Facebook Twitter

ბს-1114 (კ-21) 16 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. გ-ამ 20.12.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებლის კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირთა სიიდან დ. გ-ას ამორიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2019წ. გადაწყვეტილებით დ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2021წ. განჩინებით დ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით დ. გ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტით ირკვევა, რომ ა. გ-ას დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა სასტუმრო ,,...“. აღნიშნულ ანკეტაში ა. გ-ას ოჯახის წევრებად მოხსენიებულნი არიან დ. გ-ა, როგორც ა. გ-ას და, ასევე ლ. გ-ა - ა. გ-ას დედა. ამდენად, დევნილი ოჯახის ზემოაღნიშნულ ანკეტაში, მოსარჩელე დ. გ-ა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მითითებულია, როგორც ა. გ-ას ნათესავი. შესაბამისად, აღნიშნული პირები მოიაზრებიან ერთიან ოჯახად. საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ერთი მხრივ, სს ,,სასტუმრო ...სა“ და მეორე მხრივ, მოქალაქე ა. გ-ას, როგორც ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის დაიდო შეთანხმება მასზედ, რომ ა. გ-ა ათავისუფლებდა ქ. თბილისში, ...ის ...ზე N1-ში მდებარე სს ,,სასტუმრო ...ში“ მის მიერ დაკავებულ N... და N... ოთახებს, ხოლო ,,ადმინისტრაცია“ კისრულობდა ,,მოქალაქის“ მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 14 000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის (თითოეულ ოთახზე 7000 აშშ დოლარის) ოდენობით. ხელშეკრულებით, ა. გ-ამ იკისრა ვალდებულება, მისი და მისი ოჯახის მიერ, 2004 წლის 15 დეკემბრამდე სს ,,სასტუმრო ...ის“ N... და N... ოთახების უპირობოდ გამოთავისუფლებაზე. სს ,,სასტუმრო ...ში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიით ირკვევა, რომ N... და N... ოთახებში ცხოვრობდა ა. გ-ა და მისი ოჯახი, მათ შორის დ. გ-ა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. N240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, რომლის შესაბამისად "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესის" 2.1.7. მუხლის თანახმად, სამოქმედო გეგმის 2.1.2. პუნქტში მოცემული განსახლების ღონისძიებები არის ძირითადი, თუმცა სამინისტრომ დევნილებს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივები (მათ შორის მაგალითად, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება). აღნიშნული წესის 2.1.10 პუნქტის შესაბამისად დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად. მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. სააპელაციო პალატის მითითებით მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახს მიღებული აქვს ერთჯერადი კომპენსაცია საქმეში დაცული 2004 წელს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა გაცემულ იქნა ა. გ-აზე და მის ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა მოსარჩელე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი არის მის მიერ მითითებული გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. მხარის პოზიცია, რომ წარმოადგენდა ცალკე ოჯახს და გააჩნდა ა. გ-ას ოჯახისაგან განცალკავებული საოჯახო მეურნეობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. სააპელაციო პალატის მითითებით დ. გ-ას შესაძლებელია მოთხოვნა ჰქონდეს 14 000 აშშ დოლარიდან მის კუთვნილ წილზე, იმ პირის მიმართ, რომელმაც მიიღო ფულადი დახმარება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსახილველ საკითხს და კერძო პირებს შორის ფულადი ვალდებულებებიდან გამომდინარე დავა ექვემდებარება სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ას მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს გასაჩივრებული განჩინების სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ კასატორი დედასთან ერთად ძმის -ა. გ-ას ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა და ცხოვრობდნენ ერთად. ა. გ-ა ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა და იკავებდა სასტუმრო „...ში“ ორ ოთახს, N... და N... ოთახებს, N... საოჯახო ნომრით, ხოლო დ. გ-ა დედასთან - ლ. გ-ასთან ერთად ცხოვრობდა ცალკე, დამოუკიდებლად, ე.წ. სასტუმროს კიბის უჯრედთან ამოშენებულ სათავსოში, N... საოჯახო ნომრით.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა შესახებ“ კანონის 13.4 მუხლი. კასატორი აღნიშნავს, რომ არ დასტურდება დ. გ-ას მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი. ასევე არ დასტურდება დ. გ-ას მიერ რაიმე უფლებამოსილების ა. გ-ასათვის მინიჭების ფაქტი. შესაბამისად ის გარემოება, რომ ა. გ-ა წარმოადგენდა მისი ოჯახის წევრების ერთადერთ უფლებამოსილ პირს, ვრცელდება უშუალოდ მის ხუთსულიან ოჯახზე და არა დ. გეზმავაზე.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, კერძოდ საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დ. გ-ა ა. გ-ას ოჯახის წევრად, ასევე არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ, ა. გ-ას დევნილი ოჯახის ანკეტა, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია, არ აქვს ბეჭედი და ხელმოწერა, გაურკვეველია ვის მიერ არის შედგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება(განჩინება) არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2004 წელს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების მიხედვით, სს „სასტუმრო ...სა“ და მოქალაქე ა. გ-ას (დ. გ-ას ძმა) შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად ა. გ-ა ათავისუფლებდა ქ. თბილისში, ...ის ...ზე N1-ში მდებარე სს ,,სასტუმრო ...ში“ მის მიერ დაკავებულ N... და N... ოთახებს, ხოლო ,,ადმინისტრაცია“ კისრულობდა ,,მოქალაქის“ მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 14 000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის (თითოეულ ოთახზე 7000 აშშ დოლარის) ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, ა. გ-ა წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ჰქონდა N... და N... ოთახებში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა. ამასთან ხელშეკრულებით, ა. გ-ამ იკისრა ვალდებულება, მისი და მისი ოჯახის მიერ 2004 წლის 15 დეკემბრამდე სს ,,სასტუმრო ...ის“ N... და N... ოთახების უპირობოდ გამოთავისუფლებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 03.12.2018წ. წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასტუმრო „...ში“ დევნილების მიერ დაკავებული ფართების გამოთავისუფლებისა და შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გაცემას უზრუნველყოფდა ინვესტორი კომპანია. კომპენსირება ხორციელდებოდა ინვესტორ კომპანიასა და დევნილი ოჯახის წარმომადგენელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ინვესტორი თვითონ წყვეტდა სასტუმროში დაკავებული ფართის სარგებლობის უფლების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაცია გაეცა დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით, თუ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანხა გაიცა ოთახების დათმობის სანაცვლოდ და არა ოჯახის რომელიმე ცალკეულ წევრზე. ზემოაღნიშნილს ადასტურებს ასევე საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 03.07.2018წ. წერილი. ამდენად, სს „სასტუმრო ...სა“ და ა. გ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორმა საკომპენსაციო თანხა გასცა N... და N... ოთახების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, თითოეულ ოთახზე 7000 აშშ დოლარის (ჯამში 14 000) ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის - დ. გ-ას მითითება იმ გარემოებაზე, რომ იგი არ წარმოდგენდა ა. გ-ას ოჯახის წევრს, ჰქონდა ცალკე სარეგისტრაციო ნომერი და როგორც ცალკე ოჯახს ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება, უსაფუძვლოა. მოცემულ შემთხვევაში არსებითია ის გარემოება, რომ კომპენსაცია გაიცა ოთახების და არა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. ის, რომ დ. გ-ა N... და N... ოთახის მაცხოვრებელთა შორის იყო დასტურდება საქმეში დაცული სს „სასტუმრო ...ში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სიით, ასევე აღნიშნულს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ლ. ჯოლია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დ. გ-ამ შეთანხმებისამებრ დატოვა სს „სასტუმრო ...ში“ დაკავებული ფართი და მას არ დაუფიქსირებია თანხის მიუღებლობის თაობაზე რაიმე პრეტენზია შესაბამის ორგანოში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დ. გ-ას შესაძლებელია მოთხოვნა ჰქონდეს 14 000 აშშ დოლარიდან მის კუთვნილ წილზე, იმ პირის მიმართ, რომელმაც მიიღო ფულადი დახმარება, რაც სცილდება მოცემული დავის საგანს და არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსახილველ საკითხს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი