ბს-108 (კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ...ამ“ 06.07.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რ.ქ-ის და მ.მ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.12.2019წ. N04-13/11657 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.06.2020წ. N04/11836 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე რ.ქ-ისა და მ.მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.2020წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 01.10.2020წ. საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
გორის რაიონული სასამართლოს 26.04.2021წ. გადაწყვეტილებით შპს „მ...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „მ...ას" სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.12.2019წ. №04-13/11657 გადაწყვეტილების, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.06.2020წ. №04/11836 გადაწყვეტილების რ.ქ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში ბათილად ცნობის და ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „მ...ა“-ს სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.12.2019წ. №04-13/11657 გადაწყვეტილების, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.06.2020წ. №04/11836 გადაწყვეტილების მ.მ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში ბათილად ცნობის და ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალების შესახებ დაკმაყოფილდა, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მ.მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს „მ...ასათვის“ ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და შპს „მ...ას“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და შპს „მ...ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 26.04.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტები - მ.მ-ი და რ.ქ-ე წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით მოსარგებლე პირებს. ამასთანავე, მათი შემთხვევების ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი განაცხადა ამავე დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტის - რ.ქ-ის სამედიცინო შემთხვევა შპს ,,მ...ას“ მიერ შეტყობინებათა სისტემაში მიწოდებულია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება, დიაგნოზი: S00.8 - თავის დაუზუსტებელი ნაწილის დაზიანება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.2-ით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები - დაავადებათა და სამედიცინო ჩარევის სახეობები. დანართი №1.2-ის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების (ტრავმა/ჭრილობა/უცხო სხეული/დამწვრობა, მოყინვა/ცხვირიდან სისხლდენა) ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება, რაც მოიცავს შემდეგს: მოტეხილობა ცდომის გარეშე/ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები; ჩარევის დასახელება (ჩვენების შესაბამისად) - მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, იმობილიზაცია/ ჩაყენება. ამავე დანართის პირველი პუნქტის 1.5 ქვეპუნქტის თანახმად, I დონის ქირურგიული დახმარება ასევე წარმოადგენს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების (ტრავმა/ჭრილობა/უცხო სხეული/დამწვრობა, მოყინვა/ცხვირიდან სისხლდენა) ერთ-ერთ სახეობას, რომელიც მოიცავს ზედაპირულ ტრავმას და მცირე ზომის ღია ჭრილობებს; ჩარევის დასახელება (ჩვენების შესაბამისად)-ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები. სააპელაციო პალატის მითითებით რ.ქ-ის დიაგნოზი „თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა“ ცალსახად მიეკუთვნება I დონის ქირურგიულ დახმარებას და არა I დონის ტრავმატოლოგიურ დახმარებას. შესაბამისად, რ.ქ-ის შემთხვევა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ არასწორი კოდით იქნა გადაცემული, რაც საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
რაც შეეხება მ.მ-ის შემთხვევას, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა შპს ,,მ...ას“ მიერ შეტყობინებათა სისტემაში მიწოდებულია გადაუდებელი სტაციონარული (ძირითადი) და გადაუდებელი ამბულატორიული (თანმხლები) მომსახურების კომპონენტებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ მითითებული პროგრამების ერთდროულად მართვის შესაძლებლობის დადგენისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მითითებულ პაციენტს (მ.მ-ი) სტაციონარში ყოფნისას დასჭირა დამატებითი ამბულატორიული მომსახურება, რომელიც იმავდროულად არ ყოფილა სტაციონარული მომსახურების ჯეროვნად და სრულყოფილად გაწევისთვის აუცილებელი, არამედ დამოუკიდებელ მკურნალობას საჭიროებდა. ამდენად, მართალია, პაციენტი მოთავსებული იყო სტაციონარში და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ პარალელურად ჩაუტარდა სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი ამბულატორიული მკურნალობა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „მ...ა“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ერთსა და იმავე პაციენტზე, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, წარმოადგენს ორ აბსოლუტურად განსხვავებული სახის სამედიცინო მომსახურებას (აბულატორიული და სტაციონალური). სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მასში არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მის სამართლებრივ საფუძვლიანობაზე მსჯელობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დარღვეულია ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპი. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მოიცავს ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და ლოგიკურ დასაბუთებას. კასატორი მიუთითებს, რომ პაციენტ მ.მ-ის შემთხვევა წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტებით, ერთი და იმავე დროის შუალედში - 22.07.2019წ. 12:40-დან 22.07.2019წ. 14:10:00 ჩათვლით, პროგრამული კოდებით - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, II დონის ქირურგიული დახმარება, დიაგნოზი: S01.0 - სკალპის ღია ჭრილობა. აღნიშნულ შემთხვევაში არ ანაზღაურდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ინტენსიური მკურნალობა/მოვლის პირობებში პაციენტის მომსახურება მოიცავს მისთვის საჭირო ყველა სამედიცინო მანიპულაციას. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ინტენსიური მკურნალობა/მოვლისათვის დადგენილებით განსაზღვრულ არა ერთიან (ჯამურ), არამედ დღიურ ლიმიტებს, რომლებიც საკმაოდ დიდია და გათვლილია პაციენტის ყველა საჭიროებისათვის. პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ლიმიტი იწყება ერთ დღეზე 240 ლარიდან და იკლებს პაციენტის ასეთი მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით. კასატორი ასევე მიუთითებს „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. N177 დადგენილების მე-2 მუხლის "ი" და "ნ" ქვეპუნქტებზე, ასევე ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.08.2015წ. N04-241/ო ბრძანებაზე და განმარტავს, რომ ამბულატორიული მომსახურება პაციენტს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ დგება სტაციონარული მომსახურების ჩატარების აუცილებლობა. ხოლო, როდესაც შემთხვევა წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურეობის კომპონენტით, პაციენტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს I დონის ინტენსიურ/მკურნალობა მოვლას, რომელიც ითვალისწინებს ყველა საჭირო აპარატურულ და მედიკამენტოზურ დახმარებას. ყველანაირ სამართლებრივ და ლოგიკურ არგუმენტს არის მოკლებული პაციენტისათვის ერთდროულად გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოწოდება. კასატორის მოსაზრებით დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში პაციენტის მდგომარეობა ერთდროულად ამბულატორიული და სტაციონალური ვერ იქნება, თუ პაციენტი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს სტაციონალურ სერვისს და კლინიკაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას, მისი მდგომარეობა ამავდროულად ვერ იქნება ამბულატორიულიც. კასატორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 07.12.2020წ. Nბს-727(2კ-19) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება განჩინებაში წარმოდგენილ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გადაუდებელი სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას, თუმცა მნიშვნელოვანია რომ საუბარია გადაზრდაზე და არა ერთდროულად არსებობაზე. კასატორის მოსაზრებით თუ პაციენტები იმყეოფებიან I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ქვეშ, ცალკე ანაზღაურებას არ ექვემდებარება თერაპიული ან ამბულატორიული კოდები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, დაუსაბუთებელია და მასში არასწორად არის განმარტებული სამართლებრივი ნორმები, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადავო აქტების კანონიერება მ.მ-ისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, რამეთუ რ.ქ-ის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „მ...ას“ საკასაციო პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მ.მ-ის შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: „ინტრაკრანიალური ტრავმა, დაუზუსტებელი" - S06.9, სომნოლენცია - R40.0 (ძირითადი) და II დონის ქირურგიული დახმარება, დიაგნოზი: S01.0 - სკალპის ღია ჭრილობა (თანმხლები). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1 დანართის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით უარი განაცხადა შპს „მ...ას“ მიერ მ.მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, კერძოდ უარი განაცხადა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში პაციენტის მიმართ სტაციონალური მკურნალობის ფარგლებში ჩატარდა ისეთი სახის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა, რომელიც სტაციონალური მკურნალობის თანმხლებ პროცესად ვერ ჩაითვლება და ცალკე, დამოუკიდებლად განსახორციელებელი მკურნალობის სახეს განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში პაციენტისთვის ქირურგიულად ჭრილობების დამუშავება/გაკერვა შესაძლებელი იყო 24 საათზე ნაკლები დროით სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების პირობებში, თუმცა პაციენტის მიმართ დასმული სხვა დიაგნოზის (ინტრაკრანიალური ტრავმა) არსებობამ განაპირობა მისი სტაციონირების საჭიროება. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არაერთგზის ითვალისწინებს, როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას. კასატორი ვერ ასაბუთებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევის საჭიროების წარმოშობის შეუძლებლობას. საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების 1.2 დანართით ამბულატორიულ მომსახურებებს შორის სახელდება მაგ.: მოტეხილობები, ტრავმები, ჭრილობები და სხვ., რასაც ტრავმატოლოგიური, ქირურგიული თუ სხვა სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ასეთად მიიჩნევა მაგ.: ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობა, სასიცოცხლო ფუნქციის აპარატული მხარდაჭერის საჭიროება და სხვ. (1.2 დანართის მე-2 პუნქტი). ამდენად, გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას (იხ. სუსგ 07.12.2020წ. Nბს-727(2კ-19); 10.03.2022წ. Nბს-940(კ-21); 27.10.2022წ. Nბს-1142(კ-21)). საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 22.10 მუხლის თანახმად, ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრება, რომ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია იმთავითვე მოიცავს ყველა სახის, მათ შორის გადაუდებელ, ამბულატორიულ მომსახურებასაც, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან, ზოგადი მითითებები სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უსწორობაზე, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2021წ. განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.02.2022წ. N04573 საგადახდო მოთხოვნოთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი