Facebook Twitter

ბს-1039 (კ-21) 16 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...ამ“ 07.09.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ი. დ-ისა და მ. ძ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 19.08.2019წ. N04-13/7826 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.08.2020წ. N04/17966 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ი. დ-ისა და მ. ძ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრება,

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2020წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

შპს „მ...ამ“ 17.09.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ა. ბ-ის, ს. ქ-ის, ნ. ქ-ის, ლ. კ-ისა და ზ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმისა და ზ. კ-ისთვის გაწეული მომსახურების ნაწილში ჯარიმის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 11.02.2020წ. N04-13/1387 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.08.2020წ. N04/18173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ა. ბ-ის, ს. ქ-ის, ნ. ქ-ის, ლ. კ-ისა და ზ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.2020წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 17.11.2020წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული შპს "მ...ას" სარჩელები სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.

გორის რაიონული სასამართლოს 17.11.2020წ. გადაწყვეტილებით შპს „მ...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. დ-ისა და მ. ძ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 19.08.2019წ. N04-13/7826 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.08.2020წ. N04/17966 გადაწყვეტილება, ა. ბ-ის, ს. ქ-ის, ნ. ქ-ის, ლ. კ-ისა და ზ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმისა და ზ. კ-ისთვის გაწეული მომსახურების ნაწილში ჯარიმის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 11.02.2020წ. N04-13/1387 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.08.2020წ. N04/18173 გადაწყვეტილება, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი. დ-ის, მ. ძ-ის, ა. ბ-ის, ს. ქ-ის, ნ. ქ-ის, ლ. კ-ისა და ზ. კ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს „მ...ასთვის“ ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 17.11.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტებისათვის შპს „მ...ას“ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ პაციენტები მკურნალობას გადიოდნენ გადაუდებელი სტაციონარული კომპონენტით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას მოთხოვნილი ჰქონდა პაციენტებზე გაწეული ამბულატორიული მომსახურებისათვის ანაზღაურება. პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით მოსარგებლე პირებს. მათ კლინიკაში ჩაუტარდათ როგორც სტაციონალური, ასევე ამბულატორიული მომსახურება. პაციენტებს სტაციონალურ მომსახურებასთან ერთად რეალურად დასჭირდათ ამბულატორიული მომსახურებაც. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი შპს ,,მ...ას” თანმხლები დიაგნოზის საფუძველზე განხორციელებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ხარჯის (50 %-ი) ანაზღაურებაზე, რამდენადაც კანონმდებლობით გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ცალ-ცალკე ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას.

რაც შეეხება ზ. კ-ის შემთხვევას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების დანართი №1.2-ის 21.24 და 21.32 პუნქტების თანახმად, წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია და კოჭ-წვივის ან ტერფის მოტეხილობის გარე ფიქსაცია წარმოადგენს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სხვადასხვა სახეებს განსხვავებული ნოზოლოგიური კოდებით (S82.3 და S92.1) და ანაზღაურდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. საქმის მასალების მიხედვით, ზ. კ-ს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, კერძოდ მარცხენა კოჭისა და წვივის გარე და შიდა ფიქსაციები. გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ სააგენტოსათვის ძირითად დიაგნოზად მიწოდებულ იქნა წვივის სახსრის დისტალური ნაწილის მოტეხილობა, თანმხლებად კი კოჭის სახსრის. თანმხლებ დიაგნოზზე მოთხოვნილი იქნა ღირებულების 50%-ი. პალატამ მიუთითა, რომ პროგრამის N1 დანართის 15.2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ აქვს, ვინაიდან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია და კოჭ-წვივის მოტეხილობის გარე ფიქსაციები გათვალისწინებულია განსხვავებული ნოზოლოგიური კოდებით და შესაბამისად, ექვემდებარება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ანაზღაურებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ კონკრეტული პაციენტების შემთხვევები ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართი N1-ის 15.2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის კოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. N177 დადგენილების მე-2 მუხლის "ი" და "ნ" ქვეპუნქტებზე, ასევე ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" სსიპ სოციალური მომსახურების ასაგენტოს 18.08.2015წ. N04-241/ო ბრძანებაზე და განმარტავს, რომ ამბულატორიული მომსახურება პაციენტს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ დგება სტაციონარული მომსახურების ჩატარების აუცილებლობა, ხოლო როდესაც შემთხვევა წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურეობის კომპონენტით, პაციენტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს I დონის ინტენსიურ/მკურნალობა მოვლას, რომელიც ითვალისწინებს ყველა საჭირო აპარატურულ და მედიკამენტოზურ დახმარებას. კასატორი უთითებს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 22.5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ყველანაირ სამართლებრივ და ლოგიკურ არგუმენტს არის მოკლებული პაციენტისათვის ერთდროულად გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოწოდება, მითუმეტეს როდესაც ადგილი აქვს ტრავმულ დაზიანებებს. რაც შეეხება ზ. კ-ის შემთხვევას, კლინიკის მიერ მოწოდებულია ორი პროგრამული კოდი, ნაცვლად ერთისა, რომლითაც უნდა მომხდარიყო შემთხვევის მართვა, შეტყობინებების გადმოცემა რამდენიმე პროგრამული კოდით და ერთდროულად რამდენიმე კომპონენტით, ეწინააღმდეგება N36 დადგენილების პირობებს და მიზნად ისახავს პროგრამულად ასანაზღაურებელი თანხების გაზრდას. კასატორის მოსაზრებით დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში პაციენტის მდგომარეობა ერთდროულად ამბულატორიული და სტაციონალური ვერ იქნება. თუ პაციენტი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს სტაციონალურ სერვისს და კლინიკაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას, მისი მდგომარეობა ამავდროულად ვერ იქნება ამბულატორიული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით შპს „მ...ამ“ სარჩელში მითითებულ 7 პაციენტს გაუწია გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, რაზეც შეტყობინებები გადაცემულ იქნა ძირითადი (სტაციონალური) და თანმხლები (ამბულატორიული) დიაგნოზების სახით. ამბულატორიულ მომსახურებაზე კლინიკის მიერ მოთხოვნილ იქნა სამედიცინო მომსახურების 50%. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1 დანართის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით უარი განაცხადა შპს „მ...ას“ მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, კერძოდ უარი განაცხადა ისეთი შემთხვევების ანაზღაურებაზე, როდესაც კლინიკის მიერ გაწეული სტაციონალური მომსახურების ფარგლებში თანმხლები დიაგნოზის სახით გადაცემული იყო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შესაბამისი კოდები. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევებში პაციენტების მიმართ სტაციონალური მკურნალობის ფარგლებში ჩატარდა ისეთი სახის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა, რომელიც სტაციონალური მკურნალობის თანმხლებ პროცესად ვერ ჩაითვლება და ცალკე, დამოუკიდებლად განსახორციელებელი მკურნალობის სახეს განეკუთვნება. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არაერთგზის ითვალისწინებს, როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას. კასატორი ვერ ასაბუთებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევის საჭიროების წარმოშობის შეუძლებლობას. საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების 1.2 დანართით ამბულატორიულ მომსახურებებს შორის სახელდება მაგ.: მოტეხილობები, ტრავმები, ჭრილობები და სხვ., რასაც ტრავმატოლოგიური, ქირურგიული თუ სხვა სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ასეთად მიიჩნევა მაგ.: ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობა, სასიცოცხლო ფუნქციის აპარატული მხარდაჭერის საჭიროება და სხვ. (1.2 დანართის მე-2 პუნქტი). ამდენად, გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას (იხ. სუსგ 07.12.2020წ. Nბს-727(2კ-19); 10.03.2022წ. Nბს-940(კ-21); 27.10.2022წ. Nბს-1142(კ-21)). საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 22.10 მუხლის თანახმად, ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი ძირითადად შეიცავს ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებასა და ნორმათა ციტირებას. მხოლოდ ზოგადი მითითება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უსწორობაზე, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, ხოლო კასატორის მოსაზრება, რომ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია იმთავითვე მოიცავს ყველა სახის, მათ შორის გადაუდებელ, ამბულატორიულ მომსახურებასაც, არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

რაც შეეხება პაციენტის ზ. კ-ის შემთხვევას, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება (წვივის შიდა და კოჭის გარე ფიქსაციები), რაც სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით გათვალისწნებული იყო განსხვავებული ნოზოლოგიური კოდებით და ანაზღაურდებოდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და იმ გარემოების დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის 15.2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2021წ. განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.11.2021წ. N31765 საგადახდო მოთხოვნოთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი