Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1210(კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს.რ-ა, ნ.ყ-ა, ნი.ყ-ა, ვ.ყ-ა, ა.ყ-ა, ვ.რ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ს.რ-ამ, ნ.ყ-ამ, ნი.ყ-ამ, ვ.ყ-ამ, ა.ყ-ამ და ვ.რ-ამ 2019 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის №04-2032/ობრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.რ-ას, ნ.ყ-ას, ნი.ყ-ას, ვ.ყ-ას, ა.ყ-ას და ვ.რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის №04-2032/ ბრძანება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მათი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ობიექტი, მართალია, წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, თუმცა მასში მაცხოვრებელი პირების კრიტერიუმების გარეშე განსახლბეის საკითხი კომისიამ განიხილა 2018 წელს. ყველა ოჯახი, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, განსახლდა კრიტერიუმების გარეშე, ხოლო მოსარჩელის ოჯახი იმ პერიოდში ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელ ოჯახს არ წარმოადგენდა და მათი ნგრევად ობიექტში შესახლება მხოლოდ ობიექტის დახურვის შემდეგ მოხდა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიერ შევსებული განაცხადის დამუშავების შედეგად, ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 4 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელ პირობებში (რომელიც არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმუალურ საცხოვრებელ პირობებს) - 2 ქულა; ჰყავს 18 წლამდე ასაკის წევრები (3 არასრულწლოვანი) - 2 ქულა. 2019 წლის 31 ივლისს მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (ქალაქი თბილისი, ...ის გამზ. №..., კორპ. №.., მე-... სართული, ოთახი №...) განხორციელებული მონიტორინგისას, მოსარჩელე - ს.რ-ამ აღნიშნა, რომ განაცხადი გააკეთა სამ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ერთად. აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს 1993 წლიდან დღემდე. ქირას არ იხდის. სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ მისამართზე ვიზიტისას განმცხადებელი ადგილზე არ იმყოფებოდა, იგი მოვიდა მხოლოდ მეზობლის დარეკვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა მოიძიეს ინფორმაცია ს.რ-ასა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ და დააგინეს, რომ განმცხადებლის მეუღლეს ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ...ში, რომელზე რეგისტრაციაც დღეის მდგომარეობით ბათილია. მოსარჩელის მამას - ვ.რ-ას კი გააჩნდა მიწის ნაკვეთი, რომელიც გაასხვისა სიძის მამაზე - ე.ყ-ზე. თვითონ ს.რ-ამ კი მშენებარე საკუთრება გაასხვისა ვინმე მ.შ-ზე.

კასატორი მიუთიტებს, რომ კრიტერიუმების გარეშე განსახლება ხდება იმ დევნილი ოჯახებისა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დასტურდებოდა ობიექტის ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა სააგენტომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი არ ცხოვრობდა აღნიშნულ ფართში. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა იმ მიზეზით, რომ ცხოვრობს სამინისტროს მიერ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო გამოთავისუფლებულ ფართში. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებმაც არამართლზომიერად/თვითნებურად დაიკავეს დევნილთა ყოფილი მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები, რომლიდანაც სამინისტრომ განახორციელა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სასამართლოების მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები. შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ძირითად წესს განსაზღვრავს: 1) თუ დევნილი ოჯახი დროებით -ცხოვრობს უსაფრთხო საცხოვრებელში ქულათა (ზოგად საჭიროებათა) პრიორიტეტულობის საფუძველზე, თანმიმდევრულად და 2) თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, ნგრევად საშიშ შენობაში, სახელმწიფო ქულების მიუხედავად ანიჭებს უპირატესობას დევნილ ოჯახს და უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებლით მას.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ს.რ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია ქალაქი თბილისი, ...ის გამზირი №..., ..., კორპუსი №..., რომელიც წარმოადგენს ნგრევად შენობას. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 თებერვლის დასკვნის თანახმად, კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია, შენობა უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. ს.რ-ას ოჯახს კი უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რადგან ცხოვრობს სამინისტროს მიერ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო გამოთავისუფლებულ ფართში.

საკასაციო პალატა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის გამორკვევისთვის მიუთითებს საქმეზე დადაგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 31 ივლისის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე მონიტორინგის განხორციელების დროს ს.რ-ა და მისი ოჯახის წევრები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. განმცხადებელი მოვიდა მეზობლების დარეკვის შედეგად და განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე ქირის გარეშე. საქმეში ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, რომელთა თანახმად, განმცხადებელსა და მისი ოჯახის წევრებს გააჩნდათ საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე, კერძოდ, განმცხადებლის მეუღლეს ვ.ყ-ას და მამას ვ.რ-ას საკუთრებაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთები, ხოლო თავად განმცხადებელს ს.რ-ას მშენებარე ბინა ჰქონდა საკუთრებაში, თუმცა ამჟამად ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია საკუთრების უფლება რაიმე უძრავ ქონებაზე. საგულისხმოა ასევე მოწმეების - თ.ჯ-სა და ე.ჭ-ას განმარტებები, რომელთაც დაადასტურეს 1992 წლიდან ამავე მისამართზე ს.რ-ასთან ერთად ცხოვრების ფაქტი და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის ოჯახისთვის გამოყოფილია ძალიან პატარა 40 კვ.მ ფართის ბინა, სადაც საცხოვრებლად ძალიან ცუდი პირობებია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია შპს „ ჰ...ის“ შეთავაზებები ს.რ-ასა და ვ.რ-ას მიმართ, რომლის თანახმად, მათ, როგორც თბილისში, ...ის გამზ. №..-ის მე-.. კორპუსში მაცხოვრებლებს, მიეცათ შეთავაზება დაკავებული ფართის ნებაყოფლობით გამოთავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეებმა სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ნგრევად ობიექტში, ოჯახების გამოსახლების შემდგომ დაიწყეს ცხოვრება, რამეთუ უდავოა აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის რეგისტრაციისა და შესახლების ფაქტი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ აბონენტი - ს.რ-ა 2015 წლიდან მოყოლებული იხდის ელექტროენერგიის გადასახადს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სხვა დევნილი ოჯახების განსახლების დროისთვის (2018 წლის იანვარში) მოსარჩელის ოჯახი არ იყო ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტის გაზიარების საფუძველი ვერ გახდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მონიტორინგის განხორციელებისას ს.რ-ა და მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ მისამართზე, ვინაიდან ერთჯერადად საცხოვრებელ ფართში არყოფნა, არ გამორიცხავს ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ოჯახის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირატესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე