როგორც წარმოდგენილი მასალებით არის დადგენილი, მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული კონკრეტული მატერიალური ზიანის არსებობის ფაქტი, რაც გამოწვეული იქნებოდა მოსარჩელე კ.ნ-ას ქმედებებით. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო კანონით განსაზღვრული უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენება.
კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები იძლეოდა საკმარის საფუძველს, სასამართლოს ემსჯელა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, სადავო საკითხის გადაწყვეტით მიეღო გადწაყვეტილება და შესაბამისად, ემსჯელა სხვა სასარჩელო მოთხოვნებზეც.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რაც შესაძლებელს გახდიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც სამინისტროს მიერ არ იქნა მოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, გარემოება, რომლის გამორკვევა-შეფასებაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნიდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, რომ კ.ნ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რასაც თავად მოსარჩელეც აღიარებდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და დადგენილად მიიჩნია კ.ნ-ას მიერ არაერთი დისციპლინური გადაცდომა, დაუსაბუთებელია, თუ რატომ იყო შეუძლებელი სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით თავად მიეღო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცემია ადეკვატური სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ, ერთი მხრივ, გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, დაეთანხმა კ.ნ-ას მხრიდან კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, დაადასტურა გადაცდომის სიმძიმე, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავდა ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას. კასატორის მითითებით, ერთადერთი არგუმენტაცია, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა მიღებული განჩინება, უკავშირდება მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრას, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია იმ საფრთხეებსა და დარღვევებზე, რომელიც კ.ნ-ას ქმედებით დადგა, რაც საკმარის საფუძველს ქმნიდა დისციპლინური სახდელის სახით კ.ნ-ას მიმართ გამოყენებულიყო სამსახურიდან დათხოვნა.
კასატორის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 24 იანვრის #27 ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საწვავის ყოველთვიური ლიმიტი. ამავე ბრძანების თანახმად, დამტკიცებულ ლიმიტს ზემოთ საწვავის გაცემა უნდა განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა მოტივირებული პატაკის საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ კ.ნ-ამ თვითნებურად დანერგა საწვავის გადაცვლის პრაქტიკა, ისე, რომ მას საწვავის ლიმიტის გაზრდის მოთხოვნით ზემდგომი ხელმძღვანელისათვის არ მიუმართავს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ.ნ-ა თვითონ არ ახორციელებდა ვალად აღებული ბენზინის საწვავის რაოდენობის აღრიცხვა-კონტროლს და აღნიშნული არც სხვა დაქვემდებარებული მოსამსახურისათვის ჰქონდა დავალებული. ვალის გადახდა ხდებოდა ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის მიერ დასახელებული რაოდენობის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, ვალად ჩასხმული საწვავის ოდენობაზე მეტის მოთხოვნის შემთხვევაში, არ არსებობდა რაიმე კონტროლის მექანიზმი. კასატორის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დანერგილი სამსახურებრივი საწვავის გაცემის წესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა კონტროლის მექანიზმი, რადგან არ მოხდეს სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყოფილი საწვავის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება. საკუთარი ქმედებით კ.ნ-ამ გვერდი აუარა დადგენილ წესებს, რითიც მოშალა კონტროლის მექანიზმი და რისკის ქვეშ დააყენა სახელმწიფო ქონების განკარგვის კანონიერება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი საწვავის შესყიდვისას გათვალისწინებულია ხარისხი, რათა არ დაზიანდეს სამსახურებრივი ავტომანქანები. თავისი ქმედებით კ.ნ-ამ რისკის ქვეშ დააყენა სამსახურებრივი ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობა, ვინაიდან მის მიერ ვერ განხორციელდებოდა ბენზინის საწვავის ხარისხის კონტროლი.
შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კ.ნ-ას მიერ თვითნებურად შემუშავებული და დანერგილი პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი სამსახურებრივი საწვავის გაცემის წესის დარღვევით, რისკის ქვეშ აყენებდა სახელმწიფო ქონების განკარგვის კანონიერებას. ამავდროულად, აღნიშნული ქმედებით მან ზიანი მიაყენა პოლიციელის პირად ავტორიტეტს და, ზოგადად, სამინისტროს იმიჯს.
კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კ.ნ-ას ქმედებების სიმძიმე, ის მომეტებული პასუხისმგებლობა, რომელიც მას, ერთი მხრივ, როგორც პოლიციელს, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროს სისტემაში მაღალი თანამდებობის მქონე პირს ეკისრებოდა. რამდენადაც იგი წარმოადგენდა ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, მას ევალებოდა ყოფილიყო მისაბაძი მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის. კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საჯარო სამსახურში მსგავსი ფაქტების მკაცრ კონტროლს მკაცრი დისციპლინური სახდელის ფარგლებში, რაც სამომავლოდ ამგვარი ქმედების პრევენციას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება კონკრეტულ ზიანს, კასატორი აღნიშნავს, რომ სწორედ კ.ნ-ას მიერ თვითნებურად შემუშავებული და დანერგილი პრაქტიკის შედეგია ის, რომ ვალად აღებული ბენზინის საწვავის რაოდენობის აღრიცხვა-კონტროლის მოშლის შედეგად, შეუძლებელია ზიანის ოდენობის ზუსტი განსაზღვრა.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ფაქტის სიმძიმეს. კ.ნ-ა სისტემატურად არღვევდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომა გამოიხატა უხეში ხასიათის ქმედებებში, რაც შეუძლებელს ხდის საჯარო სამსახურში მისი მუშაობის გაგრძელებას. მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედებები ცალსახად შეუფერებელია სამინისტროს მოსამსახურეებისათვის და მათი სიმძიმის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ერთობლიობაში, არამედ ცალ-ცალკეც იძლევა კ.ნ-ას სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კ.ნ-ას მიერ დისციპლინური წესდების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის პროპორციულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კ.ნ-ას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კ.ნ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის #MIA 7 21 01328203 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე კ.ნ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, აგრეთვე, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის კ.ნ-ას დათხოვნის დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. იმავე დანაწესს შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის #MIA 7 21 01328203 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კ.ნ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება), „გ“ (ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა), „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ქვეპუნქტები.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის შერჩევის მართებულობის გამოსარკვევად და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, არსებითია მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა ის გარემოება, რომელიც კავშირშია მოსარჩელის პიროვნებასთან, გადაცდომის ხასიათთან და ა.შ. შესაბამისად, სადავო საკითხი შეფასებულ უნდა იქნეს არა ერთი კონკრეტული შემთხვევის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო ჭრილში, რათა დადგინდეს გადაცდომის რეალური სიმძიმე, ხარისხი და ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით საბოლოოდ გამოყენებული სახდელის ადეკვატურობა. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. როგორც უკვე აღინიშნა, არსებითია ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლებული პირის პიროვნება, მისი ზოგადი დამოკიდებულება დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას, მანამდე არსებული დისციპლინური გადაცდომების არსებობა, ასევე, ის, თუ რა კონკრეტული ზიანი მიაყენა ჩადენილმა ქმედებამ ადმინისტრაციულ ორგანოს, რა დოზითა და სახით შეაფერხა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირება, აგრეთვე, სხვა ისეთი ფაქტორები, რომელიც ცალსახად უპირობოდ გაამართლებს კ.ნ-ას სამსახურიდან დათხოვნას.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებებზე, რომლებიც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2021 წლის 24 მაისს დამტკიცებული ამავე სამინისტროს მოსამსახურე კ.ნ-ასა და სხვათა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნაში მიეთითა შემდეგი: მოპოვებული მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ პოლიციის ვიცე პოლკოვნიკმა - კ.ნ-ამ ჩაიდინა ქმედება, რაც გამოიხატა შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლაში, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის არასამსახურებრივად გამოყენების რისკი და გახარჯული საწვავის კონტროლის მექანიზმების მოშლა, რითაც წარმოიქმნა ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი. უფრო კონკრეტულად კი, 2020-2021 წლებში შსს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოსათვის, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების მიზნით, ყოველთვიურად გამოიყოფოდა 2700 ლიტრი ბენზინისა და 2300 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც ირიცხებოდა როგორც სამსახურებრივ, ასევე, კერძო ავტომანქანებისათვის შპს „ს...ას“ (...) მიერ დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე. იმ მოტივით, რომ თითქოს ხსენებულ სამმართველოს არ ყოფნიდა ბენზინი, ხოლო დიზელი მთელი თვის ბოლოს რჩებოდა ნაშთად, 2020 წლის მარტის თვეში ...ის რაიონული სამმართველოს უფროსის - კ.ნ-ას მითითებით, ყოველთვიურად, საჭიროებიდან გამომდინარე, ...ის რაიონულ სამმართველოს მოსამსახურეები ...ის რაიონში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „...დან“ ვალად ჩაისხამდნენ ბენზინს, რის სანაცვლოდაც მიუტანდნენ შესაბამისი რაოდენობის დიზელის საწვავს. სადავო არ არის, რომ, თავის მხრივ, კ.ნ-ას თანხმობის შემდეგ, ...ის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ს...ას“ (...) კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე ...ის რაიონული სამმართველოს საწვავის ბარათებიდან 20 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში ჩასხმის გზით, ანაღდებდნენ დიზელის საწვავს. გარდა ამისა, კ.ნ-ას დავალებით საწვავის ბარათების გამოყენება ხდებოდა დადგენილი წესის გვერდის ავლით. კერძოდ, საწვავი ბარათებიდან, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ბარათზე მითითებულ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანისათვის, საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა სხვადასხვა (სამსახურებრივ და შს სამინისტროს მოსამსახურეთა კუთვნილ) ავტომანქანებში. სამინისტროს პრეტენზია, ასევე, გამოიხატა იმაში, რომ სამსახურებრივი შესყიდვისას გათვალისწინებული იყო ხარისხი, რათა არ მომხდარიყო სამსახურებრივი მანქანების დაზიანება. თავისი ქმედებით კ.ნ-ამ რისკის ქვეშ დააყენა ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობა, ვინაიდან მის მიერ ვერ განხორციელდებოდა „ნასესხები“ ბენზინის საწვავის ხარისხის კონტროლი. ასევე, დასკვნაში აღინიშნა, რომ კ.ნ-ას გადაწყვეტილებით ...ის რაიონულ სამმართველოში ფორმალურად იწარმოებოდა საწვავის ჟურნალები, რომლებშიც არასრულყოფილად იყო შეყვანილი ინფორმაცია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული საწვავის ოდენობების შესახებ, არ იყო მითითებული, რომელი ბარათის გამოყენებით მოხდა საწვავის განაღდება, რის გამოც ხსენებული ჟურნალების მეშვეობით საწვავის სამსახურებრივი მიზნით გამოყენების დადგენა ფიქცია იყო. აგრეთვე, ჟურნალებში არ იყო გამიჯნული ვალად აღებული საწვავი, რის გამოც ჟურნალები ვერ იქნებოდა მიჩნეული ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ხსენებული ქმედების ჩადენის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებები არ ქმნიდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების საკმარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო შემთხვევამდე მოსარჩელეს არ ჩაუდენია რაიმე სახის ადმინისტრაციული გადაცდომა, ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე უარყოფითად ხასიათდება. დასახელებული გარემოებების, ასევე, საქმეზე არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და კ.ნ-ას ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხარისხის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის სახდელის სახედ სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება არ არის მის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური. აქვე, ყურადსაღებია გენერალური ინსპექციის დასკვნის შინაარსიც, კერძოდ, მასში აღინიშნა, რომ საბოლოოდ კ.ნ-ას ქმედებას არ მოჰყოლია კონკრეტულად რაიმე მძიმე შედეგი სამსახურისათვის, არამედ მისმა ქმედებებმა შექმნა საწვავის არასამსახურებრივად გამოყენებისა და ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მოსარჩელის ქმედებას სამსახურისათვის მძიმე შედეგები არ გამოუწვევია, მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ შექმნა გარკვეული სახის რისკი, რაც ვერ ჩაითვლება იმ სახის და ხარისხის გადაცდომად, რომელიც გაამართლებდა და დაასაბუთებდა კ.ნ-ას სამსახურიდან გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაპროპორციულად იქნა გამოყენებული სანქცია - სამუშაოდან დათხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კ.ნ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა