Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-64(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.ლ-ამ 2018 წლის 19 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №1469 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 21 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ.ლ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, გ.ლ-ა წლებია ფლობს და სარგებლობს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №79-ის მიმდებარედ არსებული 21 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომლის მართლზომიერი ფლობის ფაქტი დადასტურებულია ... განყოფილებასთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის №25 ოქმით. აღნიშნული აქტი გადაეცა გ.ლ-ას მამას - გ.მ-ეს (იხ. ტ.I, ს.ფ. 25). მოსარჩელის მითითებით, სადავო მიწის ფართის ფლობის ფაქტი დასტურდება ასევე მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ...ის ქ. №79-ში არსებული კორპუსის წითელი ხაზების დადგენისას (აღნიშნულ კორპუსში გ.ლ-ას საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ფინანსური სახსრების არქონის გამო გაყიდა) გ.ლ-ას მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი დარჩა კორპუსის წითელი ხაზების გარეთ, გ.ლ-ამ 2017 წლის 20 სექტემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, თუმცა აღნიშნული განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №1469 განკარგულებით, მოსარჩელე გ.ლ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უარი იყო უკანონო, რამდენადაც აღიარების კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის მასალები და ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შეუსაბამობა. ამდენად, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით გ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №1469 განკარგულება და მასვე კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო აქტი ფორმალური თვალსაზრისით არ შეიცავდა სათანადო დასაბუთებას, კერძოდ, მასში კონკრეტულად არ იყო გადმოცემული ის გარემოებები, რომელიც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას შეუსაბამოს გახდიდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. მიუხედავად აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა დააკონკრეტა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული ის აბსტრაქტული, განზოგადებული მიზეზები, რომლებიც გ.ლ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლი გახდა. სააპელაციო სასამართლომ კი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შეუსაბამობა არა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებების კვალდაკვალ, არამედ საკუთარი ინიციატივით მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რის შედეგადაც, სასამართლომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოცემულ განზოგადებული შინაარსის დანაწესებს, ფაქტობრივად, მიანიჭა ის აზრი, რაც მისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუნიჭებია.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იყო საპროცესო-სამართლებრივი დანაწესების დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივ წინაპირობებს წარმოშობდა. საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ დავის ხელახალი განხილვის პროცესში სააპელაციო სასამართლოს უნდა გაემართა ზეპირი მოსმენა, რადგან აპელანტს - გ.ლ-ასა და მოწინააღმდეგე მხარეს მისცემოდათ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სარჩელის საფუძვლიანობის გამომრიცხველ გარემოებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად კვლავ საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სადავო განკარგულებით მას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ სასამართლო პროცესზე მიუთითა, რომ გ.ლ-ას გარაჟის გვერდით არის სს „თ...ის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელმაც, შესაძლოა, არა მხოლოდ განაშენიანების, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც შექმნას პრობლემა. კასატორი აღნიშნავს, რომ სს „თ...ის“ შენობა აგებულია 1959 წელს მაშინ, როცა გ.ლ-ას გარაჟი პროექტის თანახმად, აშენებულია 1958 წელს. შესაბამისად, ...ის აშენებისას სს „თ...ს“ თავად უნდა დაეცვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით მითითებული ნორმები.

კასატორს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. კასატორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, რომელმაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ახალი აქტის გამოცემა დაავალა მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ.ლ-ასათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რადგან იგი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებულ განაშენიანებასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან. ანალოგიურ დათქმას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს ფაქტი, რომ იგი ნამდვილად მართლზომიერად ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შეუსაბამო არ არის ზემოთ მითითებულ ნორმებთან.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაზე, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილება. დასახელებული დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია გეგმარებითი პრინციპები და საფუძვლები, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით და ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს, აგრეთვე განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

პალატა მიუთითებს აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ №14-39 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საქმიანი, კომერციული და სხვა საზოგადოებრივი გამოყენების ტერიტორიებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი-საქმიანი ზონა წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი, გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. ამავე დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრულია თითოეულ ქვეზონაში დაშვებული სამშენებლო ობიექტები, მათ შორის, აღნიშნული დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია სსზ-2 ზონაში დაშვებული სამშენებლო ობიექტები.ამავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გეგმარებითი კარკასი (გკ) წარმოადგენს დედაქალაქის ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში, ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციის, ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურულ - ქალაქთმშენებლობითი ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების, საზოგადოებრივი ცენტრების - აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილ სტრუქტურულ ელემენტს, რომელიც ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ფეხმავალი მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ.ლ-ამ 2017 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №79- ის მიმდებარედ მდებარე 21 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადება ქვემდებარეობით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2018 წლის 17 ოქტომბრის №1469 განკარგულებით გ.ლ-ას უარი უთხრა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. სადავო აქტით განიმარტა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით, ფართობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებულ განაშენიანებასთან, რაც გამოიხატა იმ გარემოებების არსებობაში, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ხელს უშლიდა მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნით სარგებლობას, კერძოდ, კეტავდა მოედანთან მისასვლელ გზას. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სს „თ...ის“ საკუთრებაში არსებული ...ის მომიჯნავედ, მასთან საკმაოდ ახლო მანძილზე, რის გამოც აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენებას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა როგორც სს „თ...ის“ ...ის ექსპლუატაციისათვის, ასევე, უშუალოდ გ.ლ-ას უსაფრთხოებისათვის.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №79-ის მიმდებარედ მდებარე 21 კვ.მ უძრავ ქონება, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ აშენებული გარაჟი საკმაოდ ახლოს მდებარეობს ...თან, ასევე სადავოს არ წარმოადგენს, რომ გვერდით არის სს „თ...ის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილი 2019 წლის 21 თებერვლისა და 12 მარტის წერილებით დგინდება, რომ სს „თ...ის“ კუთვნილი ... (ს/ქ №...) აშენებულია 1959 წელს.

საკასაციო სასამართლო, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინტერაქციული რუკის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2). ამდენად, რამდენადაც მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობით მოქცეულია სსზ-2-სა და გკ-ს ზონებში, მიმდებარე ტერიტორია უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით (სპორტული სტადიონი), ამასთან აქვს გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობა მიმდებარე ტერიტორიის სტრუქტურის ჩამოყალიბება - განვითარებისათვის, აქვს აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ზემომითითებულ ზონაში დომინირებული სახეობაა ობიექტები - საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციით და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო მოსაზრება, მტკიცებულება და არგუმენტი მოწინააღმდეგე მხარის - გ.ლ-ას მიერ სააპელაციო სასამართლოში საკითხზე ხელახლა მსჯელობის ეტაპზეც ვერ იქნა წარმოდგენილი, საკასაციო პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისკრეციული უფლებამოსილება, დასაბუთებულია.

რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობის მართლზომიერი ფლობის ფაქტი დასტურდება ... განყოფილებასთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის №25 ოქმით, რომელიც გადაეცა გ.ლ-ას მამას - გ.მ-ეს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასეთი დოკუმენტის არსებობის პირობებში, იკვეთება აღიარებამოთხოვნილი უძრავი ქონების მართლზომიერ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში ადგილი ვერ ექნება მითითებული უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამრიგად, აღიარების კომისიამ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მართებულად მიიჩნია მიზანშეუწონლად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა კანონის დანაწესის შეუსაბამოდ.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ვერ დაადასტურა აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობა, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, რაც გამორიცხავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ს.ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2022 წლის 11 აპრილს №... სადაგახდო დავალებით მის მიერ გ.ლ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე