საქმე №393აპ-12 ქ. თბილისი
მ-ე დ., 393აპ-12 20 დეკემბერი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. მ-ს
ადვოკატ - ო. ქ-ს
მსჯავრდებულ - დ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 4 მარტიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა „ტოიოტა“, სახ.№....
ნივთმტკიცება - დ. მ-ს პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, დ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 4 მარტს გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ..., დ. მ-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით - 0,2571 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც იმავე დღეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. მითითებული ნარკოტიკული საშუალებიდან ნაწილს - 0,0585 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ იგი უკანონოდ ინახავდა პირადად; ნაწილს - 0,0734 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ უკანონოდ ინახავდა თავისი მართვის ქვეშ მყოფ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში (სახ.№...), სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ხოლო ნაწილს - 0,1252 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ უკანონოდ ინახავდა ..., ... ქ. №..., ბინა №...-ში.
2012 წლის 4 მარტს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ..., ... ქუჩის №...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს დ. მ-ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0,0585 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში (სახ.№...) მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს 0,0734 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო დ. მ-ს კუთვნილი, ..., ... ქ. №2/7-ში მდებარე ბინა №...-ის ჩხრეკისას ამოიღეს 0,1252 ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული დ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას, ასევე მისთვის საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნებას.
2012 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ. მ-მა, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ დ. მ-ს შორის.
პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე - სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2012 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ დ. მ-ს შორის 2012 წლის 11 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. მ-სა და მსჯავრდებულ დ. მ-ს შორის.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. მ-მა მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებულ დ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და დ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმეული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ-200“.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა დ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ქ-მ.
სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - კ. კ-ს, მ. პ-ს, ლ. კ-ს, გ. ლ-ს, ჯ. კ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, ავტომანქანის ამოღების ოქმით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, დ. მ-ს მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტებითა და საქმის სხვა მასალებით დ. მ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.
პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათს, მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებული დ. მ-ე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. მ-სა და მსჯავრდებულ დ. მ-ს შორის.
დ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და დ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 4 მარტიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
დ. მ-ს დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმეული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ-200“, სახ.№....
ნივთმტკიცება - დ. მ-ს პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე