Facebook Twitter

საქმე #ბს-880(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 18 მაისს ჰ. ფ. ჰ-მა და მ. ჰ. ა. ქ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ე. ყ-ის 2017 წლის 26 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.08.2012წ. #... და 14.08.2012წ. #... გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის: შეცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადების შესახებ. ე. ყ-ის მიერ იმავე საკითხზე, იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი მოთხოვნით 2016 წლის 17 მაისს წარდგენილ #101670/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიღებული იყო 18.07.2016წ. #... გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც გასაჩივრებული იყო ე. ყ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და იმყოფებოდა განხილვის სტადიაზე. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად, არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ე. ყ-ისათვის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.08.2012წ. #... და 14.08.2012წ. #... გადაწყვეტილებების არსებობის შესახებ ცნობილი იყო 2012 წლის აგვისტოს თვეში. წლების განმავლობაში, მას არაერთგზის ჰქონდა წარდგენილი და გამოყენებული აღნიშნული გადაწყვეტილებები სხვდასხვა ორგანოებში დავისას. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ე. ყ-მა დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადაც, რაც, ასევე, უგულებელყოფილ იქნა საჯარო რეესტრის მიერ.

მოსარჩელეთა განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, უფრო კონკრეტულად, მოსარჩელეთა მიერ და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან წარდგენილი მასალა, რომლითაც დგინდება #2 ...ოს მდებარეობა, კერძოდ, 1998 წელს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირისათვის #2 ...ოს უზუფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით რეგისტრაციის მასალა, სადაც აღნიშნულია, რომ ...ო #2 მდებარეობდა სხვენ სართულზე. მოსარჩელეთა მითითებით, საჯარო რეესტრი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სააღრიცხვო მასალაში დაცული ფართების დანიშნულების განმსაზღვრელ ძველ ფორმა #5-6-ს, რომლის შედგენის თარიღი უცნობია, თუმცა ნათელია, რომ შემდგომ არსებითად შეცვლილია ფართების დანიშნულება და ოდენობაც, რადგან მასში არ არის ნაჩვენები მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულის ზემოთ არსებული სხვენ-სართული და მანსარდა, ასევე, მასში მითითებული ...ო #1, #2 და #3-ის დანიშნულება და მდებარეობა არ ემთხვევა 1997 წელს გაცემული ბინის ორდერის და 1999 წლის პრივატიზაციის შემდგომ მონაცემებს. მოსარჩელეთა მითითებით, აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს რეესტრის ჩანაწერები და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული უზუფრუქტის მასალები, სწორედ ამ ფაქტების უგულებელყოფით და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების გარეშე იქნა მიღებული 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, ისე, რომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მოხსენებული #19ა ბინის ორდერი, რომელიც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ იქნა 2018 წლის 20 მარტს. 1997 წლის 4 მარტს გაცემულ #... ორდერში სრულყოფილად არის მითითებული, რომ ორდერი საცხოვრებელ სადგომზე (ქ. თბილისში, ...ი #4ა, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა #19ა, საერთო ფართი - 64 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 39 კვ.მ (ოროთახიანი)) გაცემულია მ. ჯ-ზე ოჯახით ორი სული: თავად მ. ჯ-ი და დ. ი-ი (ბებია), რის საფუძველზეც 1999 წლის 29 მარტს განხორციელებულია ზუსტად იგივე ოროთახიანი ბინის პრივატიზაცია. 2018 წლის 17 აპრილს საჯარო რეესტრის მიერ ნოტარიუს ლ. გ-ისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ორდერის დედნის მასთან არსებობის შესახებ, თუმცა შემდგომ გადაწყვეტილებაში არ არის მოხსენებული არც ორდერი და არც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ის დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელია მოსარჩელეთა მიერ შეძენილი ფართის იდენთიფიკაცია (ფაქტების კონსტატაციის ოქმები და ბოლო აუქციონის მასალა). ასევე, არ არის ნახსენები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლითაც ზუსტადაა მითითებული #2 ...ოსა და #19ა ბინის ადგილმდებარეობები, ასევე, ადგილობრივი დათვალიერების ოქმები, რომლითაც შესაძლებელია ფართების იდენთიფიკაცია.

მოსარჩელეთა მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 9 თებერვლის #9044 წერილის თანახმად, უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე განხორციელდა 2008 წელს საჯარო რეესტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აუდიტის დასკვნებში მითითებული გარემოებების გადამოწმებით საჯარო რეესტრი ცდილობს 2012 წელს სრულიად კანონიერად განხორციელებული რეგისტრაციის რევიზიას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრს არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოებები, რის გამოც მიღებულ იქნა უკანონო და მიკერძოებული გადაწყვეტილება.

მოსარჩელეთა განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 აპრილის #... გადაწყვეტილების მიღებით და შემდგომში მის საფუძველზე განხორციელებული ქმედებებით შეილახა ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის კანონიერი უფლებები და ინტერესები, რადგანაც აქტი მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სათანადო შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. ჰ. ფ. ჰ-სა და მ. ჰ. ა. ქ-ის კანონიერი ნდობა ჰქონდათ ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ და სწორედ საჯარო რეესტრში ინფორმაციის გადამოწმებისა და ბინის ადგილზე ნახვის შემდეგ შეიძინეს შპს „პ...ისაგან“ უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი #4ა, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა #19ა; ს.კ. ...).

ამდენად, მოსარჩელეებმა რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 აგვისტოს #... და 2012 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე. ყ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ჰ. ფ. ჰ-ის და მ. ჰ. ა. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჰ. ფ. ჰ-მა და მ. ჰ. ა. ქ-იმ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. შ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით ჰ. ფ. ჰ-ის და მ. ჰ. ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა არა მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არამედ მოიძია საქმისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი გარემოებები. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტებისა და მონაცემების გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 აგვისტოს #... და 2012 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილებების კანონიერებების შემოწმებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ #... განცხადებას დართული შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშვნა არ შეესაბამებოდა #19ა ბინის ადგილმდებარეობას, მონიშნული ფართი წარმოადგენდა 2012 წლისათვის სახელმწიფოს და დღევანდელი მდგომარეობით, ე. ყ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ #2 ...ოს (ს.კ. ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჰ. ფ. ჰ-მა და მ. ჰ. ა. ქ-იმ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - სად მდებარეობს მრავალბინიან სახლში მათ მიერ 2012 წლის 17 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „პ...ისაგან“ შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ი #4ა, ბინა #19ა (ს.კ. ...). კასატორთა შეფასებით, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რა დაადგინა სასამართლომ, რომელ სადარბაზოში და რომელ სართულზეა ზემოხსენებული უძრავი ქონება. ამასთან, მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ დაასახელა ბინის ადგილმდებარეობა. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ იგი უნდა მდებარეობდეს პირველ სადარბაზოში, თუმცა კონკრეტულად სად, უნდა დაეზუსტებინა განმცხადებელს.

კასატორთა მითითებით, ასევე, არ არის დადგენილი, სად მდებარეობს ე. ყ-ისა და ვ. შ-ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე ...ო #2 (ს.კ. ...).

კასატორები აღნიშნავენ, რომ თუკი სასამართლო ვერ ადგენდა ბინა #19ა-ს და ...ო #2-ის ადგილმდებარეობას, მას უნდა დაენიშნა ტექნიკური ექსპერტიზა. ამასთან, არ არის შეფასებული ფაქტობრივად არსებული ვითარება, რომ ბინა #19ა მდებარეობს მე-2 სადარბაზოში მე-6 სართულზე არსებული #19 და #20 ბინების შუაში. მე-7 (სხვენ) სართულზეა #21, #22 და #23 ბინები. კასატორთა განმარტებით, ნუმერაცია არის უწყვეტი და თანმიმდევრული, შესაბამისად, იქ ვერ იქნებოდა ...ო #2, მრავალბინიანი სახლი 2-სადარბაზოიანია.

კასატორთა მითითებით, ასევე, არ არის შეფასებული ის ფაქტი, რომ მესამე პირი - ე. ყ-ი თვითნებურად შეიჭრა სწორედ მათ მფლობელობაში არსებულ ბინაში (სადარბაზო 2, სართული 6) და განხორციელდა პოლიციის მიერ გამოსახლება.

კასატორთა განმარტებით, არ არის შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, გადაწყვეტილებაში არ არის მოხსენებული მ. ჯ-სა და დ. ი-ზე გაცემული #19ა ბინის ორდერი, რომლის მიხედვითაც, ბინა #19ა-ს ადგილმდებარეობა განსაზღვრულია მე-2 სადარბაზოში მე-6 სართულზე. ბინის პრივატიზაცია ამ ორდერის საფუძველზე განხორციელდა. კასატორები მიიჩნევენ, რომ მითითებული დოკუმენტი წარმოადგენს ბინის იდენტიფიცირებისათვის რელევანტურ მტკიცებულებას, რადგანაც პრივატიზებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებში არ არის მითითებული სადარბაზო. ორდერის უგულებელყოფა ხელს უწყობს მოწინააღმდეგე მხარეს ადასტუროს, თითქოს ბინა #19ა პირველ სადარბაზოში მდებარეობს. ამასთან, არ არის შეფასებული საქმეში არსებული 1999 წლის 18 თებერვლის უზუფრუქტის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დგინდება, რომ საქართველოს არქიტექტორთა საერთო-ეროვნულ შემოქმედებით კავშირს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ჰქონდა ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში, სხვენ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - #2 ...ო. ...ო შემდგომში გადაეცა ე. ყ-ს, რომელიც დღესდღეობით აცხადებს, რომ მისი საკუთრება მე-6 სართულზეა; სინამდვილეში, მე-6 სართულზე საცხოვრებელი ბინებია, მათ შორის, ბინა #19ა, რომელიც მდებარეობს მე-2 სადარბაზოში მე-6 სართულზე #19 და #20 ბინების შუაში, ხოლო მომდევნო სართული (მე-7) არის სხვენ-სართული.

კასატორები აღნიშნავენ, რომ აქცენტი კეთდება არარელევანტურ გარემოებაზე და ორიენტირი, რომელსაც ეფუძნება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არის აღმასრულებლის აღწერილობაში მითითებული გარემოება, რომ „ოთახი ანტრესოლზე განთავსებულია ლიფტის თავზე“, ხოლო მარეგისტრირებელმა სამსახურმა დაასკვნა, რომ არის „ლიფტის გასწვრივ“. კასატორთა მოსაზრებით, აღმასრულებელს ეს მითითებული ჰქონდა იმის გამო, რომ ამ მხრიდან მოესმა ლიფტის ხმაური. სხვა დატვირთვა მითითებას - „ლიფტის თავზე“, არ გააჩნია. შესაბამისად, დაუშვებელია, ერთი შესაძლო მცდარი გარემოებით საქმის გადაწყვეტა მთლიანად მცდარ შედეგამდე მივიდეს.

კასატორები, ასევე, არ ეთანხმებიან მითითებას მ. ჯ-ის მიერ #... განაცხადზე წარდგენილ #19ა ბინის აზომვითი ნახაზისა და ერთ-ერთი მოსარჩელის მიერ #... განაცხადზე წარდგენილი #19ა ბინის აზომვითი ნახაზის ურთიერთშეუსაბამობაზე. მითითებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ არ იქნა კრიტიკულად შეფასებული, კერძოდ, აზომვითი ნახაზი მზადდება კერძო დაკვეთის საფუძველზე. მ. ჯ-ის მიერ აზომვითი ნახაზი მომზადებული და წარდგენილია იმ დროს (2008 წლის თებერვალ-მარტი), როდესაც მისი საკუთრება იძულებით აუქციონზე იყიდებოდა. ასეთ ვითარებაში, დაუდგენელია, რა ფართი აზომა მან. შესაძლებელია იგი მიზნად ისახავდა ვინმეს შეცდომაში შეყვანას და აღსრულებისათვის ხელის შეშლას.

კასატორთა შეფასებით, ასევე, მცდარია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის #... გადაწყვეტილებაში დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეებმა #19ა ბინის დოკუმენტაციაში ცვლილებები უკანონოდ, #2 ...ოს კონფიგურაციით შეიტანეს. კასატორები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტები ერთმანეთს დაემთხვა იმის გამო, რომ მესამე პირი - ე. ყ-ი თვითნებურად შეიჭრა მოსარჩელეთა კუთვნილ ბინაში და დაუკვეთა ამ ბინის, როგორც #2 ...ოს, აზომვითი ნახაზი. ამის გამო, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზი აღმოჩნდა #2 ...ოს კონფიგურაციის იდენტური.

კასატორთა მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის #487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 62-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტების ნუმერაცია წარმოებს მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის მისასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარე განაპირა სადარბაზოდან/შესასვლელიდან (კიბიდან) მარცხნიდან მარჯვნივ და აღმავალი თანმიმდევრობით, ქვედა სართულიდან მაღალი სართულისაკენ. ბინებისა და სხვა ფართობების ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი. ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ ობიექტებს განეკუთვნება მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის სადარბაზო, ბინა და სხვა ფართობი.

კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლახავს მათ საკუთრების უფლებას, რამდენადაც კანონიერი საფუძვლის გარეშე ზღუდავს მას.

კასატორები, აგრეთვე, მიუთითებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლზე და აღნიშნავენ, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის განაწილება, რომელიც, განსხვავებით ზოგადი პრინციპისაგან, უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოსათვის. კასატორები, ასევე, მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, კასატორებმა მათ მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 აგვისტოს #... და 2012 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის #... გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის #... (07.08.2012) და #...-03 (14.08.2012) გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, შეჩერდა #... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 1999 წლის 29 მარტის #... პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, ...ის #4ა-ში, ბინა #19ა, საერთო ფართით - 64 კვ.მ (ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი - 39 კვ.მ), საკუთრებაში გადაეცათ მ. ჯ-ს და დ. ი-ს. ბინის/არასაცხოვრებელი ფართის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2003 წლის 30 ივლისს, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე (გაფორმებული 1999 წლის 29 მარტს, დამოწმებული ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ, რეესტრი #...) და ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე 64 კვ.მ #19ა ბინაზე დარეგისტრირდა მ. ჯ-ისა და დ. ი-ის თანასაკუთრება (უფლების რეგისტრაციის მონაცემები: #...; თარიღი: 30.07.2003წ.). ამასთან, დადგენილია, რომ 2008 წლის 28 თებერვლის #01/32-22 განკარგულების მიხედვით, მ. ჯ-ისა და დ. ი-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი #4ა, ბინა #19ა) მესაკუთრე 2008 წლის 21 თებერვალს პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ა. ბ-ი. საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 2008 წლის 4 მარტი) დგინდება რომ უძრავ ნივთზე - ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე 64.00 კვ.მ ბინა #19ა-ზე დარეგისტრირდა ა. ბ-ის საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 27 მარტის #01/25 წერილის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #19ა ბინა აღწერილია შემდეგნაირად: „აუქციონზე გატანილი მ. ჯ-ის და დ. ი-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა განთავსებულია ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლის VI სართულზე. იგი წარმოადგენს სამოთახიან ბინას ფართით 64 კვ.მ, დამხმარე ფართზე განთავსებულია ჰოლი, სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი და ოთახი ანტრესოლში. საცხოვრებელ ბინაში რემონტი დასამთავრებელია. საცხოვრებელ ბინას გარედან რკინის კარები აქვს შემოსასვლელში. საცხოვრებელ ბინაში ელექტრო გაყვანილობა შესრულებულია და გაყვანილია გაზის კომუნიკაციები, მათ შორის, გათბობისაც. ბინის ჭერის სიმაღლეა სამ მეტრამდე. ძირითადი ოთახებია ერთი დიდი და ორი პატარა ერთმანეთში შემავალი ოთახები, სადაც იატაკზე პარკეტია დაგებული, კედლები გალესილია, კარ-ფანჯრები ლაქწაუსმელია, დიდ ოთახში არის ბუხარი, პატარა ოთახებს შორის ტიხარი დაუმთავრებელია. ამ ოთახების თავზე არ არის ჭერი. ოთახი ანტრესოლზე განთავსებულია ლიფტის თავზე.“ ამასთან, 2004 წლის 14 მაისს შედგენილი აუდიტორული შეფასების თანახმად, შეფასებულ იქნა მ. ჯ-ისა და დ. ი-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #19ა ბინა. აუდიტორულ დასკვნაში განმარტებულია: „საცხოვრებელი ბინა განთავსებულია ექვსსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე. იგი წარმოადგენს სამოთახიან ბინას ფართით 64 კვ.მ, ოთახი ანტრესოლზე განთავსებულია ლიფტის თავზე (ისმის ლიფტის ხმაური)“.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 იანვრის #A11059919-013/001 განკარგულებით, მოვალე ა. ბ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #19ა ბინის (საკადასტრო კოდი: ...) შემძენი 2011 წლის 30 დეკემბერს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა შპს „პ...ი“. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2012 წლის 26 იანვარი) დგინდება, რომ უძრავ ნივთზე ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე 64.00 კვ.მ #19ა ბინაზე რეგისტრირებულ იქნა შპს „პ...ის“ საკუთრების უფლება. ასევე, 2012 წლის 17 მაისს შპს „პ...ისა“ და მოსარჩელეებს - ჰ. ფ. ჰ-სა და მ. ჰ. ა. ქ-ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე ბინა #19ა, საერთო ფართობი: 64 კვ.მ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2012 წლის 5 ივნისი) დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #19ა ბინაზე ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 ივნისის #... გადაწყვეტილებით. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ქონების შეძენის შესახებ ხელშეკრულება.

დადგენილია, რომ 2012 წლის 3 აგვისტოს ჰ. ფ. ჰ-მა #... განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივი გეგმა სარეგისტრაციო ფართის მითითებით. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადების თარიღი 2012 წლის 7 აგვისტო) დგინდება, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 7 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის მონაცემები დაზუსტდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ...ი #4-ა, მე-4 სართული, ბინა #19ა, ფართობი: 85.85 კვ.მ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2012 წლის 14 აგვისტო) დგინდება, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით, შესწორდა ტექნიკური ხარვეზი და #... განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მე-4 სართულის ნაცვლად, მიეთითა მე-6 სართული. ამდენად, უძრავი ქონების მისამართი მიეთითა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ...ი #4-ა, მე-6 სართული, ბინა #19ა, ფართობი: 85.85 კვ.მ.

საქმის მასალებით, თავის მხრივ, დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის მერიას დაევალა ქალაქ თბილისში, ...ის #4ა-ში, მე-6 სართულზე მდებარე დაახლოებით 95 კვ.მ ფართის მქონე #2 ...ოს (ღირებულებით 17 100 ლარი) პ. ს-ისათვის გადაცემა. თბილისის მერიის სათანადო სამსახურს დაევალა პ. ს-ის მიერ ბინის ღირებულების 40%-ის გადახდისთანავე ხელშეკრულების გაფორმება თბილისში, ...ის #4ა-ში, მე-6 სართულზე, 95 კვ.მ ფართის #2 ...ოს საცხოვრებლად გადაცემის თაობაზე. ბინის ღირებულების დარჩენილი 70%-ის დაფარვა უნდა მომხდარიყო თბილისის მერიის მიერ დადგენილი გადახდის წესისა და პირობების მიხედვით 2003 წლის ბოლომდე. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივნისის განჩინებით გასწორდა თბილისის კრწანისის-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის #2/1574 გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: თბილისის მერიის სათანადო სამსახურს დაევალა პ. ს-ის მიერ ბინის ღირებულების 40%-ის გადახდისთანავე ხელშეკრულების გაფორმება თბილისში, ...ის #4ა-ში სადარბაზო, მე-6 სართულზე, 95 კვ.მ ფართის #2 ...ოს საცხოვრებლად გადაცემის თაობაზე. ბინის ღირებულების დარჩენილი 60%-ის დაფარვა უნდა მომხდარიყო თბილისის მერიის მიერ დადგენილი გადახდის წესისა და პირობების მიხედვით 2003 წლის ბოლომდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 14 იანვარს კრედიტორ ე. ყ-ის სასარგებლოდ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და 2003 წლის 9 ივნისის განჩინებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი. ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ე. ყ-ი არის პ. ს-ის მემკვიდრე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან. მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 18 თებერვალს ე. ყ-მა განცხადებით მიმართა თბილისის მერიას, წარადგინა სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, თანხის გადახდის მიზნით შესაბამისი ანგარიშის რეკვიზიტების მითითება. ქალაქ თბილისის მერმა, ე. ყ-ის განცხადებისა და წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #2 ...ოს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2011 წლის 2 მაისის ბრძანებით ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #2 ...ო (საერთო ფართით 87.12 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #...), როგორც დამატებითი ქონება, საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2011 წლის 2 მაისის #1-1/677 ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #2 ...ოზე (ფართით 87.12 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: #...) დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

2012 წლის 2 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 14 იანვარს გაცემული #2/1574-02 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისა და რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს დაევალა ფართის საცხოვრებლად გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხელშეკრულებისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი 95 კვ.მ ფართის და რეგისტრირებული 87.12 კვ.მ ფართის ერთიდაიგივეობის შესახებ მტკიცებულების წარდგენა.

საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ 2012 წლის 19 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, უძრავი ნივთის მისამართი: ...ი #4ა, ...ო 95 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ე. ყ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ #2 ...ოზე (87.12 კვ.მ). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ...-ის“ 2017 წლის 18 ოქტომბრის #29 კრების ოქმის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში, მე-2 სადარბაზოში მდებარეობს ...ო #2, რომლის მესაკუთრეა ე. ყ-ი; საკადასტრო კოდი: ....

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადასტურებულია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2018 წლის 14 მარტს ჩატარდა ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე #19ა ბინის (საკადასტრო კოდი ...) ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, ადგილზე დათვალიერებაზე გამოცხადნენ მ. წ-ი, მ. ჰ. ა. ქ-ი, ე. ყ-ი, ე. ყ-ის წარმომადგენელი - თ. გ-ი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი - რ. გ-ი, გ. ჯ-ი (მ. ჯ-ის ძმა) და ლ. ბ-ი. თავდაპირველად დათვალიერდა მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე ფართი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მოხდა აღნიშნულ ფართში მდებარე ანტრესოლისა და ლიფტის შახტის მდებარეობის შედარება და დადგინდა, რომ აღნიშნულ ფართში ანტრესოლი ლიფტის შახტის თავზე არ მდებარეობს, ლიფტის შახტა მდებარეობს ანტრესოლის გასწვრივ. გ. ჯ-ის განმარტებით, პირველ სადარბაზოში მე-6 სართულზე მდებარე ფართში მისი ოჯახის წევრები დღესაც ცხოვრობენ, თუმცა აღნიშნული ბინა დარეგისტრირებული არ არის. მისივე მითითებით, ბინის აშენების დღიდან მისი ოჯახი ფლობდა ორივე ბინას. პირველ სადარბაზოში მათ მფლობელობაშია ბინა #12, ხოლო #19ა ბინა მდებარეობს მე-2 სადარბაზოში და რეგისტრირებული იყო მ. ჯ-ისა და დ. ი-ის სახელზე. გ. ჯ-მა უარი განაცხადა პირველი სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე ბინის დათვალიერებაზე. შესაბამისად, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ვერ განხორციელდა აღნიშნული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და 2004 წლის 14 მაისს შედგენილ აუდიტორულ შეფასებაში ასახულ #19ა ბინის აღწერილობასთან შედარება. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დათვალიერდა ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-6 სართული და დადგინდა, რომ პირველ სადარბაზოში ლიფტი ადის მე-5 სართულამდე, ხოლო ლიფტის შახტის თავზე, ე.ი. მე-6 სართულზე, მდებარეობს ოთახი, რომლის დათვალიერებაზეც მფლობელმა უარი განაცხადა. ამასთან, პირველი სადარბაზოს მე-6 სართულზე არ ფიქსირდება სხვენში ასასვლელი.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5002153816 დასკვნის მიხედვით, ინდ. მეწარმე ზ. ლ-ას მიერ 2016 წლის 12 იანვარს და შპს „ა...ის“ მიერ 2008 წლის 25 თებერვალს შესრულებულ შიდა აზომვით ნახაზებზე ასახული ფართობის მონაცემები, კერძოდ, ფართობის კონფიგურაცია, შიდა გაბარიტული ზომები და გეგმარება შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო მათი მონაცემები არ შეესაბამება #... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ჰ. ფ. ჰ-ის მიერ წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის მონაცემებს.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დადგენილად მიჩნეული ის გარემოება, რომ #... განცხადებაზე მ. ჯ-ის მიერ წარდგენილ #19ა ბინისა და #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში ჰ. ფ. ჰ-ის მიერ წარდგენილ იმავე ბინის ამსახველ შიდა აზომვით ნახაზებზე ორი სხვადასხვა უძრავი ნივთია ასახული, კერძოდ, განსხვავდება ფართების კონფიგურაცია, შიდა ზომები და გეგმარება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გაზიარებას იმის თაობაზე, რომ რეგისტრაციის შესახებ #... (07.08.2012წ.) გადაწყვეტილების მიღების დროს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს შესაძლებლობა ჰქონდა დაედგინა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ ინფორმაციასთან, კერძოდ: 1) #... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ შიდა აზომვით ნახაზზე ასახული, ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში, მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართები, სააღრიცხვო მასალაში დაცული ფორმა #5-6-ის მიხედვით, წარმოადგენდა ...ოს; 2) სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი (ოთახების ტექნიკური მახასიათებლები) არ შეესაბამებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნულ ბინის აღწერილობას (ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი - 39 კვ.მ, საერთო ფართი - 64 კვ.მ); 3) ქ. თბილისში, ...ის #4ა-ში, მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე მდებარე 87.12 კვ.მ უძრავ ნივთზე (...ოზე) დგინდებოდა სახელმწიფოს უფლება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 5 იანვრის მომართვა, საკადასტრო კოდი: ...); 4) დგინდებოდა მ. ჯ-ის მიერ 2008 წელს #... განცხადებას თანდართულ #19ა ბინის შიდა აზომვით ნახაზზე ასახული და #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში ჰ. ფ. ჰ-ის მიერ წარდგენილ იმავე ბინის შიდა აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების მონაცემების აშკარა შეუსაბამობა. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდა ზემოაღნიშნული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა არა მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არამედ მოიძია საქმისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი გარემოებები. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტებისა და მონაცემების გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 აგვისტოს #... და 2012 წლის 14 აგვისტოს #...-03 გადაწყვეტილებების კანონიერებების შემოწმებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ #... განცხადებას დართული შიდა აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშვნა არ შეესაბამება #19ა ბინის ადგილმდებარეობას, მონიშნული ფართი წარმოადგენს 2012 წლისთვის სახელმწიფოს და დღევანდელი მდგომარეობით, ე. ყ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ #2 ...ოს (ს.კ. ...).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას მოწინააღმდეგე მხარისათვის მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ დანაწესზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის პირის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მიერ ამ პირის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანა. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ქ-ს (პ/ნ ...) ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარზე 07.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ქ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება;

3. კასატორების - ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის მათ მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. თ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ჰ. ფ. ჰ-ისა და მ. ჰ. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარზე 07.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა