საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1211(კს-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ა...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (უფლებამონაცვლეები - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო)
დავის საგანი - საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ ა...ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 20 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №25/2017/ი შერჩევითი შემოწმების აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 21 მარტის №04/16371 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სამედიცინო დაწესებულების შემოწმების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ა...ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით საქმეში მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების 1.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლში აღინიშნა, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა უზრუნველეყო შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა უზრუნველეყო მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ამავე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა. ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილების 2.2. მუხლის შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-92/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სააგენტოს მიზნიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ფუნქციებიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით არსებული ფუნქციები და უფლება-მოვალეობები სრულად გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.
დასახელებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად უნდა დადგენილიყვნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
კერძო საჩივარში აღინიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/ განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. მასვე განესაზღვრა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლის ვალდებულება (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). ამასთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობა გულისხმობს არა მოპასუხე მხარედ ჩაბმის შესაძლებლობას, არამედ - მისი თანამშრომლებისა და სპეციალისტების მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო სამართალწარმოებაში.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის შესაბამისად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან: ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მარეგულირებელი ნორმები ცალსახად ადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე არის სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორმა, განსახილველ საქმეში მისი უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. მითითებული ნორმის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლას (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულებას (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს კი უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცათ, რაც საქმეში სათანადო უფლებამონაცვლეების დადგენის წინაპირობებს ქმნის. ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც შემდგომში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შერჩევითი შემოწმების აქტის, მისგან გამომდინარე საჯარიმო სანქციისა და ამავე აქტთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას. ამ მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება - განსახილველ საქმეში მისი უფლებამონაცვლედ ჩაბმის უკანონობის თაობაზე, უსაფუძვლოა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის №ბს-1122(კ-20), 2021 წლის 26 იანვრის №ბს-648(კ-19), 2021 წლის 6 ივლისის №ბს-478(კს-21), 2021 წლის 25 ნოემბრის №ბს-593(კს-21), 2022 წლის 14 აპრილის №ბს-1059(კს-21) განჩინებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე