საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-287(კ-22) 16 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:თ. ჯ-მა 2020 წლის 3 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს №04/17616 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, თ. ჯ-ს სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი ყოფილი სამსახური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი არ შედიოდა „სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი სამსახურების ჩამონათვალში, შესაბამისად, ამავე კანონით დანიშნული კომპენსაციების დანიშვნა-გადაანგარიშების საკითხების რეგულირებაში, რის გამოც მოსარჩელისათვის პენსიის (კომპენსაციის) გადაანგარიშება სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო დასახელებული კანონის შესაბამისი ნორმები, ვინაიდან სტატუსი, რომლის მეშვეობითაც მას მიეკუთვნა კომპენსაცია, არ შეცვლილა. ამასთანავე, შესაბამისი სტატუსის შედეგად, მოსარჩელეს დაენიშნა იმ ოდენობის პენსია, რა ოდენობითაც ენიშნებოდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელებს. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა და დანიშნული კომპენსაციის გადაანგარიშება მიმდინარე წლის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება თ. ჯ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები სრულად დაფუძნებულია მოპასუხის შესაგებელში მითითებულ საკანონმდებლო ნორმებზე. სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა საჩივარში მითითებული პოზიცია და მოტივაცია, რის გამოც კასატორი მიიჩნევს, რომ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი. ამდენად, იგი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. ჯ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელისათვის დანიშნული სახელწიფო კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების არარსებობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველივე პუნქტში გაცხადებულია, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ცალკეულ პირობებსა და შესაბამის ოდენობებს „სამხედო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთათვის (სამხედრო მოსამსახურეთათვის). ამასთანავე, დასახელებული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12 და 151 მუხლებით, მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა ექვემდებარება გადაანგარიშებას.
თავის მხრივ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სპეციალურ სუბიექტთა წრეს. კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი; გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
მითითებული კანონის პირველი მუხლის მიხედვით კი, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. აღნიშნულ ჩამონათვალში კი არ არიან გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი მოსამსახურეები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. ჯ-ს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეს, საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე, 2005 წლის 30 დეკემბრიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია - 507.43 ლარის ოდენობით. საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელე თ. ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისთვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება მოითხოვა, თუმცა მოპასუხემ 2020 წლის 6 აგვისტოს წერილობითი მიმართვით, მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილა იმის გამო, რომ კანონი არ ითვალისწინებდა ზემოთ დასახელებული საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებას. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიჩნეული არ არის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ სუბიექტად, რომელსაც შესაძლოა, გააჩნდეს სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების მოთხოვნის უფლება. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ჯ-ს სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს 2005 წლის 30 დეკემბრიდან „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ 168-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს სახელმწიფო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებს საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდებოდა „შინაგან საქმეთა ორგანოს რიგითი და ხელმძღვანელი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულია 2007 წლის პირველი იანვრიდან, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა კი, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მოსამსახურისათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივ დასაბუთებას კი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე