Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-838(კ-21) 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. ქ-ი, მ. ღ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ქ-მა და მ. ღ-მა 2020 წლის 25 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... და №... ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მ. ღ-ისა და გ. ქ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და მათ სასარგებლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება, შესაბამისი თანამდებობებისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

სარჩელის მიხედვით, გ. ქ-ი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ... დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი და მ. ღ-ი - ამავე საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... და №... ბრძანებების შესაბამისად, 2020 წლის პირველი მაისიდან გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მოსარჩელეთა მითითებით, მართალია, მათ გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სამსახურში გამოცხადებული რეორგანიზაცია, თუმცა თანამდებობები, რომლებზეც ისინი მუშაობდნენ რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა და არც სხვა სამსახურს შერწყმია. თანამდებობები რეორგანიზაციამდე არსებული სახით დარჩა. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ ისინი მუშაობის პერიოდში არაერთგზის იყვნენ წახალისებული, ასევე გამოირჩეოდნენ საქმის კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შესრულებით. შესაბამისად, მათ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-9, 118-ე და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონის 36-ე, 37-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ სადავო აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2019 წლის 7 ნოემბრის №19307 ბრძანების შესაბამისად, დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა სტრუქტურული ცვლილებები ან/და შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების საშუალებები: ა) ზოგადი უნარები; ბ) პროფესიული ტესტირება; გ) გასაუბრება.

2019 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელეებს - გ. ქ-სა და მ. ღ-ს წერილობით ეცნობათ რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მათი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებაში და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში საშტატო ერთეულები და განისაზღვრა 62 საშტატო ერთეული: სამედიცინო პუნქტის უფროსის 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 3500 ლარი; ექიმის 19 შტატი, თანამდებობრივი სარგო თვეში ერთ ერთეულზე - 1600 ლარი; ექთნის 40 შტატი, თანამდებობრივი სარგო თვეში ერთ ერთეულზე - 1260 ლარი; წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირის 2 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო თვეში ერთ ერთეულზე - 1260 ლარი.

საბოლოოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... და №... ბრძანებების შესაბამისად, შტატების შემცირების საფუძვლით, გ. ქ-ი და მ. ღ-ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, ამავე ბრძანებებით მათ მიეცათ კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143298/01 წერილით მ. ღ-ს ეცნობა, რომ მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში მისი შედეგი იყო 10 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), პროფესიულ ტესტში - 21 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), ხოლო გასაუბრებაში - 6 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). ასევე ეცნობა, რომ ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში არც ერთ ექთანს არ ჰქონდა მასზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი ქულა ჰქონდა 38 ექთანს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143297/01 წერილით გ. ქ-ს ეცნობა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში მისი შედეგი იყო 39 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), პროფესიულ ტესტში - 37 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), ხოლო გასაუბრებაში - 7 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). ასევე ეცნობა, რომ ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში 13 ექიმს ჰქონდა ტესტირებაში გ. ქ-ზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი ქულა ჰქონდა 9 ექიმს. გასაუბრების შედეგების მიხედვით კი, მასზე ნაკლები ქულა არ ჰქონდა არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი - 20 ექიმს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განმტკიცებულ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დასახელებული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად კი, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა დარჩენილ საშტატო ერთეულებზე ექიმებისა და ექთნების დანიშვნა, ხოლო შემცირებული საშტატო ერთეულების შესაბამისად, ცალკეულ მოხელეთა სამსახურიდან დათხოვნა. ამასთან, აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერ საშუალებას არსებითად თანაბარ პირობებში მყოფი ექიმებისა და ექთნების უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შემოწმება, მათი შედარება და მიღებული შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა.

სასამართლომ მიუთითა ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ცვლილებებიდან გამომდინარე სამსახურის გაგრძელების მიზნით, მოსამსახურეების კვალიფიკაციის იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა ტესტირებისა და გასაუბრების, პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლების, პროფესიული უნარების შეფასების, დასაკავებელ საშტატო თანამდებობასთან მათი უფლებამოსილების შესაბამისობის შემოწმების საკითხები. აღნიშნულის განხორციელების მიზნით შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომლის შექმნის მიზანი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების - შტატების შემცირების გამო მოხელეთა სამსახურიდან დათხოვნის ჯეროვნად განხორციელება იყო.

საქალაქო სასამართლომ დასახელებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად განხორციელდა. ამდენად, მოსარჩელეები - მ. ღ-ი და გ. ქ-ი სამსახურიდან გათავისუფლდნენ, როდესაც შესაბამისი საშტატო ერთეულები შემცირდა, ხოლო დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დანიშვნის მიზნით კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ შერჩევის პროცედურებში მათ დაბალი შეფასებები მიიღეს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებდა მათი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე სადავო აქტების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, ასევე არ არსებობდა მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენისა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. ღ-მა და გ. ქ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ისა და გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ღ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში გ. ქ-ის ექიმის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გ. ქ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი „მ. ღ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ... პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო სამსახურში მ. ღ-ის ექთნის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მ. ღ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), თუმცა საშტატო ერთეულის გაუქმება თავის თავში გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას. მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე).

სააპელაციო პალატამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანებით განხორციელებულ საშტატო ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული თანამდებობების მხოლოდ რაოდენობის შემცირება იმგვარად, რომ ახალ საშტატო ნუსხაში კვლავ არსებობდა როგორც ექიმის, ასევე ექთნის თანამდებობები, იმავე იერარქიული საფეხურით, იმავე ფუნქციური დატვირთვით და არ ყოფილა გათვალისწინებული ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობები კვლავ არსებობდა, აღნიშნული მიუთითებდა დამსაქმებელი ორგანიზაციის ვალდებულებაზე - საქმის გარემოებათა არსებითი გამოკვლევის შემდეგ გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ შემცირდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა რიცხოვნობა. მის მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის განხორციელებამდე საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ექთნის 43 საშტატო ერთეულზე დასაქმებული იყო მხოლოდ 39 ექთანი, რის შედეგადაც რეორგანიზაციის შემდგომ 40 საშტატო ერთეულამდე თანამდებობათა შემცირების მიუხედავად კვლავ რჩებოდა ექთნის ვაკანტური თანამდებობა. ამასთანავე, ისეთ პირობებში, როდესაც ექიმის საშტატო ერთეულები მხოლოდ რაოდენობრივად შემცირდა, დამსაქმებელი ვალდებული იყო გამოეკვლია, შეეფასებინა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოეცა მოტივაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირებისათვის უპირატესობის მინიჭებისას, რამდენადაც შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ კონკრეტულად მოსარჩელე გ. ქ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმდა. შესაბამისად, რეორგანიზაციამდე არსებულ ექიმის თანამდებობაზე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდათ დანიშნულიყვნენ რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ ექიმის საშტატო ერთეულებზე.

სააპელაციო პალატამ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების შედეგსა და სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი აღნიშნული გარემოება გახდა, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება წინასწარ განესაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ პირთა შეფასება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება მასზედ, რომ მოსამსახურეებს, როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების ეტაპზე ევალებოდათ გარკვეული ოდენობით ქულათა დაგროვება და არსებობდა სავალდებულო მინიმუმის გადალახვის საჭიროება რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების დასაკავებლად. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 7 ნოემბრის №19307 ბრძანებიდან, რომლითაც განისაზღვრა, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების საშუალებები, მათ შორის, გასაუბრება, ირკვევა, რომ გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდებოდნენ ქულათა სისტემით, ხოლო ის კანდიდატი, რომელიც გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ შეფასდებოდა 1 (ერთი) არადამაკმაყოფილებელი ქულით, შესაძლოა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. ქ-მა გასაუბრებაზე მიიღო 7 ქულა, ხოლო მ. ღ-ის გასაუბრების შედეგი იყო 6 ქულა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143297/01 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში გ. ქ-ის შედეგი იყო 39 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ხოლო პროფესიულ ტესტში - 37 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), რის მიხედვითაც, ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში 13 ექიმს ჰქონდა ტესტირებაში მასზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი - 9 ექიმს. ასევე დადგენილია, რომ გასაუბრების შედეგების მიხედვით, გ. ქ-ზე ნაკლები ქულა არ ჰქონდა არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი - 20 ექიმს. პალატამ მიიჩია, რომ თუ მოსამსახურეთა მიმართ უპირატესობის მინიჭება ეფუძნებოდა გასაუბრებაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო დასაქმებული პირების შეფასების კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა და გასაუბრების პროცესის ობიექტურად წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია, ხოლო ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, გ. ქ-ის მონაცემები უდავოდ აღემატებოდა სხვა ექიმთა უმეტესობის შედეგებს.

რაც შეეხებოდა მ. ღ-ს, რომელიც დასაქმებული იყო ექთნის პოზიციაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე იმ პირობებში იქნა გათავისუფლებული მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც ტესტირება გაიარა სულ 39 ექთანმა, ხოლო ახალი საშტატო ნუსხით განსაზღვრული იყო ექთნის 40 საშტატო ერთეული. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომლის მიხედვით, მ. ღ-ს ტესტირებასა და გასაუბრებაზე ყველაზე დაბალი ქულა ჰქონდა, არ არსებობდა შტატების შემცირების საფუძვლით მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ექთნის საშტატო ერთეულთა რაოდენობა (40) უდავოდ აღემატებოდა რეორგანიზაციამდე ამავე დეპარტამენტში დასაქმებულ ექთანთა (39) საერთო რაოდენობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო გ. ქ-ისა და მ. ღ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები, აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის პირობებში კი, მათი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას უგულებელყოფილ იქნა მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის ის ფაქტები, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციური გარდაქმნა, რასაც, შესაძლოა, მოსდევდეს დაწესებულების მთლიანი ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, აგრეთვე, შტატების რაოდენობის ცვლილება. კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური დაწესებულების საშტატო ნუსხის თანახმად, ... პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შემცირდა ექიმისა და ექთნის საშტატო ერთეულები. ამდენად, ამავე დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აღნიშნული საშტატო ერთეულების შემცირების საფუძვლით, გ. ქ-ი და მ. ღ-ი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება გ. ქ-ის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, ხოლო მ. ღ-ის ექთნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ქ-ი 2011 წლიდან მუშაობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ... დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმად, ხოლო 2018 წლიდან მ. ღ-ი - ამავე საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ... დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის საშტატო ნუსხა განისაზღვრა 76 საშტატო ერთეულით, მათ შორის, ექიმის 26 და ექთნის 43 საშტატო ერთეულით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 8 ნოემბრის გაფრთხილების წერილებით (ტ.I, ს.ფ. 67-68) დგინდება, რომ გ. ქ-ი და მ. ღ-ი გაფრთხილებულ იქნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2019 წლის 7 ნოემბერს გამოცემული №19307 ბრძანებით დაწყებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, გ. ქ-ი და მ. ღ-ი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... და №... ბრძანებების შესაბამისად, 2020 წლის პირველი მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან შტატების შემცირების გამო. გათავისუფლების კანონისმიერ საფუძვლებად მიეთითა პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილები, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 52-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებთან და/ან შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით რეორგანიზაციის დაწყებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 ნოემბრის №19307 ბრძანება.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. ქ-ისა და მ. ღ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), თუმცა საშტატო ერთეულის გაუქმება თავის თავში გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას. ამდენად, მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებაში განსაზღვრული თითოეული საშტატო ერთეული დატვირთულია კონკრეტული საჯარო ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით, რაც მის ინდივიდუალურ ადგილს განაპირობებს საჯარო სამსახურის სისტემაში. შესაბამისად, სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება უნდა მოხდეს, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (იხ. №ბს-449-442 (კ-15) საქმეზე სუსგ 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2019 წლის 7 ნოემბერს გამოსცა №19307 ბრძანება, რომლითაც დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რომელსაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა სტრუქტურული ცვლილებები და/ან შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები: ა) ზოგადი უნარები; ბ) პროფესიული ტესტირება; გ) გასაუბრება. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანებით, ცვლილება შევიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ... დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის საშტატო ნუსხაში და ექიმის შტატი ნაცვლად 26-ისა განისაზღვრა 20 საშტატო ერთეულით, ხოლო ექთნის - ნაცვლად 43-ისა განისაზღვრა 40 საშტატო ერთეულით. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და ამ პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელებულიყო დაკავებული ან დასაკავებელი პოზიციებისთვის განსაზღვრული იდენტიფიცირების კრიტერიუმების შესაბამისად, რაც ზემოაღნიშნული ბრძანების მიხედვით, განსაზღვრული იყო ზოგადი უნარების, პროფესიული ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.

საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ ექიმმა - გ. ქ-მა და ექთანმა - მ. ღ-მა გაიარეს ზემოთ მითითებული ეტაპები. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143297/01 წერილი, რომლითაც გ. ქ-ს ეცნობა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში მისი შედეგი იყო 39 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), პროფესიულ ტესტში - 37 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), ხოლო გასაუბრებაში - 7 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). ასევე ეცნობა, რომ ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში 13 ექიმს ჰქონდა ტესტირებაში გ. ქ-ზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი - 9 ექიმს. გასაუბრების შედეგების მიხედვით კი, გ. ქ-ზე ნაკლები ქულა არ ჰქონდა არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი ქულა ჰქონდა 20 ექიმს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143298/01 წერილის თანახმად კი, მ. ღ-ს ეცნობა, რომ მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში მისი შედეგი იყო 10 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), პროფესიულ ტესტში - 21 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), ხოლო გასაუბრებაში - 6 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). ასევე ეცნობა, რომ ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში არც ერთ ექთანს არ ჰქონდა მ. ღ-ზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი - 38 ექთანს.

საკასაციო პალატა ექთნის - მ. ღ-ის საკითხთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ საფუძვლიანად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ შემცირდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა რიცხოვნობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის განხორციელებამდე საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ექთნის 43 საშტატო ერთეულზე დასაქმებული იყო მხოლოდ 39 ექთანი, რის გამოც რეორგანიზაციის შემდგომ 40 საშტატო ერთეულამდე თანამდებობათა შემცირების მიუხედავად კვლავ რჩებოდა ექთნის ვაკანტური თანამდებობა.რაც შეეხება რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების შედეგსა და სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმს, საკასაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება მასზედ, რომ მოსამსახურეებს, როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების ეტაპზე ევალებოდათ გარკვეული ოდენობით ქულათა დაგროვება და არსებობდა სავალდებულო მინიმუმის გადალახვის საჭიროება რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების დასაკავებლად. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 7 ნოემბრის №19307 ბრძანებიდან, რომლითაც განისაზღვრა, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების საშუალებები, მათ შორის, გასაუბრება, ირკვევა, რომ გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდებოდნენ ქულათა სისტემით, ხოლო ის კანდიდატი, რომელიც გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ შეფასდებოდა 1 არადამაკმაყოფილებელი ქულით, შესაძლოა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მ. ღ-ის გასაუბრების შედეგი იყო 6 ქულა. ამდენად, მ. ღ-ის საკითხთან დაკავშირებით, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებული ტესტირება და გასაუბრება ვერ ამართლებდა იმ მიზანს, რომ დამსაქმებელს დასაქმებული 43 ექთნიდან შეერჩია 40 საუკეთესო ექთანი მათი პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის გათვალისწინებით და ამით გამართლებულიყო ის გარემოება, თუ რატომ მიენიჭათ უპირატესობა სხვა კანდიდატებს მოსარჩელესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადასტურებულია, რომ მ. ღ-ი იმ პირობებში იქნა გათავისუფლებული მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც ტესტირება გაიარა სულ 39 ექთანმა, ხოლო ახალი საშტატო ნუსხით განსაზღვრული იყო ექთნის 40 საშტატო ერთეული. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, თუ მ. ღ-ი ტესტირებასა და გასაუბრებაზე ყველაზე დაბალ ქულს მიიღებდა, არ არსებობდა შტატების შემცირების გამო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ექთნის საშტატო ერთეულთა რაოდენობა (40) უდავოდ აღემატებოდა რეორგანიზაციამდე ამავე დეპარტამენტში დასაქმებულ ექთანთა (39) საერთო რაოდენობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო მ. ღ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... ბრძანება. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის პირობებში კი, ასევე მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა მოსარჩელის მოთხოვნების დანარჩენი ნაწილის - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილების თაობაზე.

რაც შეეხება გ. ქ-ის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143297/01 წერილით დგინდება მხოლოდ თითოეულ ეტაპზე მიღებულ ქულათა ოდენობები, თუმცა გაურკვეველია ქულათა ჯამის გამოთვლა რა პრინციპით განხორციელდა, რის გამოც გ. ქ-ს სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო მაღალი შედეგი მიენიჭა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში გ. ქ-ის შედეგი იყო 39 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ხოლო პროფესიულ ტესტში - 37 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), რის თანახმადაც, ... პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში 13 ექიმს ჰქონდა ტესტირებაში მასზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი - 9 ექიმს. ასევე დადგენილია, რომ გასაუბრების შედეგების მიხედვით, გ. ქ-ზე ნაკლები ქულა არ ჰქონდა არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი - 20 ექიმს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ მოსამსახურეთა მიმართ უპირატესობის მინიჭება ეფუძნებოდა გასაუბრებაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობას, ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად, მოსარჩელეზე მეტი ქულა ჰქონდა 20 ექიმს. ამასთან, საგულისხმოა, რომ საშტატო ერთეულიც მხოლოდ 20 იყო, ხოლო თუ გასაუბრების შედეგთან ერთად გასათვალისწინებელი იყო ტესტირების შედეგებიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული ის გარემოება, რომ გ. ქ-ის მონაცემები - ტესტირებისა და გასაუბრების ქულათა ჯამი, უდავოდ აღემატებოდა სხვა ექიმთა უმეტესობის შედეგებს და იყო თუნდაც მეოცე ადგილზე. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის გამოკვლეული და შესაბამისად, გ. ქ-ის აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების და შეფასების შესაძლებლობას, იგი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხზე ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელის - გ. ქ-ის ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე და 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება „გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №... ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე