ბს-1037 (კ-21) 16 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ...ომ“ 28.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 11.04.2018წ. N04/20677 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.09.2018წ. N04/49480 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე პაციენტების ე.მ-ის, ნ.ა-სა და ა.თ-ის შემთხვევების ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „ მ...ოს“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო სს „ ს...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2019წ. გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 11.04.2018წ. N04/20677 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.09.2018წ. N04/49480 გადაწყვეტილება, პაციენტების ე.მ-ის, ნ.ა-სა და ა.თ-ის შემთხვევები დაექვემდებარა ანაზღაურებას. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2020წ. განჩინებით სს „ს...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ ე...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტები - ე.მ-ე, ნ.ა-ი და ა.თ-ე წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს, რომლებიც მოსარჩელე დაწესებულებაში მკურნალობდნენ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პაციენტების ე.მ-ისა და ნ.ა-ს შემთხვევებში კლინიკის მიერ ინფორმაცია გადაცემულია დიაგნოზით „T63.4. ინტოკსიკაციები“. ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების დანართი N1, 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის 29.10.2018წ. №5 და №6 დასკვნებზე, რომლითაც ირკვევა, რომ პაციენტების ე.მ-ისა და ნ.ა-ს შემთხვევაში, დიაგნოზი „T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“ დასტურდება და ეჭვს არ იწვევს. ამავე დასკვნით პაციენტების მდგომარეობა საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას, ხოლო ჩატარებული მკურნალობა დროული და ადეკვატური იყო. ამ ფაქტის დადასტურების მიზნით პალატა ასევე მიუთითებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში 27.03.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის - თ.კ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული პაციენტების შემთხვევაში დიაგნოზი დასმული იყო მართებულად და მკურნალობა ჩატარდა სწორად. მისივე განმარტებით, ფეხსახსრიანის ერთმა ნაკბენმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, რის ფონზეც ლეტალური შედეგის დადგომაც არ არის გამორიცხული. შესაბამისად, რომ არ დახმარებოდნენ პაციენტებს, შესაძლებელია მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი. პაციენტის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება არ შეიძლებოდა და ამ კონკრეტულ შემთხვევებში კლინიკას სწორედ ის დახმარება უნდა აღმოეჩინა პაციენტებისათვის, რაც აღმოუჩინა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ექიმი პაციენტის ანამნეზის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მიღებული ტრამვის სიმძიმიდან გამომდინარე პირადად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს. საქმის მასალები ადასტურებს ზემოხსენებული პაციენტების მიმართ დასმული დიაგნოზის სისწორეს, გაწეული სამედიცინო დახმარების დროულობასა და ადეკვატურობას. პალატამ მიუთითა, რომ პაციენტების ე.მ-ისა და ნ.ა-ს ნაწილში არ არსებობდა შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება ა.თ-ის შემთხვევას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კლინიკის მიერ ინფორმაცია გადაცემულია დიაგნოზით „J06.9 ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, დაუზუსტებელი“, ხოლო ინსპექტირების ეტაპზე ა.თ-ისათვის გაწეული სამედიცნო მომსახურება არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების დანართი N1, 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირ
,,...ას’’ 19.10.2018წ. დასკვნაზე, რომლის მიხედვით პაციენტ ა.თ-ეს სრულად და ჯეროვნად გაეწია სამედიცინო მომსახურება. კლინიკაში პაციენტს გაეწია ადეკვატური მომსახურება და სხვა კლინიკაში მიმართვიანობა სავარაუდოდ განპირობებული იყო დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობის გამო პაციენტის მდგომარეობის დამძიმებით და არა მოსარჩელე კლინიკაში არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურებით. დასკვნაში მითითებულია, რომ ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას წარმოადგენს ისეთი სერიოზული სირთულეების არსებობა, როგორიცაა პერიტონზილური ცელულიტი ან აბსცესი, იშვიათ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზი შეიძლება იყოს დისფაგია ან დეჰიდრატაცია, ხოლო აღნიშნულ პაციენტს არცერთი მდგომარეობა არ აღენიშნებოდა, რის გამოც იგი არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, არამედ საჭიროებდა ბინაზე მკურნალობის გაგრძელებას და უბნის ექიმის მეთვალყურეობას. რაც შეეხება ცხელებას, როდესაც მიზეზი ცნობილია და ანტიპირეტიკის ფონზე ტემპერატურა ქვეითდება, ბავშვი აქტიურია და სხვა რაიმე ნიშანი არ არის გამოხატული, ცხელება არ წარმოადგენს ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას. ამავე დასკვნის თანახმად, პაციენტის მიერ სხვა კლინიკისთვის მიმართვა 9 საათისა და 55 წუთის შემდეგ შესაძლოა განპირობებული იყო ამ პერიოდის განმავლობაში სხვა კლინიკური ნიშნის ან გართულების გამოხატვით, თუმცა ძნელია ზუსტი მიზეზის დადგენა კლინიკის სამედიცინო ისტორიის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების გამომრიცხველი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები არ იკვეთება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორმა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-11, მე-14 და მე-15 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პაციენტები ე.მ-ე და ნ.ა-ი 2017 წლის ნოემბრის თვეში მკურნალობდნენ შპს „მ...ში.“ მიმწოდებლის მიერ შემთხვევები მიწოდებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში პროგრამული კოდით ინტოქსიკაციები/დეზინტოქსიკაცია/ინფუზიური თერაპია. კასატორი მიუთითებს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციით გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ჩატარება ზემოაღნიშნული დიაგნოზითა და მოცულობით არ დასტურდება. შესაბამისად, შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად. რაც შეეხება პაციენტ ა.თ-ეს, მას ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება პროგრამული კოდით, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას 0-5 წლამდე ბავშვებში. გაწერიდან დაახლოებით 10 საათში პაციენტმა მიმართა სხვა კლინიკას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. აღნიშნული ორი შემთხვევა შინაარსობრივად წარმოადგენს ერთ უწყვეტ შემთხვევას, შესაბამისად პირველ ეპიზოდს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტი - ე.მ-ე 17.11.2017წ. მოათავსეს შპს ,,მ...ოს’’ ...ის დეპარტამენტში, დიაგნოზით "T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი". მშობლის გადმოცემით ბავშვს სავარაუდოდ უკბინა ფეხსახსრიანმა შუბლის მიდამოში. აღენიშნებოდა შეშუპება, ჰიპერემია, ძლიერად გამოხატული ქავილის კომპონენტით, რის გამოც მიმართეს კლინიკას. პაციენტის მკურნალობის დროს გამოყენებულ იქნა ანტიჰისტამინური პრეპარატი, ჰორმონოთერაპია, რეჰიდრატაცია. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (17.11.2017წ.) იყო გაუმჯობესებული, იკლო ქავილის და შეშუპების ინტენსივობამ, მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ნ.ა-ი 01.11.2017წ. მოათავსეს შპს ,,მ...ოს’’ ...ის დეპარტამენტში, დიაგნოზით "T63.4. სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი". მშობლის გადმოცემით ბავშვს სავარაუდოდ უკბინა ფეხსახსრიანმა. აღენიშნებოდა შეშუპება, ჰიპერემია მარცხენა ზედა კიდურის პირველი თითის არეში, რის გამოც მიმართეს კლინიკას. პაციენტს გაეწია ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, გამოყენებულ იქნა ჰორმონოთერაპია, ჰიპერტონული საფენები ადგილობრივად. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (16.11.2017წ.) იყო გაუმჯობესებული, მას მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
შპს ,,მ...ოს’’ მიერ ე.მ-ისა და ნ.ა-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოთხოვნილია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით "T63.4. ინტოქსიკაციები", ხოლო მოცემული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით საანგარიშგებო დოკუმენტაციით ამბულატორიული მომსახურების ჩატარება ზემოაღნიშნული დიაგნოზითა და მოცულობით არ დასტურდებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოვეთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ამავე დადგენილების N1.2 დანართი „ინტოკსიკაციების“ შემთხვევაში ითვალისწინებს გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის 29.10.2018წ. №5 და №6 დასკვნებზე, ასევე სხდომაზე მოწმვეული სპეციალისტის თ.კ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომელთა თანახმად, პაციენტების - ე.მ-ისა და ნ.ა-ს შემთხვევაში დიაგნოზი - "T63.4. სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი", დასტურდება და ეჭვს არ იწვევს, რომ პაციენტები საჭიროებდნენ გადაუდებელ დახმარებას, კლინიკის მიერ ჩატარებული მკურნალობა იყო დროული და ადეკვატური. ამდენად, პაციენტები ე.მ-ე (3 წლის) და ნ.ა-ი (3 წლის) საჭიროებდნენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კლინიკამ ზემოაღნიშნულ პაციენტებს გაუწია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რის შედეგადაც პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება პაციენტ ა.თ-ის სამედიცინო შემთხვევას, საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი 03.11.2017წ. მოათავსეს შპს ,,მ...ოს’’ ...ის დეპარტამენტში, დიაგნოზით „J06.9 ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, დაუზუსტებელი”. მშობლის გადმოცემით ბავშვს აღენიშნებოდა ცხელება, რომელიც რთულად ემორჩილებოდა ანტიპირეტიკებს, რის გამოც მიმართეს კლინიკას. პაციენტთან გამოყენებული იქნა შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები: შარდის ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი-ნეიტროფილოზი. ჩაუტარდა ანტიპირეტული მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (03.11.2017წ.) იყო გაუმჯობესებული, მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. მოცემული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით აღნიშნულმა პაციენტმა დაახლოებით 10 საათში მიმართა სხვა კლინიკას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. აღნიშნული ორი შემთხვევა შინაარსობრივად წარმოადგენს ერთ უწყვეტ შემთხვევას, შესაბამისად პირველ ეპიზოდს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას". აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირ ,,...ას’’ 19.10.2018წ. დასკვნაზე, რომლის თანახმად, კლინიკაში პაციენტ ა.თ-ეს გაეწია ადეკვატური მომსახურება და სხვა კლინიკაში მიმართვიანობა სავარაუდოდ განპირობებული იყო დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობის გამო პაციენტის მდგომარეობის დამძიმებით და არა მოსარჩელე კლინიკაში არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს კლინიკის მიერ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების ცალკეული მუხლების დარღვევის თაობაზე, თუმცა რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2021წ. განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.11.2021წ. N31764 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი