Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-390(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ნ-მა 2021 წლის 18 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №912 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე მ. ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, მ. ნ-მა 2019 წლის 14 ნოემბერს ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, ...ის ქ. №4-ის მიმდებარედ არსებულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2019 წლის 26 ნოემბრის წერილით აღნიშნული განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. აღნიშნულმა კომისიამ 2021 წლის 13 ივლისის №912 განკარგულებით უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, უარი დაფუძნებულია მცდარ ფაქტობრივ გარემოებაზე, რის გამოც გასაჩივრებული აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მ. ნ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №912 განკარგულება; ამავე კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, ...ის ქ. №4-ის მიმდებარედ არსებულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. ნ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ. ნ-ის მიერ აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 9 მაისის № წერილით კომისიისთვის გამოგზავნილ დოკუმენტებში წარმოდგენილი იყო მიწის ნაკვეთის №... მიღება-ჩაბარების აქტი და სქემატური გეგმა, რომლის გამოკვლევის შედეგად, კომისიამ დაადგინა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაზე მითითებულ და მის შესაბამისად განაწილებულ №30 მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გამორიცხავდა მ. ნ-ის მიერ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების სამართლებრივ საფუძველს, რაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

კასატორის მოსაზრებით, აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №912 განკარგულება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. ამდენად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ ორგანოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. ნ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი თავისი ადგილმდებარეობით შეესაბამებოდა №... მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაზე მითითებულ და შესაბამისად განაწილებულ №30 მიწის ნაკვეთს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

დასახელებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში ზემოაღნიშნული კანონითა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით, კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 მაისის №... წერილზე თანდართულ 1997 წლის 13 ივნისს გაცემული მიწის ნაკვეთის №... მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის გამზირ №3-ში, კორპუს №110-ში მდებარე ბინა №39-ში მცხოვრებ კ. ვ-ეს სოფელი ...ის ტერიტორიაზე საკუთრებაში გადაეცა 630 კვ.მ საბაღე მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად (№29). აქედან, რეფორმამდე არსებული - 600 კვ.მ და დამატებით გამოყოფილი - 30 კვ.მ. გადაცემის საფუძვლად მიეთითა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულება და „საქქალაქაგროსერვისის“ საბჭოს 1995 წლის 5 ივნისის №2-1 დადგენილება. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ნ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სადავო განკარგულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა ზემოაღნიშნულ №... მიღება-ჩაბარების აქტში სქემატურ გეგმაზე მითითებულ და შესაბამისად, განაწილებულ №30 მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოძიებული მტკიცებულება გამორიცხავს მ. ნ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ აღნიშნულზე მითითება, ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რადგან მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისში, ...ის დასახლება №2-ში, ...ის ქ. №4-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს, საერთო ფართით - 600 კვ.მ, ოჯახთან ერთად ფლობდა და სარგებლობდა. ასევე განმარტა, რომ დაახლოებით 1978-1979 წლებში მის მამამთილს სამსახურმა გამოუყო მიწის ნაკვეთი, მასზე ჰქონდათ უფლების დამდგენი დოკუმენტი-მებაღის წიგნაკი, რომელიც ამჟამად დაკარგულია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მეზობლების: ვ. ც-ის, შ. მ-ის, ზ. გ-ის განცხადები, რომლებითაც დასტურდება, რომ მ. ნ-ი არის ქალაქ თბილისში, ...ის დასახლება №2-ში, ...ის ქუჩის №4-სა და №6-ს შორის არსებული მიწის ნაკვეთის მეპატრონე, კერძოდ, ძალიან ხშირად, სისტემატურად მოდიოდა აღნიშნულ მისამართზე და უვლიდა/პატრონობდა მიწის ნაკვეთს. ამასთან, მეზობლები აცხადებენ, რომ მ. ნ-ის მიერ აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის აღიარების კომისიის მხრიდან აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, მ. ნ-ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქალაქ თბილისში, ...ის დასახლება №2-ში, ...ის ქ. №4-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რადგან აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან მხოლოდ ყველა დასახელებული გარემოების დადგენისა და შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი დავის სწორად გადაწყვეტა და დასაბუთებული აქტის გამოცემა. ამასთანავე, საკასაციო პალატა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერი საფუძვლით გაცემული და უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაცემა, გამორიცხავს ამავე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, ვინაიდან აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის თვითნებურად ფლობა და სარგებლობაც დასტურდება კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ, 2007 წლამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლასა და გამოკვლევას. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე