Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-950(2კ-21) 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ჭ-ე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ჭ-ემ 2018 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 20 მარტის №MOD 0 18 00001466 ბრძანების ბათილად ცნობა, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 25 000 ლარის, 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 აპრილამდე მიუღებელი წოდებრივი სარგოს - 12 800 ლარისა და 2015 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 20 მარტამდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის (ხელფასის) ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით, „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 20 მარტის №MOD 0 18 00001466 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2015 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 20 მარტამდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის (ხელფასის) ანაზღაურების ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ გასაჩივრებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 აპრილამდე პერიოდში (მაიორის) შრომის ანაზღაურების წოდებრივი სარგოს - 12 800 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება; მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელი იყო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ჭ-ის მიერ, რომელმაც მოცემული განჩინების გაუქმება მოითხოვა, რათა არ დარღვეულიყო მისი კანონიერი ინტერესი და სამართლიანი სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით ა. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ა. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 აპრილამდე პერიოდში განაცდური წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, შესაბამისი წოდებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით (შესაბამის პერიოდში მოქმედი) დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით ა. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - ა. ჭ-ე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 25000 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ 2018 წლის 20 მარტის ბრძანების გამოცემით სამართლებრივი ურთიერთობა სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით წარმოიშვა 2016 წლის 10 აპრილს, რადგან სწორედ აღნიშნული თარიღიდან იქნა იგი დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ მოქმედებდა იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორი მიუთითებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ 2018 წლის 20 მარტს გამოცემულ ბრძანებაზე, საიდანაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით „სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად, მაიორი ა. ჭ-ე 2015 წლის 17 ივნისიდან ჩაითვალა გათავისუფლებულად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბატალიონის დაცვის ასეულის მეთაურის თანამდებობიდან. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თუ რატომ არის შეუძლებელი, რომ სწორედ 2018 წლის მარტში მოქმედი კანონმდებლობით იქნეს განხილული მისი ერთჯერადი გასასვლელის საკითხი. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მითითება კანონის უკუძალაზე უსაფუძვლოა.

კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. ჭ-ე კანონიერად იქნა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან 2016 წლის 10 აპრილიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. აღსანიშნავია, რომ მისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ შეუთავაზებია 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 აპრილამდე პერიოდის წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, რაზეც ა. ჭ-ემ თანხმობა განაცხადა. მას მხოლოდ ნამსახურებ წლებში ჩაეთვალა მითითებული პერიოდი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პერიოდი მოსარჩელეს არ უმსახურია. შესაბამისად, ანაზღაურებაც არ ეკუთვნოდა. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წოდებრივი სარგო ხელფასის შემადგენელი ნაწილია.

დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სამინისტროს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა. ჭ-ისთვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარებისა (25000 ლარის) და წოდებრივი სარგოს (12800 ლარის) ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. ამასთან, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა სამხედო მოსამსახურეებზეც, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი. იმავე შინაარსის ნორმაა გათვალისწინებული მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით. დასახელებული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) კი მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. იმავე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნამდე სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს შესაბამისი სტატუსით და მასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი და სოციალური უზრუნველყოფის პირობებით.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაზე, რომლის 32-ე და მე-8 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება მიეცემა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება: სამხედრო მოსამსახურეთათვის - წოდებრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის - თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ვადა სრულდება იმ დღიდან, როდესაც მას დაითხოვენ სამხედრო სამსახურიდან, ხოლო მასვე სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან დათხოვნის დღემდე უფლება აქვს, მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, კერძოდ, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა მისაღები ფულადი სარგო კი, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, მოიცავს ასევე წოდებრივ სარგოსაც. ამდენად, მითითებული ნორმების შესაბამისად, უდავოდ დასტურდება სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მსახურების პერიოდში კანონით გათვალისწინებული ფულადი სარგებლის მიღების უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ 2018 წლის 20 მარტს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, მაიორი ა. ჭ-ე 2015 წლის 17 ივნისიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან; 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 აპრილამდე პერიოდი მას ჩაეთვალა სამხედრო ნამსახურობის წლებში და 2016 წლის 10 აპრილიდან იგი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო ჩაითვალა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად, ხოლო 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 აპრილამდე სამხედრო სამსახურისათვის მოსარჩელე ა. ჭ-ეს არ ანაზღაურებია წოდებრივი სარგო. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტით უდავოდ დასტურდება 2015 წლის 17 ივნისიდან მოსარჩელის მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლება, ხოლო 2016 წლის 10 აპრილიდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. შესაბამისად, მოცემულ პერიოდში მას, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, უნდა ანაზღაურებოდა განაცდური წოდებრივი სარგო შესაბამისი წოდებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით (შესაბამის პერიოდში მოქმედი) დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. ამასთან, საგულისხმოა, რომ აღნიშნული პერიოდი თავად სამინისტრომ ჩაუთვალა მოსარჩელეს ნამსახურების წლებში. ამრიგად, დასახელებული გარემოებები უცილობლად ქმნიდა აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერ საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი „ა. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 17 ივნისის №MOD 0 1500002828, ასევე „კადრების განკარგულებაში მყოფი ა. ჭ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 17 ოქტომბრის №MOD 7 15 00005660 ბრძანებები და სწორედ მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, ა. ჭ-ე 2016 წლის 10 აპრილიდან ჩაითვალა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად. რაც შეეხება კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებას იძულებითი განაცდურის (ხელფასის) ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე კი კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მხარეს არ გამოუყენებია. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, განსახილველ შემთხვევაში, არსებითი არ არის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 25000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 15.01.2018წ.) 26-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №22 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. ჭ-ეს სამსახურიდან დათხოვნის გამო, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ოდენობით აუნაზღაურდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - ა. ჭ-ის მოსაზრებას, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით გათვალისწინებული ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ოდენობა უნდა გავრცელებულიყო მოსარჩელის მიმართ, რადგან იგი გამოცემულია და ძალაშია შესული მისი სამსახურიდან დათხოვნის შემდგომ და ამასთან კონკრეტული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რამეთუ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, უკუძალა დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სამართლებრივი ურთიერთობა (სამართლებრივი შედეგი) სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით წარმოიშვა 2016 წლის 10 აპრილს და სწორედ აღნიშნული თარიღიდან იქნა მოსარჩელე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი, მის მიმართ მოქმედებდა იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით გათვალისწინებული ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, ა. ჭ-ისათვის ანაზღაურების დავალების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და მართებულად არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ა. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე