საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-830(კ-21) 16 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ჯ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე)
მესამე პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ჯ...ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ჯ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 მარტის №03/92 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანების ბათილად ცნობა, იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში არსებული ... ფაბრიკა „...ს“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს „ჯ...ს“ სასაჩელო მოთხოვნის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, რომლითაც შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში არსებული ... ფაბრიკა „...ს’“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
...ის და ...ის რაიონების ტერიტორიაზე, ...ის ...ზე ...ის მოპოვების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შპს „ჯ...ს“ სახელზე 2008 წლის 3 დეკემბერს გაიცა ...ის მოპოვების ლიცენზია.
2016 წლის 18 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქალაქ ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია შპს „ჯ...ს“ საკუთრების უფლება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანებით, ამავე ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს, მათ შორის, ... ფაბრიკა „...ს“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ამავე აქტის მე-4 პუნქტით განისაზღვრა ბრძანების ამოქმედდების წესი - გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის 2/436 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით 2017 წლის 24 თებერვალს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომელმაც 2017 წლის 10 მარტის №03/92 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შპს „ჯ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დატოვა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი კანონიერი იყო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გაშვებული იყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული დასკვნის დასასაბუთებლად მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომელიც ადგენს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის შესახებ, აგრეთვე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შესვლის დროს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული აქტის ოფიციალურ გაცნობად კი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით განსაზვრული აქტის მხარისათვის უშუალოდ გადაცემისაგან განსახვავებული წესი და აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ნიშნავს დაინტერესებული მხარისათვის მის გაცნობას. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტი ეხება ფართო წრეს, მისი გამოქვეყნება ლეგიტიმური საშუალებაა საზოგადოების წევრებისათვის გაცნობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ამ აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნების დღეს ძალაში შესვლას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2016 წლის 14 დეკემბერს. ამდენად, სადავო აქტი ძალაში შევიდა გამოქვეყნების დღესვე, საიდანაც უნდა ათვლილიყო მისი გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციული საჩივარი მოსარჩელემ სამინისტროში წარადგინა 2017 წლის 24 თებერვალს, ამ დროისთვის გასული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა დასახელებული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, ქმნიდა შპს „ჯ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება შპს „ ჯ...მა“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ შპს „ჯ...ს“ 2017 წლის 24 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრის 2017 წლის 10 მარტის №03/29 ბრძანება არ ეწინააღმდეგებოდა საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და იყო კანონშესაბამისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...ს“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ჯ...ს“ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროში წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი. მათ აღნიშნეს, რომ 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2016 წლის 14 დეკემბერს და გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო აქტის გამოქვეყნების მომენტიდან, ანუ სასამართლოს შეფასებით, დაინტერესებული მხარისათვის მისი გამოქვეყნება ნიშნავს მის გაცნობას და ვადის დინების დაწყებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული შეფასება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე, 58-ე და 180-ე მუხლების მოთხოვნებს.
ამასთანავე კასატორი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მიუთითებდა, რომ იგი, როგორც დაინტერესებული მხარე, არ იყო ჩაბმული ადმინისტრაციულ წარმოებაში, რის გამოც ვერ შეძლო წარედგინა თავისი მოსაზრებები, მტკიცებულებები და შუამდგომლობები. აღნიშნულის ვალდებულება კი ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 95-ე მუხლების საფუძველზე. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი უკანონოა და არ ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მოთხოვნის შემადგენლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამავე განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „ჯ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის საფუძვლით. ამდენად, თავდაპირველად გარკვევას საჭიროებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხი, ვინაიდან გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა - მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას (სუსგ 10.10.13წ. საქმე №ბს-854-836(კ-12) გადაწყვეტილება).
აქტის ოფიციალური გაცნობის მიზნებისთვის კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის №ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „...ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას, თუმცა გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს იმ თარიღიდან, როდესაც პირისთვის ჯერ კიდევუცნობი იყო აქტის შინაარსი და მისი გამოცემის საფუძვლები. თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდება აქტის ისეთი სახით გაცნობა, როცა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი არ იქნება ამ აქტის გამოცემის საფუძვლების შესახებ, აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილებაზე, რაც შედეგობრივად არ უნდა აისახოს დაინტერესებული პირის კანონიერ უფლებებზე, ასევე არ უნდა შეიზღუდოს ამ უფლებების რეალიზება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ჯ...ს“ ქონებისთვის - ... ფაბრიკა „...ისთვის“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება ისე განხორციელდა, რომ იგი არ მიიწვიეს ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე არ იცნობდა აქტის გამოცემის საფუძვლებსა და მის შინაარსს. ამდენად, საკასაციო პალატის თვალსაზრისით, ვინაიდან შპს „ჯ...“ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ იყო ჩაბმული, აღნიშნული წარმოების შედეგად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება ამ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შედეგად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის დაინტერესებულ მხარედ მიუწვევლობის შედეგებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას (იხ. სუსგ 29.12.2014წ. განჩინება, საქმე №ბს-69-67(კ-14)).
საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანებით, ამავე ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს, მათ შორის, ... ფაბრიკა „...ს“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2016 წლის 14 დეკემბერს. შპს „ჯ...მა“ 2017 წლის 24 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში არსებულ ... ფაბრიკა „...ს“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის 10 მარტის №03/92 ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული შპს „ჯ...ს“ 2017 წლის 24 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა გაუშვა აქტის გასაჩივრებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს არ უმსჯელია საკითხზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანების გამოცემისას, რომლითაც შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში არსებული ... ფაბრიკა „...ს’“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, იყო თუ არა მოსარჩელე მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, მიეცა თუ არა მას საშუალება, გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და წარედგინა მტკიცებულებები. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი არ დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება შპს „ჯ...ს“ მოწვევითა და მონაწილეობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრტაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის №2/436 ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოების სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 95-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სავალდებულო მონაწილეობის, მისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული ფაქტი კი ყურადღების მიღმა დარჩა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე საქმის განხილვის ყველა ეტაპზე აღნიშნავდა, რომ იგი არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, მიღებული აქტი კი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა შპს „ჯ...ს“, რადგან აღნიშნული აქტით ხდებოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სტატუსის შეცვლით თავისუფალი სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვა, რაც საქართველოს კონსტუტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვას გულისხმობდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ყოველგვარ სამართლებრივ აზრს მოკლებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 მარტის №03/92 ბრძანებით შპს „ჯ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეს გაშვებული ჰქონდა აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა იმდენად, რამდენადაც საჩივრის ავტორი ითხოვდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში არ იყო მიწვეული, რის გამოც მის საკუთრებაში არსებულ ... ფაბრიკა „...ს“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. აღნიშნულმა ფაქტმა კი გამოიწვია მისი საკუთრების სხვა სამართლებრივ რეჟიმში გადაყვანა და გარკვეული უფლებების შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით მოწესრიგებულ - „ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებაზე“, რომლის მიხედვით, მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელოს ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც, დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და, მეორე მხრივ, იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიზანს წარმოადგენს უფლებებში ეფექტური აღდგენა და სადავო აქტისა თუ ქმედების კანონიერების გადასინჯვით მისთვის სასურველი მდგომარეობის აღდგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ფორმალური მიდგომის საფუძველზე, მხოლოდ აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ ვადის დარღვევაზე მითითებით, გამორიცხეს მითითებული საკანონმდებლო დანაწესის გამოყენების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავა არ არის სწორად გადაწყვეტილი, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი არის საფუძვლიანი, შპს „ჯ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 მარტის №03/92 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის გათვალისწინებით, არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სრულად ბათილად ცნობის წინაპირობები. ამდენად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა იმსჯელოს, ერთი მხრივ, ... ქარხანა „...ისთვის“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით განმტკიცებულ - ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარის დაინტერესებულ პირად მიუწვევლობის შედეგებზე.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჯ...ს“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლში გადახდილი 150 ლარისა და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სილ 550 ლარის) ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ჯ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 მარტის №03/92 ბრძანება;
5. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლეს) დაევალოს შპს „ჯ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა;
6. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლეს) „შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე