საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-808(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ა.ნ-ი, სს „ ვ...“, კერძო აღმასრულებელი - ზ.ფ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.ქ-ემ 2019 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №A18146270-024/001 განკარგულებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ნ.ქ-ემ ამავე სარჩელით იშუამდგომლა ა.ნ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - ...ში, ...ის ქ. №11-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე ბინა №25-ზე ყადაღის დადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ნ.ქ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ა.ნ-ი.
მოსარჩელემ - ნ.ქ-ემ დაზუსტებული სარჩელის წარდგენისას, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე აკრძალვოდა რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ნ.ქ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ.ქ-ის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „ვ...“ და კერძო აღმასრულებელი - ზ.ფ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №A18146270-024/001 განკარგულება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ქ-ემ და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ.ქ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო განკარგულების ბათილად ცნობის დასასაბუთებლად ქვედა ინსტანციის სასამართლოები, ერთი მხრივ, მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო სადავო სააღსრულებო წარმოების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავენ ინფორმირების არასათანადოობაზე, კერძოდ, წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, არ შეიცავდა სრულყოფილ ინფორმაციას სადავო სააღსრულებო წარმოებაზე კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესსა და საშუალებებთან დაკავშირებით.
კასატორი მიუთითებს, რომ კერძო აღმასრულებლის - ზ.ფ-ის №... წინადადება აღსრულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ნ.ქ-ეს გაეგზავნა რამდენჯერმე და საბოლოოდ, 2019 წლის 23 აპრილს, 15:43 საათზე ჩაიბარა მისმა დედამ - მ.ქ-ემ. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო სადავო სააღსრულებო წარმოების შესახებ, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს, თუმცა მიუთითებს გადახდის იდენტიფიკატორის არასწორ მონაცემებზე. მართალია, ნ.ქ-ის კუთვნილი გადახდის იდენტიფიკატორი - გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებაში არასწორად იქნა მითითებული, თუმცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რომ შესრულებულად ჩაითვალოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი აღმასრულებლის ვალდებულება. კერძოდ, ზ.ფ-ის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ №... წინადადებაში აღნიშნულია - „დამატებით გაცნობებთ, რომ კერძო აღმასრულებელი მზადაა აღმოგიჩინოთ ყოველგვარი სამართლებრივი მხარდაჭერა თქვენ მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, დაუკავშირდეთ კერძო აღმასრულებელს - ზ.ფ-ს (მობ.: ... ელ.ფოსტა ...) ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ...ს (...ის) გამზ. №..., სართული 2, ბინა №47 (...) და იძულებითი აღსრულების თანმდევი ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული ვალდებულება ნებაყოფლობით. კერძო აღმასრულებელი ზ.ფ-ი საკონტაქტო ტელეფონი: ...“. ამრიგად, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი ითხოვს სადავო განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №A18146270-024/001 განკარგულება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ქ-ემ და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებით ნ.ქ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ნ.ქ-ის მიერ არ გასაჩივრებულა, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინების კანონიერების შემოწმების პროცესში საკასაციო სასამართლო შეზღუდულია იმ ფარგლებით, რომელიც ნ.ქ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუსაჩივრებლობამ გამოიწვია. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №A18146270-024/001 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების კანონიერების შეფასება, რომლის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ...ში, ...ის ქ. №11-ში მდებარე ბინა №25-ის შემძენი (მესაკუთრე) იძულებით საჯარო აუქციონზე ა.ნ-ი გახდა, რომელმაც უძრავი ქონება 2700 ლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სადავო აქტის ბათილად ცნობას ითხოვს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ №... წინადადების არასათანადოდ ჩაბარების მოტივით, რადგან მოსარჩელისთვის განკუთვნილი გადახდის იდენტიფიკატორი ამავე წინადადებაში არასწორად იქნა მითითებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. დასახელებული მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი დეტალურად განსაზღვრავს აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა სათანადო ინფორმირების სავალდებულოობას, ასევე შეუტყობინებლობის შედეგებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის №2ბ/1179-18 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით დაიწყო №A18146270 სააღსრულებო საქმის წარმოება. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ კერძო აღმასრულებლის - ზ.ფ-ის №... წინადადება ნ.ქ-ეს გაეგზავნა რამდენჯერმე და საბოლოოდ, 2019 წლის 23 აპრილს, 15:43 საათზე ჩაიბარა მისმა დედამ - მ.ქ-ემ. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დგინდება და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ნ.ქ-ისთვის განკუთვნილი გადახდის იდენტიფიკატორი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებაში არასწორად იქნა მითითებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა, რომ მხარე არ იქნა ინფორმირებული სათანადოდ, ვინაიდან წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ არ შეიცავდა სრულყოფილ ინფორმაციას სადავო სააღსრულებო წარმოებაზე კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესსა და საშუალებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გადახდის იდენტიფიკატორის მეშვეობით შესაძლებელია სააღსრულებო წარმოების მასალების გაცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე და ამ მონაცემს, მოვალის შემთხვევაში, შეიცავს მხოლოდ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ ადასტურებს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების მოვალისათვის არასათანადოდ ჩაბარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან წინადადების ჩაბარებას კანონმდებელმა მიანიჭა არსებითი მნიშვნელობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში პირს ცალკეული სააღსრულებო საქმის წარმოებაზე ინფორმაცია აღარ მიეწოდებოდა, სახეზეა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების შეუსრულებლობა, კერძოდ, აღმასრულებელს აკისრია ვალდებულება, ამომწურავად/ზუსტად მიაწოდოს მხარეს ყველა საჭირო მონაცემი, რათა მან თვალყური ადევნოს ყველა სააღსრულებო მოქმედებას, მით უფრო, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, პერიოდულად ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ დავალიანების დაფარვას და სააღსრულებო წარმოების დასრულების დროისათვის მისი დავალიანების ოდენობა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის პარალელურად შემცირებული იყო. ამდენად, მხარისათვის მნიშვნელოვანი იყო სააღსრულებო მოქმედებათა თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება. აღნიშნული გარემოებები კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქმნის სააღსრულებო წარმოების უკანონოდ მიჩნევისა და გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის წინაპირობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 10 ივნისს №32967 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე