Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1180(გ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე),

(მოსამართლეები) ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა შპს „დ...-ს“ საჩივრის განსჯადობის თაობაზე ფოთის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „დ...-მ“ 2022 წლის 20 აპრილს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 8 აგვისტოს EL115971 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 სექტემბრის №27635 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 26 ნოემბრის №11267/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა რა ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძველი, 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს, შემდეგი მოტივაციით: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს მისი ჩადენის ადგილას. შედეგად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილზე და მიუთითა, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შეეხება საბჟო გამშვებ პუნქტ - ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩადენილ დარღვევას და საქმე უნდა განიხილოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას მოქმედმა სასამართლომ. ასეთად კი, EL115971 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, მიჩნეულ იქნა ფოთის საქალაქო სასამათლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ასევე დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. აქედან გამომდინარე, შპს „დ...-ის“ სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, აგრეთვე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „დ...“-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ფოთის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ისეთი კრიტერიუმების შეფასება, როგორიცაა მოპასუხე სუბიექტები, რომელთა მიმართაც წარდგენილია სასარჩელო მოთხოვნა და მათი ადგილმდებარეობა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მისამართებია: ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16 და ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №5. ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის - შპს „დ...-ის“ იურიდიული მისამართია ასევე ქალაქი თბილისი, გლდანის რაიონი, ...ის I მ/რ, კორპუსი №2. ფოთის საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ სადავო აქტით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის 26 ნოემბრის №11267/2/2020 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს განემარტა მისი გასაჩივრების წესი. კერძოდ, რომ მას აღნიშნული გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს განემარტა სწორედ იმ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დავის განხილვაზე.

ამდენად, ფოთის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემული დავა შეეხება საბაჟო სამართალდარღვევისათვის შედგენილი ოქმისა და აღნიშნული ოქმის თაობაზე მოსარჩელის საჩივრებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხს, სასამართლომ მსგავს სარჩელებთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომლებიც საბაჟო სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით არ შეიცავენ პირდაპირ მითითებას სასამართლოს განსჯადობის წესთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, განსჯადობის საკითხი განსაზღვრულია ტერიტორიული ნიშნით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა ტერიტორიული ადგილსამყოფელის და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის, როგორც მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის ადგილი და იურიდიული მისამართია ქალაქი თბილისი, გლდანის რაიონი, ...ის I მ/რ, კორპუსი №2, ფოთის საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით შპს „დ...-ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. თუკი პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, იმავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. დასახელებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და ცალსახად მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის ზოგადი წესებისა, სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტული დავების მიმართ განსაზღვრულია განსჯადობის მომწესრიგებელი სპეციალური წესები. სპეციალური და ზოგადი წესების კოლიზიისას კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ სპეციალურ წესს და მის საფუძველზე მოხდეს განსჯადი სასამართლოს დადგენა. განსჯადობის ასეთ, ერთ-ერთ სპეციალურ წესს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული მუხლით გათვალისწინებულ სპეციალური განსჯადობის წესზე მითითება განსახილველ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია და სასამართლომ მსგავს სარჩელებთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა კი, საბაჟო სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით, არ შეიცავს პირდაპირ მითითებას სასამართლოს განსჯადობის წესთან დაკავშირებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (საქართველოს საბაჟო კოდექსის 33.2 მუხლი), ხოლო სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით (საქართველოს საბაჟო კოდექსის 33.4 მუხლი). საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კი, განსჯადობის საკითხი განსაზღვრულია ტერიტორიული ნიშნით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 8 აგვისტოს EL115971 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც საწარმო დაჯარიმდა 12348 ლარით. ოქმი შედგენილია ქალაქ თბილისში, მისი შედგენის საფუძველი კი გახდა საბაჟო წესების დარღვევა და ის გამოიცა საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 სექტემბრის №27635 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 26 ნოემბრის №11267/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მისამართებია: ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16 და ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №5. ამდენად, შემოსავლების სამსახურის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს როგორც თბილისი, ასევე ქუთაისი. ორი მისამართის არსებობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-301-297 (გ-14)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ორი მისამართის მითითება დაკავშირებულია მოპასუხის უფლებამოსილების გამიჯვნასთან ტერიტორიულ პრინციპზე დაყრდნობით. ზემოაღნიშნული დებულების მოცემული ნორმის მიზნებისათვის ორი მისამართის მითითება განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების განხორციელების ადგილს, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში ქალაქ თბილისს, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ქალაქ ქუთაისს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ორი ადგილსამყოფელის განსაზღვრა თავისთავად დაკავშირებულია თავად მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ადგილთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია როგორც საგადასახადო დავების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ასევე, მათი დედაქალაქში თავმოყრის შესუსტების ტენდენციით“. საქმის მასალების მიხედვით, შპს „დ...-ის“ იურიდიული მისამართია - თბილისი, გლდანის რაიონი, ...ის I მ/რ, კორპუსი №2. ამდენად, მოსარჩელის საქმიანობის ადგილს წარმოადგენს ქალაქი თბილისი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საქმიანობის ადგილის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების 1.4 მუხლით შემოსავლების სამსახურის იურიდიული მისამართი მოცემულ დავაზე არის ქალაქი თბილისი, საერთო განსჯადობის შესახებ საპროცესო ნორმის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო აქტით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის 26 ნოემბრის №11267/2/2020 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს განემარტა მისი გასაჩივრების წესი. კერძოდ, მას აღნიშნული გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს განემარტა სწორედ იმ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დავის განხილვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „დ...-ის“ სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლებისა სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და მისი თანმდევი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „დ...-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე