საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-392(2კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ბ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ბ...მა“ 2020 წლის 9 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმის, ამავე კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის №7 სხდომის ოქმის (შპს „ბ...ს“ დისკვალიფიკაციის ნაწილში) და „ადმინისიტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმის თანახმად, ტენდერის შეფასება-შერჩევის ეტაპზე შპს „ბ...ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია, რადგან სატენდერო კომისიამ ჩათვალა რომ მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. აღნიშნული ოქმი შპს „ბ...მა“ გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სატენდერო კომისიას მიეცა მითითება, რომ გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. სატენდერო კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის №7 სხდომის ოქმით სატენდერო კომისიამ ძალაში დატოვა წინა ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ბ...ს“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო დისკვალიფიკაციის შესახებ. სატენდერო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებული იქნა სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ როგორც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები, ასევე დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას, ისინი მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ითხოვა აღნიშნული აქტების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ...ს“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმი, 2020 წლის 24 სექტემბრის №7 სხდომის ოქმი - შპს „ბ...ს“ დისკვალიფიკაციის ნაწილში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (სატენდერო კომისიას) დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „ბ...ს“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 26 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის ...ის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 1 300 000 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.1 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტს დაევალა შემსყიდველ ორგანიზაციაში წარედგინა შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი. სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.2. პუნქტის თანახმად კი, ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დალუქულ მდგომარეობაში (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს შესაძლებელია წარედგინა ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში). ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა დამთხვეოდა დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილ ნიმუშებს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა ტექნიკური მოთხოვნები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 5 აგვისტოს №3 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ შპს „ბ...ს“ მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო წინადადება, წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, სრულად შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, შპს „ბ...ს“ არა უგვიანეს 2020 წლის 12 აგვისტოსი, შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარედგინა სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1., 3.1.2 და 3.1.3. პუნქტების შესაბამისად შეთავაზებული საქონლის ნიმუშები და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ექსპერტიზის დასკვნები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №4 სხდომის ოქმის შესაბამისად, შპს „ბ...ს“ საქონლის ნიმუშების წარდგენის ვადა გაუგრძელდა არა უმეტეს 5 სამუშაო დღით, არა უგვიანეს 2020 წლის 19 აგვისტოსი. შპს „ბ...მა“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ელექტრონულ ტენდერზე წარადგენდა შესასყიდი საქონლის ნიმუშებს და ექსპერტიზის დასკვნის დედნებს. ამასთან, შპს „ბ...მა“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა ...ს მიერ გაცემული 2020 წლის 3 აგვისტოს ..., ..., ..., ...გამოცდის დასკვნები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისიამ შპს „ბ...ს“ აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და ადგილი ჰქონდა შპს „ბ...ს“ მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას.
სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ბ...მა“ გაასაჩივრა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ...ს“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიას დაავალა 2020 წლის 26 აგვისტოს №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და შპს „ბ...ს“ მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშების და ექსპერტიზის დასკვნების შეფასების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის №7 სხდომის ოქმით უცვლელი დარჩა სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ბ...ს“ დისკვალიფიკაციის თაობაზე. აღნიშნული სხდომის ოქმი შპს „ბ...მა“ გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ...ს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, საბჭომ მიიჩნია, რომ შპს „ბ...მა“ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რადგან შემსყიდველ ორგანიზაციაში ექსპერტიზის დასკვნები წარადგინა თითქოს დასკვნის გამცემი პირის მიერ დალუქულ ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტების კანონიერების დადგენის მიზნით უნდა შეფასებულიყო ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს „ბ...ს“ მიერ განხორციელებულ ქმედებათა კეთილსინდისიერების საკითხი. სასამართლოს მითითებით, სადავო აქტების შინაარსიდან ირკვევა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ დასკვნების გამცემი ლაბორატორიისათვის უშუალოდ მიმართვის შედეგად დაადგინა, რომ ლაბორატორიამ დალუქული კონვერტის სახით, დასკვნის შემკვეთ სუბიექტს მიაწოდა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნები. აღნიშნულ კონვერტში მათ მიერ არ იყო ჩადებული ექსპერტიზაგავლილი ქსოვილის ნიმუშები. ამდენად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ბ...ს“ მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში დასკვნებთან ერთად კონვერტში მოთავსებული იყო ქსოვილის ნიმუშები, მიიჩნია, რომ კონვერტების წარდგენამდე პრეტენდენტმა გახსნა ისინი, ჩადო ქსოვილები და თავიდან დალუქა. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასკვნა, რომ შპს „ბ...ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოახდინა მისი დისკვალიფიკაცია ... აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერიდან.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმი და 2020 წლის 24 სექტემბრის №7 სხდომის ოქმი მიღებული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან აფიდავიტის წესების დარღვევა, რაც, თავის მხრივ, არაკეთილსინდისიერ ქმედებად იქნა მიჩნეული, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ იყო. უდავოდ დასტურდებოდა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „ბ...მა“ კონკრეტული პარამეტრების ქსოვილების დამზადება და ამ ქსოვილებზე ექსპერტიზის ჩატარება საშუამავლო კომპანიის მეშვეობით შეუკვეთა. იმ პირობებშიც, თუ მართლაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნები იქნა გამოგზავნილი ქსოვილის გარეშე და ადგილი ჰქონდა დალუქული კონვერტის გახსნას, აღნიშნული შესაძლოა, განხორციელებულიყო შუამავალი კომპანიის მიერ, რაც ვერ ჩაითვლებოდა შპს „ბ...ს“ მიერ განხორციელებულ არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რადგან მცდარი ინფორმაცია, რომლის შესახებ არ შეიძლება პრეტენდენტს სცოდნოდა, არ წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფიდავიტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას და არ ქმნის სადავო შემთხვევის პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებად მიჩნევის საფუძველს. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცალმხრივად იქნა გათვალისწინებული საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსა და ...ის წარმომადგენელს შორის 2020 წლის 26 აგვისტოს განხორციელებული მიმოწერა ისე, რომ მხედველობაში არ მიიღო შუამავალი კომპანიის - შპს ,, Sh....-ს“ 2020 წლის 27 აგვისტოს განცხადება-დეკლარაცია, რომლის თანახმად, შპს „ბ...ს“ მიეწოდა ყველა ორიგინალი დასკვნა და გამოცდაგავლილი ნიმუში ...ის დალუქულ კონვერტში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნული განჩინება კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სატენდერო კომისია საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს, რომ პრეტენდენტმა გახსნა დალუქული კონვერტი მასში ქსოვილის მოთავსების მიზნით. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ექსპერტიზის დასკვნების ავთენტურობის გადამოწმების მიზნით, იგი ლაბორატორიას არაერთხელ დაუკავშირდა, რის საფუძველზეც დადგინდა ამავე ლაბორატორიის მიერ დასკვნის შემკვეთი სუბიექტისთვის დალუქული კონვერტის სახით მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნების და არა ქსოვილის ნიმუშების მიწოდების ფაქტი მაშინ, როცა შპს „ბ...ს“ მიერ წარდგენილ დასკვნებს თან ერთოდა ქსოვილის ნიმუშებიც. შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ შემსყიდველ ორგანიზაციაში კონვერტების წარდგენამდე მოხდა მათი გახსნა, ქსოვილების ჩადება და ხელახლა გადალუქვა. ამასთან, სამინისტრომ არ გაიზიარა მითითება იმის თაობაზე, რომ საშუამავლო ფირმის მიერ დასკვნების გახსნაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა შპს „ბ...“, ვინაიდან აფიდავიტზე დათანხმებიდან გამომდინარე, პრეტენდენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისათვის. ამდენად, ვინაიდან პრეტენდენტს ხელი ჰქონდა მოწერილი აფიდავიტის წესზე, პასუხისმგებლობა შუამავალი კომპანიის მიერ კონვერტების გახსნა/ხელახლა გადალუქვაზეც ეკისრებოდა ამავე პრეტენდენტს, რის გამოც მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და მისაწოდებელი საქონლის ნიმუშები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადგილი რომც არ ჰქონოდა, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მაინც მოხდებოდა მისი დისკვალიფიკაცია. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, აფიდავიტი წარმოადგენს წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობაზე. ამასთან, პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმება. ამით პირი ადასტურებს, რომ სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია განიხილავს/შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება კონკრეტული ტენდერის სატენდერო პირობებს. ამდენად, პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების ატვირთვა ემსახურება კონკრეტული ტენდერის სატენდერო პირობებით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, შესაბამისად, საბოლოო ჯამში აღნიშნული დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით რომ პრეტენდენტის მიერ დარღვეულ იქნა აფიდავიტის პირობები, აღნიშნული დარღვევა იწვევდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, რაც მართებულად განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილულ იქნებოდა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის - შპს „ბ...ს“ დისკვალიფიკაციის კანონიერების შეფასება, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცების ვალდებულება განსაზღვრულია ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს 2011 წლის 1 მაისამდე გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცდა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (ძალადაკარგულია 2017 წლის 19 ივლისიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის პროცედურებს. ამასთან, აღნიშნული „წესის“ №1 დანართით დამტკიცებულია აფიდავიტის ფორმა, რომლის მიხედვით, გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მას არ წარუდგენია მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს, ხოლო აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, იგი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული „წესის“ 32-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების პირობებს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, მათ შორის, მითითებული პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ამასთანავე, მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის ...ის შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1 პუნქტით დადგინდა მოთხოვნა შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ, კერძოდ, ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ნიმუშებს უნდა მოჰყოლოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი ორიგინალი დასკვნა და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი. ამავე სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.2. პუნქტის თანახმად, ორიგინალი ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დალუქულ მდგომარეობაში (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს შეეძლო წარედგინა ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში). ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო დალუქული ქსოვილის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა დამთხვეოდა დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს. წარმოდგენილი ნიმუშებს კი სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა ტექნიკური მოთხოვნები. შპს „ბ...ს“ მისი მოთხოვნის საფუძველზე გაუგრძელდა საქონლის ნიმუშების წარდგენის ვადა არა უმეტეს 5 სამუშაო დღით, არა უგვიანეს 2020 წლის 19 აგვისტოსი.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, დადგენილ ვადაში, შპს „ბ...მა“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ელექტრონულ ტენდერზე წარადგენდა შესასყიდი საქონლის ნიმუშებს და ექსპერტიზის დასკვნის დედნებს. ამასთან, კომპანიამ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა ...ს მიერ გაცემული დასკვნები: ..., ..., ..., ....
სადავოდ ქცეული აქტებით, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმისა და ამავე კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის №7 სხდომის ოქმით, რომლითაც უცვლელად დარჩა სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ირკვევა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმართა უშუალოდ დასკვნების გამცემ ლაბორატორიას და დაადგინა, რომ ლაბორატორიამ დალუქული კონვერტის სახით, დასკვნის შემკვეთ სუბიექტს მიაწოდა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნები. აღნიშნულ კონვერტში მათ მიერ არ იყო ჩადებული ექსპერტიზაგავლილი ქსოვილის ნიმუშები. ამდენად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ბ...ს“ მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში, დასკვნებთან ერთად კონვერტში ასევე მოთავსებული იყო ქსოვილის ნიმუშები, მიიჩნია, რომ კონვერტების წარდგენამდე პრეტენდენტის მიერ მოხდა მათი გახსნა, ქსოვილების ჩადება და თავიდან დალუქვა. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასკვნა, რომ შპს „ბ...ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოახდინა მისი დისკვალიფიკაცია ... აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე უდავოდ დასტურდება, რომ სატენდერო დოკუმენტაციით ერთ-ერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნად იმპერატიულად იყო განსაზღვრული შპს „ბ...ს“ ვალდებულება, არა უგვიანეს 2020 წლის 19 აგვისტოსი მოეხდინა მისაწოდებელი საქონლის დაზუსტებული ტექნიკური მახასიათებლების, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისაწოდებელი საქონლის ნიმუშებისა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ექსპერტიზის დასკვნების წარდგენა. შპს „ბ...მა“ ნამდვილად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები და ქსოვილის ნიმუშები, თუმცა წარდგენილი ნიმუშების ვიზუალური დათვალიერების შედეგად სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ნიმუშები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებს, რის გამოც კომისია კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შპს „ბ...ს “ მიერ წარდგენილი დასკვნების გამცემ ლაბორატორიას, რომლის წერილობითი პასუხითაც დასტურდება, რომ მან დალუქული კონვერტის სახით დასკვნის შემკვეთ სუბიექტს მიაწოდა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნები და არა ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები. საქმეზე კი უდავოდ დადასტურებულია, რომ კონვერტში დასკვნებთან ერთად მოთავსებული იყო ქსოვილის ნიმუშებიც. აღნიშნული გარემოება კი ცალსახად ადასტურებს, რომ შემყიდველ ორგანიზაციაში კონვერტების წარდგენამდე მოხდა მათი გახსნა, ქსოვილის ჩადება და თავიდან დალუქვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადასტურებული გარემოებების პირობებში, არამართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიამ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ პრეტენდენტმა გახსნა დალუქული კონვერტი მასში ქსოვილის მოთავსების მიზნით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცალმხრივად იქნა გათვალისწინებული საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსა და ...ის წარმომადგენელს შორის 2020 წლის 26 აგვისტოს განხორციელებული მიმოწერა ისე, რომ მხედველობაში არ მიიღო შუამავალი კომპანიის - შპს ,,Sh....-ს“ 2020 წლის 27 აგვისტოს განცხადება-დეკლარაცია, რომლის თანახმად, შპს „ბ...ს“ მიეწოდა ყველა ორიგინალი დასკვნა და გამოცდაგავლილი ნიმუში ...ის დალუქულ კონვერტში. ასევე საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოსაზრებაც, რომ კონვერტების გახსნა შესაძლოა შუამავალ კომპანიასაც მოეხდინა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,შ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აფიდავიტი წარმოადგენს წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის. იქედან გამომდინარე, რომ პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმება, შესაბამისად, ვინაიდან პრეტენდენტს ხელი აქვს მოწერილი აფიდავიტის წესზე, საკასაციო პალატის მითითებით, ნაკლებ მნიშვნელოვანია ვის მიერ მოხდა კონვერტების გახსნა და თავიდან დალუქვა პრეტენდენტის, შუამავალი კომპანიის თუ მწარმოებლის მიერ, რადგან აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. ამრიგად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება შპს „ბ...ს“ მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა, კერძოდ, ლაბორატორიის დასკვნების იმგვარად წარდგენა, თითქოს მასში ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები თავიდანვე იდო, აღნიშნული ქმედება მიიჩნევა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩადენილ არაკეთილსინდისიერ ქმედებად, ხოლო „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ასეთი ქმედების ჩადენა იწვევს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ცალსახად ქმნის კასატორების პრეტენზიების დაკმაყოფილების, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს და არა საკითხის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესაძლებლობას, რაზეც მიუთითებენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების - შპს ,,ბ...ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მისი დისკვალიფიკაციის თაობაზე მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №6 სხდომის ოქმის, 2020 წლის 24 სექტემბრის №7 სხდომის ოქმისა და შპს „ბ...ს“ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელის მიერ ბაჟის ზედმეტად გადახდა იწვევს გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, შპს „ბ...ს“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 200 ლარიდან 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო დარჩენილი 100 ლარი დაუბრუნდეს მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ბ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ი.კ-ის მიერ შპს „ბ...ს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. ი.კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს შპს „ბ...ს“ (ს/ნ...) სარჩელზე 2020 წლის 9 ნოემბრის №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე