Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1150(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ლ-ა

მესამე პირები - ნ. ლ-ა, ლ. ლ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ლ-ამ 2021 წლის 21 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1347/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1347/ო ბრძანება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ლ-ას ოჯახის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მათი გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა, რადგან ე. ლ-ას ოჯახი შეუზღუდავად სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ არადევნილმა მხარემ განაცხადი გააკეთა დევნილ მეუღლესთან - ნ. ლ-ასთან და შვილთან - ლ. ლ-ასთან ერთად. მოსარჩელე განაცხადში უთითებდა, რომ ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელში. მოსარჩელის მიერ შევსებული განაცხადის დამუშავების შედეგად ოჯახმა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 4.5 ქულა. 2020 წლის 1 ნოემბერს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (ქალაქი თბილისი, ...ის გამზ. №70, კორპ. №5, ბინა №39) განხორციელებული მონიტორინგის დროს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს არავინ დახვდათ. ტელეფონით დაკავშირებისას მხარემ აღნიშნა, რომ იმყოფებოდა ზუგდიდში დის წლისთავზე და დაბრუნდებოდა 4-5 დღეში. 2020 წლის 16 ნოემბერს იმავე მისამართზე განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი, რა დროსაც მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ განმცხადებელი და მისი მეუღლე, ხოლო შვილი - ლ. ლ-ა იმყოფებოდა სოფელში დეიდასთან. მათ განაცხადეს, რომ ლ. ლ-ა სწავლობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს საჯარო სკოლაში, დამამთავრებელ კლასში. ბინაში არ აქვთ საკმარისი ადგილი და ლ. ლ-ა დეიდებთან ამიტომ ცხოვრობს. განმცხადებლებმა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს მიაწოდეს ნათესავების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, 2021 წლის 6 თებერვალს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ...ში განხორციელდა მონიტორინგი. გაირკვა, რომ მისამართზე იყვნენ განმცხადებლის და - თ. ნ-ა და განმცხადებლის შვილი - ლ. ლ-ა. ასევე, იმყოფებოდნენ განმცხადებლის და - მ. ჭ-ა, მისი შვილი - დ. ჭ-ა (სახლის მესაკუთრეები). თ. ნ-ამ განმარტა, რომ თბილისში გაუსაძლისი პირობების გამო, დისშვილი ლ. ლ-ა მასთან ცხოვრობს. თავად არის პედაგოგი სოფელ ...ს სკოლაში და დისშვილსაც აქცევს ყურადღებას სწავლა- განათლების მხრივ.

კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული მასალების გაცნობის შედეგად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს იმსჯელა დევნილი ოჯახის განსახლების საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №19), რომლითაც ე. ლ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების გამოყენების შედეგად, რომელიც კრიტერიუმების გარეშე განსახლებისას პრიორიტეტს ანიჭებს იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ამისთვის უფრო მეტი საჭიროება გააჩნიათ, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სასამართლოების მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე. ლ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ე. ლ-ას ოჯახს, რომელიც შეფასებულია 4.5 ქულით (სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა - 3.0 ქულა; ნ. ლ-ა ომის ვეტერანი - 1.5 ქულა). უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1347/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) ე. ლ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეზე დადგენილია, რომ ე. ლ-ა ცხოვრობს ქალაქ თბილისში, მისამართი: ...ის გამზირის №70, კორპ. №5, ბინა №39. ოჯახი შედგება სამი წევრისაგან: თავად მოსარჩელე (არადევნილი ე. ლ-ა), მისი დევნილი შვილი - ლ. ლ-ა და დევნილი მეუღლე - ნ. ლ-ა. დევნილობიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. ფართში, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ეკუთვნის სახელმწიფოს. განაცხადში მითითებულია, რომ ლ. ლ-ა ცხოვრობს წალენჯიხაში დეიდებთან. სწავლობს სოფელ ...ს საჯარო სკოლაში, რადგან აღნიშნული საცხოვრებელი ფართი არ არის საკმარისი საცხოვრებლად. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ამასთან, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის განხილვისას, არ გაითვალისწინა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობები, კერძოდ, სამსულიანი ოჯახი 1992 წლიდან ცხოვრობს 16 კვ.მ ფართში. სივიწროვიდან გამომდინარე კი, მოსარჩელის შვილი - ლ. ლ-ა რამდენიმე წელია ცხოვრობს დეიდებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. შესაბამისად, დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობის, ფართის სიმცირისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული - დევნილი ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი არ გამორიცხავს მოსარჩელე ე. ლ-ას და მისი ოჯახის წევრების უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, მოცემულ ეტაპზე, კრიტერიუმების შესაბამისად, განსახლებულ იქნენ ზემოხსენებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ე. ლ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი, ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, აღნიშნული პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. ასეთი უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე